მთავარიქრისტიანობამიტროპოლიტ ვახტანგის ქადაგება (22.01.2017)

მიტროპოლიტ ვახტანგის ქადაგება (22.01.2017)

მიტროპოლიტი ვახტანგი 22 იანვარს პატრიარქის ქადაგების შემდეგ უწმინდესისა და უნეტარესის ლოცვა-კურთხევით მრევლს ქადაგებით მიმართა ცურტაველმა მიტროპოლიტმა ვახტანგმა (ახვლედიანი). მიტროპოლიტმა ვახტანგმა აღნიშნა, რომ “ჩვენ მოწმენი ვართ ამ უდიდესი დღესასწაულებისა, როგორიც იყო შობა, დაბადება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. ჩვენ უნდა გავიგოთ ის, როგორც ხორციელი დაბადება, რომელმაც მიიღო ადამიანის, კაცის სული და ხორცი, თორემ ის იყო დასაბამი ყოველთა, როგორც ბრძანებს იოანე ღვთისმეტყველი, უფლის საყვარელი მოწაფე, “პირველითგან იყო სიტყვა და სიტყვა იგი იყო ღვთისა თანა”, და ღმერთი იყო სიტყვა იგი.

აი, ამ სიტყვებში არის ყოველი, რაც შეეხება უფალსა ჩვენსა, იესო ქრისტეს, რომ ის არის მიზეზი მიზეზთა, დასაბამი დასაბამთა და დასასრული დასასრულთა. ის ხორციელად იშვა. ადამიანის, კაცის ბუნება მიიღო და მოევლინა ქვეყანას. აი, ამ დღესასწაულს ვზეიმობთ ჩვენ სიხარულით, სიყვარულით, რწმენით და ათასი სიხარული ხდება ჩვენი ქრისტიანობა”.

მიტროპოლიტმა ვახტანგმა იქადაგა მეორე დიდ დღესასწაულზე – ნათლისღებაზე უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი: “ეს მარტო ნათლისღება არ არის, აქ არის ქვეყანასა ზედა განცხადება სამების. ეს არის დღე, როდესაც უფალი იღებდა ნათელს და ზეციდან ისმა მამა ღმერთის ხმა: “ესე არს ძე ჩემი საყვარელი, მაგისი ისმინეთ და სულიწმინდა, როგორც მტრედის დაადგრა უფალსა ჩვენსა იესო ქრისტეს”. ეს არის განცხადება იმ სამების, იმ სამი ჰიპოსტასის, რომელი არს: მამა, ძე და სულიწმინდა და ამავე დროს ნათლისღება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი.

ნათლისღება ეს არის საოცარი, უდიდესი დღესასწაული. ადამიანი, როდესაც ნათელს იღებს, ის მეორედ იშვება სულიერად. ასეთი საოცარი სახე აქვს ნათლისღებას. ამავე დროს, მას ენიჭება ანგელოზი მფარველი, როდესაც მას უწოდებენ ამა თუ იმ სახელს. მთელი ცხოვრების მანძილზე ის არის მფარველი იმ პიროვნებისა, რომელიც ატარებს იმ სახელს, რომელიც ნათლისღების დროს მას მიენიჭება”.

მიტროპოლიტმა ვახტანგმა იქადაგა წუთიერ ცხოვრებაზე: “ადამიანმა უნდა გაითავისოს, რომ ამ ქვეყანაზე ეს არის წუთიერი ცხოვრება მხოლოდ, გაელვება მხოლოდ”. დაიმოწმა დღეს წაკითხული სახარება “შეინანეთ, რამეთუ მოახლოებულ არს სასუფეველი ცათა”. ასევე ილაპარაკა სინანულის მნიშვნელობაზე -“სინანული ეს არის დასაბამი ყოველი სიკეთისა. სინანულიდან იწყება რწმენა, თავდადება და ხდება მისი სულიერი ფერისცვალება”.

მიტროპოლიტმა იქადაგა ადამიანის სულიერ ფერისცვალებაზე:

“სულიერი ფერისცვალება, ეს აუცილებელია ჩვენი ცხოვრებისათვის. ადამიანის ცხოვრებაში დგება მომენტი, როდესაც მასში გაორება ხდება, ერთი ხმა ეძახის ასე გააკეთე, მეორე ხმა ეძახის – არა, რა საჭიროა ეს. მაგრამ თუ ჩვენ ვიცით, რა არის სიკეთე, წყალობა, სიყვარული, რწმენა. ჩვენ გავაკეთებთ არჩევანს სიკეთეზე. ეს ყველა ადამიანს უნდა ახსოვდეს. ღვთის დიდება და სასუფეველი ცათა იწყება აქედან ჩვენს ცხოვრებაში”.

მიტროპოლიტმა ვახტანგმა ყურადღება გაამახვილა სიკეთისა და ბოროტების ზღვარზე: “სად გადის ადამიანის სიკეთისა და ბოროტების ზღვარი? ზღვარი არა აქვს ამ ორ საოცრებას. მაგრამ ბოროტება არასდროს დაუსჯელი არ დარჩება. ადრე თუ გვიან ის ისჯება ღვთისა მიერ. მხოლოდ სიკეთეს აქვს პერსპექტივა. ეს უნდა განსაჯოს ყველა ადამიანმა”. მან დაიმოწმა დოსტოევსკის სიტყვები: “ადამიანი, რომელიც ეშვება ცხოველის ინსტიქტებით, ასეთ ადამიანს შეუძლია მოიმოქმედოს ყოველი უბედურება, თუ ღმერთი არ არის, მაშინ ყველაფერი დასაშვებიაო”. მაგრამ როდესაც უფალი არსებობს, იქ ადამიანი უყურებს მის წყალობას და მასში ხდება სულიერი ფერისცვალება”.

ქადაგების ბოლოს მიტროპოლიტმა აღნიშნა, რომ ქრისტიანობა არის ყველაზე ამაღლებული, ჰუმანური რელიგია, რადგან ის სულის უკვდავებას, მარადიულობას ქადაგებს.

ქადაგების დასასრულს მიტროპოლიტმა ვახტანგმა დალოცა სრულიად საქართველო.

მოამზადა ტყებუჩავა ანამ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

მსგავსი სტატიები

კატეგორიები

ახალი კომენტარები