მეოთხე მცნება –მოიხსენე დღე იგი შაბათი და წმიდა-ჰყავ იგი: ექვს დღე იქმოდე, და ჰქმნე მათ შინა ყოველივე საქმე შენი, ხოლო დღე იგი მეშვიდე შაბათი არს უფლისა ღვთისა შენისა.
“სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა! უფალმა გაკურთხოთ, გაგაძლიეროთ!
გილოცავთ დღევანდელ დღეს.
დღეს არის კვირა დღე და ყოველი კვირა დღე დღესასწაულია. თუ რატომ, – სწორედ ამაზე ვისაუბრებთ დღეს, რადგან უნდა განვიხილოთ მეოთხე მცნება.
როგორც აღვნიშნეთ, პირველი ოთხი მცნება ადამიანსა და ღმერთს შორის არსებულ დამოკიდებულებას განსაზღვრავს. ალბათ გახსოვთ პირველი სამი მცნება. პირველი ერთი ჭეშმარიტი ღმერთის თაყვანისცემას ეხებოდა; მეორე – ყოველგვარი კერპის მსახურებისაგან განრიდებისკენ განგვიწესებს; მესამე – ღმერთის სახელის ამაოდ ხსენებას გვიკრძალავს და შემოქმედის მიმართ კრძალულებითი განწყობილების შექმნას შეგვაგონებს.
პირველი სამი მცნების განხილვისას აღვნიშნეთ, რომ არც თუ ისე ადვილია მათი დაცვა. თუკი პირველი მცნების მიხედვით, ერთი ღმერთის აღიარება არ გვიჭირს, სამწუხაროდ, ღმერთის ჭეშმარიტების დამადასტურებლად სიღრმისეული ცოდნა არ გაგვაჩნია, რაც თავისთავად ხელს გვიშლის პირველი მცნების სრულყოფილად დაცვაში. მეორე მცნების, – კერპთმსახურებისგან თავის არიდების პრობლემაც თითქოს ნაკლებად გვაქვს, მაგრამ უხილავად აღგვიმართავს საკუთარ თავში თავმოყვარეობის დიდი კერპი. მესამე მცნება კი უფლის სახელის ამაოდ წარმოთქმაში გვამხელს და ვერ გავურბივართ ამგვარ მხილებას, რამეთუ გონებაგანუბნეველი ლოცვა და ღმერთთან საუბარი ჯერ კიდევ მიუწვდომელი ჩანს ჩვენთვის. მოდით, ვნახოთ, რას გვასწავლის მეოთხე მცნება და რამდენად ღირსეულად მივყვებით მის მოწოდებას.
მეოთხე მცნება ასე ჟღერს: „მოიხსენე დღე იგი შაბათი და წმიდა ჰყავ იგი, ექვსი დღე იქმოდე და ქმენ ყოველი საქმენი შენი, ხოლო დღე იგი მეშვიდე შაბათი არს უფლისა შენისა”. ჩვენ ვიცით, რომ ღმერთმა ექვს დღეში შექმნა სამყარო. ეს დღეები რამდენად შეესაბამებოდა დღევანდელ დღეებს, ეს ცალკე სასაუბრო საკითხია. ღმერთმა მეშვიდე დღეს განისვენა. განსვენებაში უფლის მიერ სამყაროს შექმნის დასასრულზეა საუბარი, თორემ, ბუნებრივია, შემოქმედს მზრუნველობის გარეშე როდი ჰყავს დატოვებული თავისი ქმნილი სამყარო. ხოლო იესო ქრისტეს მეორედ მოსვლის შემდეგ დადგება მერვე დღე – მარადიული ყოფიერება. ღმერთი ადამიანს უდგენს მეშვიდე დღის წმიდად დაცვის მცნებას, რათა ადამიანმა გაიხსენოს შესაქმე, როგორც ღმერთის მიერ მისი ხილული სამყაროს მეფედ დადგინების საოცარი პროცესი. მეშვიდე დღე, ანუ შაბათი ებრაელთათვის დღესაც უქმედ არის გამოცხადებული.
