მთავარი » ქრისტიანობა

მესხეთის ათი სოფელი და ერთი მოძღვარი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 17.05.2012 | 13,536 ნახვა

საქართველოში ეკლესიური ცხოვრება სრულიად ჩამკვდარი იყო საბჭოთა კავშირის ეპოქაში. თუმცა მესხეთში ბევრად უფრო მძიმე გასაჭირი ჰქონდა ქართულ ეკლესიას. მე-16 საუკუნეში სამხრეთ საქართველო ოსმალეთის იმპერიის ნაწილი გახდა. ამ პერიოდიდან დედაეკლესიას მოწყდა ის მხარე, სადაც ოდესღაც ქართული სასულიერო, სახელმწიფოებრივი და კულტურული ცხოვრების აღორძინება დაიწყო. გაბრიელ ბურჭულაძე მხოლოდ რამდენიმე საუკუნის შემდეგ, 1988 წელს საქართველოს პატრიარქი ილია მე-2 ეწვია სამცხე-ჯავახეთს, კვლავ აკურთხა უძველესი და უდიდესი ტაძრები: ვარძია, საფარა, ზარზამა და სხვა. მოიარა უამრავი სოფელი და უქადაგა მოსახლეობას.

დღეს სამცხეში ხალხის მხრიდან დიდი მონდომება და ცხოველი ინტერესი იგრძნობა სულიერი ცხოვრების მიმართ. სოფლებში აღადგინეს უძველესი სამლოცველოები, ააშეენეს ახალი ტაძრები, განაახლეს ისეთი ძველი ტრადიციები, როგორიცაა მაგალითად, გაზაფხულზე ხვნა-თესვის დაწყების წინ, ყანაში ლოცვის აღვლენა.

“ამბიონს” მღვდელი გაბრიელ ბურჭულაძე ესაუბრა, რომელიც უშუალოდაა დაკავშირებული ამ მოვლენებთან, იგი მესხეთის 10 სოფელს ემსახურება.

გვიამეთ თქვენ შესახებ, როგორ მოხვდით მესხეთში?

თბილისში დავიბადე და გავიზარდე. წმიდა ნინოს სახელობის ტაძრის (ნ.ჩხეიძის ქუჩაზე) მრევლი ვიყავი. დრო გადიოდა და საბოლოოდ უფლის წყალობით გადავწყვიტე სასულიერო სემინარიაში ჩამებარებინა. მოძღვრისგან, დეკანოზ რევაზ ოთარაშვილისაგან კურთხევა ავიღე, მან მომიწონა გადაწყვეტილება.

ადამიანის გადარჩენის ერთადერთი გზა არის უფალთან ყოფნა, იგი ყველას გვანუგეშებს რა განსაცდელიც არ უნდა გადაგვხდეს თავს.
თავდაპირველად თბილისის სასულიერო სემინარიაში ვაპირებდი სწავლას, მაგრამ მსურდა ქალაქიდან მოშორებულ ადგილზე ვყოფილიყავი. მესხეთი ერთმა ჩემმა ახლობელმა ადამიანმა როდესაც შეიტყო ჩემი განზრახვა , მირჩია რომ მესხეთში საფარის მონასტერთან არსებულ სასწავლებელში წავსულიყავი. მე ძალიან მომეწონა ის გარემოება, რომ მონასტერთან ახლოს ვისწავლიდი და საფარაში წავედი. მაშინ უკვე დაოჯახებული ვიყავი, მყავდა და მყავს ორი ქალიშვილი, ქეთევანი და ბარბარე, ამიტომ ჩემი გადაწყვეტილება ბევრმა მეგობარმა უცნაურად მიიღო, მაგრამ მთელი გულით მწყუროდა ღმერთთან სიახლოვე და უფალს მინდობილი ვმოქმედებდი. 2003 წელს ჩავაბარე საფარის მონასტერთან არსებულ გრიგოლ ხანძთელის სახელობის სასულიერო სემინარიაში.

საფარაში სწავლისას მესამე კურსზე ვიყავი, როდესაც მეუფე თეოდორემ დიაკვნად მაკურთხა, 2006 წელი სრულდებოდა მაშინ. ორი წლის შემდეგ კი მღვდლად მაკურთხეს და განმაწესეს ურავლის ხეობაში, სოფელ მუსხში. ამ კუთხემ საოცარი შეჩვევა იცის, ისეთი მადლიანი მხარეა, ძალიან გულიანი ხალხი ცხოვრობს. მართალია მე თბილისიდან ვარ, მაგრამ უკვე მუსხელი მღვდელი გავხდი, ურავლის ხეობის სოფლებს ვემსახურები. ამ ხეობაში ყველანი ჩემი სულიერი შვილები არიან, მათ ერთმანეთისგან არ განვარჩევ, მიუხედავად სოფლების დაშორებისა. ისინი ერთი დედაეკლესიის მრევლს წარმოადგენენ . აქაურობას ისე შევეთვისე, რომ სიკვდილამდე არ მივატოვებ ჩემს ძმებს.

მესხეთი სოფელში ცხოვრება დიდი ბედნიერებაა, აქ ხალხი უფრო თბილია და ყურადღებიანი, რადგან ბუნებასთან ახლოს არიან. ვერ წარმომიდგენია სოფლის გარეშე ცხოვრება. იმ ძველ დროს დავუბრუნდით, როცა ყველა სოფელს თავისი ხუცესი ჰყავდა და სულ ერთად ვართ, ჭირშიც და ლხინშიც. მუსხში ვცხოვრობ და იქიდან დავდივარ ყოველდღე ურავლის ხეობის სხვა სოფლებში და აღვასრულებთ საღვთო ლიტურგიას. კვირაობით კი მუსხში აღვავლენთ წირვას.

თავდაპირველად რომ მოვედი ურავლის ხეობაში, ჯერ მუსხში ააშენეს ძველ ნატაძრალზე წმიდა სამების სახელობის ეკლესია. მეხუთე წელია რაც აქ ვარ და მრევლმა იმატა უფლის წყალობით. თავიდან ერთი-ორი ადამიანი თუ შემოდიოდა, ახლა კი ნელ-ნელა ისწავლა ხალხმა ეკლესიური ცხოვრება.

თავიდან მსახურება მიწევდა სოფელ ურაველში, ხეოთში, წყორძაში, მუსხში თავისთავად, მერე ისე მოხდა რომ სოფელ ანდრიაწმიდის ტაძარი ჩამაბარეს კურთხევით, ასევე სოფელი ანდა, ასპინძის რაიონში სოფელი ჭობარეთი, ზველი, სახუდაბელი და ორგორა. დღეებს ვანაწილებ, რომ კვირა გამოშვებით ყველგან აღვასრულო წირვა-ლოცვა.

ახლა ყველა სოფლის ეკლესიაში იმატა მრევლმა უფლის შეწევნით. როცა საუფლო დღესასწაულია, ამ ათი სოფლის მრევლი ვიკრიბებით ერთ ტაძარში და ერთად აღვასრულებთ საღვთო ლიტურგიას.

ყველგან მიწევს მსახურება. აქ დიდი სიხარული, მადლი და ღვთის წყალობა იგრძნობა.

როგორც ძველ საქართველოში იყო ისე ვცხოვრობთ, ჩვენი წინაპრები ყველაფერს ლოცვით იწყებდნენ. აღვადგინეთ უძველესი ტრადიციები. ძველად , გაზაფხულზე სანამ ხვნა-თესვას დაიწყებდნენ, ყანაში მღვდელი მიჰყავდათ და ლოცვას აღავლენდნენ, ვცდილობთ ნელ-ნელა დამკვიდრდა ეს წესი. შემოდგომით კი ტაძარში სამადლობელ ლოცვას ვწირავთ უფალს. ასევე საფლავების კურთხევის ტრადიცია აღვადგინეთ, ყველა სოფლის საფლავებს ვაკურთხებ. ღვთის მადლით ყოველ წყალკურთხევას 19 იანვარს, მდინარეს ვაკურთხებთ, ზოგს ვნათლავთ მდინარეში, მრევლი კი განიბანება.

მრევლის განბანვა

ამ ხალხს ყოველთვის სწამდა შინაგანად უფლის, მოწყურებული იყო ღვთის სიტყვას. ეს ის დიდებული კუთხეა, სადაც უამრავი მონასტერი არსებობს, დღესდღეობით ძალიან ბევრი ძველი ეკლესია თუ ნაეკლესიარია შემორჩენილი ტყეებსა და ნასოფლარებში, რომელიც დაზიანებულია.

მუსხში კიდევ არის ერთი ძველი ეკლესია, წმიდა გიორგის სახელობის, იგი ძველ მუსხში მდებარეობს, ადრე იქ ცხოვრობდა ხალხი, მაგრამ შემდეგ ცოტა აქეთ გადმოსახლდნენ და ამ სოფელსაც იგივე სახელი დაარქვეს. სოფელ ურაველში არ იყო ისეთი ტაძარი, სადაც ღვთისმსახურება შესრულდებოდა, ამიტომ თავდაპირველად ღია ცის ქვეშ აღვასრულებდით წირვა-ლოცვებს, საბედნიეროდ უკვე აშენდა ფერისცვალების სახელობის ეკლესია, რომელიც შარშან აკურთხა მეუფე თეოდორემ, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა.

მესხეთი სოფელ ანდაში, სოფელ ანდრიაწმიდის ზემოთ მდებარეობს, არ არის ტაძარი, სოფლის მოსახლეობას მთელი სულითა და გულით სურთ, რომ მათაც ჰქონდეთ საკუთარი სამლოცველო და იმედოვნებენ, რომ ოდესმე ექნებათ. ასევე სოფელ ორგორასა და სახუდაბელში არ არის ეკლესია, ამიტომ დროებით შენობაში მოვაწყვეთ სამლოცველო და იქ ვწირავთ.

სოფელ ხეოთში არის წმიდა ბარაბარეს სახელობის უძველესი სამლოცველო შემორჩენილი, იგი ვახტანგიშვილებს აუშენებიათ მე-12 ან მე-13საუკუნეში, ახლაც სწორედ ამ გვარმა აღადგინა სამრეკლო. სამრეკლოს ქვემოთ კი ეკლესიაა, სადაც ხუთშაბათობით ვატარებ წირვას, ბარბარობას კი მთელი ხეობა აქ იკრიბება.

როგორც ჩანს აქ მონასტერი იყო, შუაში დიდი ტაძარია, მთავარი ტრაპეზიც იქ არის დაბრძანებული, გუმბათი მორღვეულია. გვერდით კიდევ არის პატარა სალოცავი.

მესხეთი ეს მხარე უძველესი და უდიდესი კულტურის მატარებელია, ყოველ სოფელს და ეკლესიას დიდი ისტორია აქვს. სოფელ ანდრიაწმიდაში, წმიდა მოციქულის სახელობის, მე-8 საუკუნის ტაძარი არსებობს , ამავე სოფელშია წმიდა გიორგის სახელობის ეკლესია

სოფელ ჭობარეთში მე-18 საუკუნის ნატაძრალზე აგებული სულთმოფენობის სახელობის ეკლესია არსებობს.

სოფელ ზველში კი მე-8 საუკუნის, წმიდა გიორგის სახელობის დიდი ეკლესია დგას.

სოფელ წყორძაშიც ორი ეკლესიაა, მე-9 საუკუნის აღდგომის სახელობის და მე-16 საუკუნეში აგებული ტაძარები..

სოფელ გრომაში კი მე-9 საუკუნის, თეოდორე ტირონის სახელობის ეკლესია განაახლეს.

მუსხში, აქაურმა ღვთისნიერმა ქალმა, ნაზი ოქრომელიძემ, ააშენებინა სოფლის მოსახლეობას ეკლესია. მას საბერძნეთში უწევდა მძიმე შრომა, იქ ხანდაზმულ ადამიანებს უვლიდა, მან შეძლო თავისი გულით, უბრალოებით, თავმდაბლობითა და უფლის შეწევნით ეს მადლიანი საქმე გაეკეთებინა. სოფელიც გვერდით დაუდგა.

ყველგან ღმერთია და შეგვეწევა..

ნესტან ბლუაშვილი


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარი არ არის »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი