მთავარიქრისტიანობა"ნეტარ იყვნენ, რომელთა შიოდეს და სწყუროდეს სიმართლისათვის, რამეთუ იგინი განსძღენ"

“ნეტარ იყვნენ, რომელთა შიოდეს და სწყუროდეს სიმართლისათვის, რამეთუ იგინი განსძღენ”

მეოთხე ნეტარება – განმარტება

დმანისის სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, იღუმენი დიონისე გვიმრაძე:

“სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა! განვაგრძოთ ცხრა ნეტარების შესახებ საუბარი. სამი ნეტარების შესახებ ვისაუბრეთ, განვმარტეთ და ავღნიშნეთ, თუ რა მნიშვნელობა აქვს ამა თუ იმ ნეტარებას და თუ როგორ მჭიდრო კავშირში იმყოფებიან ისინი ერთმანეთთან. მღვდელმონაზონი დიონისე გვიმრაძე ცალკეულად გამოთქმული თითოეული ნეტარება უდიდეს ზნეობრივ სწავლებას მოიცავს, თუმცა ერთ მთლიანობაში ცხრა ნეტარება სულიერი ცხოვრების საფეხურებს წარმოაჩენს, ამიტომ მეოთხე ნეტარებაც სხვა ნეტარებებთანაა დაკავშირებული.

პირველი ნეტარება სულის სიგლახაკის შესახებ სწავლებას მოიცავს, სადაც ავღნიშნეთ, რომ სულით გლახაკი ის ადამიანია, ვინც თავის თავში სიმართლეს, სათნოებებს ვერ ხედავს და მხოლოდ საკუთარი მანკიერებების ხედვით არის დაკავებული. ქრისტიანული ცხოვრების საწყისი და საფუძველი სწორედ სულის სიგლახაკის დანახვაა, რასაც ბუნებრივად მოჰყვება შემდეგი საფეხურები.

მეორე მცნება უკვე გულით მგლოვარებისკენ მოწოდებაა, რაც სწორედ პირველი სულიერი საფეხურის – საკუთარი სიგლახაკის დანახვის – შედეგად აღმოცენდება. მართლაც, ვინც საკუთარი უღირსება და უძლურება შეიცნო, ის გლოვობს კიდეც თავს და უფლისგან შეწევნას ითხოვს.

მესამე ნეტარება მშვიდობისკენ მოგვიწოდებს. ვინც საკუთარ სულის სიგლახაკეს განიცდის და ამის გამო სინანულშია, ის სიმშვიდესაც პოულობს; მას სხვისი ცოდვების საცქერელად აღარ სცალია, საკუთარი შინაგანით არის მოცული, სინანულს მისცემია და უფლისგან ნუგეშსაც უხვად იღებს; შესაბამისად, სიმშვიდეც მოუპოვებია.

ახლა ნეტარების მეოთხე მცნებაზე გადავინაცვლოთ; თავდაპირველად მისი განმარტება წარმოვაჩინოთ და შემდეგ – მისი ურთიერთკავშირი სხვა ნეტარებებთან.

მეოთხე ნეტარება ასე გამოითქმის: „ნეტარ იყვნენ, რომელთა ჰშიოდის და სწყუროდის სიმართლისათვის, რამეთუ იგინი განძღენ” (მთ. 5,6). ამ მცნებაში სიმართლის შიმშილსა და წყურვილზეა საუბარი, რითაც ნათლად ჩანს, თუ რაოდენ დიდი მონდომება უნდა გვქონდეს სიმართლის ძიების საქმეში. ვისაც ზოგადად შიმშილისა და წყურვილის შეგრძნება აქვს, ის საკვებისა და წყლის მოსაპოვებლად მონდომებას არ დაიშურებს. მაგრამ რა სიმართლეზეა საუბარი?

მოდით, წმიდა წერილიდან სიმართლის ცნებასთან დაკავშირებული სხვა მაგალითებიც მოვიშველიოთ, რაც მეტად გაგვიადვილებს დასახული ამოცანის ამოხსნას. პირველი, რაც მახსენდება, წმიდა დავით მეფსალმუნის სიტყვებია: „ყოველი კაცი ცრუ არს”(ფს. 115,2). ე.ი ადამიანებს ეს სიმართლე არ გააჩნიათ. ასევე დასძენს: „არა არს კაცი, რომელი ცხონდა და არა სცოდა”, ანუ ყველა ადამიანი ცოდვილია. სწორედ სულის სიგლახაკიდან და ცოდვისკენ მიდრეკილებიდან გამომდინარე უნდა დავიწყოთ სიმართლის ძიება, რამეთუ მართალი მხოლოდ უფალია: „მართალ ხარ შენ, უფალო”(ფს. 118,137). ე.ი სიმართლე უნდა ვეძებოთ ღმერთში და ასე უნდა ავაგოთ სულიერი ტაძარი.

ისევ დავით მეფსალმუნის სიტყვები მოვიშველიოთ: „ვითარცა სახედ სურინ ირემსა წყაროთა მიმართა წყალთასა, ეგრე სურის სულსა ჩემსა შენდამი, ღმერთო!”(ფს.41,1) ე.ი როგორც ირემს სწყურია წყაროს წყალი, ასე მწყურიხარ მე შენო. მართლაც შველის და ირმის თვისებაა ასეთი, წყალი რომ სწყურიათ, აღარც უყურებენ, სადმე არის თუ არა მონადირე ან მხეცი, მათთვის მთავარი წყლით დარწყულებაა. სწორედ ამგვარი შემართებით უნდა ვიყოთ ჩვენც განწყობილნი და არაფერმა უნდა შეგვიშალოს ხელი უფლისა და მისი სიმართლის ძიებაში. ცხოვრების უმთავრესი მიზანი ღვთაებრივი სიმართლის მოძიება, პოვნა და მისით ხელმძღვანელობა უნდა იყოს.

ღვთის სიმართლე ძველ აღთქმაშიც იყო განცხადებული, მაშინაც იყო მცნებები, ღმერთი მაშინაც ეუბნებოდა ადამიანებს, თუ რა უნდა განეხორციელებინათ, რა იყო დასაშვები და რა – არა, რა იყო სიკეთე და რა ბოროტება, რა იყო სიმართლე და ჭეშმარიტება, რა – სიცრუე და მკრეხელობა. პავლე მოციქული ძველი აღთქმის ადამიანებზე ამბობს: „უწყით, რამეთუ არა განმართლდების კაცი საქმეთაგან სჯულისათა”(გალ. 2,16). ე.ი ადამიანებს სჯული ჰქონდათ, მისი მიხედვით ცხოვრებას ცდილობდნენ, მაგრამ ვერცერთმა ვერ მოახერხა სჯულის საქმეების შედეგად სრულად განმართლება. რატომ? იმიტომ, რომ „ყოველი კაცი ცრუ არს”. მათ არ ჰქონდათ ძალა, მადლი ღვთისა, რომლითაც ამ მცნებებს სრულფასოვნად შეასრულებდნენ. მართალი ის არის, ვინც ღვთის მცნებებს, ღვთის სიმართლეს სრულად აღასრულებს. ისინი სრულფასოვნად ვერ აღასრულებდნენ ღვთის სიმართლეს, ე.ი ისინი არ იყვნენ ყოვლადმართალნი; ღმერთს კი ჰყავდა თავისი რჩეულნი, მაგრამ რჩეულობა უცოდველობას როდი ნიშნავს. ისინიც სცოდავდნენ ხოლმე სჯულის წინაშე.

ძველი აღთქმის შემდგომ ახალი აღთქმა მოგვეცა. ის უფრო სიღრმისეულია. ბუნებრივია, ახალი აღთქმის მცნებები, ზნეობრივი სრულყოფილების გამო, ადამიანებისთვის კიდევ უფრო რთულად შესასრულებელია; და მაშ, რა გამოდის? ღმერთი ისეთ რამეს გვთხოვს, რასაც ვერ შევასრულებთ?! რა თქმა უნდა, ღმერთი სამართლიანია და მისი მოთხოვნაც ყოველთვის სამართლიანი იქნება. შესაბამისად, იმგვარ რამეს არ მოგვთხოვს, რისი აღსრულებაც შეუძლებელი იქნება ადამიანთათვის. ამიტომ მან მარტოოდენ ახალი აღთქმის მცნებები როდი მოგვცა, არამედ ჩვენი ბუნებაც შეიმოსა. იგი გახდა კაცი, იმისათვის, რომ ადამიანი გამხდარიყო ღმერთი. მან გამოისყიდა ჩვენი დაცემული ბუნება, სწორედ ის დაცემული ბუნება, რომელიც ღვთის სჯულს ვერ აღასრულებდა; გამოისყიდა, განაახლა და მადლი ღვთისა მოგვფინა. ქრისტემ თქვა: „უმჯობეს არს თქუენდა, რაითა მე წარვიდე; უკუეთუ მე არა წარვიდე, ნუგეშინისმცემელი იგი არა მოვიდეს თქუენდა; უკუეთუ მე წარვიდე, მოვავლინო იგი თქუენდა. ხოლო ოდეს მოვიდეს

სული იგი ჭეშმარიტებისაი, გიძღოდეს თქუენ ჭეშმარიტებასა ყოველსა”(იო. 16,7-13). სწორედ ეს სული ღვთისაა ეკლესიაში დამკვიდრებული. ამიტომ, პირველ რიგში, რასაც უნდა ვეძებდეთ, არის სული ღვთისა, მადლი უფლისა იესო ქრისტესი, რითაც გამართლებას მოვახერხებთ. ამიტომაც არის მცნება – „ნეტარ იყვნენ, რომელთა შიოდეთ და სწყუროდეთ სიმართლისათვის”.

სხვა ადგილზე ქრისტე გვეუბნება: „მე ვარ პური ცხორებისა, რომელი მოვიდეს ჩემდა, არა ჰშიოდის, და რომელსა ჰრწმენეს ჩემი, არასადა სწყუროდის”(იო. 6,35). პასუხს თვითონვე გვაძლევს, იგი არის ჩვენი საზრდელი პური, რომელიც ყოველგვარ შიმშილს დაგვიკმაყოფილებს და იგი არის წყარო, რომელიც ყოველგვარ წყურვილს დაგვირწყულებს. ე.ი ქრისტე ჩვენი სიმართლე ყოფილა, რომელსაც უნდა ვეძებდეთ. ქრისტე ყოფილა ის, რაც უნდა გვშიოდეს და გვწყუროდეს. თუ ჩვენ ქრისტეს სიმართლეს და ღვთის მადლს არ ვეძებთ, მაშინ ვერც სულიერად განვძღებით, რამეთუ ვინც ეძებს, ის განძღება, მას აქვს ღმერთისგან ეს პირობა ბოძებული. თუ ჩვენ ღვთის სიმართლეს არ ვეძებთ, ვერასოდეს განვძღებით, ზნეობრივად უფრო სრულყოფილნი ვერ გავხდებით, სიმშვიდის მომფენ მადლს ვერ მივიღებთ.

გავიხსენოთ კიდევ ერთი ადგილი სახარებიდან სამარიტელი დედაკაცის შესახებ. ქრისტე თავის მოწაფეებთან ერთად მივა სამარიაში და დასასვენებლად ერთ ჭასთან გაჩერდებიან. მოწაფეები საზრდელის მოსატანად წავლენ, ამ დროს კი ჭასთან ერთი სამარიტელი დედაკაცი წყლის ასავსებად მოვა. ამ დედაკაცსა და ქრისტეს შორის საუბარი შედგება. მაცხოვარი წყლის წასაღებად მოსულ დედაკაცს ასეთ რამეს ეუბნება: „ყოველი რომელი სუმიდეს წყლისა ამისგან, სწყუროდის კუალადცა, ხოლო რომელმან სუას წყლისა მისგან, რომელი მე მივსცე მას, არღარა სწყუროდის უკუნისამდე, არამედ წყალი, რომელი მე მივსცე მას, იქმნეს მის შორის წყარო წყლის, რომელი ვიდოდეს ცხორებად საუკუნოდ”(იო. 4,13-14).

ქალს გაუკვირდება, ჭურჭელი შენ არ გაქვს და წყალი როგორ უნდა მომცეო; ან ვის შეუძლია ასეთი წყაროს მოცემა, რომელიც სამუდამოდ მოკლავს წყურვილსო. მაგრამ მაინც სთხოვს: „უფალო, მეც მე წყალი ესე, რაითა არა მწყუროდეს, არცაღა მოვიდე აქა ვსებად”(იო. 4,15). თუმცა ქრისტე პირდაპირი მნიშვნელობით წყალზე და ფიზიოლოგიურ წყურვილზე კი არ მიუთითებდა, არამედ სულიერ წყურვილზე. ვინაიდან ქალი ქრისტეს სიტყვებს არ მიენდობა, იესო მის მხილებაზე გადადის და მიანიშნებს, რომ მის წინაშე უბრალო ადამიანი კი არ დგას, არამედ გულთამხილავი. საბოლოოდ, მაცხოვრისაგან უზნეო ცხოვრების გამო მხილებული დედაკაცი გონს მოეგება და მიხვდება, რომ ქრისტე სასწაულმოქმედი და ღვთაებრივი ძალის მქონეა. ირწმუნა ქრისტესი და მისგან, როგორც წყარო ცხოველისგან, სულიერი წყურვილი მოიკლა. შემდეგ გაემართა სამარიაში და მრავალი სამარიტელი დაარწმუნა ქრისტეს ძალმოსილებაში: „მოვედით და იხილეთ კაცი, რომელმან მითხრა მე ყოველი, რაიცა ვქმენ, ნუუკუე იგი არს ქრისტე?”(იო. 4,27). აი, ამგვარად მოუკლა ქრისტემ სამარიტელ დედაკაცს სულიერი წყურვილი, რომელმაც თავის მხრივ მრავალი სამარიტელი მიიყვანა მაცხოვართან და რამდენიმე დღის განმავლობაში სულიერად დააპურა და დაარწყულა უფალმა ისინი. შესაბამისად, ქრისტე არის პური ცხოველი და წყალი ცხოველი. ვისაც სწამს ქრისტესი, იგი იქნება განძღებული, არც მოშივდება და არც მოწყურდება.

ჩვენ კი, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ეკლესიაში მოსვლისას ღვთაებრივ სიმართლეს კი არა, საკუთარ სიმართლეს ვეძებთ. ჩვენი აღსარებები ზოგჯერ ჩვენი სიმართლის მტკიცებაა. აქ იმ ადამიანის ადგილია, ვინც ფიქრობს, რომ თავის თავში სიმართლე არ გააჩნია და ვინც მისი მოპოვების ძიებაშია. ამიტომ, როდესაც წირვაზე ვდგავართ და ვლოცულობთ, სწორედ იმ სიმართლეს უნდა ვეძებდეთ, რომელიც ჩვენში არ არის და რაც უფლისგან უნდა მოვიპოვოთ.

ჩვენი ცოდვისა და დანაშაულის გამო თუ სიმართლეს ვერ ვხედავთ, მაშინ უნდა განვიცდიდეთ – თურმე მართალნი არ ვყოფილვართ. „ყოველი კაცი ცრუ არს”(ფს. 115,2), რატომ გვიკვირს, რომ ჩვენც არ ვართ მართალნი?!. დავით მეფსალმუნე ამბობს: „ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან”(ფს. 50,5). რა გასაკვირია, არც ჩვენ ვიყოთ მართლები. არსებობს მხოლოდ ერთადერთი ღვთაებრივი ქრისტესმიერი სიმართლე. ამიტომ ჩვენი სიმართლე ჩვენსავე ქმედებაში კი არ მდგომარეობს, არამედ, უპირველეს ყოვლისა, ქრისტეს რწმენაში, რადგან ვისაც საქმე აქვს და არ აქვს რწმენა, იგი მკვდარია, გვეუბნება მოციქული. ამიტომ საქმეს რწმენის გარეშე ვერ აღვასრულებთ, თუკი ჩვენ ქრისტეს რწმენა არ გვაქვს და მის სიმართლეს არ ვეძებთ, ყოველი საქმე ღმერთთან დამაკავშირებელი კი არა, უფრო მეტად განმაშორებელი იქნება, ვინაიდან უფრო მართალი გვეგონება თავი. ღვთის სიმართლესთან და სინათლესთან შედარებით დედამიწაზე არ არსებობს მართალი ადამიანი. ღმერთის სინათლე ყოველივეს ანათებს და ადამიანი, რომელიც ამ სიმართლეს ეძებს, ცდილობს ამ მცნებებით ცხოვრებას, ნელ-ნელა ხვდება რომ ეს ძალა მას არ აქვს. ე.ი არამართებული, უღირსი და არასრულყოფილია. ამიტომ ნეტარია ის ადამიანი, ვინც სიმართლეს ეძებს, ვისაც ღვთაებრივი სიმართლე შია და სწყურია, რამეთუ ის განძღება.

ეს სიტყვები რას გულისხმობს? იმას რომ – როდესაც ჩვენ გვშია, ამ დროს მხოლოდდამხოლოდ ერთი სურვილი გვაქვს: რაღაცნაირად ეს მოთხოვნა დავიკმაყოფილოთ, ამ დროს ბევრი რამე და ვინმე გვავიწყდება. მივიღებთ საჭირო საკვებს და სასმელს, თითქოს ადამიანი დამშვიდდება, ჯანსაღად დაიწყებს აზროვნებას. ასეა სულიერადაც, როდესაც ვიპოვით ქრისტეს, მის მადლს და განგვაძღებს, ამ სიმართლეში განძღებულნი ვმშვიდდებით და ჩვენი ცხოვრებაც უფრო გაწონასწორებულია, მშვიდია, სული არის ბედნიერი, ამაღლებული; ამ დროს ყველა გვიყვარს, ყველას ადვილად ვპატიობთ, ყველას მიმართ მიმტევებელნი ვართ. თუმა საბოლოო განძღომა აქ მაინც არ მოხდება. აი, დღესაც მოგვეფინა სულიწმიდის მადლი, მაგრამ ტაძრიდან გავალთ თუ არა ისევ ვცოდავთ, რატომ? იმიტომ, რომ ამ მადლს ვკარგავთ, შემდეგ ისევ ვეძებთ, რათა ნელ-ნელა ისევ აღვივსოთ მით. საბოლოო განძღომა ზეცაში ხდება, როდესაც მარადიული და საბოლოო მდგომარეობა გვექნება, როდესაც ვეღარ დავკარგავთ ამ სულიერ საზრდოს.

ე.ი გლახაკი ადამიანი, გრძნობს რა თავის უღირსობას, ამ ყოველივეს განიცდის, ცრემლსაც ღვრის, გულით მგლოვარე და მშვიდია, მაგრამ მას მართებს ეძებოს სიმართლე. როგორც პირველი ნეტარება გვასწავლის, ადამიანს ეს სიმართლე არ გააჩნია, რამეთუ იგი სულით გლახაკი და უღირსია.

ღმერთმა სწორი განსჯის უნარი მოგვცეს, რათა ვეძებოთ ღვთაებრივი სიმართლე. ნეტარნი ვიქნებით ჩვენ, თუკი ღვთაებრივი სიმართლე გვეშიება და გვეწყურება, რამეთუ ქრისტე აუცილებლად განგვაძღებს. ხოლო სულიერად დაპურებული ადამიანი ამაღლებულია, ღვთაებრივ სიხარულში, სიყვარულში და სიმშვიდეში მყოფობს.

უფალმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ! ჩვენთან არს ღმერთი!”

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

მსგავსი სტატიები

კატეგორიები

ახალი კომენტარები