25 ივლისი 2024, ხუთშაბათი
მთავარიქრისტიანობა"მეშვიდე მცნებით, ღმერთი გულის ბიწიერებისგან განწმენდისკენ მოგვიწოდებს"

“მეშვიდე მცნებით, ღმერთი გულის ბიწიერებისგან განწმენდისკენ მოგვიწოდებს”

მეშვიდე მცნება –“არა იმრუშო”

დმანისის სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, იღუმენი დიონისე გვიმრაძე:

“სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა! დღეს უნდა ვისაუბროთ ძველი აღთქმის ათი მცნების მეშვიდე მცნებაზე, რომელიც ყველასთვის ცნობილია და გარკვეულ მიზეზთა გამო, ხშირად არ ვსაუბრობთ ხოლმე. მართლაც, წმიდა მამები გვასწავლიან, რომ აღნიშნულ საკითხზე დაუფიქრებლად საუბარი დაუშვებელია. მამა დიონისე ამიტომ, საკითხის სიფაქიზიდან გამომდინარე, ამგვარ საუბრებს სიფრთხილითა და შეგნებით უნდა მოვეკიდოთ. დღეს საუბარი დაეთმობა მეშვიდე მცნებას: „არა იმრუშო”(გა. 20,14).

ამ საკითხზე თავშეუკავებელი საუბარი შეიძლება მაცდუნებელი აღმოჩნდეს ჩვენთვის. შესაბამისად, მრუშობის ცოდვის განხილვისას ძირითადი ყურადღება მის დამღუპველ ბუნებაზე და მასთან ბრძოლის მეთოდებზე უნდა გავამახვილოთ და არა მის ცალკეულ გამოვლინებებზე.

დასაწყისშივე უნდა ითქვას, რომ ყველა სხვა ზნეობრივი მცნების მსგავსად, მრუშობის ცოდვა საზოგადოებაში არაერთგვაროვნად არის განმარტებული. ვინც ეკლესიურ ცხოვრებაში სიღრმისეულად არ არის ჩახედული, „არა იმრუშოს” მოწოდების მიღმა მარტოოდენ ქმედითად აღსრულებულ ცოდვას მოისაზრებს. თუმცა ყოველმა ქრისტიანმა კარგად უნდა უწყოდეს, რომ სხვა მცნებების მსგავსად, ამ მცნებასაც მხოლოდ გარეგნული დატვირთვა როდი აქვს. მრუშობა მარტოოდენ გარეგნულად აღსრულებულ ცოდვას როდი მოიცავს, არამედ მასში ყველა ის ვნებიანი და ბილწი გულისთქმებიც იგულისხმება, რომელსაც ადამიანი შეიწყნარებს.

წმიდა მოციქული გვეუბნება: თქვენ ხართ ტაძარი სულისა წმიდისაო. ეს იმას ნიშნავს, რომ როგორც ჩვენ ტაძარში მოსვლისას აქ მხოლოდ სიწმინდეს ველით და ყოველგვარი უსჯულოება შეუთავსებლად მიგვაჩნია, ასეთივე განწყობით უნდა ვიყოთ საკუთარი ბუნების მიმართაც. საკუთარი ბუნება სულიწმიდის ტაძრად უნდა დავინახოთ, რომელშიც მხოლოდ წმიდა აზრები, გულისთქმები, ფიქრები და განზრახვები იქნება, ხოლო უსჯულოება და ბიწიერება მიუღებელი. ამიტომაც გვეუბნება იესო ქრისტე: „გესმა, რამეთუ ითქვა: არა იმრუშო. ხოლო მე გეტყვი თქვენ, რამეთუ ყოველი, რომელი ხედვიდეს დედაკაცსა გულისთქუმად მას, მუნვე იმრუშა მის თანა გულსა შინა თვისსა”(მთ. 5,27-28). რასაკვირველია, ეს მცნება მარტოოდენ მამაკაცებისთვის არ არის განკუთვნილი და დედაკაცებმაც ერთმნიშვნელოვნად ყურად უნდა იღონ ქრისტეს სიტყვები საწინააღმდეგო სქესთან დამოკიდებულებაში. თუმცა დღეს, სამწუხაროდ, ხშირად სქესსაც აღარ განარჩევენ ზოგიერთნი.

მეშვიდე მცნების მოწოდებამ და მისმა მაცხოვრისეულმა განმარტებამ შეიძლება საგონებელში ჩაგვაგდოს და გვაფიქრებინოს, რომ შეუძლებელს გვთხოვს ღმერთკაციო. მართლაც, ვისაც საკუთარ გულში ჩაუხედავს, მან კარგად უწყის, რამდენი ბილწი და ბოროტი გულისთქმა, ან სურვილი ბინადრობს მასში. იესო ქრისტე გონების სიწმინდეს გვიწესებს და გვმოძღვრავს: „უკუეთუ თვალი შენი გაცდუნებდეს შენ, აღმოიღე იგი და განაგდე შენგან: უმჯობეს არს შენდა ერთთუალისაი შესვლად ცხორებასა, ვიდრე ორთა თუალთა სხმასა და შთაგდებად გეჰენიასა ცეცხლისასა”(მთ. 18,9).

ასევე, „თვალის აღმოღება” პირდაპირი მნიშვნელობით არ უნდა გავიგოთ, რაც იქიდანაც შესანიშნავად ჩანს, რომ ადამიანს ორი თვალი აქვს და არა ერთი, ხოლო ქრისტე მხოლოდ ერთ თვალზე საუბრობს. სადაც ერთია დამნაშავე, იქვე იქნებოდა – მეორეც, რამეთუ სადაც ერთი იყურება, იქითკენ არის მიმართული – მეორეც. ამავე დროს, თვალი უსწრაფესად მოქმედებს და რასაც იგი ხედავს, გონებას ყველაფრის აღქმა მყისიერად როდი შეუძლია. თუმცა, თვალისგან მიღებული ცოდნით გონებაში წარმოქმნილი ფიქრი და წარმოსახვა ჯერ კიდევ არ არის ცოდვა. ცოდვად მაშინ გარდაიქცევა, თუკი გონებას გული დაეთანხმება, რამეთუ, როგორც მაცხოვარი გვასწავლის: „გულისაგან გამოვლენ გულის სიტყუანი ბოროტნი, კაციკვლანი, მრუშებანი, სიძვანი, პარვანი, ცილისწამებანი, გმობანი”(მთ. 15,19). ეს ყველაფერი კი იმაზე მიანიშნებს, რომ ხილული თვალი კი არ უნდა გაიწმინდოს კაცმა, არამედ სულის თვალი – გონება და სულის ცენტრი – გული.

გარდა ამისა, „თვალში” ამ შემთხვევაში სწორედაც ის მაცდუნებელი მიზეზი იგულისხმება, რაც ჩვენში სხვადასხვა პიროვნებისა, თუ ცხოვრების წესის სახით შეიძლება არსებობდეს. თუ ვინმე გვერდში მყოფი გვაცდუნებს, უნდა მოვიკვეთოთ მასთან მჭიდრო ურთიერთობა.

როგორც ვხედავთ, ღმერთი, თავისი მეშვიდე მცნებით, გულის ბიწიერებისგან განწმენდისკენ მოგვიწოდებს. მისთვის, როგორც გულთა მხილავისთვის, მნიშვნელოვანი სწორედ ჩვენს გულში არსებული სურვილები და განზრახვებია. უფალი ხომ გულით წმიდას აჯილდოვებს. მაცხოვარი, ერთი მხრივ, განმარტავს ძველ აღთქმისეულ მეშვიდე მცნებას, ხოლო, მეორე მხრივ, უფრო აღრმავებს მას. ამით კი მიგვანიშნებს, თუ რა უნდა იყოს უმთავრესი ადამიანისთვის.

საუბრის დასაწყისში აღვნიშნეთ, რომ ასეთ თემებზე დეტალურად საუბარი არ შეიძლება, შესაბამისად, არც მოძღვარმა უნდა გამოიძიოს დაწვრილებით ამ ცოდვის გამოვლინებები. ასე რომ, თითოეულმა ჩვენთაგანმა თავად უნდა განვსაზღვროთ ის, თუ საითკენ მიიდრიკება ჩვენი გული და რა სურვილებით არის აღსავსე, შემდეგ კი აღსარებაში მოკლედ მოახსენოს მოძღვარს.

ახლა იმაზე ვისაუბროთ, თუ რამდენად შესაძლებელია ჩვენთვის მაცხოვრის აღნიშნული მოწოდების აღსრულება, განსაკუთრებით დღევანდელ დღეს, როდესაც უზნეობის საოცარი პროპაგანდა მიმდინარეობს, ხოლო სიწმინდე და თავშეკავება, ფაქტიურად, სირცხვილად არის მიჩნეული.

ადამიანის ბუნებაში საწინააღმდეგო სქესისადმი ლტოლვაა ჩადებული. ღმერთი აკურთხევს მეუღლესთან ურთიერთობას და ეს დანაშაული არაა; ხოლო სხვა გაუკუღმართებული ურთიერთობები უდიდეს ცოდვად სახელდება, რაც ადამიანს თავის სახეს აკარგვინებს. ბიწიერების გამომწვევ ყოველგვარ მიზეზს მაქსიმალურად თავი უნდა ავარიდოთ, თუ არ გვინდა, რომ დავიმახინჯოთ და დავიღუპოთ სული. წმიდა პავლე მოციქული მოუწოდებს ადამიანებს, რომ თუ მრუშობის ვნებასთან გამძაფრებულ ბრძოლაში ჩართვა მოგიწიათ, სასურველია, მალე დაქორწინდეთო.

წმიდა მამების სწავლებით, მარტოოდენ ადამიანური ძალისხმევა შინაგანი ბუნებრივი ლტოლვის აღმოსაფხვრელად არასაკმარისია. საჭიროა ღვთის მადლისმიერი შეწევნა. ყოველგვარი ადამიანური მცდელობა უშედეგოდ დამთავრდება ღვთის მადლის ჩარევის გარეშე. ოღონდ აქ ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ ვსაუბრობთ ბუნებრივი ლტოლვის სრულ აღმოფხვრაზე.

რთულია აღნიშნული მცნების აღსრულება თანამედროვე პირობებში. თუ შევადარებთ გასული საუკუნეების წესჩვეულებებსა და დღევანდელს, აშკარად დიდ განსხვავებას აღმოვაჩენთ. მაშინდელ დროში მეძავებიც კი დაფარული სამოსით იმოსებოდნენ, დღეს კი – პირიქით, მოდაში სიშიშვლის წარმოჩენაა. ეს იმას როდი ნიშნავს, რომ ადრე არ იყო ასეთივე გარყვნილება; არა, წმიდა პავლე მოციქული მიუთითებს გარყვნილების სხვადასხვა გამოვლინებეზე: „დედათა მათთა გარდაცვალეს ბუნებისა იგი წესი არა-ბუნებად. ეგრეთცა მამათა მათთა დაუტევეს ბუნებისა იგი წესი დედათა, განხურდეს გულისთქუმითა მათითა ურთიერთარს. მამანი მამათა თანა სარცხვინელსა იქმოდეს”(რომ. 1,26-27).

დღეს სად ვნახავთ ჩაცმაში ასეთ კრძალულებას? პირიქით, ქუჩაში თუ ტელევიზიაში პირუკუ სურათია წარმოდგენილი, ამიტომ, ბუნებრივია, ადამიანებსაც უჭირთ თავშეკავებული და წმიდა ცხოვრება.

მიუხედავად მრავალგვარი დაბრკოლებებისა, ქრისტიანი არ უნდა შედრკეს და მუდმივად ღვთის მცნებათა ერთგულად დაცვისთვის უნდა იბრძოდეს. კიდევ მრავალი რამ ხდება მრუშობის ცოდვის გამოწვევი მიზეზი, რაშიც ბრალეული უკვე თავად ჩვენ გახლავართ. ესენია: სხვადასხვა გასართობი საშუალებები, ღრეობა, გაუფრთხილებელი საუბრები და ა.შ. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს მათრობელი და გამაბრუებელი საშუალებების მავნე მოქმედება, რამეთუ ადამიანი მათი მოხმარების შემთხვევაში ყოველგვარ კონტროლს კარგავს და ბუნებაში ჩაბუდებული ვნება მძლავრად იწყებს მოქმედებას.

საერთო ჯამში, თუ გვსურს, რომ გული არ შევიბილწოთ, მუდმივად ჩასაფრებული უნდა ვიყოთ საკუთარი გულის კართან და ფხიზლად უნდა დავიცვათ იგი მასში არასასურველი აზრის შემოჭრისაგან. ასევე, თვალყური უნდა ვადევნოთ მზერას, მეტყველებას, სმენას და ყველაფერ იმას რამაც შეიძლება ჩვენი ცდუნება გამოიწვიოს.

უფალი გვეუბნება: „ნეტარ იყვნენ წმიდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ”(მთ. 5,8). ერთადერთი გზა ღმერთის ხილვისა გულის სიწმინდეა, ანუ გულის დაცვა ყოველგვარი ბიწიერებისაგან და ბოროტებისაგან. ხოლო, ვინც გულის სიწმინდის მოპოვებისთვის არ იბრძოლებს და ვნებების მოთოკვას არ შეეცდება, მას უფლის სასჯელი დაატყდება თავს: „..მეძავნი და მემრუშენი საჯნეს ღმერთმან”(ებრ. 13,4), ანუ ღმერთი დასჯის მათ.

წმიდა ეკლესია, ზრუნავს რა თავის სულიერ სამწყსოზე მრუშობის ცოდვის გამო, საკმაოდ მძიმე სასჯელს აკისრებს ადამიანებს, რათა დაიცვას ცდუნებისგან. ვიცით, ალბათ, რომ მრუშება და სიძვა ერთმანეთისგან განსხვავდება; სიძვა დაუქორწინებელთა შორის ფიზიკურ კავშირს გულისხმობს, ხოლო მრუშობა – დაქორწინებულთა. შესაბამისად, სასჯელიც განსხვავებული იყო: სიძვის შემთხვევაში შვიდი წლით ზიარებისგან განყენებას აკისრებდნენ, ხოლო მრუშობის შემთხვევაში – თოთხმეტ წელს. აღნიშნული კანონები კიდევ ერთხელ მიუთითებს მათ დამღუპველ და მომაკვდინებელ ძალაზე.

მეშვიდე მცნების – „არა იმრუშო” არ შეუსრულებლობა მძიმე და მომაკვდინებელი ცოდვაა, როგორც გარეგნული გამოხატულებით, ასევე – შინაგანითაც. თუკი ჩვენი გული ბიწიერებით იქნება სავსე, მაშინ მასში ღვთის მადლი ვერ შემოაღწევს. ისიც გასაგები ხდება, რომ ვისაც მისი დამარცხება განუზრახავს, ის საკუთარ ბუნებას შესჭიდებია და მას აუცილებლად ღვთაებრივი შეწევნა ესაჭიროება. რადგან საკუთარ ბუნებას ის სძლევს, ვისაც ზებუნებრივი ძალა ეხმარება.

კიდევ მრავალი რამის თქმაა შესაძლებელი მრუშობის მცნებასთან დაკავშირებით, მაგრამ ძირითადი უკვე გადმოცემულია. ახლა ამ ყველაფრის სწორად გააზრება და გათავისება გვმართებს. გვახსოვდეს, რომ მასთან შეუპოვარი და ფრთხილი ბრძოლაა საჭირო, თორემ ერთ წამსაც კი არ გვპატიობს უყურადღებობას და მყისიერად შემოიჭრება ხოლმე ჩვენში. შემდეგ კი მისი ტყვეობისგან თავის დახსნა არაა მარტივი, მაგრამ შეუძლებელი კაცთათვის შესაძლებელია ღმრთისა მიერ.

ჩვენთან არს ღმერთი!”

მსგავსი სტატიები

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები