სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მრევლს შეახსენებს, რომ სიტყვას უდიდესი ძალა აქვს და მის წარმოთქვამდე სიფრთხილე და დაკვირვებაა საჭირო.
“მინდა ყურადღება გავამახვილო ცოდვისადმი ნელ-თბილი ადამიანის დამოკიდებულების კიდევ რამდენიმე გამოვლინებაზე: ვიღაცას ჰგონია, რომ როცა სხვას შეურაცხჰყოფს, ან ცილს დასწამებს, უმიზეზოდ განურისხდება, ან ბილწსიტყვაობით აჯობებს, ეს დიდი ცოდვა არ არის,
– მწარედ ცდებიან. თუ გავაანალიზებთ, აღმოვაჩენთ, რომ მკვლელობებისა და თვითმკვლელობების ძირითადი მიზეზი არის ვიღაცის გაბოროტებული სიტყვა. ხშირად ოჯახებიც შელაპარაკების ნიადაგზე ინგრევა; უხეში სიტყვის გამოყენების პრაქტიკამ ჩვეულებრივი ხასიათი მიიღო პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ურთიერთობებში, მასმედიაში… სიტყვა უდიდესი ძალაა. ღმერთი არის სიტყვა; ავი სიტყვა კი, – ეშმაკისეულია. თითოეული ჩვენი ნათქვამი ბუმერანგივით დაგვიბრუნდება. შეგახსენებთ მაცხოვრის დარიგებას: “მე გეუბნებით თქვენ: ვინც უმიზეზოდ ურისხდება თავის ძმას (ანუ მოყვასს), სამართალში უნდა მიეცეს, ხოლო ვინც ეტყვის თავის ძმას: რაკა (უგუნურო), სინედრიონის (სამსჯავროს) უნდა წარუდგეს; და ვინც ეტყვის თავის ძმას: შლეგო (ცოფო, უსინდისო), ცეცხლის გეენიაში უნდა ჩავარდეს (მათე. 5,22). იაკობ მოციქული კი გვაფრთხილებს: “პატარა ცეცხლი რამხელა ტყეს ჰბუგავს, ენაც ცეცხლია, სიცრუის სამკაული. ენას ისეთი ადგილი უჭირავს ჩვენს ასოთა შორის, ბილწავს მთელ სხეულს და ცეცხლად აქცევს სიცოცხლის ჩარხს.” (იაკობ.3, 5-6) ამიტომაც მეტყველებისას ყველას დიდი სიფრთხილე და დაკვირვება გვმართებს”, – აღნიშნავს უწმინდესი სააღდგომო ეპისტოლეში (2015წ.).
