მთავარიქრისტიანობამემთვრალეობის სენი

მემთვრალეობის სენი

ალკოჰოლიზმი ნიშნავს მდგომარეობას, რომელშიც ადამიანი ხანგრძლივი მოხმარების შედეგად ვარდება, განურჩევლად ჯანმრთელობის პრობლემებისა და ნეგატიური სოციალური შედეგებისა. ეს გახლავთ სპირტიანი სასმელებისადმი ავადმყოფური ლტოლვა, რის გამოც მას ნარკომანიის ჯგუფში განიხილავენ. ალკოჰოლის ზემოქმედება აისახება ადამიანის ფსიქიკურ და ფიზიკურ ფუნქციებზე.

alkoholiალკოჰოლის მცირე დოზით მიღება განაპირობებს კუნთების მოდუნებას, მცირეოდენ გაბრუებასა და ერთგვარ დამშვიდებას, რაც სიამოვნებას ანიჭებს ადამიანს. იგი განსაკუთრებით ნევროზული ან ფსიქოპათიური ხასიათის პიროვნებას გვრის სიამოვნების შეგრძნებას. ხშირ შემთხვევაში სწორედ ასეთი ადამიანები იქცევიან ხოლმე შემდეგში ქრონიკულ ალკოჰოლისტებად. ასეთ პიროვნებებს ახასიათებთ ფსიქიკისა და შინაგან ორგანოთა მუშაობის დარღვევა. მათ დასათრგუნად იგი იძულებულია მიიღოს სასმელის ახალი დოზა.

რა განაპირობებს ალკოჰოლიკად ჩამოყალიბებას, რა ხერხი არსებობს მემთვრალეობასთან საბრძოლველად და რა უნდა მოიმოქმედონ ალკოჰოლიკის ახლობლებმა ამ სენით დაავადებულის გადასარჩენად?! ამ პრობლემის შესახებ “ამბიონი” გთავაზობთ ინტერვიუს კლდის უბნის წმ. გიორგის ტაძრის მღვდელმსახურ დავით ციცქიშვილთან:

“მართლმადიდებლურ სარწმნოებას მეტად ნატიფი მიდგომა აქვს ალკოჰოლური სასმელის მიღებასთან დაკავშირებით. იგი, უმრავლეს შემთხვევაში, სულაც არ კრძალავს მას, მკაცრი მარხვის დღეების გარდა, მხოლოდ ზომიერების ფარგლებში. ეკლესიამ თითქოს ოქროს შუალედის პოზიცია დაიკავა ამ მხრივ. მართალია, დაშვებულია სასმელის მიღება, მაგრამ, ამასთან, ზედმეტი სმა, დათრობა უკვე აღვირახსნილობაა, საზიანოა ჩვენთვის.

როგორც სახარებიდან ვგებულობთ, მაცხოვრის პირველი სასწაული ქალაქ კანაში, ქორწილში წყლის ღვინოდ გადაქცევას უკავშირდება. როცა მოქეიფეებს ღვინო შემოაკლდათ, სწორედ მისი წყალობით გადაილახა ეს სირთულე.

ყველაზე დიდი მართლამდიდებლური საიდუმლოს – ზიარების აღსრულება წარმოუდგენელია ღვინის გარეშე. მას არც თუ იშვიათად იღებენ ტრაპეზზე საერო პირები, ბერები, მონაზვნებიც კი.

ფსალმუნში ვკითხულობთ: “ღვინო ახარებს გულს კაცისა”. იგი ისმება საზეიმო დღეებში. ჩვენი სიხარული მეტად შთამბეჭდავი ხდება ამ დროს. მაგრამ ამასთან უნდა ითქვას ისიც, რომ ჯერ კიდევ ძველი აღთქმის ეპოქიდან მოყოლებული მრავალი მამა, განსაკუთრებით ქრისტიანული ხანის მოღვაწე, მკაცრად გვაფრთხილებდა სასმელის არასათანადოდ, ზომაზე მეტად მიღების მავნე შედეგის გამო. ეს მავნებლობა კი ხშირად მემთვრალეობის სენის ჩამოყალიბებასთან არის წილნაყარი და ალკოჰოლიზმის დაავადების განვითარებას უკავშირდება”.

