მთავარი » სხვადასხვა

მესტიაში მიცვალებულების დასამარხი ადგილი არა აქვთ

სტატიის ავტორი: | თარიღი: 11.08.2010 | 1,708 ნახვა

მესტიამესტიაში მოსახლეობა სასაფლაოს გარეშეა დარჩენილი. ძველ სასაფლაოზე ადგილი უკვე აღარაა. ადგილობრივები მიწის ნაკვეთის გამოყოფას ითხოვენ.

სასაფლაო, რომელზეც მესტიაში მცხოვრები შვიდი გვარის წარმომადგენლები იმარხებოდნენ, უკვე დიდი ხანია გაუქმებას ექვემდებარება. სასაფლაო ზედ მესტიის ცენტრში, წმინდა გიორგის ეკლესიის გარშემოა. ამჯერად იქ მიცვალებულთა დასაკრძალი ადგილი უკვე აღარაა. ერთი მიცვალებულის დასაკრძალად ადგილობრივებს სამი-ოთხი წინაპრის სამარხის გათხრა და ძვლების ამოღება უხდებათ. ამოღებულ ძვლებს ერთ ადგილას აგროვებენ და ისევ მარხავენ.

ნუგზარ ნიგურიანი, მესტიის მკვიდრი: “სასაფლაოზე ადგილი არაა, მაგრამ იძულებულები ვართ, ისევ იქ დავკრძალოთ მიცვალებული. მესტიის გამგეობას ორასმა კაცმა მივმართეთ, რომ სადმე სხვაგან გამოეყოთ მიწა. ყოფილი გამგებელი ნინო ჯაფარიძე დაგვთანხმდა. მიწაც შეგულებული გვქონდა, მაგრამ შემდეგ გამგებელი შეიცვალა და ეს საკითხიც ჰაერში დარჩა”.

ნაკვეთი, რომელიც მოსახლეობამ სასაფლაოსთვის შეარჩია, რიყეზეა. საჭიროა, მიწა დაიყაროს და დრენაჟები გაკეთდეს. ნიგურიანი ამბობს, რომ ამჯერად მესტიაში აეროპორტი კეთდება და მშენებლობისას ამოთხრილი მიწა ბევრია, შესაძლებელია მისი პირდაპირ ამ რიყეზე გადმოტანა. “ახალ სასაფლაოს 10 000 კვ.მ მიწა სჭირდება და ორი დრენაჟი”.

ძველი სასაფლაო ისეა გადაჭედილი, რომ თავდაპირველად ტაძართან მისასვლელი ბილიკიც არ არსებობდა.

ნუგზარ ნიგურიანი: “მეუფემ გვთხოვა, ბილიკისთვის მიწის მონაკვეთი დაგვითმეთო. ვიფიქრე, ეკლესიაში მისვლაში ხალხს ხელი როგორ შევუშალო-მეთქი და ავიღეთ საფლავის ქვები, მიუხედავად იმისა, რომ იმ ბილიკის ქვეშ ჩემი ახლობლები მარხია”.

სვანეთი მცირემიწიანია. ამის გამო სასაფლაოსთვის ვარგისი მიწის მოძებნა ადვილი არ არის.

მეუფე ილარიონი (ქიტიაშვილი): “სასაფლაო, რომელიც წმინდა გიორგის ეკლესიის ეზოშია, ფაქტობრივად გასაუქმებელია. საფლავებიდან ადრე დამარხულების ძვლები ამოაქვთ და სხვებს მარხავენ. ეს არც ქრისტიანულ ტრადიციაში ზის და საერთოდ მიუღებელი წესია. სასაფლაო უნდა დაიხუროს. ახალი სასაფლაოსთვის ან მიწა უნდა გამოიყოს, ან თუ თავისუფალი მიწა არ არის, უნდა შეისყიდონ”.

მესტიის გამგებელი გოჩა ჭელიძე ამბობს, რომ ახალი სასაფლაოს აუცილებლობის შესახებ ინფორმირებულები არიან და ეს საკითხი დღის წესრიგში დგას. თუმცა, ჯერჯერობით თანხა ბიუჯეტში გათვალისწინებული არ არის.

გოჩა ჭელიძე: “ჩემთან იყვნენ ხუთი თვის წინ და ვუთარი, ადგილი შეარჩიეთ-მეთქი. მას მერე არ გამოჩენილან. რიყე, რომელიც მათ დაასახელეს, სასაფლაოსთვის უვარგისია. იქ მიწის დაყრას დიდძალი თანხა დაჭირდება. მიწა კი უფასოა, მაგრამ ადგილზე მიტანა და საწვავის ფული ხომ უნდა? თუმცა, თუ სხვა საშუალება არ იქნება, ისევ ეგ ნაკვეთი უნდა მოვაწყოთ”.

გოჩა ჭელიძე არც იმას გამორიცხავს, რომ სასაფლაოსთვის მიწის ნაკვეთი კერძო პირებისგან შეისყიდონ, თუმცა კონკრეტულად ამ მიმართულებით გამგეობას ჯერ არაფერი გაუკეთებია.

თეა თოფურია
მესტიიდან


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარი არ არის »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი