“საუკუნეების მანძილზე სრულქმნილი ღვინის დაყენების ქართულ ხალხურ წესებს, ამისთვის გამოყენებულ ორიგინალურ ჭურჭელს ვერავითარი მეთოდი შეედრება…”
წინარექრისტიანულ ზედაშეს კულტი ქრისტიანობაში ქრისტეს სისხლად და ხორცად გარდასახული, რაზეც ზიარების წმინდა საიდუმლოა დამყარებული.
მეღვინეობის შესახებ “ამბიონს” ისტორიკოსი, ეთნოგრაფი, აგრარული ეთნოგრაფიის სპეციალისტი მევენახეობა–მეღვინეობის განხრით, ისტორიის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი ლევან ფრუიძე ესაუბრა:
“მევენახეობა და მეღვინეობა ჩვენი ქვეყნის სოფლის მეურნეობის ხერხემალია. როცა სამშობლო საფრთხეშია, მისი მგრძნობიარე ნერვი – ვაზი ყოფნა–არყოფნის წინაშეა. ქართველი ხალხისა და მცენარის ეს იდუმალი კავშირი ჩვენმა მტრებმა შეუმცდარად იცოდნენ და მოსახლეობასთან ერთად ვაზსაც სპობდნენ, მაგრამ ვაზიც გადარჩა და ქართველი ერიც.
ცნობილია, რომ ბიბლიური ნოეს კიდობანი არარატის მთაზე გაიყარა. “მეშვიდე თვეს, თვის მეჩვიდმეტე დღეს არარატის მთებს მიადგა კიდობანი”. წყალი დაცხრა, მიწა გაშრა და “დაიწყო ნოემ მიწის მუშაკობა და გააშენა ვენახი, შესვა ღვინო, დათვრა და გაშიშვლდა თავის კარავში” /,4,20,21/.
ამ ბიბლიურ მეტაფორაში მთელი ამ დარგის ისტორიაა გადმოცემული, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ძველი აღთქმა შუმერულ–აქადური თქმულება–ლეგენდებითა და წერილობითი ძეგლებითაა ნასაზრდოები.
XIX ს–ის მეორე ნახევრიდან, როცა მეცნიერებამ მითოლოგიური მონაცემები განიხილა, კვლევის შედეგებით სამხრეთ კავკასია და საკუთრივ საქართველო მევენახეობა–მეღვინეობის სამშობლოდ აღიარა. გაირკვა, რომ მიწათმოქმედების ეს ყველაზე ინტენსიური დარგი დასაბამიდან ქართველთა ძირითადი საქმიანობა და კეთილდღეობის დაუშრეტელი წყაროა. გარდა ამისა ღვინო როგორც ხალხურ წეს–ჩვეულებათა, ისე რელიგიური რიტუალების შესრულების უმთავრეს საშუალებად დარჩა. ძველი აღთქმიდან მოყოლებული დღემდე ამ ფენომენისადმი ინტერესი ძალიან დიდია.
ვახუშტი ბაგრატიონმა /1696–1757წწ./ ქართული ეროვნული მევენახეობა–მეღვინეობის ორიგინალობა, ვაზის ჯიშებისა და ღვინოების მრავალფეროვნება, უმაღლესი ხარისხი გამოავლინა. ზუსტად განსაზღვრა ქართველი ერისთვის ამ დარგის მნიშვნელობა. კანონზომიერად წარმოაჩინა მისი, როგორც მოსახლეობის დასაქმებისა და მეურნეობის უმთავრესი დარგის ჭეშმარიტი სახე.
ვახუშტი ბაგრატიონმა ისიც გაარკვია, რომ საქართველოში ოდითგანვე მთისა და ბარის განმსაზღვრელი კულტურა ვაზი იყო. მის მიერ წარმოდგენილი საქართველოს ხუთი ბოტანიკურ–სამეურნეო არე ასე გამოიყურება: ნარინჯ– თურინჯის, ბრინჯ–ბამბის, ვენახოვან–ხილიანი, უვენახო–ხილიანი და მაღალმთიანეთის სათიბ –საძოვრები. სადაც ვაზი ხარობს და ვენახი სასარგებლო მოსავალს იძლევა, ის ადგილი, მთური რელიეფის მიუხედავად, ბარია,
ხოლო სავარგულები, სადაც ვაზი არ ხარობს, მთაა. მთაში რთული ბუნებრივი პირობების გამო ვაზის გაუვრცელებლობის მიუხედავად, მთიელები მევენახეობა–მეღვინეობას მაინც მისდევდნენ. ვაზის კულტურის შეუცვლელი საჭიროების გამო ვენახები თავიანთ სოფლებზე ზოგჯერ ათეული კილომეტრით დაშორებულ ბარის ხეობებში ჰქონდათ.
ანტიკური ხანისა და საშუალო საუკუნეების შემდეგ ქართული ღვინო მსოფლიო ბაზარზე გასვლის პრეტენზიას აცხადებდა. ქართველმა მეწარმეებმა შეძლეს მემკვიდრეობით მიღებული უნიკალური ვაზის ჯიშების, ღვინის ტრადიციული კერების ამოქმედება და მსოფლიოს ბაზარზე გასვლა.
ილია ჭავჭავაძის შესანიშნავი ნაშრომი “ღვინის ქართულად დაყენება” ნამდვილი შედევრია და ყველა დროში საჭირო. ილიამ ფრანგთა და “ევროპეიზაციით” ყველა მოხიბლულთა საპირისპიროდ დაამტკიცა, რომ ქართული ღვინის უპირატესობა მის ბუნებრიობაშია, ხოლო საუკუნეების მანძილზე სრულქმნილი ჯიშების ყურძნის დაწურვისა და ღვინის დაყენების ქართულ ხალხურ წესებს, ამისთვის გამოყენებულ ორიგინალურ ჭურჭელს, ვერავითარი მეცნიერული მეთოდები ვერ შეედრება.
ჯერ კიდევ ვახუშტი ბაგრატიონის მიერ გამოვლენილია საქართველოს თითოეული კუთხის მევენახეობა–მეღვინეობა, რომელიც მოცემულ ეკოლოგიურ პირობებში მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ვაზის ჯიშით ძვირფას ღვინოს იძლევა. ქართელი ერის მრავალფეროვან საწარმოო ცოდნა–გამოცდილების მონაპოვარს თვალისჩინივით სჭირდება გაფრთხილება.
ვაზის გაშენება–მოვლისა და ღვინის დაყენების ქართული ხალხური წესები საუკუნეების მანძილზეა დამუშავებული და სრულყოფილი. მათ დროის გამოცდას გაუძლეს. მეცნიერულმა პროგრესმა ისინი სწორად უნდა შეაფასოს და შეინარჩუნოს.
არქეოლოგიური გათხრების კვალობაზე საქართველო, მთისა და ბარის განურჩევლად, მთლიანად მარანი ყოფილა. მთაში მარნები და ქვევრები არანაკლებადაა ნაპოვნი, ვიდრე ბარში, ეს საყოველთაო მევენახეობა–მეღვინეობის შედეგია, თვით მაღალმთიანეთშიც კი უვენახოდ და უღვინოდ თითქმის არც ერთი კომლი არ რჩებოდა, თუ ასეთი ვინმე იყო, ბოგანად ითვლებოდა.
XX ს–ის 20–იან წლებში საყოველთაო რეპრესიებმა თავადაზნაურობა თითქმის შეიწირა, მათი ქონებიდანაც ცოტა რამ გადარჩა, თვალუწვდენელი ზვრებისა და უნიკალური მარნების უმეტესობა დაიღუპა.
საქართველოს ვაზის კულტურის ამსახველი მდიდარი მასალაა თავმოყრილი ს.ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში, ქართული ხელოვნების მუზეუმში, დედაქალაქისა თუ სხვა ქალაქებისა და რაიონების სიძველეთა საცავებში, აგრეთვე ქვეყნის მხარეებში განლაგებულ არქეოლოგიურ ბაზებში.
დამოუკიდებლობის წლებში მევენახეობა–მეღვინეობა განადგურების პირას მივიდა. ამ პერიოდში გამოცემული წიგნების რაოდენობა თითებზეა ჩამოსათვლელი. მათგან გამოირჩევა პროფესორ რევაზ რამიშვილის “ქართული ვაზისა და ღვინის ისტორია”. აღნიშნული წიგნის გადასახედიდან კარგად ჩანს ამ დარგის ყოფნა–არყოფნის სავალალო ვითარება და შესწავლის უკმარისობა. რაც მთავარია, საქართველოში კულტურული მევენახეობა–მეღვინეობის წარმოშობის თარიღი დაუდგენელია და თვით ქართველ მკვლევართა შორის შეთანხმება მიღწეული არ გახლავთ. საკმაოდ დასაბუთებული მოსაზრება არსებობს, რომელიც მეღვინეობის სპეციალისტებისგან მოდის, რომ ჩვენთან მევენახეობას მეღვინეობა უსწრებდა უხვად არსებული ველური ვაზის ყურძნის გამოყენებით. სხვათაშორის, ქართულ ეთნოგრაფიულ ყოფაში ველური ვაზის ყურძნისგან ღვინის დაყენების მეთოდი ბოლო ხანამდე შემორჩა. მაგრამ, რა თქმა უნდა, ამისთვის ყველა გარეული ვაზი არ გამოდგებოდა, რომლის ჯიშობრივი ასორტიმენტი ისეთივე მრავალფეროვანია, როგორც ვაზის კულტურული ჯიშებისა. ვაზის სოკოვანი დაავადებებისა და ფილოქსერის შემოჭრის მიუხედავად, საქართველოს ტყე–ბუჩქნარებსა და ნასოფლარებში უამრავი ველური და გაველურებული ვაზია შემონახული, თუმცა მათი შესწავალა არ ხდება, ამ პრობლემით არავინ ინტერესდება. მსოფლიო საზოგადოებრივი აზრი ჩვენგან მეტ გულისხმიერებას მოითხოვს.
მეტი პასუხისმგებლობა გვმართებს პალეობოტანიკური მონაცემების გამოვლენის, დაცვისა და შენახვის დროს. ვაზი დედამიწის უძველესი მცენარეა. მის ასაკს სპეციალისტები ორმოცდაათი მილიონი წლით განსაზღვრავენ, ხოლო თანამედროვე ევრაზიული სახეობის წარმოშობას 30–35 მილიონი წლით ათარიღებენ. ამ მხრივ განსაკუთრებით მდიდარია კავკასია და მეტადრე – საქართელო. მის წიაღში ვაზის მერქნის, რქების, წიპწების, ფოთლის ანაბეჭდები და მრავალი გაქვავებული ნიმუშია აღმოჩენილი, მაგრამ მათი მეცნიერულად სისტემაში მოყვანა რატომღაც მიუტევებლად იგვიანებს. თითქმის ყველა არქეოლოგიური მონაპოვარი უხვად შეიცავს კულტურული, ველურიდან კულტურულში გარდამავალი, ველური და ნახევრადველური მცენარეების ძვირფას ნაშთებს. დღეს მსოფლიოში ეჭვი აღარავის ეპარება, რომ ჩვენი ქვეყანა ვაზის, ხილეულისა და სხვა მრავალი მცენარის სამშობლოა. მაგრამ გვაქვს კი ეს უნიკალური მონაპოვარი მოვლილი, დაცული და სისტემაში მოყვანილი?! ამჟამად ერთი ჰერბარიუმიც არ გაგვაჩნია, სადაც ხორბლეულისა და ყურძნის წიპწების უნიკალური ნიმუშებია დაცული.
ქვემო ქართლის ადრესამიწათმოქმედო კერაში, 1965 წელს ათი ცალი წიპწა აღმოჩნდა. წიპწები კულტურულ ვაზს მიეკუთვნება და ძველი წელთაღრიცხვის V-IV ათასწლეულებითაა დათარიღებული. ეს წიპწები მსოფლიოში უძველესია და უპირველესი მატერიალური საბუთია, რომ საქართველო კულტურული მევენახეობა–მეღვინეობის პირველადი კერაა. ძვირფასი წიპწები საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის არქეოლოგიის განყოფილების მცირე ექსპედიციების მეორე ფონდში ინახება, მაგრამ დაცვისათვის სრულიად შეუფერბელ პირობებში. ქვეყანაში, სადაც ტურიზმი მნიშვნელოვან შემოსავალს იძლევა, ეს წიპწები სათანადო რეკლამის შედეგად, შესაფერისად რომ იყოს გამოფენილი, მნიშვნელოვან მოგებას მოიტანდა, ჩვენთან კი სპეციალისტების გარდა მათი არსებობა არავინ იცის. ამდენი წიპწის გამოვლენა საკვირველია. რა რაოდენობით უნდა ყოფილიყო საქართველოში ვაზი, ყურძენი, რომ მიწის წიაღს ამდენი წიპწა შემოენახა? მათი განათხარი ნიმუშების რაოდენობით საქართველოს ვერც ერთი ქვეყანა ვერ შეედრება. აღარას ვამბობ უამრავ, მრავალფეროვან საღვინე ჭურჭელზე, მარნებსა და ქვევრებზე, ხელოვნების ნატიფ ნიმუშებად ქცეულ სასმისებზე და ა.შ. გრანდიოზული სიდიდის ქართული ქვევრები ხომ მსოფლიოს მასშტაბით შეუდარებელია?! თიხისაგან ამ სასწაულის შემქმნელი ქართველი მეთუნეები ერის საამაყო შვილები არიან.
საბჭოთა ხელისუფლების წლებში, როდესაც ჩვენი ქვეყანა სამხრეთული კულტურების მიმწოდებელ რესპუბლიკად მოიაზრებოდა და მისი ტრადიციული მეურნეობის მრავალფეროვნებას, საპატიო სიძველეს არავითარი ყურადღება არ ექცეოდა, მევენახეობა–მეღვინეობა მონოკულტურად გადაიქცა, ხარისხის საზიანოდ ყურადღება რაოდენობაზე გადაიტანეს, ხოლო სადაც ჩაი და ციტრუსები მოდიოდა, მევენახეობა მთლიანად მოშალეს /განსაკუთრებით გურია–სამეგრელოში/. მოხდა ვაზის ჯიშების სამრეწველო სტანდარტიზაცია. ბევრი უნიკალური ვაზის ჯიში “სარეველად” ჩაითვალა და მისი მოსპობა დაკანონდა. ბევრ ისეთ რელიქვიასა თუ ყოფით რეალიას ვკარგავთ, რომელთა აღდგენა შეუძლებელია. ამის შესახებ იმ უწყებათა ხელმძღვანელები უნდა დაფიქრდნენ, რომელთაც წარსულის, აწმყოსა და მომავლის სისხლხორცეული კავშირი აკისრიათ. უნდა შეფასდეს, მევენახეობა–მეღვინეობას, საქართველოს მეურნეობის ხერხემალს, მოსახლეობის დასაქმების ტრადიციულ წყაროს რა ეშველება.
დღეს მევენახე გლეხი სრულიად უპატრონოდაა მიტოვებული, მიწას მარტო ებრძვის. არავითარი ტექნიკა, ვაზის სამკურნალო საშუალებები არ გააჩნია. ვენახი რომ არ დაიღუპოს, ლუკმა–პურს იკლებს. მოსავალს, ძვირფას ყურძენს, ჭირნახულს გროშებში ართმევენ. მევენახე ვენახზე დახარჯულ ხარჯებს ვერ ანაზღაურებს, ხოლო მუხლჩაუხრელი შრომა წყალში აქვს ჩაყრილი.
საქართველოში გლეხობის სავენახე ფართობი კატასტროფულად მცირდება. ვახტანგ VI –ის მიერ კანონთა კრებულში შეტანილი ძველქართული ფორმულა “ქვეყანაზედ ეს სამი არ დაეჭირვის კაცსა და ხელმწიფისა არს: წყალი, შეშა და ბალახი” განუხორციელებელია, ამიტომ დღეს არსებული ე.წ. “კერძო საკუთრება” ფიქციაა, რაც უწინარესად მევენახეობის განვითარებას აბრკოლებს და საშუალო ფენის პარალიზებას იწვევს.
აუცილებელია საქართველოს მევენახეობა–მეღვინეობის მომაკვდავი კერების გამოცოცხლება. თუ ამას შევძლებთ, ქვეყნის სიდუხჭირიდან გამოყვანას, მოსახლეობის დასაქმებას მყარ საფუძველს ჩავუყრით”.
ქეთი ჭელიძე
ფოტოს ავტორი შალვა ლონდარიძე
