მთავარიქრისტიანობა"ნეტარ იყვნენ მშვიდნი, რამეთუ მათ დაიმკვიდრონ ქვეყანა"

“ნეტარ იყვნენ მშვიდნი, რამეთუ მათ დაიმკვიდრონ ქვეყანა”

მესამე ნეტარება-განმარტება

დმანისის სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, იღუმენი დიონისე გვიმრაძე:

მესამე ნეტარება ასეთია: „ნეტარ იყვნენ მშვიდნი, რამეთუ მათ დაიმკვიდრონ ქვეყანა“(მთ. 5,5). იგი სიმშვიდეს ეხება, რომლის გარეშეც საკუთარი თავის დამდაბლება ვერ მოხდება. მრევლი წმიდა იოანე კიბისაღმწერელი ამბობს: „სიმშვიდე ისევე უძღვის წინ თავმდაბლობას, როგორც განთიადის სინათლე მზის ამოსვლასო”. ეს სიტყვები მიანიშნებს იმას, რომ ნეტარებისეული სულიერი სიგლახაკე სრულფასოვან სიმდაბლეს არ ნიშნავს და მისი მიღწევის წინაპირობაა. სიმშვიდე კი ძალიან მნიშვნელოვანი სათნოებაა, აუცილებლად უნდა ვეცადოთ მის მიღწევას. დღეს შევეცადოთ, განვიხილოთ ის, თუ რას ნიშნავს, რას მოიცავს და როგორ უნდა მოვიპოვოთ იგი.

პირველი და უმთავრესი მაგალითი სიმშვიდისა თავად მაცხოვარია. იგი ამბობს: „ისწავეთ ჩემგან რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა”(მთ. 11,29). თუ სახარებას გადავხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ მაცხოვარი ყოველთვის პირდაპირ როდი მიგვითითებს, მას მივბაძოთ. ის თავისი საქმითა და ცხოვრებით გვაძლევს სიმშვიდის მაგალითს. მაცხოვრის სიმშვიდე გამოიხატებოდა მთელი მისი მიწიერი ცხოვრების განმავლობაში: როდესაც იგი ღვთის სიტყვას ქადაგებდა, მასზე ამბობდნენ, ღვთის მგმობელიაო; როდესაც სასწაულებს აღასრულებდა, ამბობდნენ, ბელზებულის საშუალებით აღასრულებს მათო; როდესაც უსამართლოდ იდევნებოდა, მაშინაც კი სიმშვიდეს ინარჩუნებდა; ჯვარზე გააკრეს და უამრავი ცილისწამება, ფიზიკური, თუ სიტყვიერი დამცირება დაითმინა სიმშვიდით. მაცხოვარი თავის სიტყვას ქცევით ამოწმებს და გვანახებს, თუ რა არის ნამდვილი სიმშვიდე. იგი არათუ არ განურისხდა თავის მოწინააღმდეგებს, არამედ მტრებადაც არ მიიჩნია, პირიქით, მათთვის ლოცულობდა მამის წინაშე.

მისი სიმშვიდის დაკარგვვის ერთადერთი შემთხვევა გამოიხატა ბზობის დღესასწაულზე, როდესაც იერუსალიმში შევიდა ტაძრის მოსალოცად, აღმოაჩინა, რომ იქაურობა სავაჭრო ადგილად გაეხადათ. აღშფოთდა და დაგმო ეს მოვლენა. მაცხოვრის ეს მაგალითი მიგვანიშნებს მის ადამიანურ მხარეზეც. გვიმოწმებს, რომ მრისხანება ყველა ადამიანში არსებობს, მაგრამ იგი მხოლოდდამხოლოდ უსამართლობის, ცოდვისა და სიწმიდის დაცვის მიზნით უნდა გამოვააშკარავოთ. წმიდა მამები გვასწავლიან: „როდესაც უსამართლოდ შეურაცყოფას გვაყენებენ, მშვიდად დავითმინოთ ყოველივე, ხოლო როდესაც დავინახავთ, რომ სხვას უსამართლოდ ექცევიან და ჩვენ არაფერს გავაკეთებთ მის დასახმარებლად, გულგრილად ვუყურებთ, მაშინ ეს უკვე დანაშაულია”. ამიტომ არ შეიძლება ამ დროს გულგრილობის და ინერტულობის გამოხატვა, პირიქით, ამ უსამართლობას უნდა აღვუდგეთ, რათა დავიცვათ მოყვასი. ჩვენს ბუნებაში არსებობს მრისხანებითი გრძნობები, მაგრამ ისინი მხოლოდ უსამართლობის და ცოდვის წინააღმდეგ უნდა მივმართოთ.

ჩვენ კი, უმეტესწილად, სიმშვიდეს „ქვეყანასა ზედა” ვითხოვთ. ესეც აუცილებელი პირობაა, რადგან მშვიდ გარემოში ადვილად შევძლებთ სულიერ თუ ამქვეყნიურ საქმიანობას. თუმცა, სამწუხაროდ, ხშირად როდი ვითხოვთ, რომ სიმშვიდე ჩვენს გულებშიც იყოს. ქრისტე ქადაგებისას არ გვეუბნება, სიმშვიდე იქნება ქვეყანასა ზედაო, პირიქით, გვაფრთხილებს, ქვეყნის აღსასრულამდე დიდი ბრძოლები იქნებაო. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ უნდა ვითხოვოთ იგი; წმიდა ეკლესია აღასრულებს კიდევაც ამგვარ ვედრებას თავის მრავალფეროვან მსახურებებში, რათა ყველაფერთან ერთად სულიერი სიმშვიდის მოპოვების საშუალება გვქონდეს. მრავალი რამ მოქმედებს ჩვენზე, ხელს გვიშლის სიმშვიდის მოპოვებაში.

ახლა ვისაუბროთ იმაზე, თუ რა არის სიმშვიდე, როგორ აღწერენ მას წმიდა მამები. წმიდა იოანე კიბისაღმწერელი ამბობს: „სიმშვიდე არის მშვიდი განწყობილების შენარჩუნება, როგორც პატივის მიგებისას, ასევე უპატიობისას”. ჩვენს შინაგან განწყობილებაზე არ უნდა იმოქმედოს იმან, ადამიანების მხრიდან პატივში ვართ თუ უპატიოდ გვექცევიან. სიმშვიდე ის არის, როდესაც ადამიანი ყოველგვარ განსაცდელს უშფოთველად, უდრტვინველად და მადლიერებით ითმენს.

როგორ უნდა მივაღწიოთ სიმშვიდეს, რა საშუალებები არსებობს ამისთვის?! ამის მაგალითებს წმიდა მამები გვთავაზობენ. იოანე სინელი გვიამბობს ერთი ბერის ცხოვრებას, რომელიც ბუნებით დიდად ენადაუოკებელი იყო. იგი იმ მონასტერში ცხოვრობდა, სადაც იოანე სინელი მივიდა. მან ნახა, რომ ეს ბერი მონასტერში დაჩაგრული იყო, მას უსამართლოდ ექცეოდნენ. ზოგჯერ სატრაპეზოდანაც აძევებდნენ ტრაპეზის დროს და მშიერი რჩებოდა ხოლმე. სტუმრად მყოფ მამა იოანეს გაუკვირდა და შეეკითხა, მიუხედავად მრავალგვარი შევიწროებისა, როგორ ითმენდა ამ ყოველივეს, მან კი უპასუხა: როდესაც მონასტერში მოვედი, მაშინვე მითხრეს, რომ ადამიანი 30 წელი მაინც უნდა გამოიცადოსო. ესენი მე ბოროტად კი არ მექცევიან, ჩემს სულიერ აღზრდას ცდილობენ, მე კი ვცდილობ, ეს გაკვეთილები და სულიერი აღზრდა სიმშვიდით მივიღო. რადგან ჯერ მხოლოდ 15 წელია ასე ვარ, მზად ვარ, კიდევ 15 წელი ეს ყველაფერი სიმშვიდით მივიღო, რადგან წვრთნის გარეშე ვერც ოქრო გახდება სრულყოფილიო. ეს ადამიანი, რაც მის გარშემო ხდებოდა, თუნდაც უსამართლობა, ყველაფერს აღზრდისა და განწმედის საშუალებად იღებდა. ამგვარად, მთავარი ის ყოფილა, ადამიანი როგორ შეხედავს მასზე მოსულ განსაცდელსა თუ უსამართლობას. მაცხოვარი ამბობს – ვინც მოითმენს, დიდ მადლს მიიღებსო. მოთმინება და სიმშვიდე ღმერთთან ურთიერთობის აუცილებელი პირობაა. თუ ჩვენს გულში სიმშვიდე არ არის, ვერ გვექნება სწორი შინაგანი განწყობილება ამის გამო, რასაკვირველია, ღმრთისგან მოცემულ მცნებებს ვერ აღვასრულებთ. წმიდა წერილი გვასწავლის: „რამეთუ გულისწყრომამან კაცისამან სიმართლე ღმრთისაი არა ქმნის”(იაკ. 1,20). თუ სიმშვიდეს დავკარგავთ, მრისხანებაში ჩავვარდებით და სიმართლეს ვეღარ აღვასრულებთ. მაშინ ნუ გვექნება იმის ფიქრი, თითქოს რაიმეს ვიმსახურებთ და ღმერთმა არ მოგვანიჭა; თუ არ გვექნება სიმშვიდე, ვერც ღვთის მადლს მოვიპოვებთ.

წმიდა მამები კიდევ გვაფრთხილებენ, საკუთარ ვნებებთან ბრძოლის დროსაც შევინარჩუნოთ სიმშვიდე. წმიდა აბბა დოროთე ამბობს: „რატომ ვვარდებით შფოთში, როდესაც ვნებას ვებრძვით და ვერ ვამარცხებთ. განა ეს ვნება თავისით მოვიდა თქვენთან, განა იგი თქვენით არ შემოიყვანეთ სულში?” ამის მაგალითად მოჰყავს ერთი მორჩილის ცხოვრება. მას ჰქონდა სიძვის ვნებასთან ძალიან დიდი ბრძოლა. როდესაც ეს მისმა მოძღვარმა გაიგო, ჰკითხა: „რა ვქნა, ვთხოვო ღმერთს, რომ შეგიმსუბუქოს ბრძოლა?“

მორჩილმა საოცარი პასუხი გასცა: „ბრძოლის შეწყვეტა არ მინდა, ღმერთს სთხოვე, ამ ბრძოლაში სიმშვიდე შევინარჩუნო”. აბბა დოროთე შემდგომ აგრძელებს: „თუკი არ გვექნება ასეთი ბრძოლები, სულიერად ვერ გავიზრდებით. ეს საშუალებაა იმისა, რომ ბრძოლის ხელოვნებას დავეუფლოთ და სიმშვიდე, მოთმინება არ დავკარგოთ. რადგან თუ დავკარგავთ, აღშფოთების შემთხვევაში ცოდვაში ჩავვარდებით“. გავითვალისწინოთ ეს მაგალითი და გავიხსენოთ წმიდა იაკობ მოციქულის სიტყვები: „ნუვინ განცდილთაგანი იტყვინ, ვითარმედ ღმრთისა მიერ განვიცადები, რამეთუ ღმერთი გამოუცდელ არს ბორო- ტისა და არავის განსცდის იგი”(იაკ. 1,13).

თუკი ცოდვაში ჩავვარდით, ამის მიზეზი მხოლოდ ჩვენ ვართ და არა ღმერთი. წუხილი და მგლოვარება გვმართებს, მაგრამ სიმშვიდე არ უნდა დავკარგოთ; თუ საკუთარ თავზე განვრისხდებით, ამით ამპარტავნებას გამოვხატავთ, რადგან ვფიქრობთ, მე როგორ დავეციო. თუკი ღმერთი განსაცდელს გამოგვიგზავნის, სიხარულით უნდა მივიღოთ, რამეთუ ეს განსაცდელი შეიქმნს მოთმინებას, მოთმინება სიმტკიცეს, სიმტკიცე – სულგრძელებასა და დიდ რწმენას.
ვევედროთ ღმერთს, რომ სიმშვიდე არ დავკარგოთ. ამას მაშინ მოვახერხებთ, თუკი ყველაფერს, რაც ჩვენს თავში მოხდება, სწორად განვსჯით. თუკი ჩვენ მიმართ მუდმივად სამართლიანობის აღდგენას შევეცდებით, მაშინ მრისხანებაში ჩავვარდებით. მივბაძოთ ქრისტეს. თუ მოვახერხებთ სიმშვიდის შენარჩუნებას, მიუხედავად გარემოებებისა თუ მოვლენებისა, როგორც უფალი გვპირდება: „დავიმკვიდრებთ ქვეყანას”(მთ. 5,5). აქ უპირველესად ზეციური სასუფეველი იგულისხმება. უფალი ყოველთვის მარადიულ ცხოვრებისაკენ მიგვმართავს. მაგრამ ამქვეყნიურ ცხოვრებაზეც მიგვითითებს: „ქვეყნის დამკვიდრებაში” ჩვენი მიწიერი ცხოვრებაც იგულისხმება.

უწმინდესი და უნეტარესი ხშირად აღნიშნავს ხოლმე:

„ზოგი ადამიანი თავის გულში ერთ ადამიანსაც ვერ იტევს, ზოგი კი მთელ სამყაროს იტევსო”. ვისაც სიმშვიდე და მთელი სამყარო გულში აქვს, ის ყველაფრის ბატონ-პატრონია, აქაც და მომავალ საუკუნო ცხოვრებაშიც.
ღმერთმა გაკურთხოთ და გაგაძლიეროთ! ჩვენთან არს ღმერთი!”

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

მსგავსი სტატიები

კატეგორიები

ახალი კომენტარები