მთავარი » ქრისტიანობა

“მეხუთე მცნების აღმსრულებელს ღმერთი კეთილისყოფასა და დღეგრძელობას პირდება”

სტატიის ავტორი: | თარიღი: 07.05.2015 | 3,524 ნახვა

მეხუთე მცნება – პატივ ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელ იყო ქვეყანასა ზედა.

დმანისის სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, იღუმენი დიონისე გვიმრაძე:

“სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა! ჩვენ უკვე ვისაუბრეთ ათი მცნების პირველ ოთხ მცნებაზე,
ანუ ადამიანისა და ღმერთის დამოკიდებულებაზე. ახლა მიმოვიხილოთ ადამიანთა შორის ურთიერთობის ღვთაებრივი განაწესი და გადავინაცვლოთ მეხუთე მცნებაზე.

პირველ ადგილზე ღმერთმა ადამიანთა შორის ურთიერთობის მცნებებიდან საკუთარ მშობლებთან დამოკიდებულება განაწესა. მეხუთე მცნება გვაუწყებს: დმანისის სიონი„პატივ ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყოს შენ, და დღეგრძელ იყვნე ქვეყანასა ზედა”(გამ. 20,12). რატომ არის უპირველეს ადგილზე ეს მცნება? წმიდა მამათა სწავლებით, თუკი ადამიანი მშობლებთან ურთიერთობაში ვერ გამოიჩენს სათანადო პატივისცემასა და ადამიანობას, მაშინ სხვებთან როგორღა გამოიჩენს? მართლაც, საკუთარ მშობელს, ვისი წყალობითაც ამ ქვეყნიერებას მოვევლინეთ და ვისაც ყველაზე დიდი ამაგი, გარჯა, დრო, ენერგია და მონდომება აქვს ჩადებული ჩვენი აღზრდისა და განვითარებისათვის, ნუთუ ჩვენგან პატივისცემა და ამაგის დაფასება არ ეკუთვნის?!

საკუთარი მშობლების მიმართ პატივისცემას მათ მიმართ სიყვარული უნდა განაპირობებდეს. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული მცნება ელემენტარული ჭეშმარიტებაა, მაინც ყოველთვის როდი გვხვდება სათანადო გამოხატულების სახით. ღმერთმა ერთგულ და მშობლების პატივისმცემელ შვილთათვის ჯილდო დააწესა; მათ კეთილის მიგება და დღეგრძელობა აღუთქვა. მართლაც, ბიბლიაში მრავლად ვხვდებით მშობლის მორჩილი და ერთგული შვილისადმი მშობლის კურთხევით გამოხატულ ღმერთის განსაკუთრებულ წყალობას. ამგვარად აკურთხა აბრაამმა ისააკი, ისააკმა იაკობი, იაკობმა იუდა და ასე შემდეგ. ხოლო მშობლის მიმართ ურჩი და უპატიო შვილი არა

თუ ყოველგვარ კურთხევას არის მოკლებული, არამედ ღვთის რისხვას იმსახურებს. მაგალითად, მამის – ნოეს დამცინავი ქამი საუკუნო წყევლას მოიწევს საკუთარ თავზე.

აღნიშნული მაგალითები კიდევ უფრო ნათლად მიანიშნებენ მშობლებთან სიყვარულით ურთიერთობის მნიშვნელობას, რასაც თავად იესო ქრისტეს მაგალითიც ამოწმებს. პირველი სასწაული მან კანას გალილეაში საკუთარი მშობლის თხოვნით აღასრულა, როდესაც ქორწილში წყალი ღვინოდ გარდააქცია. თუმცა თავად მაცხოვარს არ ჰქონია ამგვარი განზრახვა, მაგრამ საკუთარ დედას ხათრი არ გაუტეხა. ასევე, ყურადსაღებია იესო ქრისტეს მხრიდან მშობელზე ზრუნვის მეორე საოცარი მაგალითი: ჯვარზე გაკრული მაცხოვარი ღვთისმშობელზე დარდობს და მასზე მზრუნველობას თავის ერთგულ და საყვარელ მოწაფეს – იოანეს აკისრებს.

მიუხედავად ამგვარი მაგალითებისა, სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში, ჩვენ ვერც ამ მცნების აღსრულებით გამოვირჩევით. მართლაც, სანამ პატარები ვართ და ყოველნაირად მშობლებზე დამოკიდებულნი, მაშინ მეტად ვაფასებთ მათ; ხოლო როგორც კი მცირე ცხოვრებისეულ გამოცდილებას შევიძენთ, მაშინვე დამოუკიდებლობისკენ მივისწრაფით და თვითნებობისკენ მივიდრიკებით. შესაბამისად, ამგვარი თავნებობით მშობლის სიტყვისა და რჩევის გაუფასურებას ვახდენთ, რითაც დიდად ვტკენთ გულს მათ. თუმცა, ზოგჯერ ამითაც არ ვკმაყოფილდებით და ხმას ვიმაღლებთ მათ წინააღმდეგ და უდიერადაც კი ვეპყრობით მთელ რიგ სიტუაციებში. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ისეთი შემთხვევები, როდესაც მხცოვან და დაუძლურებულ მშობლების მიმართ ვიჩენთ დიდ უყურადღებობასა და გულცივობას; თან თავს მოუცლელობით, ან უსახსრობით ვიმართლებთ ხოლმე. ასე რომ, მშობლების მიმართ უპატივცემულობა ყოვლადუსახური მდგომარეობაა.
მშობლის შვილისადმი სიყვარული განუმეორებელი, გამოუთქმელი და სრულფასოვანია. ხოლო თუ შვილი ამგვარ სრულფასოვან სიყვარულს უპატივცემულობით პასუხობს, მაშინ მისგან რაიმე ზნეობრივობა და ადამიანური საქციელი გასაკვირიცაა.

ასევე, უნდა ვიცოდეთ, რომ მეხუთე მცნება თავის თავში მარტოოდენ მშობელთა პატივისცემას როდი მოიცავს; მასში ზოგადად უნდა ვიგულისხმოთ, აღმრზდელი, მასწავლებელი, და, რასაკვირველია, სულიერი მოძღვარიც. მართალია, ყველა მასწავლებელს შესაძლოა ერთნაირი ღვაწლი და ამაგი არ გააჩნიათ ჩვენს მიმართ, მაგრამ ეს ჩვენ მცნების დარღვევის საფუძველს ნამდვილად არ გვაძლევს.

ერთადერთი შემთხვევა, როდესაც წმიდა მამები მშობლებისადმი მორჩილებას არ გვავალდებულებენ, მათი მხრიდან ეკლესიასთან ურთიერთობის აკრძალვა, ან რაიმე ცოდვის აღსრულებისკენ მოწოდება სახელდება. სხვა შემთხვევებში, მაქსიმალურად უნდა გავითვალისწინოთ მათი მოწოდება და რჩევა, მათსავე გულის გასახარად და ჩვენივე კეთილდღეობი- სათვის.

სამწუხაროდ, ეგრეთწოდებულ გარდატეხის ასაკში, ძალიან ხშირად ვაბრაზებთ მშობლებს. თუმცა, სხვამ თუ გაუბედა გულის ტკენა ჩვენ მშობლებს, ადვილად არავის ვაპატიებთ; ის კი გვავიწყდება, რომ ყველაზე დიდ ტკივილს მშობელს ზოგჯერ შვილი აყენებს თავისი უპატივცემლობით. ვინც ჩვენს შორის მშობელია, მან კარგად უწყის ეს.

ასე რომ, როგორც ვხედავთ, მოყვასთან ურთიერთობის ღვთაებრივი სწავლება მშობელთან შესაბამისი პატივისცემით იწყება. ვინც ამ პირველში ვერ აღმოჩნდება სათანადო სიმაღლეზე, ვერც შემდეგ საფეხურზე ამაღლდება. გავიხსენოთ, ამგვარი იერარქიული წყობით იყო ღმერთთან ურთიერთობის მცნებებიც მოცემული; იწყება უმთავრესით და საფუძველით
– ერთი ღმერთის აღიარებით და გრძელდება თანდათანობითი გაღრმავებითა და განმარტებით. ასევე, მოყვასთან ურთიერთობის მცნებებიც უმთავრესითა და საფუძველით – მშობლებისადმი პატივისცემით იწყება და შემდეგში ნელ–ნელა განივრცობა და განიმარტება დანარჩენი მცნებებით.

აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ქრისტიანი ადამიანი მარტოოდენ ცოცხალთა მიმართ მზრუნველობით არ უნდა შემოიფარგლოს. ვისაც მშობლები ცოცხალნი აღარ გვყავს, მათაც გვმართებს მშობლებისადმი განსაკუთრებული ყურადღება, რამეთუ ზემოთაც ავღნიშნეთ, რომ მრავალგზის გვიტკენია მათთვის გული. ამიტომ, ახლა მაინც მოვინანიოთ და ვითხოვოთ ღმრთისგან და მშობლებისაგან პატიება. ახლა მაინც შევურიგდეთ, ახლა მაინც ვილოცოთ მთელი გულით მათთვის, ახლა მაინც მოვიხსენიოთ წმიდა ბარძიმში, რამეთუ როგორც წმიდა მამები გვეუბნებიან, მიცვალებულებიც ეზიარებიან იქ ქრისტეს სისხლსა და ხორცს, თუკი მათ სახელზე ამოიკვეთება წმიდა ტარიგი.

მეხუთე მცნების აღმსრულებელს ღმერთი კეთილისყოფასა და დღეგრძელობას პირდება. ასევე, ზოგადად ღვთის მცნებათა დამცველი მშვიდი და ბედნიერია. დაე, ღმერთმა შეგვაძლებინოს, რომ ღვთის მცნებების ერთგული დამცველნი და მშობლების ერთგულნი შვილნი ვყოფილიყავით.
ჩვენთან არს ღმერთი!”


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი