მესამე მცნება- არა მოიღო სახელი უფლისა ღვთისა შენისა ამაოსა ზედა.
დმანისის სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, იღუმენი დიონისე გვიმრაძე:
“სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა! ღმერთმა გაკურთხოთ და გაგაძლიეროთ!
ათი მცნებიდან პირველი ოთხი ადამიანისა და ღმერთის ურთიერთობას შეეხება.
პირველი მცნება ერთი ღმერთის თაყვანისცემისკენ მოგვიწოდებს; მეორე მცნება ყოველგვარი კერპთაყვანისცემისაგან გვიცავს.
მესამე მცნება კი განგვიწესებს: „არა მოიღო სახელი უფლისა შენისა, ამაოსა ზედა”(გამ. 20,7). რაც იმას ნიშნავს, რომ უფლის სახელი ამაოდ არ უნდა ვახსენოთ. პირველი ორი მცნების განხილვისას აღვნიშნეთ, რომ მარტოოდენ მცნებათა გარეგნული დაცვა საკმარისი არაა. იგივე ითქმის მესამე მცნებაზედაც. ამრიგად, ღმერთის სახელი ამაოდ არ უნდა ვახსენოთ. ბუნებრივია, ზოგიერთი ჩვენთაგანი ახლა გულში უცაბედად იტყვის, რომ მე უფლის სახელს ამაოდ არ ვახსენებო და ყოველთვის მთელი სერიოზულობით და გააზრებით წარმოვთქვამ მის სახელსო და ასე შემდეგ. მოდით, ვნახოთ, რას გულისხმობს წმიდა მამათა განმარტების მიხედვით მესამე მცნება.
აღნიშნული მცნებით უპირველესად ღმერთი იმაზე მიგვანიშნებს, რომ მოკრძალებით და მოწიწებით უნდა წარმოვთქვათ უფლის სახელი. თუ დავუკვირდებით, ადვილად აღმოვაჩენთ, რომ ყოველთვის როდი გვაქვს ასეთი მოკრძალება, ან მოწიწება უფლის სახელის წარმოთქმისას. უფალი, რომელიც ყოვლადწმიდაა, ჩვენთვის ყველაზე სათაყვანებელი უნდა იყოს, მის მიმართ განსაკუთრებული მოწიწება, პატივისცემა და თაყვანისცემა გვმართებს. ბუნებრივია, მისი სახელის ხსენება შესაბამის განწყობილებას მოითხოვს. ზოგჯერ თავს იმის უფლებას ვაძლევთ, რომ მისი სახელი ხშირად და ამაოდ ვახსენოთ. ისეთ შემთხვევებსაც შევხვდებით, როდესაც მორწმუნეები ყოველ წინადადებაში ახსენებენ უფლის სახელს, რითაც თითქოს სურთ საკუთარი განსაკუთრებული ღვთისმოსაობა წარმოაჩინონ. ეს არ არის სწორი; ეს უკვე ფარისევლობაა, ნიშანი იმისა, რომ უფალს გარეგნულად ვემსახურებით, ხოლო შინაგანი სჯული დაგვიტოვებია. სულაც არ არის საჭირო ყოველ წინადადებაში ღმერთის ხსენება. მართალია, იგი მუდმივად უნდა გვახსოვდეს, მაგრამ მისი სახელის ხსენებისას ნურც მაცხოვრისეული მცნება დაგვავიწყდება, რომელიც დღევანდელ საკვირაო სახარებაში იქნა წაკითხული: „ყოველი ფუჭი სიტყვისათვის, რომელსაც იტყვიან კაცნი, პასუხს აგებენ ისინი განკითხვის დღეს”(მთ. 12,36). აქ საუბარია ზოგადად ნებისმიერი სიტყვის წარმოთქმაზე.
უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენს მიერ წარმოთქმული სიტყვა არ იკარგება, ისევე როგორც – საქმე. ადამიანი გარდაიცვლება, მაგრამ მისი სიტყვა და საქმე რჩება. სიტყვას კი უდიდესი ძალა აქვს. მისი საშუალებით უდიდეს სარგებლობასთან ერთად, ტკივილისა და ზიანის მოტანაა შესაძლებელი საზოგადოებისათვის. აქედან გამომდინარე, გასაგები ხდება მაცხოვრისგან სიტყვის წარმოთქმასთან დაკავშირებული გაფრთხილება. შესაბამისად, თუკი ესოდენი ყურადღება გვმართებს ადამიანებთან უბრალო სიტყვის წარმოთქმისასაც კი, მით უმეტეს რა ითქმის ღმერთზე საუბრის შემთხვევაში. ამიტომაც მოგვეცა მესამე მცნება.
მოდით, ვნახოთ, კიდევ რაში გვამხელს მესამე მცნება. ჩვენი ცხოვრება აღსავსეა განსაცდელებით, წინააღმდეგობებითა და ტკივილებით. ასეთ შემთხვევებში ხშირად უფლის მიმართ დიდი უკმაყოფილება გვაქვს და ვსაყვედურობთ კიდეც მას:
„რატომ დაუშვი ღმერთო რომ ასეთი დიდი ტკივილი მენახა? რატომ მომაკლდა შენი შეწევნა?” და ა.შ. ესეც მესამე მცნების დარღვევაა. ვინაიდან, როგორც აღინიშნა, შემოქმედის მიმართ მხოლოდდამხოლოდ მოწიწებითი და მოკრძალებული დამოკიდებულება უნდა გვქონდეს, ჩვენ კი ვსაყვედურობთ მას. თუმცა ზოგჯერ არც ამით შემოვიფარგლებით და ღმერთის გმობამდეც კი მივდივართ: „სად ხარ, ღმერთო?” – ვეუბნებით მას – „თუ არსებობ და კეთილი ხარ, მაშინ რატომ უშვებ ამდენ ბოროტებას?” გვხვდება განსხვავებული შემთხვევებიც, თუკი ვინმეს ქმედება არ მოგვეწონება, მასზე ვამბობთ ღმერთი დასჯისო. ჩვენ რა ვიცით, ვის დასჯის ღმერთი და ვის – არა. ამიტომაც მეტი დაკვირვება გვმართებს.
ათი მცნება ჩვენი ცხოვრების, ჩვენი სარწმუნოების საფუძველია. არადა, ხშირად ეკლესიისგან გარემდგომი ადამიანი იტყვის: თითქმის ყველა მცნებას ვიცავო. ჩვენ აქ, ეკლესიის წიაღში მყოფნი, ვერ ვიცავთ ვერცერთ მცნებას, რადგან არც შესაბამისი ცოდნა გვაქვს და არც სულიერება, მით უმეტეს ეკლესიის გარეშე მყოფთათვის ეს ხომ ყოვლადშეუძლებელია.
უნდა ვიცოდეთ, რომ მესამე მცნება პირდაპირ არის დაკავშირებული ლოცვასთან. ჩვენ მრავალგზის გვითქვამს, რომ არსებობს ასეთი გამონათქვამი: „ლოცვა ცოდვად შეერაცხა”, ანუ ლოცვა, რომელსაც ჩვენ აღვასრულებთ, შეიძლება ცოდვად ჩაგვეთვალოს. რატომ? სწორედ მესამე მცნების დარღვევის გამო. ყველამ კარგად ვუწყით, რომ ლოცვა ღმერთთან საუბარია. თუმცა, ზოგჯერ ლოცვისას ჩვენი გონება მიმოხეტიალობს და ისიც კი გვავიწყდება, თუ ვის ვესაუბრებით, და გამოდის, რომ მრავალგზის ამაოდ წარმოვთქვამთ ღმერთის სახელს. ესეც მესამე მცნების დარღვევაა. თუმცა, ეს სიტყვები ისე არ უნდა იქნას გაგებული, რომ თუ გონებას ვერ მოვიკრებთ, მაშინ ლოცვას თავი უნდა დავანებოთ.
წმიდა მამები ამბობენ, რომ გონებაგანუბნეველი ლოცვა მხოლოდ ანგელოზთათვის არის დამახასიათებელი. შესაბამისად, როგორც ვხედავთ, თვით წმიდანებსაც კი არ ჰქონდათ სრულყოფილი ლოცვა. ეს ყველაფერი კი იმაზე მიგვანიშნებს, რომ ლოცვის აღსრულებას სწავლა, დრო და დიდი ძალისხმევა სჭირდება. ამიტომ, თუკი ლოცვა არ გამოგვდის, წიგნი გვერდზე კი არ უნდა გადავდოთ, არამედ მეტი მონდომებით და თავის იძულებით უნდა შევეცადოთ, რომ ლოცვაში გავძლიერდეთ. მაგალითად, დღეს როდესაც წირვაზე ვიდექით, ღვთისმსახურმა წარმოთქვა შემდეგი სიტყვები: „ზე გვაქვნდინ გულნი”, ანუ ჩვენი გულების ზეცამდე ამაღლებისკენ მოგვიწოდა. არა- და, შეიძლება არც კი მივყურადებივართ წირვის ამ ადგილს, რაც კიდევ ერთხელ ნათლად ადასტურებს ჩვენს გონებაგაფანტულობას. ასე რომ, უყურადღებო ლოცვა შეიძლება გარკვეულწილად ცოდვათაც კი ჩაითვალოს, მაგრამ ულოცველობა კიდევ უფრო დიდი დანაშაულია. შესაბამისად, დიდი ყურადღება და მონდომება გვმართებს, რათა დავიცვათ აღნიშნული მცნება.
კიდევ ერთი რამ, რაზეც ყურადღებას ამახვილებს ძველი აღთქმისეული მესამე მცნება, ღმერთის წინაშე დადებულ აღთქმასა და ფიცს უკავშირდება. თუკი ამაოდ უფლის სახელის ხსენება არ შეიძლება, მით უმეტეს აღთქმის დადებას უნდა მოვერიდოთ, რომ ჩვენი უსუსური შესაძლებლობებიდან გამომდინარე უფლისადმი აღთქმული სიტყვა სიცრუედ არ გვექცეს. რაც შეეხება უფლის წინაშე დადებულ ფიცს, ეს ყოვლად გაუმართლებელია. მაცხოვარი ახალ აღთქმაში ზოგადად ფიცისგან თავის არიდებას გვირჩევს, მით უმეტეს რაღა ითქმის ღმერთის სახელზე დაფიცების შესახებ: „სულაც ნუ დაიფიცავ… არამედ თქვენი სიტყვა იყოს: ჰო, ჰო; და – არა, არა; ვინაიდან, რაც ამაზე მეტია, ბოროტისმიერია”(მთ. 5,34-37). თუ ადამიანი სიმართლეს ამბობს, მაშინ ფიცით განმტკიცება აღარ არის საჭირო, თუმცა საუბრის „გალამაზებისთვის” და მსმენელისთვის სიმართლის დამტკიცების მიზნით მაინც არ ვერიდებით ხოლმე ამ მავნე ჩვევას. ვინც ხშირად იფიცება, მისი სიტყვა უკვე გარკვეულ ეჭვს წარმოშობს. ამიტომ უნდა ვეცადოთ, რომ ფიცს საერთოდ მოვერიდოთ; მხოლოდ იშვიათად, გამონაკლის შემთხვევებში უნდა მოხდეს დაფიცება, ისიც თუ ამას განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი მოითხოვს.
თუ წმიდა ხატებისადმი, ნივთებისადმი ან ღვთისმსახურებისადმი სათანადო კრძალულებას არ გამოვხატავთ, მაშინ ესეც მესამე მცნების დარღვევაა. ზოგჯერ ადამიანები, როდესაც ეკლესიის წიაღს გაუშინაურდებიან, ჰკარგავენ უწინდელ
მოკრძალებას ხატებისადმი და ზოგადად სიწმინდეებისადმი. ასევე, ისეთი შემთხვევებიც გვხვდება, როცა ღვთისმსახურების მიმართ კადნიერდებიან და ხუმრობასაც კი იწყებენ ხოლმე. ამ დროს გვავიწყდება, რომ ღვთისმსახურთა საშუალებით ღმერთს ვეზიარებით, ხოლო მათზე ხუმრობით იმ საღმრთო მადლს შეურაცხვყოფთ, რაც მათზეა ზეგარდამო გარდამოსული. ამრიგად, უდიდესი ყურადღება და სიფრთხილე გვმართებს, რათა საღმრთო მადლის შეურაცხმყოფელი არ აღმოვჩნდეთ.
მაგალითად, ცნობილი მეცნიერი ისააკ ნიუტონი მორწმუნე ადამიანი იყო. იგი უფლის ხსენებისას ფეხზე დგებოდა და ქუდს იხდიდა, რაც მისი მხრიდან ღვთისადმი საოცარ კრძალულების გამომხატველია. ჩვენ კი, ყოველდღიურად ასჯერ მაინც ვახსენებთ უფალს ლოცვათა წარმოთქმისას, თუ საუბარში, მაგრამ მსგავსი მოწიწება არც შინაგანად და არც გარეგნულად არ გაგვაჩნია.
ამიტომ, ტაძარში მოსვლისას უდიდესი კრძალულებით უნდა შევიმოსოთ. ნუ გვავიწყდება, აქ ერთმანეთთან სასაუბროდ კი არ დავდივართ, არამედ ღმერთთან სასაუბროდ და ერთად ლოცვისთვის. როგორც კი ღვთიმსახურებაში რაიმე მცირე პაუზა წარმოიშვება, მაშინვე ავხმაურდებით ხოლმე; ზოგიერთ ჩვენთაგანს ჰგონია, რომ თუ ჩუმად ისაუბრებს, ეს უფრო ნაკლები დანაშაულია. კი მაგრამ, ნუთუ ტაძარში ღვთისმსახურებაზე იმისთვის მოვდივართ, რომ ამ სოფლის ავკარგიანობა განვიხილოთ, ერთმანეთი განვიკითხოთ, ან პოლიტიკური საკითხები გადავწყვიტოთ?! არ დაგვავიწყდეს: წმიდა ტაძარი ის ადგილია, სადაც ყველაზე მეტად ვუახლოვდებით ღმერთს, სადაც ყველაზე მეტ მოკრძალებასა და მოწიწებას უნდა ვიჩენდეთ; უნდა გავითავისოთ მარტივი ჭეშმარიტება, ტაძარში უზნეო ქცევა შინაგანი უკულტურობის ბრალია. ამგვარმა შემთხვევებმა კიდევ ერთხელ უნდა დაგვაფიქროს, რამეთუ ეკლესიაში ყოფნა შეიძლება ცოდვად შეგვერაცხოს, თუკი ადამიანებს ლოცვაშიც ხელს შევუშლით და სიწმინდეთა მიმართ ვერ გამოვიჩენთ სათანადო მოპყრობას.
როგორც ვხედავთ, ძველი აღთქმის მესამე მცნება, ისევე როგორც პირველი ორი მცნება, თავის ძალას არც ახალ აღთქმაში კარგავს. პირიქით, მათ ახალ აღთქმაში კიდევ უფრო მეტი მნიშვნელობა შეიძინეს. საერთოდ კი უნდა ვიცოდეთ, თითოეული მცნების მნიშვნელობა სულიერ ზრდასთან ერთად მეტ დატვირთვას უნდა იძენდეს ჩვენთვის და მეტად უნდა ვუღრმავდებოდეთ მათ.
დღევანდელი საუბრის შემდგომ, ვგონებ, გასაგები ხდე- ბა, თუ რატომ მოგვცა ღმერთმა მესამე მცნება. მისი საშუალებით შემოქმედს სურს, რომ მისმა საყვარელმა ქმნილებამ ადამიანმა არ დაკარგოს თავისი სახე. რადგან თუ უფლის სიწმინდის თაყვანისცემას დაივიწყებს ადამიანი და კადნიერებაში ჩავარდება, მაშინ ღმერთსაც ადვილად უარყოფს და მისგან ბოძებულ ყოველ სხვა მცნებასაც. ებრაელები, როგორც კი მოსეს დაშორდებოდნენ, მაშინვე ღმერთსაც ივიწყებდნენ და კერპებს აღმართავდნენ. რატომ? იმიტომ, რომ მათ არ ჰქონდათ სიყვარული ღმრთისა, რაშიც მოსე ამხელდათ; მათ მხოლოდ ეშინოდათ ღმერთის რისხვისა. ამიტომ, რადგან ჩვენ არ გაგვაჩნია სრულყოფილი სიყვარული ღმრთისა, ამიტომ მოსეს და მისთვის ღვთისგან ნაუწყებ მცნებებს უნდა ჩავებღაუჭოთ, რათა თავდაპირველად სასჯელის შიშის გამო მაინც არ დავარღვიოთ უზენაესის მოწოდება. შემდგომში კი, ღვთის შიში, მცნებათა აღსრულების გზით, თანდათანობით მისადმი სიყვარულში გადაგვეზრდება.
უფალმა გაგვაძლიეროს, რათა მისი მცნებების აღსრულების ძალა გვქონოდეს. კიდევ ერთხელ უნდა გავიაზროთ, რომ ღვთის მცნებები იმისთვის როდი მოგვეცა, რომ მისი შეუსრულობის გამო ღმერთმა სასჯელი დაგვაკისროს. არა! უფალმა მცნებების მონიჭებით ბედნიერებისკენ გაგვიკვალა გზა. იგი გვარიგებს, რომ თუკი არ დავიცავთ მის მცნებებს, მაშინ ვერ განვიწმინდავთ გულებს და ვერც მისი მადლი დაიმკვიდრებს ჩვენში. თუ არ დავიცავთ მის მცნებებს, მაშინ ეშმაკისა და ბოროტების მსახურებისკენ მივიდრიკებით. თუ არ დავიცავთ მის მცნებებს, მაშინ ვერც ამ წუთისოფელში მოვიპოვებთ სიხარულს და ვერც მარადისობაში დავიმკვიდრებთ ზეციურ ნეტარებას.
უფალმა მოგვცეს იმის უნარი, რომ უფრო მეტი მოწიწებით წარმოვთქვათ მისი სახელი ლოცვაში, საუბარში, თუ ჩვენს გულში.
ჩვენთან არს ღმერთი!”

ufalo ieso qriste, shemiwyale me codvili!