მთავარი » კულტურა

მირანდა მაისურაძე: “უწმინდესმა მითხრა, რომ სულ ვიმღერო”

სტატიის ავტორი: | თარიღი: 07.05.2014 | 3,172 ნახვა

ახალბედა მომღერლის, მირანდა მაისურაძის სიმღერები რამდენიმე თვეა ქართველ მსმენელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. მირანდა ბავშვობიდან მღერის, თუმცა ფართო საზოგადოების წინაშე სიმღერა აქტიურად ამ ბოლო დროს დაიწყო. მირანდა მაისურაძე მიიჩნევს, რომ წარმატების მისაღწევად საჭიროა რწმენა, შრომა, საქმის სიყვარული და ერთგულება. “ამბიონს” მირანდა მაისურაძე საკუთარი შემოქმედების შესახებ თავად ესაუბრა:

“დამთავრებული მაქვს რევაზ ლაღიძის სახელობის თბილისის №4 მუსიკალური სასწავლებელი. უმაღლესი მუსიკალური განათლება არ მაქვს. ბავშვობიდან ვმღერი, თუმცა სერიოზულად სიმღერას ბოლო რამდენიმე თვეა მოვეკიდე. მამიკო ძალიან მუსიკალური მყავს. სიმღერით ბებომ დამაინტერესა. ცდილობდა, რაც შეიძლება მეტი დრო გამეტარებინა ინსტრუმენტთან, დავყავდი სხვადასხვა მუსიკალურ წრეზე, თუმცა ეს ძალიან ადრეულ ასაკში ხდებოდა. მისი გარდაცვალების შემდეგ იყო დიდი პაუზა მანამ, სანამ მამა პეტრეს სულიერი შვილი არ გავხდი. მამაო ის ადამიანია, ვინც მთლიანად შეცვალა ჩემი ხედვა. დავიწყე გალობა და სიმღერა აქტიურად. დღესდღეობით სიმღერა ჩემი ძირითადი საქმიანობა არ არის, მაგრამ იმედი მაქვს, დადგება დრო, როდესაც მთელ დროს, ენერგიას, ფიზიკურ და ინტელექტუალურ რესურსს მუსიკას მოვახმარ. ამჟამად ვმუშაობ კომპანია „სოკარში“. მახარებს ის ფაქტი, რომ ხელმძღვანელობა გაგებით ეკიდება ჩემს პარალელურ საქმიანობას, ისინი, თავის მხრივ, ხელს მიწყობენ.”

გვესაუბრეთ თქვენი რეპერტუარის შესახებ…

ჩემი რეპერტუარი ჯერჯერობით ძირითადად საავტორო სიმღერებით შემოიფარგლება. განსხვავებული ჟანრისა და სხვა ავტორის გახლავთ „ნოსტალგია“ . მუსიკა გახლავთ ბ.ნი ზურაბ ჩინჩალაძის, ტექსტი კი – ქ.ნი ნინო სირბილაძის. სიმღერა ბატონი ზურაბის თხოვნით ჩაიწერა დავით კენჭიაშვილის სტუდიაში. სიმღერა ეძღვნება ემიგრანტ ქართველებს. დღეს საკმაოდ პოპულარულია თანამედროვე ხალხური და ქალაქური ტიპის ფოლკლორული ჟანრის სიმღერა, მუსიკა, შერწყმული ხალხური და თანამედროვე საკრავებით. ამ ეტაპზე მეც სწორედ ეს ჟანრი მოვირგე, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ სხვა ჟანრში არ ვმღერი.

რამდენად დიდი პასუხისმგებლობაა თქვენთვის, რომ პატრიარქის კურთხევით მღერით?

ზოგადად დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდები სიმღერას, ალბათ, სწორედ ამიტომ არ ვჩანდი ამ დრომდე ფართო საზოგადოების წინაშე. მოგიყვებით ისტორიას უწმინდესთან ერთ-ერთი შეხვედრის შესახებ. რამდენიმე წლის უკან, ქარელის წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის გიმნაზიის გახსნაზე მიწვეული იყო საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის ანსამბლები „იავნანა“ და „ლაზარე“. მე იავნანას წევრი გახლდით. მირანდა მაისურაძე პირველი შეხვედრა უწმინდესთან სწორედ იმ დღეს უკავშირდება, პატრიარქმა გამომარჩია და რამდენიმე დღის შემდეგ მას საპატრიარქოში შევხვდი, სადაც დამლოცა და მითხრა, რომ მაქვს ძალიან ძლიერი ხმა და სულ ვიმღერო. მასზე ბედნიერი დღე არასოდეს მქონია…

როგორ ფიქრობთ, ვის შეუძლია გახდეს მომღერალი და რა არის ამისათვის საჭირო?

ჩემი შეხედულებით, სიმღერისთვის მხოლოდ ხმა და სრულფასოვანი სმენა არაა საჭირო. ბევრი მინახავს და მომისმენია, სმენაც აქვს, სწორად მღერის, მაგრამ შენში ვერ იწვევს აღფრთოვანებას, დიდ ემოციას. მთავარი გული და შინაგანი მდგომარეობაა. თუ გრძნობ, რასაც მღერი, აუცილებლად სხვასაც მოაქცევ შენი გავლენის ქვეშ. არ ვიცი, რამდენად კომპეტენტური მრჩეველი შეიძლება ვიყო მათთვის, მაგრამ მას, ვინც მიიჩნევს, რომ სიმღერა შეუძლია, აქვს დიდი სურვილი და მოტივაცია, აუცილებლა დ განავითარონ ნიჭი, იმუშაონ საკუთარ თავზე და სწამდეთ, თუ მათი სურვილი გულწრფელი და უანგაროა, მათ ცხოვრებაშიც დადგება ის დღე, როდესაც ხალხი გაიცნობს და შეიყვარებენ. ღმერთმა თუ მოგცა ნიჭი, მისი კეთილად გამოყენების საშუალებასაც აუცილებლად მოგცემს, ოღონდ დროა საჭირო…

ძირითადად რა ღონისძიებებში მონაწილეობთ?

იმის გამო, რომ ძალიან დატვირთული რეჟიმი მაქვს, სამწუხაროდ, ბევრ ღონისძიებას ვაკლდები. ძირითადად ვმონაწილეობ იმ საღამოებში, რომლებიც ანაზღაურებადია ან მეგობრების ორგანიზებული.

მიგიღიათ თუ არა სასიმღერო კონკურსებში მონაწილეობა და რას ფიქრობთ მსგავსი პროექტების შესახებ?

ალბათ, მივიღებდი კონკურსებში მონაწილეობას, რომ იყოს სხვა ფორმატისა და ჟანრის. კონკურსებში ძირითადად ითხოვენ უცხოურ რეპერტუარს, რაც ჩემში არ ზის. მხოლოდ იმიტომ, რომ კონკურსში მივიღო მონაწილეობა, სიმღერის ტექნიკურად სწავლას ვერ დავიწყებ… მე მაქვს ჩემი ტემბრი, ჩემი დიაპაზონი, კონკურსებში ითხოვენ მოექცე ჩარჩოში, იმღერო ის და ისე, როგორც საორგანიზაციო ჯგუფი გადაწყვეტს და ეს საჩემო საქმე არაა.

რა სიახლეს უნდა ელოდეს თქვენი მსმენელი?

აუცილებლად იქნება ბევრი ახალი სიმღერა. მზადდება დუეტი უნიჭიერეს მომღერალთან, ჩემს მეგობარ ოთო ბერიშვილთან. დიდი იმედი მაქვს, მსმენელი „იასამანს“ ისევე შეიყვარებს, როგორც დანარჩენ სხვა სიმღერებს ჩემი და ოთოს რეპერტუარიდან.

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი