მთავარი » საზოგადოება

მეუფე იაკობი საპატრიარქოსთან ახლად აშენებული სამორინეს შესახებ

სტატიის ავტორი: | თარიღი: 02.02.2012 | 3,129 ნახვა

ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა თბილისში, საპატრიარქოს მიმდებარე ტერიტორიაზე ახლად აშენებული კაზინო-სამორინეს შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი არსებობა საპატრიარქოს შენობის ახლოს მიუღებელია.

სამორინე მეუფე იაკობი: “როდესაც საქმე ეხება იმ ქვეყანას, სადაც მართლმადიდებელი მოსახლეობა ქვეყნის უდიდესი ნაწილია და გვსურს, ძლიერი სახელმწიფო ავაშენოთ, უნდა შევეცადოთ ჩვენ, მართლმადიდებლები ისე კეთილგანწყობილნი ვიყოთ სახელმწიფოს მიმართ, როგორიც მრავალი საუკუნის განმავლობაში, ქრისტეს ეკლესიის დაარსებიდან დღემდე ვიყავით ყოველი კეთილმოსურნისადმი და ასევე, სახელმწიფოს გააჩნდეს ჩვენდამი ისეთი დამოკიდებულება, როგორც ეკლესიას შეეფერება.

ქვეყანაში ბევრი რამ კეთდება, შენდება, მაგრამ მრავალი საქმის კეთებისას შეიძლება რაღაც გამოგვრჩეს. არის ერთი შენობა, რომელსაც საპატრიარქოსთან ახლოს აგებენ და ტელევიზიით გვამცნობენ, რომ უნდა გაიხსნას. ვფიქრობ, ალბათ, გამოეპარათ, თუ სად აშენებენ ამ დაწესებულებას. არის რაღაც, რაზეც ეკლესიაც რეაგირებს… ჩვენ ერთნი, ერთი ქვეყნის შვილები ვართ და ყველამ ერთად უნდა ვაშენოთ ძლიერი ქვეყანა. ასევე, ნუ დაგვავიწყდება ის, რომ გვერდით შენობაც სინოდის კანცელარია იყო. თუ ასეთ რაიმეს აგებ, ხომ შეიძლება, სხვაგან ააშენო?! მჯერა, თუ მართლა არ დავფიქრებულვართ და შემთხვევით მოხდა მისი აშენება, შესაძლებელია მისთვის სხვაგან გამოიყოს ტერიტორია და ეს ნაგებობა კვლავ დარჩეს მფლობელს და ნორმალური დანიშნულება მიეცეს მას. მაპატიეთ, კარგად იცით, რისი ბარიც გახლდათ გახსნილი აქვე და არ შეიძლება საპატრიარქოსთან მსგავსი შენობების აგება, ცოტა აბუჩად აგდება გამოდის, რასაც უფალი, მით უმეტეს, ეკლესიისას, არავის აპატიებს.

ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია, დავიცვათ ჩვენი, ეკლესიისა და ხალხის ღირსება. თორემ ასე, სადაც და რაც მოგვესურვება იქ რომ გავხსნათ, არ გამოვა. სანამ ერთი პატიოსანი კაციც კი დარჩება, მანამდე საშიშროება არ გვემუქრება.

ჩვენი სათხოვარია და მჯერა, რაღაც ადგილი გამოეყოფა იმ ადამიანს, რომელმაც დიდი ფული ჩადო ამ საქმეში და საკუთრების უფლებაც აქვს. მაგრამ ეს დაწესებულება სხვაგან ჰქონდეს და ესეც მისი იყოს, შემდეგ დაანგრიონ, ან სხვა რამ გააკეთონ. შესაბამის ადგილს მოუძებნიან, თუ კეთილი ნება ექნებათ. არ შეიძლება საპატრიარქოსთან ასეთი შენობის აშენება, მერე შეიძლება უარესი რაღაცის აგებაც მოისურვონ.

სტატისტიკასაც გეტყვით: ადამიანები ხშირად თვითმკვლელობამდეც მიდიან, უფრო ნაკლებად ნარკომანიის, ძირითადად ეს ტოტალიზატორების, ან კაზინოების გამო ხდება. …

ეს არა მარტო ჩემი, არამედ ეკლესიისა და მორწმუნე ერის თხოვნაა, რაღაც გადაწყვეტილება მიიღონ. სწრაფად აშენდა აქაც და სხვაგანაც შეუძლიათ სწრაფად ააგონ.

როცა კეთილგანწყობა გვაქვს სახელმწიფოსადმი, უმჯობესია, კეთილი განწყობა ორივე მხრიდან შევინარჩუნოთ, ეს ქვეყნის ძლიერებას ხელს შეუწყობს.

“ეკლესიას ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევიანო”, – ბრძანა უფალმა და ასეც იქნება… ამიტომ დიდი თხოვნაა, დროულად მოახდინონ რეაგირება. დემოკრატიული ქვეყნების წარმომადგენლებმა, უცხლოემა სტუმრებმაც აღნიშნეს, ამას არ იკადრებდნენ შუაგული ევროპიდანო. ამიტომ ვეცადოთ, დაუფიქრებელი ნაბიჯით რაღაც არასასიამოვნო და არასასარგებლო არ გამოვიწვიოთ. …

ჩვენი ეკლესია ცდილობს, მშვიდობა იყოს ქვეყანაში, გავერთიანდეთ, რაღაც მიზეზები, რაც გვაშორებს ხოლმე ხანდახან, აღმოიფხვრას. ვაკვირდებოდით, რა იქნებოდა – ვინმე მაინც თუ მოვიდოდა და გვეტყოდა, რა კეთდებოდა აქ. ჩანს, ზოგს აღარც აინტერესებს ჩვენი რეაქცია. ყველასთვის უმჯობესია, ჩვენი თხოვნა დაკმაყოფილდეს” (29 იანვარი 2012).


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი