მთავარიქრისტიანობამიტრა - სასულიერო პირთა შესამოსლის მნიშვნელოვანი დეტალი

მიტრა – სასულიერო პირთა შესამოსლის მნიშვნელოვანი დეტალი

მიტრა მიტრა – სამღვდელმთავრო შესამოსლის ერთ-ერთი მთავარი ელემენტია, რომელიც როგორც ფიქრობენ საიმპერატორო გვირგვინიდან უნდა წარმოსდგებოდებოდეს, თავდაპირველად მიტრის ტარების უფლებით მხოლოდ ალექსანდრიის პატრიარქი სარგებლობდა, 1453 წელს კონსტანტინეპოლის დაცემის შემდეგ, როდესაც საიმპერატორო ინსიგნიებმა გადაინაცვლა საეკლესიო სფეროში, მიტრის ტარება საყოველთაო გახდა, როგორც დასავლეთის, ასევე აღმოსავლეთის მართლმადიდებლურ ეკლესიებში. როგორც ბიზანტიური საეკლესიო ნაქარგობის მკვლევარი, პაულინა ჯონსტონი აღნიშნავს მე-16 საუკუნეში მიტრის ტარების უფლებით ყველა ბერძენი ეპისკოპოსი სარგებლობდა, რუსეთში კი 1589 წლიდან შემოვიდა მიტრის ტარების ტრადიცია.

საეკლესიო ლექსიკონში ჩამოთვლილია ის ღვთისმსახურები, რომელთაც მიტრის ტარების უფლება აქვთ. ასეთებია: მღვდელმთავრები, არქიმანდრიტები, დამსახურებული დეკანოზები. კათოლიკოს-პატრიარქის, მიტროპოლიტებისა და მთავარეპისკოპოსების მიტრები სავალდებულოა ჯვრებით გვირგვინდებოდეს. ლიტურგიის ერთ-ერთ განმარტებაში ვკითხულობთ: “ხოლო მიტრასა ნებართვით უკეთილ-მსახურესთა ხელმწიფეთა გამო, გარდა მღუდელმთავართა ჰხმარობენ მას არხიმანდრიტნი და რომელნიმე დეკანოზიცა”.

მიტრების ფორმებში, კომპოზიციებში, იკონოგრაფიულ პროგრამებში თვალსაჩინოვდება მრავალი აღმსარებლობითი, კულტურულ-პოლიტიკური და იდეოლოგიური ასპექტები. მიტრებში თავისებურადაა გამოვლენილი ამ სამღვდელმთავრო თავსაბურავის რიტუალური ფუნქცია და ზოგადად ქრისტიანულ-დოგმატური საზრისი. (მიტრა სიმბოლურად მაცხოვრის ეკლის გვირგვინს განასახიერებს).

მიტრების მხატვრულ სახეს განსაზღვრავს მრავალი სხვადასხვა კომპონენტი -ნაქარგობით შესრულებული საღვთო ისტორიის ეპიზოდები და მდიდრული ორნამენტული დეკორი, მინანქრისა და ლითონის მედალიონები ცალკეულ წმინდანთა თუ სახარების სცენების გამოსახულებებით, ძვირფასი ქვები და მარგალიტი, ძვირფასი ქსოვილი, ოქროსა და ვერცხლის “სამკაული”. მიტრებს ზოგჯერ ახლავს წარწერები, რომლებიც შეიცავენ საყურადღებო ცნობებს მათი დამკვეთის, მფლობელის, მიძღვნის ადგილისა თუ დროის შესახებ. თემატურ-კომპოზიციური, ტექნოლოგიური, იკონოგრაფიული თუ სტილური თვალსაზრისით, ჩვენამდე შემორჩენილი მიტრები მრავალფეროვანია, მათი იკონოგრაფია, ერთი მხრივ, მიუყვება პოსტბიზანტიურ ტრადიციას, მეორე მხრივ კი ინარჩუნებს ეროვნულ თვითმყოფადობას. მიუხედავად განსხვავებული მხატვრული ფორმებისა თუ მოყვანილობისა, ქართულ მიტრებს აქვთ ზოგადად ქართული ხელოვნებისთვის დამახასიათებელი თავისებურებანი.

