
ეკლესიაში არსებობს ტრადიცია მიცვალებულის მოხსენიებისა კვეთაში ორმოცი დღის განმავლობაში. ტაძრებში, სადაც წირვა ყოველდღე მიმდინარეობს, ჭირისუფლის თხოვნით მიცვალებულს იხსენებენ კვეთაში ყოველდღე ორმოცი დღის განმავლობაში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მიცვალებულის 40 დღიანი მოხსენიება დიდმარხვაში, – როდესაც ყოველდღე (40 დღის განმავლობაში) ტაძრებში აღესრულება პანაშვიდები მიცვალებულთა სახელზე.
შენიშვნა: არის შემთხვევები, როდესაც მიცვალებულისთვის წესის აგება და კვეთაში მოხსენიება (და მათ შორის პანაშვიდზე) არ შეიძლება:
- თუ ადამიანი არ იყო მონათლული მართლმადიდებლურად;
- თუ იგი სიცოცხლის ბოლომდე გმობდა ღმერთს;
- თუ თავისი სიცოცხლე შეგნებულად დაამთავრა თვითმკვლელობით.
თუ რა ვიღონოთ ასეთი მიცვალებულისათვის, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, მოძღვართან უნდა გავარკვიოთ.
იმ შემთხვევაში, თუ ფსიქიურად დაავადებული ადამიანი მოიკლავს თავს, მისთვის, საეკლესიო კანონების თანახმად, საეკლესიო წესების შესრულება ნებადართულია.
მიცვალებულთა მოხსენიება პირადი ლოცვის დროს
მიცვალებულის სული, გარდა საკუთრივ მისთვის მიძღვნილი ლოცვისა, შეიძლება მოვიხსენოთ პირად ლოცვაშიც (მაგ. დილის ლოცვების შესრულებისას, შესაბამის ადგილას; სხვადასხვა ლოცვებში და ჩვენივე სიტყვებით).
წყარო: წიგნი “ეკლესიის საუნჯე”
შემდგენელი: დავით შონვაძე