ზოგიერთი თქვენთაგანი იკითხავს, თუ შაბათის წმიდად დაცვაზე მიგვითითებს ღმერთი, მაშინ ქრისტიანებს კვირა რატომ გვაქვს გამორჩეულიო. შაბათი უფლის დღედ ძველი აღთქმის კანონით განისაზღვრა, კვირა კი ახალი აღთქმის მიხედვით. თქვენ იცით, რომ კვირას იესო ქრისტე მკვდრეთით აღდგა, ამის გამოც შაბათი შეიცვალა კვირით. ქრისტიანებმა ეს უდიდესი მოვლენა მუდმივად უნდა გავიხსენოთ. ასე- ვე სულთმოფენობაც, – ქრისტეს მოწაფეებზე სულიწმიდის გარდამოსვლა, – კვირა დღეს აღსრულდა. შაბათის კვირით ჩანაცვლებით მოსეს სჯულის მეოთხე მცნება კი არ შეიცვალა, არამედ განახლდა და ახალმა კიდევ უფრო მეტი სიღრმე და მნიშვნელობა შეიძინა.
კვირა დღის წმიდად დაცვას უდიდესი მნიშვნელობა მიანიჭა შემოქმედმა. ეს იმის ნიშანია, რომ ჩვენც უდიდესი ყურადღებითა და პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ აღნიშნულ მოწოდებას, რაც, სამწუხაროდ, ძალიან ხშირად იოლად უგულებელყოფილია ქრისტიანთა მხრიდან.
მართლაც, სხვა მცნებების მიმართ მეტ გულმხურვალებას გამოვხატავთ ხოლმე, ხოლო მეოთხე მცნება რატომღაც ეკლესიის ტრადიციად და ზოგჯერ არასავალდებულადაც კი მიგვაჩნია.
განა გვაქვს ათი უმთავრესი მცნებიდან რომელიმეს დაკნინების უფლება?! ნუთუ ღმერთმა თანაბარი ძალით არ შემოსა ისინი?! ვისაც ჰგონია, რომ ქრისტიანობა მხოლოდ ზნეობრივი ნორმების დაცვისკენ მოგვიწოდებს, მას იესო ქრისტე ამხელს და ეუბნება: „უკუეთუ ვინმე დაჰხსნეს ერთი მცნებათა ამათგანი უმცირესთაი და ასწაოს ესრეთ კაცთა, უმცირეს ეწოდოს მას სასუფეველსა ცათასა”(მთ. 5,19). ერთი მცნების დამრღვევი უკვე სჯულის დამრღვევია, თუმცა გარკვეული განსხვავება, ბუნებრივია, არსებობს ცოდვათა სიმძიმის მიხედვით. არ შეიძლება ერთი კაცისმკვლელი და ერთი შაბათი დღის უარმყოფელი ღმერთისა და სჯულის წინაშე თანაბარი სიმძიმის დამნაშავეებად მივიჩნიოთ.
კვირის წმიდად დაცვაში, უპირველეს ყოვლისა, საკვირაო ლოცვაზე დასწრება იგულისხმება. ადრე იმდენად დიდი ყურადღება ეთმობოდა აღნიშნულ საკითხს, რომ წმიდა მამებმა საკმაოდ მკაცრი სასჯელიც კი დაუწესეს მის დამრღვევს: „თუ ვინმე – ეპისკოპოსი, მღვდელი, დიაკონი ან ეკლესიის დასის სხვა წევრთაგანი, ან ერისკაცი, რომელიც განსაკუთრებული, ან ისეთი შემაფერხებელი მიზეზის გარეშე, რომელსაც შეიძლება გამოეწვია ეკლესიაში მისი დიდი ხნით მოუსვლელობა, ქალაქში იქნება სამი შვიდეულის განმავლობაში და ზედიზედ სამ კვირა დღეს საეკლესიო შეკრებას დააკლდება, შემდეგნაირად დაისაჯოს: თუ კლერიკოსია, დასიდან განიკვეთოს; თუ ერისკაცი, ეკლესიასთან ერთობიდან განიყენოს” (მეექვსე მსოფლიო კრების მე-80 კანონი). მსოფლიო კრების აღნიშნული კანონი ხაზგასმით მიგვითითებს ღვთაებრივი მცნების დაცვის აუცილებლობაზე.
მართალია, თავად მეოთხე მცნებაში წირვაზე წასვლის მოთხოვნა არ ჩანს, რადგან ძველ აღთქმაში სხვაგვარად სრულდებოდა ღვთიმსახურება, მაგრამ ის კი ნათელია, რომ ვისაც მეექვსე დღის წმიდად დაცვა სურს, მან დილა სწორედ ღვთის სახლში მისვლით უნდა დაიწყოს. ხშირად ავღნიშნავთ ხოლმე, რომ მადლი და სიწმინდე მხოლოდ ღმერთს აქვს და ადამიანი დამოუკიდებლად – ღმერთის გარეშე სიწმინდეს ვერ ეზიარება. სწორედ ამიტომ, კვირა დილა წირვაზე მისვლით უნდა დავიწყოთ, რათა სიწმინდეს ვეზიაროთ. თუმცა მარტოოდენ კვირის მსახურებით როდი შემოიფარგლება მცნების მოთხოვნა: „მოიხსენე დღე იგი შაბათი და წმიდა ჰყავ იგი…” ანუ მთელი დღე წმიდად უნდა ვაქციოთ, წმიდად უნდა შევინახოთ.
კიდევ რა იგულისხმება კვირის წმიდად შენახვაში? ამ კითხვას თავად მცნება პასუხობს: „ექვსი დღე იქმოდე და ქმენ ყოველი საქმენი შენი, ხოლო დღე იგი მეშვიდე – შაბათი არს უფლისა შენისა”; ამის აღსრულება ძალიან გვიჭირს.
მახსენდება ჩვენ რეგიონში მცხოვრები ბერძნები, რომელთაც აღნიშნული მცნების მიმართ საკმაოდ დიდი ერთგულება ჰქონდათ. არ მახსოვს შემთხვევა, რომ მათ კვირას და დიდ დღესასწაულებზე მიწა დაემუშავებინათ, ან რაიმე მძიმე სამუშაო წამოეწყოთ. ჩვენთან საუბარში მათ გაკვირვება გამოუხატავთ, თუ რატომ არ იცავთ ქართველები უფლის მცნებასო. ჩვენ კი კიდევ ამინდს ვუყურებთ და არა მცნებებს: თუ კარგი ამინდი დაემთხვევა, მაშინ მინდორში გავდივართ, თუ არა და – წირვაზე მოვდივართ. ეს უკვე დანაშაულია, რომელსაც, სამწუხაროდ დიდ ყურადღებას არ ვუთმობთ.
ღმერთი თავისთვის კი არ ითხოვს ამ დროს და დღეს, მას კი არ სჭირდება, არამედ ჩვენთვის განაგო ამგვარად. სხვაგვარად ადვილად დავივიწყებთ შემოქმედს. განა არ გვყვავდა ღმერთი დავიწყებული სულ რამდენიმე წლის წინ?! ეს იმიტომ, რომ ვერ ვიცავდით მეოთხე მცნებას და ასე ნელ-ნელა დავშორდით ღმერთს.