მიტრა დღეისათვის საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ინახება 25 მიტრა, მათ შორის გვხვდება როგორც მთლიანად ნაქარგი, ისე ლითონისა და მინანქრის მედალიონებით შემკული მიტრები, სადაც აქტიურად მონაწილეობს ნაქარგობით შესრულებული დეკორი. შემორჩენილ მიტრათა შორის გვხვდება როგორც ორიგინალური შემოქმედებითი მიდგომის ნიმუშები, ასევე რუსული და დასავლეთ ევროპის ზეგავლენითა და მიბაძვით შესრულებული მიტრები, რაც უმთავრესად ვლინდება მიტრების ევროპული წესით შესრულებული მინანქრებით შემკობაში, მარგალიტის უხვად გამოყენებაში და ა.შ.

საუკუნეთა მანძილზე მიტრების ფორმა იცვლებოდა:

ა) მე-16 საუკუნის ბოლოსა და მე-17 საუკუნის დასაწყისში ხელოვნების ნიმუშებზე წარმოდგენილ სასულიერო პირებს უმთავრესად ხურავთ ორნაწილიანი მიტრა – გვირგვინით. ამის თქმის საშუალებას გვაძლევს როგორც რეალურად შემონახული მასალა, ასევე ვიზუალური მოწმობები, თუმცა ამ უკანასკნელზე თავსაბურავების დეკორი არ არის გამოკვეთილი. მუზეუმში დაცული მსგავსი ფორმის მიტრები კი მდიდრულადაა შემკული ძვირფასი ქვებითა და დახვეწილი ტექნიკით შესრულებული სხვადასხვა გამოსახულებით.

ბ) მე-17 საუკუნეში, როგორც რეალურად შემორჩენილ მასალაში, ასევე ამავე პერიოდის ხელოვნების სხვადასხვა დარგში ასახულია დაბალი, სწორგვერდებიანი მიტრები, რომლებზეც გამოსახულებები ნაქარგობითაა შესრულებული და არ გამოირჩევა მდიდრული შემკულობით.

გ) მე-18 საუკუნის ბოლოს რუსული და ევროპული კულტურისადმი ინტერესის გაღვივება და მათთან რეალური კონტაქტების დამყარება ერთგვარ გამოძახილს საღვთისმსახურებო ნაქარგობაშიც პოულობს. აღნიშნული გავლენით ისევ იცვლება მიტრების ფორმა და ის იღებს უფრო მაღალ, ცისკენ გაფართოებულ ფორმას, შუბლზე მჭიდროდ მორგებული სარტყლითა და მომრგვალებული ცით. იცვლება გამოყენებული მასალა და დეკორიც, როგორც ვიზუალურ, ისე რეალურ მასალაში წარმოდგენილი აღნიშნული ფორმის მიტრები გაფორმებულია მინანქრის მედალიონებით, ასევე მარგალიტებითა და ძვირფასი ქვებით შედგენილი სხვადასხვა სახის ორნამენტით.

მე-19 საუკუნიდან კი ქართული საეკლესიო ნაქარგობა მთლიანად შეცვალა რუსულმა ფაბრიკულმა მზა ნიმუშებმა, რამაც გამოიწვია ხელოვნების ამ მეტად საინტერესო დარგის სრული გაქრობა.

მთელი მასალა აღებულია კულტურის კვლევების დოქტორის – ეკა ბერელაშვილის სადისერტაციო ნაშრომიდან – “გვიანფეოდალური ხანის ქართული მიტრები: მხატვრულ-ისტორიული კვლევა”, თბილისი 2013 წ.

მოამზადა ანა ტყებუჩავამ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

მსგავსი სტატიები

კატეგორიები

ახალი კომენტარები