19 ივლისი 2024, პარასკევი
მთავარისხვადასხვამეღვინეობის განვითარებისათვის…

მეღვინეობის განვითარებისათვის…

“საქართველოს მევენახეობა–მეღვინეობას მტკიცე მეცნიერული საფუძვლები უნდა შეექმნას”

საქართველო კულტურული მევენახეობა–მეღვინეობის ერთ–ერთი უმთავრესი და უმნიშვნელოვანესი კერაა. ყურძენი ესუძველესი და იშვიათი მონაპოვარი დაცვისა და შენახვის პირობებს საჭიროებს.

რა ღონისძიებები უნდა გატარდეს საქართველოს მევენახეობა–მეღვინეობის განვითარებისა და დაცვისთვის? ამ თემის შესახებ “ამბიონს” ისტორიკოსი, ეთნოგრაფი, აგრარული ეთნოგრაფიის სპეციალისტი მევენახეობა–მეღვინეობის განხრით, ისტორიის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი ლევან ფრუიძე ესაუბრა:

“როდესაც მახლობელ აღმოსავლეთში წარმოებული არქეოლოგიური შესწავლის შედეგად სრულიად უცნობი უძველესი სახელმწიფოები გამოვლინდა და კაცობრიობის ისტორია უაღრესად მნიშვნელოვანი მოვლენებით ხელახლა დაიწერა, ნათელი გახდა, რომ სამხრეთ კავკასია, მცირე აზია, ეგვიპტე და შუამდინარეთი პირველადი ცივილიზაციის წარმოშობის არეალი იყო. აქ ჩაისახა და განვითარდა ბინადარი ცხოვრება, მიწათმოქმედება, მესაქონლეობა, მეტალურგია და ა.შ.

აქ ათასწლეულთა მანძილზე მიმდინარეობდა მცენარეთა და ცხოველთა მოშინაურება – გაკულტურება, კულტურის მიღწევების გავრცელება. ამ საშვილიშვილო საქმეში ქართველ ხალხს უდიდესი წვლილი მიუძღვის. აღარავინ დაობს, რომ თანამედროვე ხალხებიდან ქართველობა ერთ–ერთი უძველესია და თან მრავალმხრივი შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული.

რაც შეეხება მევენახეობა–მეღვინეობას, მეურნეობის ეს უძველესი დარგი საქართველოს ბუნებრივ–ეკოლოგიურ პირობებს, ქართველი ხალხის ცოცხალ ეთნოგრაფიულ ყოფას, საწარმოო ცოდნა–გამოცდილებას, წეს–ჩვეულებებს, რწმენას ისეა შესისხლხორცებული, რომ კაცობრიობის ისტორიამ მეორე მსგავსი მაგალითი არ იცის. ქართველ ერს კულტურული ვაზისა და ღვინის სამშობლოს პრიორიტეტს ვერავინ წაართმევს.

მინდა ის ღონისძიებები ჩამოვთვალო, რომელიც პრაქტიკულად დაუყოვნებლივ გადასაწყვეტი და საქართველოს მევენახეობა–მეღვინეობის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია.

თითქმის ორსაუკუნოვანი კვლევა–ძიების შედეგად საყოველთაოდ ნათელი გახდა, რომ კულტურული მევენახეობა–მეღვინეობის ერთ–ერთი უმთავრესი და უმნიშვნელოვანესი კერა საქართველოა. ყოველივე ეს საამაყო დადიდად საპასუხისმგებლოა. გასათვალისწინებელია, რომ ცალკეულ მეცნიერთა ნაშრომები არსებულ ვაკუუმს ვერ ავსებს. ჩვენი ნახევარსაუკუნოვანი ძალისხმევის მიუხედავად, ვერ შევძელით შესაბამისი უწყებების საერთო ღვაწლით შექმნილიყო უახლესი ტექნოლოგიის ჰერბარიუმი, სადაც თავს მოიყრიდა და უსაფრთხოდ დაცული იქნებოდა საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი როგორც ველური, ისე კულტურული ვაზის წიპწები, რითაც ამპელოგრაფები ჩვენს ქვეყანას, სხვა ფაქტორებთან ერთად, კულტურული მევენახეობის პირველადი კერის პრიორიტეტს ანიჭებენ.

ჰერბარიუმში დაცული უნდა იყოს მარცვლეული კულტურებიც. განათხარი წიპწების, მარცვლეულის სიძველითა და რაოდენობით ჩვენი ქვეყანა პირველობს. ეს იშვიათი მონაპოვარი, რომელსაც ეროვნულის გარდა ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობა აქვს, სამწუხაროდ, გაბნეულია და დაცვა –შენახვა–შენარჩუნების პირობები არ გააჩნია.

აუცილებელია პალეობოტანიკური მონაპოვრების მეცნიერული კატალოგი, რომლის მოგვარება საქართველოს ეროვნულ მუზეუმს– კავკასიაში ერთ–ერთ უძველეს მეცნიერულ კომპლექსურ დაწესებულებას ხელეწიფება, სადაც თავმოყრილია ბუნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა უმდიდრესი მონაპოვრები.

პალეობოტანიკური კატალოგი უნდა მოიცავდეს საქართველოს ისტორიულ ტერიტორიაზე ვაზის გამოვლინებებს როგორც გეოლოგიურ, ისე ისტორიულ ეპოქებში ქრონოლოგიური თანმიმდევრობითა და თანამედროვე თვალსაჩინოების სრული გამოყენებით.

მევენახეობისა და მარცვლეული კულტურების კატალოგში ეპოქები დათარიღებული ექსპონატების მიხედვით უნდა განისაზღროს. მასალები საქართველოს შესაბამისი მუზეუმის ფონდებსა და არქეოლოგიურ ბაზებში უნდა მოიძიონ.
საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა და თბილისის შესაბამის მუზეუმებში დაცულია როგორც არქეოლოგიური, ისე ეთნოგრაფიული კოლექციები, რომლებიც ქართული მევენახეობა–მეღვინეობის ეპოქალური განვითარების საგულისხმო სურათს გვაძლევენ. ყოველივე ამის კატალოგიზაცია გადაუდებელია, რითაც ნეოლითიდან დღემდე ვაზისა და ღვინის ეროვნული კულტურის ჩასახვა–განვითარების უწყვეტ პროცესს ავსახავთ.

ვაზი ტურიზმის ინდუსტრია დღეს სახელმწიფოს ერთ–ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. საქართველოსთვის, როგორც კულტურული მევენახეობა–მეღვინეობის სამშობლოსათვის, ღვინის ტურიზმი უპირველესი დარგია, ეს რომ პრაქტიკულად განხორციელდეს, შემდეგი ღონისძიებები უნდა გატარდეს:

– საქართველოს მევენახეობა–მეღვინეობის ტრადიციულ კერებში აღირიცხოს დღეს მოქმედი მევენახე–მეღვინეები, რომლებიც შთამომავლობით მეურნეობის ამ დარგს მისდევენ. აქვთ ტრადიციული მარნები და ინვენტარი. ფლობენ მამაპაპურ წესზე ღვინის დაყენების ხელოვნებას. თითოეული ასეთი ოჯახი უნდა იყოს შესწავლილი და სათანადო მომზადების შემდეგ ღვინის ტურიზმის მარშრუტებში ჩაირიცხოს.

– ეროვნულმა ქვევრმა და ქვევრის ღვინომ ქრისტეს აქეთ მესამე ათასწლეულში აღიარება ჰპოვა. საქართველო მექვევრეობის ერთ–ერთი უპირველესი და უძველესი კერაა. უმი–სველი თიხისგან ამხელა ჭურჭლის აშენება მსოფლიოში უნიკალური მოვლენაა. ჯერჯერობით მექვევრეობის კერები ცოცხალია. საჭიროა მოქმედ მექვევრეთა აღრიცხვა. მათ კულტურული მემკვიდრეობის გადამრჩენ ხელოვანთა ტიტული უნდა მიენიჭოთ და მუშაობის ხელსაყრელი პირობები შეექმნათ.

საუკეთესო მექვევრეთა გამოვლენის მიზნით საქართველოს მასშტაბით უნდა ჩატარდეს კონკურსი – თუ ვინ ააშენებს ყველაზე დიდ ქვევრს! ყველას, ვინც კონკურსში მონაწილეობას მიიღებს, შრომა უნდა აუნაზღაურდეს.
ქვევრი და საერთოდ, თიხის ეროვნული ჭურჭელი ქართველი ხალხის ყოფას უნდა დაუბრუნდეს.

– საქართველოს მასშტაბით უნდა ჩატარდეს საველე–ეთნოგრაფიული კვლევა–ძიება, რათა გამოვლინდეს მივიწყებული და მოქმედი ტრადიციული მარნები, საწნახელები, საწნეხები /წბერები/ და ამ დარგთან დაკავშირებული ყველა ინვენტარი, რომლითაც მოფენილია მთელი ჩვენი ქვეყანა. მათი აღრიცხვა და დაცვა მხარეთმცოდნეობის მუზეუმების ბაზაზე უნდა განხორციელდეს. გადაუდებელი სამუშაოებია ჩასატარებელი დასავლეთ საქართველოში, სადაც გრანდიოზული ხის საწნახელები და სხვა ინვენტარი ხელაღებით ისპობა. მარნებსა და იმ ნივთებს, რომლებიც მეცნიერულ მოთხოვნებს დააკმაყოფილებენ, ისტორიულ–ეთნოგრაფიული ძეგლის პრიორიტეტი უნდა მიენიჭოთ და სახელმწიფოს მიერ უნდა იყვნენ დაცულნი. სასურველია მათი ტურისტულ მარშრუტებში გათვალისწინება.

ვიდრე საქართველოს მეცნიერული პოტენციალი გააჩნია, ვიმედოვნებთ, შესაბამისი დარგების მესვეურები კეთილ ნებას გამოიჩენენ და ამ საშვილიშვილო საქმის შესასრულებლად სათანადო ღონისძიებებს დროულად გაატარებენ”.

ქეთი ჭელიძე

მსგავსი სტატიები

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები