ჯგუფი “მგზავრები” 2006 წელს ჩამოყალიბდა. მათი მუსიკა შეიცავს როგორც ფოლკოლურ, ისე კლასიკურ ელემენტებს. დიდი ადგილი უჭირავს იმპროვიზაციას. ჯგუფმა უკვე ჩაწერა ერთი ალბომი სახელწოდებით “მე მოვიგონე”. გადაღებული აქვთ სამი კლიპი სიმღერებზე: “მთვარე”, “მე მოვიგონე” და “გაიღვიძა ბუნებამ”.
გთავაზობთ ინტერვიუს ჯგუფი “მგზავრების” სოლისტთან და კომპოზიტორთან – გიგი დედალამაზიშვილთან:
როგორ ჩამოყალიბდა ჯგუფი “მგზავრები”? მოგვიყევი ჯგუფის შექმნის ისტორია…
დედაჩემთან ვმღეროდი ხალხურ სიმღებს, მაგრამ ჯგუფის შექმნა და ასეთი სახით სიმღერა არ წარმომედგინა, რაღაცნაირად მცხვენოდა… თუმცა მოხდა ასეთი რამ: ჩემი მეგობრისა და ნიჭიერი ადამიანის გეგი ვასაძის შეყვარებული მიდიოდა ამერიკაში და გადავწყვიტეთ, სიმღერა დაგვეწერა გეგის ლექსზე. მაშინ ვერაფრით ვიფიქრებდით, რომ ყველაფერი ასე აეწყობოდა, როგორც ახლაა. საჩუქარს ძალიან კარგი, დადებითი რეაქცია მოჰყვა. მერე კიდევ დავწერეთ რაღაც. შემდეგ მეგობრებმა დამაძალეს სიმღერა.
რას ფიქრობ ქართულ შოუბიზნესზე?
არ ვიცი, რთული თემაა, შოუბიზნესის გაგება, ალბათ, ფულია, რაც საქართველოში, შემიძლია ვთქვა, რომ არაა. აქედან გამომდინარე, ბიზნესიც, ვფიქრობ, არ არსებობს.
როგორ ჩაიარა “მგზავრების”, “ფრანისა” და “პაპარაცის” ერთობლივმა კონცერტმა?
ნორმალურად. ცალ-ცალკე გამოვედით და ბოლოს ერთად ვიმღერეთ. ორგანიზატორი იყო ძალიან კარგი და ნიჭიერი გოგონა, მაცაცო კევლიშვილი. მანამდეც გვიმუშავია ერთად. თავისთავად კონცერტის იდეა ძალიან მომწონდა, ჩვენ მეგობრები და ერთმანეთის გულშემატკივრები ვართ. აქედან გამომდინარე, ალბათ, კარგი აურა შეიქმნა. მიუხედავად იმისა, რომ დარბაზი არ გავსებულა, ჩვენ ბოლომდე დავიხარჯეთ.
როდის ხარ ყველაზე შემოქმედებითი?
ახლა ნორმალური პერიოდი მიდგას. ჩავარდნები ყველას აქვს, მეც მქონდა. “მთვარე”, “მე მოვიგონე”, “შავ ღვინოში ალუბლები ბანაობენ”, – ეს სიმღერები დაახლოებით ერთ პერიოდში შევქმენი. მერე დავწერე რამდენიმე მძიმე სიმღერა და კომპოზიცია. ახლა რაღაც ინგლისურს ვწერ.
მოგწონს პოპულარობა? ხომ არ არის ცოტა მძიმე ტვირთი?
ვერ ვამჩნევ, ან ვერ ვგრძნობ. მე ჩემი სამყარო მაქვს, ხალხმარავლობას ხშირად თავს ვარიდებ. ხან ისეთი დატვირთული ვარ და იმდენი საქმე მაქვს, რომ, უბრალოდ, არ მცალია. ვცდილობ, არ ვითამაშო და ყველგან ბუნებრივად მოვიქცე. პოპულარობას, ძირითადად, კონცერტების მერე ვგრძნობ. მაშინ მოდიან და სითბოს გამოხატავენ. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, მაგრამ როცა შენზე იწყებენ ლაპარაკს და შენი ცხოვრება მარტო შენი აღარ არის, მაშინ რთულია. ემოციური ადამიანი ვარ და სააშკარაოზე ყოფნა ზოგჯერ მიჭირს.
როდის უფრო წერ სიმღერებს: როცა გტკივა, თუ როცა გიხარია?
განწყობა შემოქმედებაზე პირდაპირ არ აისახება ხოლმე. არ მოგატყუებ, მიცდია, რომ რაღაც გაბრაზებულზე, ან მოწყენილზე დამეწერა და არ გამომსვლია. ერთი კვირის მერე კი კარგ ხასიათზე მყოფს ძალიან სევდიანი სიმღერა შემიქმნია. საერთოდ, როცა მიხარია, სევდიან განწყობაზე ვარ და ყოველთვის, როცა სევდიან განწყობაზე ვარ, მიხარია. ბევრი ნეიტრალური სიმღერა მაქვს, მაგალითად, “გაიღვიძა ბუნებამ”. ეს არ არის რაღაც ხასიათზე დაწერილი სიმღერა.
შენი შემოქმედებიდან რომელი სიმღერა გიყვარს ყველაზე მეტად?
არ ვიცი, ჩემს სიმღერებთან რაღაც გაუცხოება მჭირს, მგონია, რომ მე არ დამიწერია.
სარეპეტიცო ადგილი გაქვთ, თუ სახლში ატარებთ რეპეტიციებს? ამდენი ხალხის ერთად მუშაობა ძნელი არ არის? განსხვავებული აზრები და ემოციები…
სახლში ვრეპეტიციობთ ჩემთან, შევეჩვიეთ, ათვლის წერტილი არის ჩემი სახლი, აქ ვგეგმავთ და ვახორციელებთ ყველაფერს. ჩვენ, პირველ რიგში, ვართ მეგობრები. იმიტომ ვუკრავთ, რომ ერთმანეთი გვიყვარს. ჯგუფის განვითარებაში ყველას თავისი წვლილი შეაქვს. ჩვენ ვართ ტექნიკური უნივერსტეტისა და თეატრალურის მეგობრები ერთად.
გიგი, პროფესიით მსახიობი ხარ. არ გიფიქრია, როგორი იქნება შენი ცხოვრება თეატრში თუ იქნები? რა ბედი ეწევა “მგზავრებს”?
სპექტაკლებს ძალიან დიდი დრო უნდა. თეატრში თუ ხარ, ბოლომდე უნდა იყო. აქეთ-იქით სირბილი შეუძლებელია, იქ გუნდური მუშაობაა, თავისი საიდუმლოებები და სპეციფიკაა. სიამოვნებით ვმუშაობ და ვთანამშრომლობ რამდენიმე რეჟისორთან, უბრალოდ, მიყვარს ეს საქმე. მთლიანად ამითი რომ დავკავდე, არ მინდა.
“მგზავრების” ზამთრის გეგმებზეც გვითხარი, რას აპირებთ?
კიევში ჩავდივარ, რომ დავგეგმოთ კონცერტები. საქართველოში ვერაფერს განსაზღვრავ წინასწარ, აქ სულ არის შიში, რომ ხვალ გამოხვალ და არაფერი აღარ იქნება, არავინ აღარ მოუსმენს შენს მუსიკას, ვერაფერს გათვლი. თუმცა, ამის მიუხედავად, გვექნება კონცერტები, საახალწლო სეზონი მეტ-ნაკლებად უფრო დატვირთულია ყოველთვის.
რამდენად ახლოს ხარ ეკლესიურად ცხოვრებასთან?
ყველაფერი, რაც ხდება, მწამს და მჯერა, რომ უფლის ძალით ხდება. როცა განსაცდელში ვარ, ვფიქრობ, ღმერთმა უკეთ იცის, რა იქნება ჩემთვის კარგი.
ქეთი ჭელიძე

ქოზიფის მამათა მონასტერზე და იქ მოღვაწე მამებზე დაწერეთ თუ შეგიძლიათ.
რა კარგი ბიჭია გიგი…საერთოდ არ აქვს თავში ავარდნილი….
თავმდაბალი ჩანს…
აუ, მაგარი კაცია….
გენაცვალე მე შენ, ყოველთვის რომ გემეტება ჩემი მისამართით თბილი სიტყვები
მაცაცო