მაგრამ რა ქნას ისეთმა ადამიანმა, ვისაც არ ეწყობა ხელი სამსახურებრივი საქმიანობის, ან გარკვეული აუცილებელი
ვალდებულების გამო? მით უმეტეს, დღევანდელ დღეს ასეთი სირთულე მართლაც ხშირია. ასეთ შემთხვევაში ადამიანმა შვიდეულის თავისუფალი დღე უნდა დაუთმოს უფალს. ხოლო თუ არც თავისუფალი დღე აქვს, მაშინ ღმერთისგან დასაქმების სხვა საშუალება უნდა გამოითხოვოს. მთლიანობაში შეიძლება ითქვას, რომ მეოთხე მცნებას ის არღვევს, ვინც შესაძლებლობის მიუხედავად უდიერად და უყურადღებოდ ეკიდება კვირა დღის წმიდად დაცვის მცნებას; ვინც თავად განაგებს თავის დღის განრიგს და არა სამსახური ან აუცილებელი, გადაუდებელი საჭიროება. განსხვავებული განწყობა უნდა შეიქმნას ამ დღეს, შეიძლება სამსახურში იყოს, მაგრამ მაინც სხვანაირად იყოს განმსჭვალული. თუმცა, ამგვარ გამოუვალ სიტუაციებშიც კი არ უნდა გვავიწყდებოდეს კვირის, თუ სადღესასწაულო დღეების შესაფერისი განწყობილების შექმნისთვის ზრუნვა.
ახლა სწორედ შინაგან განწყობაზე გავამახვილოთ ყურადღება, რადგან ხშირად ჩვენ მხოლოდ მცნებათა გარეგნული აღსრულება დაგვისახავს მიზნად და გვავიწყდება, რომ შესაფერი სულიერი განწყობილების გარეშე ყოველგვარი აზრი ეკარგება ნებისმიერ სიკეთის გამოვლინებასაც კი. პირიქით! – ამგვარი გაუაზრებელი მსახურებით ფარისევლად ვყალიბდებით და ღმერთსაც ვშორდებით. აქედან გამომდინარე, უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ მთავარი ტაძარში წირვაზე მოსვლა კი არ არის, არამედ – ყურადღებით და გულდასმით მსახურებაში ჩართულობაა. რადგან თუ აქ მოსული ისევ მუდმივად საქმეებზე ვფიქრობთ, მაშინ გამოდის, რომ მაინც მცნების საწინააღმდეგო განწყობილებით ვიმყოფებით. ამიტომ, უნდა ვეცადოთ, რომ ღვთის სახლში ყოფნისას მაინც დავუტევოთ ყოველივე მსოფლიო ზრუნვა და ჩვენი გონება, გული ღმერთამდე აღვამაღლოთ. ასევე, თუ აქ იმიტომ მოვდივართ, რომ საკუთარ თავს და სხვასაც დავუმტკიცოთ ჩვენი მორწმუნეობა, ღმერთის მცნების ერთგულება და ამ ყოველივეთი თავს ვიწონებთ და თვითკმაყოფილებაში ვართ, მაშინ ვიცოდეთ,
რომ არათუ მეოთხე მცნებას, არამედ ვერც ერთ მცნებასაც ვერ ვიცავთ.
ამასთან ერთად, არც ებრაელების მაგალითი უნდა გამოგვრჩეს მხედველობიდან. მათ თანდათანობით იმდენად დაამახინჯეს ღმერთის ეს მცნება, რომ შაბათ დღეს საერთოდ არაფერს აკეთებენ, ფაქტიურად უსაქმურობას მისცემიან. მაგალითად, სახლიდან არ გადიან დიდ მანძილზე, არც არავის დახმარების ხელს არ გაუწოდებენ და ყოველნაირად უმოქმედებაში იმყოფებიან. ქრისტემ იუდეველი ფარისევლები ამხილა სიტყვითაც და საქმითაც, როდესაც შაბათს ადამიანებს კურნავდა. ქრისტეს ასეთი ქმედება დიდად აღიზიანებდათ იუდეველთ და უდიდესი სიკეთისა და სასწაულის მიუხედავად უპირისპირდებოდნენ მას. ქრისტე კი მათ პასუხობს: „ვისი თქუენგანისა შვილი, გინა ხარი შთავარდეს ჯურღმულსა, არამე მეყსეულად აღმოიქუას იგი დღესა შაბათსა?”(ლკ. 14,4). მათ კი აღარაფერი ჰქონდათ სათქმელი. იესო ქრისტე გვასწავლის, რომ: „შაბათი კაცისათვის დაებადა, და არა თუ კაცი შაბათისათვის. ვინაიცა უფალ არს ძე კაცისაი შაბათისაცა”(მრკ. 2,27-28).
ამდენად, კვირა დღის წმიდად დაცვა და ღმერთისთვის მიძღვნა არამარტო ეკლესიაში მოსვლით გამოიხატება, არამედ შინაგანი ღვთისმსახურებით. რაში გამოიხატება შინაგანი ღვთიმსახურება? ეს არის ერთგვარი ანგარიშის წარდგენა ღმერთის წინაშე; ექვსი დღე ჩვენი საქმეებით ვიყავით დაკავებულნი, ახლა კი დროა, გული გადავუშალოთ მას: განვადიდოთ, როგორც სამყაროს შემოქმედი და უზენაესი; მადლიერება გამოვხატოთ მფარველობისთვის, მზრუნველობისთვის და თუნდაც ჩვენთვის ბოძებული ექვსი დღისთვის; სავედრებელი და სინანულის ლოცვა აღვუვლინოთ მას ჩადენილი უამრავი დანაშაულისა და ცოდვის გამო.
თუკი ამგვარად მოვიქცევით, მაშინ ის მიგვიღებს, გულში ჩაგვიკრავს, მოგვეფერება, მადლს, სიმშვიდეს და სიხარულს მოგვანიჭებს. მსახურების შემდეგ კი უნდა ვეცადოთ ამ შინაგანი სულიერი მდგომარეობის შენარჩუნებას, რაც წმიდა წერილის, საეკლესიო ლიტერატურის კითხვითა და ზოგადად სულისთვის სათნო საქმიანობაში უნდა აისახოს. სამწუხაროდ, სიკეთის ქმნა და მოწყალების გაცემა ზოგიერთ ჩვენთაგანს ძალიან გვიჭირს. ზოგიერთ ქვეყანაში არსებობს ეგრეთწოდებული მოხალისეთა დაწესებულებები, სადაც უცხო ადამიანებს ეხმარებიან. მოხალისეთა უმეტესობა რწმენიდან გამომდინარე კი არ აღასრულებს ასეთ საქმიანობას, არამედ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე. სამწუხაროდ ჩვენთან ზოგჯერ მოქალაქეები თვითშეგნებასთან ერთად ადამიანურ სახესაც კარგავენ ხოლმე. ხომ შეგვიძლია პიროვნულად, რომ ჩვენს გვერდზე მყოფ ადამიანებს დახმარების ხელი გავუწოდოთ?! განა მარტო მატერიალური თანადგომა სჭირდება ხალხს. მათ გულის გასახარად და სანუგეშებლად ზოგჯერ სულ მცირეოდენი ყურადღებაა საკმარისი. გულითადი სიტყვის წარმოთქმას რაღა უდგას წინ!
მადლობა ღმერთს, რომ დღეს ჩვენ ეკლესიაში ვართ და მისი მცნებების მიხედვით ცხოვრებას ვცდილობთ. რადგან თითოეული მცნება უფლის დიდი საჩუქარია, რადგან მათ გარეშე ყოველგვარ ადამიანურს დავკარგავდით. არც ეკლესიაში მოვიდოდით დღეს, ღმერთსაც დავივიწებდით და ვერც ერთად ყოფნის სიხარულს შევიგრძნობდით. მუდმივად საქმეში ვიქნებოდით ჩართული და მხოლოდ მაშინ გაგვახსენდებოდა ღმერთი, როდესაც დიდი განსაცდელი დაგვატყდებოდა თავს. დღეს კი ღმერთის მიერ ბოძებული მეოთხე მცნებისა და ღმერთის ჩვენდამი მზრუნველობის გამო ეკლესიის წიაღში ვართ. საკუთარ თავთან და ეშმაკთან ჭიდილში ვართ ჩართულნი, რამეთუ სხვაგვარად ვერ შევინარჩუნებთ ადამიანურ სახეს. აკი გვაფრთხილებს წმიდა დავით მეფსალმუნე: „კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმაჰყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ”(ფს. 48,12). ეს არ არის შეურაცხყოფა, ეს რეალობაა. საკუთარ თავზე ვიტყვი, რომ თუკი მე ღვთის მცნებათა დაცვას არ შევეცდები, მაშინ პირუტყვს და უგუნურს მივემსგავსები. ეს ძალიან მარტივი საკითხია, რომელსაც მტკიცებულება აღარ სჭირდება.
ახლა კი მინდა წმიდა იოანე ოქროპირის სიტყვა წაგიკითხოთ, რომელიც იმ ადამიანებს ამხელს, ვისაც მიაჩნია, რომ ეკლესიაში სიარულის გარეშეც შეუძლიათ ღვთის სათნოყოფა: „ლოცვა, – ამბობენ, – ჩვენ სახლშიც შეგვიძლია. საკუთარ თავს იტყუებ, ჰოი, კაცო, როცა ამას ამბობ. შინ ლოცვა, რა თქმა უნდა, შესაძლებელია. მაგრამ შეუძლებელია ისე ლოცვა, როგორც ტაძარში, სადაც ესოდენი სიმრავლე გულებისა აღმაღლდება ღმერთისაკენ, შერწყმული ერთსულოვან ღაღადში. ისე მსწრაფლად არ იქნები შენ შესმენილი, როცა ოდენ შენით, მარტო ლოცულობ მეუფის წინაშე, როგორც შენს ძმებთან ლოცვისას, რამეთუ აქ, ტაძარში, არის რაღაც უფრო დიდი, უფრო მეტი, ვიდრე შენს ოთახში: თანხმობა, ერთსულოვნება, სიყვარულის კავშირი და ბოლოს, აქ არის მღვდელმსახურთა ლოცვები… შენ უწყოდე, ერთობლივ ლოცვას უდიდესი ძალა აქვს”.
აი, ასეთი სახით შეგვაგონებს იოანე ოქრიპირი, რომ არ უნდა ავარიდოთ თავი ეკლესიაში მოსვლას, ერთობლივ ლოცვასა და წმიდა საიდუმლოებებთან ზიარებას. ნუვინ შეცდება და იფიქრებს, რომ კვირას ტაძარში მოსვლა ზედმეტია. ვინც ასე ფიქრობს, ის ღმერთის მეოთხე მცნებას უარყოფს და ღვთის რისხვას იტეხს საკუთარ თავზე.
ამდენად, კვირა დღის და დღესასწაულის სიწმიდის დაცვა საღმრთო ლიტურღიაზე დასწრებას, წმიდა წერილის და წმიდა მამათა ნაშრომების კითხვას, სიკეთის აღსრულებას და ზოგადად სულიერ საზრდოზე ზრუნვასა და შრომას გულისხმობს.
უფალმა გაკურთხოთ, გაგაძლიეროთ! თავისი მადლი არ მოგაკლოთ, ღვთის მცნებათა აღსრულების დაუცხრომელი სურვილი და ზეგარდამო ნიჭი მოგმადლოთ!
ეს არის ღმერთის მეოთხე მცნება, რომელიც ყოველმა ქრისტიანმა უცილობლად და გულმოდგინედ უნდა აღასრულოს!
ჩვენთან არს ღმერთი!