რა უწყობს ხელს მემთვრალეობის სენის განვითარებას?

ალკოჰოლისასმელისკენ განსაკუთრებით სწრაფვით გამოირჩევიან ისინი, ვისაც ახასიათებს არასაკმარისი ზნეობრივი, ემოციური განვითარება; ვინც გამოირჩევა ცხოვრების ვიწრო, მარტოოდენ ყოფითი ინტერესებით, ამასთან, აქვს კარგი მატერიალური ანაზღაურებაც.

ალკოჰოლისადმი მიდრეკილება ასევე შეიმჩნევა მათთან, ვისთანაც გაზრდილია სწრაფვა სიამოვნების მიღებისაკენ, რომელთაც უჭირთ ფსიქოლოგიური დაძაბვის გადატანა, გამოირჩევიან შინაგანი კონფლიქტებით, გაუწონასწორებლობით, იმპულსური ბუნებით. სმას სუსტი პიროვნებები იწყებენ…

დიდი მნიშვნელობა აქვს გარემო პირობებსაც. შესაძლოა ადვილად ჩაგითრიოს სასმელმა, თუ მუშაობ ისეთ ადგილას, სადაც ხშირად სვამენ. ასეთ ვითარებაში უნდა გამოირჩეოდე ძლიერი ხასიათით, რათა არ აჰყვე ცხოვრების იქაურ რიტმს.

ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის მონაცემებით, ალკოჰოლიზმით დაავადების მაღალი რისკით გამოირჩევიან ბარების მფლობელები. როგორც ჩანს, მემთვრალეობის ვნება განსაკუთრებით ებრძვის მათ, ვინც ნებსით თუ უნებლიედ ამ ვნების გახელებას ცდილობს სხვაში.

ალკოჰოლიზმით დაავადების შესახებ მონაცემები ჩნდება ბიზნესმენთა წრეშიც. მათთან ჩვევად არის მიღებული, გაალამაზონ შეხვედრები, განამტკიცონ ერთმანეთთან დადებული ხელშეკრულებები ღვინის ჭიქებით.

ამ პრობლემის მკვლევართა მიხედვით, ჩვეულებრივ, სმას ისინი იწყებენ, ვინც ცხოვრების ამორალური წესით გამოირჩევა. რამდენადაც კაცი ეგოისტია, იმდენად შეიძლება იგი ავად ჩაითვალოს. ეგოიზმი სრულიად საწინააღმდეგო შედეგს იძლევა. ეგოისტებს ეცლებათ ფსიქოლოგიური საყრდენი ( არ უყვართ და არ სჯერათ არც ღმერთის, არც – ადამიანიების). ამგვარი ყოფა სიცარიელით გამოირჩევა, სიმარტოვით არის განმსჭვალული. თუნდაც სიმდიდრითაც გამოირჩეოდნენ, აუცილებლად ჩნდება უძლურების განცდა. ისინი ხშირად ცუდად გრძნობენ თავს და ამის გამო დასახმარებლად ალკოჰოლს მიმართავენ.

სასმელისკენ მიდრეკილება შესაძლოა შთამომავლობითაც იყოს გადმოცემული. ალკოჰოლიკთა შვილებში არცთუ იშვიათად შეიმჩნევა სასმელისკენ სწრაფვა…

სმის სურვილის გაჩენას ხელს უწყობს ერთფეროვანი, მძიმე შრომაც, ნერვიული გადაღლა. გადაღლა ჩვენი ცხოვრების ერთგვარ მახვილად იქცა, რაც იმითაც არის საშიში, რომ ძნელია მისი გარჩევა ჩვეულებრივი დაღლილობისგან. ნერვულ გადაღლას, როგორც მეცნიერები აღნიშნავენ, ძილიც კი ვერ შველის. პირიქით, ირკვევა, რომ გაღვიძების წუთები უფრო მძიმეა, ასეთ დროს უჭირთ ასევე საღამოს დაძინებაც, დაუძლურებულად გრძნობენ თავს.

გამოყოფენ ბიოლოგიურ წინამძღვრებასაც ალკოჰოლიზმის განვითარებასთან დაკავშირებით. ჩვენი ორგანიზმი თავად გამოყოფს ეთილის სპირტს, მის დამჟანგავ ნივთიერებებს. თუ გარკვეულ მიზეზთა გამო საკუთარი ალკოჰოლური დონე არასაკმარისია, სასმელმა შესაძლოა დროებითი შვებაც მოუტანოს კაცს. თუმცა აქ ერთი საშიშროება იჩენს თავს: ორგანიზმი მალე ეჩვევა დოპინგს და აღარ გამოიმუშავებს თავისთვის საჭირო ნივთიერებებს, რაც განაპირობებს კიდეც ალკოჰოლური დამოკიდებულების განვითარებას. ეს კი, თავის მხრივ, იწვევს მძიმე ფსიქიკურ აშლილობებს, პიროვნების დეგრადაციას.

ალკოჰოლიზმით დაავადებულიაუცილებელია ხაზი გაესვას კიდევ ერთ მეტად მნიშვნელოვან მიზეზს მემთვრალეობის ვნების განვითარებასთან დაკავშირებით, რასაც, სამწუხაროდ, ხშირად არ ითვალისწინებენ ალკოჰოლიზმის პრობლემის მკვლევრები და ამით ძალიან აკნინებენ თავიანთ კვლევა-ძიებას ამ მიმართულებით. იღუმენი ნიკონი (ვორობიოვი) ერთ-ერთ თავის სულიერ შვილს წერს: “გავიგე, რომ ისევ ბევრს სვამ, რაც შენთვის მეტად საზიანოა. მაინც რა ელის ამ გზით მავალს? ახლავე მოგწერ ამის შესახებ. თუ ამ სენს არ შეებრძოლები, ავსულთა სრული ძალაუფლების ქვეშ მოექცევი. ისინი შენში აღძრავენ რაც შეიძლება მეტის დალევის სურვილს და ამით თანდათანობით მოგიშლიან ნერვულ სისტემას. ადვილად გაღიზიანდები, გახდები მრისხანე. უმნიშვნელო კამათიც კი ხანგრძლივ, სერიოზულ ჩხუბად გადაგექცევა ხოლმე. აღარ გეყოფა ფული და სამსახურიდანაც გამოგაგდებენ, გაყიდი ნივთებს, შეეცდები დამამცირებელი გზით ისესხო ფული, შესაძლოა იქურდო კიდეც. მრისხანება დემონური ბოროტებით იმოქმედებს და მკვლელობის სურვილსაც გაგიჩენს. დემონები, რომლებიც ადრე ფარულად მოქმედებდნენ, უკვე აშკარად გამოგეცხადებიან ველური მხეცების, ყაჩაღების, გველების, სხვა საშინელებათა სახით. შემდეგ კი ისინი შესაძლოა ყოვლად საზიზღარი, მახინჯი იერითაც კი იხილო. გონს თუ მაშინაც ვერ მოხვალ, რაღაც ისეთი მძიმე დანაშაულის ჩადენას გაიძულებენ, როგორიცაა, მაგალითად, ხანძრის გაჩენა, მკვლელობა, შემდეგ მიგიყვანენ სრულ სასოწარკვეთამდე და გაიძულებენ, თავი მოიკლა. სიკვდილის შემდეგაც რომ სრულიად ვქრებოდეთ, მაშინ შეიძლება გაგვხარებოდა კიდეც ეს, ტანჯვის დასასრულად აღგვექვა, მაგრამ ასე ხომ დროებითი ტანჯვის წილ მემთვრალე თუ თვითმკვლელი საბოლოოდ გადის ეშმაკის ხელში, განიცდის იმ საშინელ ტანჯვას, რომელსაც დასასრული არ აქვს?!”. ამ წერილიდან ჩანს, თუ რა ვერაგულად ახელებენ ავსულნი მემთვრალეობის ვნებას და რა დიდი ყურადღება უნდა მიექცეს ამ საკითხის კვლევისას აღნიშნულ მხარეს. თუ ეს ასე არ მოხდა, ფუჭად მოჩანს ამ ვნებასთან დაპირისპირების ყველა მცდელობა.

მრავალი მიელტვის სასმელს და მიუხედავად მიზეზთა მრავალფეროვნებისა, როგორც მეცნიერები აღნიშნავენ, უმთავრესი მოტივი მაინც ერთია – რაღაც ფორმით მაინც დაიკმაყოფილონ თავიანთი შეუსრულებელი მოთხოვნილებები – სულიერი, ფიზიკური თუ ემოციური.

სასმელი ერთგვარ ილუზიას ქმნის ჩქარი სიხარულის, კმაყოფილებისა, თითქოს დროებით აქარწყლებს, ახშობს სხვადასხვა ცხოვრებისეულ სირთულეებს. მაგრამ ამასთან სასტიკად მოტყუების მომენტი დგება: ცდილობენ რა უშველონ საკუთარ თავს ალკოჰოლის მეშვეობით, შედეგად ვიღებთ მრავალ გაუბედურებულ ადამიანს, მოცახცახე ხელებითა და გატანჯული მზერით, თავიანთი გასაცოდავებული სიცოცხლითა და ყოფით.

ეკლესიური გაგებით, ალკოჰოლის ბოროტად მოხმარების ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზები მხოლოდ გარეგნული მხარეებია, რაშიც ადამიანის სულიერი მოუწესრიგებლობა ვლინდება. ამიტომაც მედიკამენტური, ან, თუნდაც, ფსიქოთერაპევტული მკურნალობის ხერხები ხშირად არასაკმარისია ცხოვრების ფხიზელი წესისკენ შემოსაბრუნებლად. ამისათვის კი აუცილებელია შემდეგი: მოვიყვანოთ წესრიგში სულიერი მხარე, დავუპირისპირდეთ ლოთობას ცხოვრებისეული წესის შეცვლით, შევეცადოთ, გარდავქმნათ საკუთარი მე.

როგორ ხდება სასმელზე დამოკიდებულების განვითარება?

უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია ერთი რამ: ვინც ამისკენ ილტვის, არ სჯერა, რომ შეიძლება ალკოჰოლიკად ჩამოყალიბდეს – ეს შეიძლება დაემართოს ყველას, მხოლოდ მას – არა.

კომიკური ფრაზა ერთ-ერთი ალკოჰოლიკის ცხოვრებიდან: რამდენი ათეული წელია, ყოვედლდღე ვსვამ და მიკვირს, როგორ არ გავლოთდიო.

მეცნიერები ალკოჰოლის მომხმარებელთა შემდეგ ჯგუფებს გამოყოფენ:

1. ზომიერად მსმელები, რომლებიც სასმელს ეტანებიან სადღესასწაულო დღეებში, თვეში ერთხელ მცირე დოზით, ანიჭებენ უპირატესობას სუსტ დასალევს, არ თვრებიან და მთლიანად აკონტროლებენ თავს.2. ეპიზოდურად მსმელები, რომლებიც სვამენ თვეში 1-3- ჯერ მაინც.3. ალკოჰოლის სისტემატურად მომხმარებლები, რომლებსაც უწევთ არყის დალევა შედარებით დიდი დოზით კვირაში 2-3-ჯერ მეტი სიხშირით.
და
4. სასმელის ბოროტად მომხმარებლები, ჯერ კიდევ ალკოჰოლიზმის ნიშნების გარეშე. ასეთ ხალხს შუალედური ადგილი უჭირავს სპირტიანი სასმელების ზომიერად მომხმარებლებსა და ქრონიკულ ალკოჰოლიკებს შორის. ისინი ჯერ კიდევ მთლიანად არ არიან დამოკიდებულნი სასმელზე და შეუძლიათ დაანებონ მას თავი, თუკი გამოიჩენენ ძალისხმევას ამ მიმართულებით.

სიმთვრალეაღსანიშნავია ის, რომ ალკოჰოლის სისტემატურად მოხმარების ჩვევა ჩქარა ყალიბდება და როცა ეს ხდება სამჯერ, ან მეტჯერაც თვის განმავლობაში, ნელ-ნელა იზრდება მიღებული სასმელის რაოდენობაც.

ამ ვნებით შეპყრობილები თანდათან კარგავენ შემოქმედებით ინიციატივას, პროფესიულ ჩვევებს, უქრებათ მორალური ღირებულებები. უფრო ხშირად ჩხუბობენ ოჯახში.

თუ სმა ხდება რეგულარულად, შედეგი, ადრე თუ გვიან, ერთია – დაავადმყოფება, პიროვნული დეგრადაცია, ადრეული სიკვდილი.

ალკოჰოლიზმის სენის განვითარებას წინ უსწრებს ეტაპი, რა დროსაც იმყოფებიან ამაღლებულ, ხალისიან განწყობაზე არა მხოლოდ დათრობის დროს, არამედ მის შემდეგაც. არიან მოძრავნი, აქტიურნი, შეუძლიათ ბევრი მუშაობა, იძინებენ ადვილად, გამოირჩევიან კარგი მადით. აღნიშნავენ, რომ ერთი მხრივ, სასმელს სარგებლობა მოაქვს მათთვის, მაგრამ ამასთან, ჩნდება აზრი, რომ საჭიროა ნაკლები სმა. სმის შეწყვეტა ამ პერიოდში ჯერ კიდევ შესაძლებელია ჩარევის გარეშე.

ამის შედეგ იწყება უკვე ალკოჰოლიზმის პირველი სტადია. ამ ეტაპზე გადასვლა შეუმჩნევლად ხდება. წინ იწევს დაღლილობის შეგრძნება, სისუსტე, გაღიზიანება, კლებულობს ინტერესი საყვარელი საქმიანობის მიმართ, შეინიშნება ხასიათის ცვალებადობა, უარესდება ძილი, ადგომისას თავს გასავათებულად გრძნობენ.

ალკოჰოლიოზმის პირველ სტადიაზე იცვლება დათრობის სურათიც. ეიფორიის სასურველი განცდა მხოლოდ მცირე ხნით გრძელდება და მალე თან სდევს ნერვული აღგზნებადობა. ახლობლებს ეკიდებიან წვრილმანებზე, იხსენებენ სხვადასხვა დროს მიყენებულ წყენას, უსამართლობას, ხშირად ავლენენ სისასტიკეს.
ქრება ღებინებითი რეფლექსიც და ეს უკვე მიუთითებს, რომ ორგანიზმი უკვე მიეჩვია თავისთვის უცხო შხამს. ამ ეტაპზე ნებისყოფის დაძაბვით, ოჯახის წევრთა ძალისხმევით ჯერ კიდევ შესაძლებელია სმის შეწყვეტა, თუმცა ეს უკვე დიდი შრომის შედეგად ხდება.

ალკოჰოლიზმის მეორე სტადიაზე იკვეთება ფიზიკური დამოკიდებულების მომენტიც სასმელის მიმართ, რომლის გარეშეც უკვე შეუძლებელი ხდება ნორმალური ფსიქიკური თუ ფიზიკური ფუნქციონირება. როცა ალკოჰოლის რაოდენობა სისხლში კლებულობს, თავს იჩენს დისკომფორტის შეგრძნება, მოწყენილობა, სევდა, მოდუნების განცდა. დალევის სურვილი იმდენად ძლიერდება, როგორც ეს ხდება შიმშილის დროს საკვების მიმართ, ან წყლისადმი, როცა მეტად გწყურია.

სხეული ცდილობს აღიდგინოს გამოფხიზლებისას დარღვეული ალკოჰოლური წონასწორობა. ალკოჰოლის მონელების უნარი ამ ეტაპზე ყველაზე მაღალია და იზრდება 4-5-ჯერ, ხოლო ზოგთან – 7-19-ჯერ. სწრაფვა სასმელისკენ უკვე უმართავი ხდება და იწყება მუდმივად დოზის გადამეტება ცნობიერების, გონების დაკარგვამდე.
დათრობას ხშირად თან სდევს ველური გამოხტომები, ყვირილი, ლანძღვა-გინება. თუ ბოლომდე დეგრადირებულნი არ არიან, შესაძლოა დილით პატიება ითხოვონ. სხვა შემთხვევაში კი ხდება ყველაფრის ოჯახზე, ან მათთვის უჩვეულო სიტუაციისთვის გადაბრალება. მეხსიერების ჩავარდნები უკვე მუდმივია და მხოლოდ ალკოჰოლის მიღების შემდეგ ჩნდება ნორმალური ძილი, მადა, სქესობრივი აქტივობის უნარი. მძაფრდება შინაგან ორგანოთა დაავადებაც, რის გამოც ხშირად ხვდებიან საავადმყოფოში.

ზოგიერთთან შეინიშნება ე.წ. “ზაპოიც”, რომელიც მეორე სტადიის დასაწყისში ჯერ სამდღიანია, ხოლო შემდეგ კი 6-13 დღიანიც ხდება, ხანდახან თვემდეც გრძელდება.

მეორე სტადიის ბოლოს თავს იჩენს “პახმელიის” სინდრომიც, რომელსაც მეტად მძიმე სახე აქვს. ამ მდგომერეობიდან თავის დაღწევის მიზნით ცდილობენ ცოტა დალიონ, მაგრამ, როგორც წესი, მცირე დოზაზე შეჩერება ვერ ხერხდება და ისევ თვრებიან. როცა ალკოჰოლიკი ფხიზლდება, რიგითი “ზაპოის” დროს მასთან ვითარდება ალკოჰოლის უკმარისობის სინდრომი – უმძიმესი მდგომარეობა, რომელიც აიძულებს მას ყოველგვარ საშუალებას მიმართოს დასალევად.

“პახმელიის” სინდრომი განსაკუთრებით მძიმეა ხანგრძლივი “ზაპოის” შემდგომ. ასეთ დროს ის შეიძლება გართულდეს ცნობიერების დაბინდვის, თეთრი ცხელების, ჰალუცინაციების, ეპილეფსიური გულყრის ფონით. ამ დროს მუდმივად ტკივილის შეგრძნებაა მკერდის არეში, თვალის დახუჭვისას ხედავენ მახინჯ სახეებს, საზარელ ცხოველებს, სიზმარიც საკმაოდ ამძიმებს მდგომარეობას – ეჩვენებათ სხვადასხვა ფერის გველები, ურჩხულები. ისინი თავს ესხმიან, კბენენ, უძვრებიან საბნის ქვეშ, დაცოცავენ სხეულზე. ხშირად ხედავენ მკვლელობის, ხანძრის სურათებს. ზოგთან შეიმჩნევა გარშემომყოფ საგანთა ტრიალი, საწოლის რწევა. ეს შეგრძნებები ძლიერდება თვალების დახუჭვისას. ეჩვენებათ, რომ ვარდებიან ქვემოთ, ეცემიან უფსკრულში, დაფრინავენ ჰაერში.

ალკოჰოლიზმის მესამე სტადიაზე “ზაპოი” უკვე 5-6 დღე გრძელდება და ზოგჯერ მეტ ხანსაც კი, რის შემდეგაც სვამენ მხოლოდ წყალს. მრავალდღიანი სმის შემდეგ ხშირდება ავადმყოფობის შემთხვევები, იკარგება მადა და ბოლოს ისადგურებს გამოფიტვის, სისუსტის შეგრძნება.

მესამე სტადიისთვის ალკოჰოლის მონელების უნარი ქვეითდება. ორგანიზმს უკვე აღარ ძალუძს, გაანეიტრალოს შხამის ის რაოდენობა, რასაც იგი ადრე ახერხებდა. მცირე დოზის მიღების შემთხვევაშიც კი თვრება. ფიზიკური აშლილობები თითქმის განუკურნებელი ხდება. იკლებენ წონაში, სახე ნაადრევად უნაოჭდებათ. მადა ქვეითდება და, ფაქტობრივად, ყოველი დალევის შემდეგ საკვებს უკვე აღარ იღებენ, ქრება ძილის სურვილიც, თუ ახერხებენ დაძინებას, აქვთ კოშმარული სიზმრები.

ხანგრძლივი ალკოჰოლური მოწამვლის ფონზე ცვალებადობას განიცდის ტვინის უჯრედები, რაც მეტწილად განაპირობებს მათ მოქმედებათა, სურვილთა ხასიათს. მკვეთრად იწევს წინ უარყოფითი თვისებები.
ალკოჰოლი მეტად აზიანებს ცნობიერებას. ხდებიან ყრუ და ბრმა იმ პრობლემების მიმართ, რაც თავადვე წარმოშვეს თავისი გადამეტებული ლოთობით.

ქალებთან ისევე, როგორც მოზარდებთან ქრონიკული ალკოჰოლიზმი უფრო სწრაფად ვითარდება მამაკაცებთან შედარებით, მათი მკურნალობა გაცილებით რთულდება. სუსტი სქესის წარმომადგენლები ჩვეუელბრივ მალავენ თავიანთ სწრაფვას სასმელისკენ, ამიტომაც უფრო გვიან მჟღავნდება ეს სენი. ავადმყოფობას აჩენს სახის ნაადრევი დანაოჭება, მთელი ორგანიზმის სისუსტე. ერღვევათ მენსტრუაციული ციკლი და ნაადრევად ეწყებათ კლიმაქსი, შეიმჩნევა ჭკუასუსტობა.

ალკოჰოლიზმით დაავადება დიდი ტკივილია ოჯახის წევრთათვის. ოჯახში, თავდაპირველად, ჯერ კიდევ განიცდიან სიყვარულს მისდამი, აქვთ სიბრალულის შეგრძნება, მაგრამ შემდგომ ეს გრძნობა შეიძლება სიძულვილით შეეცვალოთ.

როგორ შეიძლება ვებრძოლოთ მემთვრალეობის სენს?

სიმთვრალე მთავარი მაინც ის გახლავთ, კარგად გაცნობიერდეს, რომ “შეუძლებელ კაცთათვის შესაძლებელია ღვთისათვის” და ეკლესიური მადლის შემწეობით ყველა იმ მავნე ჩვევის, ნაკლოვანების დაჯაბნა შეიძლება, რომელთა გამოსწორების მიმართაც საკმაოდ უიმედო, სკეპტიკური განწყობა შეიმჩნევა ჩვენთან. ეს განსაკუთრებით ალკოჰოლიზმთან, ნარკომანიასთან ბრძოლას შეეხება.

როცა აღსარებაში ხდება იმ ნაკლის, მავნე ჩვევის დაფიქსირება, რომელიც გამოსასწორებელია, კაცს უკვე სხვა ძალა, უნარი ეძლევა, დაუპირისპირდეს მას. მიდიან მღვდელთან, ინანიებენ და ამით ცოდვათა მიტევებასთან ერთად უფალს სთხოვენ, დაეხმაროს საკუთარი მავნე ნაკლოვანებების გამოსწორებაში…
უნდა მოვინდომოთ ბრძოლა, წინ აღვუდგეთ იმ ლტოლვას, რასაც იწვევს ჩვენში გაბატონებული ვნება. უფალი ეხმარება მას, ვინც ცდილობს საკუთარი თავის შეცვლას.
ის, რომ მხოლოდ უფალთან მისვლით შეიძლება ადამიანის გამოსწორება, განსაკუთრებით კარგად ჩანს ალკოჰოლიზმის, ნარკომანიის შემთხვევაში. თუ არ მოხდა ეკლესიური ცხოვრების დაწყება, ლოცვით, აღსარებით, ზიარებით, სხვა საეკლესიო საიდუმლოებებში მონაწილეობით ღვთაებრივი მადლის მიღება შეუძლებელია.

სხვადასხვა სამედიცინო, ფსიქოთერაპიული, თუ სხვა სახის მეთოდთა გამოყენებას დროებითი შედეგის მოტანა შეუძლია, ზედაპირულის. ეს არ ნიშნავს ძირეულ გარდატეხას, იგი მხოლოდ ეკლესიის წიაღშია შესაძლებელი.
აღსანიშნავია ის, რომ მემთვრალეობის სენის წინააღმდეგ ბრძოლაში მნიშვნელოვანია ალკოჰოლური გაბრუების სანაცვლოდ რაღაც შევთავაზოთ კაცს, შევუვსოთ ის სიცარიელე, რომელიც სასმელისთვის თავის დანებების დროს ისადგურებს მასთან. რითიმე დავაინტერესოთ, გავხადოთ თანაზიარი ახალ სამყაროსთან. თუ ეს ასე არ მოხდა, შესაძლოა გადავარდნენ სხვა უკიდურესობაში, გაიტაცონ აზარტულმა თამაშებმა, მოეძალოთ მრუშული ვნება, გახდნენ სასტიკნი.

სმის სურვილის მოძალების შემთხვევაში ყველაზე მნიშვნელოვანი ამ მავნე ლტოლავსთან დაპირისიპრების თვალსაზრისით მართლამდიდებლური, ეკლესიური საშუალებების გამოყენებაა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ,,იესოს ლოცვის” ოცდაცამეტჯერ თქმა, ასევე, სახარების თუნდაც ერთი თავის წაკითხვა. ამ წესს რეალური ცხოვრებისეული ამბები უდევს საფუძვლად.
1 სამხედრო ოფიცერი, რომელიც თავისი წესიერების, ცოდნის გამო ყველას გამორჩეულად უყვარდა, სმას შეეჩვია და თანდათან იმდენად დაჯაბნა ამ ვნებამ, რომ ბოლოს უფროსების მხრიდან უკანასკნელი გაფრთხილება მიიღო: თუ ლოთობას თავს არ დაანებებდა, უმკაცრესი სასჯელის ღირსი გახდებოდა. ერთხელ, როდესაც ის მწარე ფიქრებში გართული თავისთვის იჯდა, სამხედრო ნაწილში ერთი ბერი მივიდა, რომელსაც ხელში წიგნი ეჭირა და ეკლესიისთვის შესაწირს აგროვებდა. როცა იგი ოფიცერს მიუახლოვდა და ასეთი დაღვრემილი იხილა, მწუხარების მიზეზი ჰკითხა. ოფიცერმა მას თავისი სადარდებლის შესახებ მოუყვა, რაზეც ბერმა შემდეგი რამ უთხრა: ჩემს სულიერ ძმასაც იგივე სჭირდა და აი, რამ უშველა: მისმა მოძღვარმა სახარება მისცა და თანაც მკაცრად გააფრთხილა, ღვინის სმის სურვილის გაჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ წაეკითხა მისი რამდენიმე თავი. თუ ეს არ უშველიდა და სმის სურვილი კვლავ ექნებოდა, ისევ გაეგრძელებინა კითხვა. იგი ასეც მოიქცა და თანდათანობით სმის ვნება გაუქრა. უკვე თხუთმეტი წელი იყო გასული, რაც სასმელი არ ენახა მას.2 მეორე დღეს ბერმა ოფიცერს სახარება მიუტანა. მან გამოართვა და სკივრში ჩაკეტა სხვა ნივთებთან ერთად. გარკვეული ხნის შემდეგ გახსნა ეს სკივრი, უნდოდა იქიდან ფული ამოეღო, სასმელის საყიდლად გაქცეულიყო, მაგრამ პირველი, რაც თვალში მოხვდა, ეს ბერის ნაჩუქარი სახარება იყო და უნებურად მისი ნათქვამი გაახსენდა, გაბედა და მაღაზიაში სასმელის საყიდლად გაქცევის ნაცვლად ჯერ მისი პირველი თავის კითხვა დაიწყო. ბოლომდე ჩაიკითხა, მაგრამ ბევრი ვერაფერი გაიგო, თუმცა ბერის დარიგება გაახსენდა: თუ ასე მოხდა, არა უშავს, მაინც წაიკითხე, ღვთის სიტყვა შენ თუ არა, დემონებს ესმის და თრთოლას იწყებენ ისინი, ვინც აღაგზნებს ამ ვნებასო. როცა ოფიცერმა მეორე თავი წაიკითხა, შინაარსი უფრო გასაგები გახდა მისთვის, ხოლო როცა მესამე თავის გაცნობა დააპირა, სამხედრო ნაწილში ზარის ხმა გაისმა, ეს ნიშნავდა, იგი იკეტებოდა და მისი დატოვება აღარ შეიძლებოდა. ამგვარად მოუწია მას ნაწილში დარჩენა.3 დილით როცა ადგა, კვლავ ღვინის საყიდლად წასვლა დააპირა, ამგრამ იფიქრა: იქნებ ისევ წავიკითხო სახარების ერთი თავიო. კვლავ ასე მოიქცა და აღარ წავიდა ამ მავნე ჩვევის შესასრულებლად. ამან გაამხნევა და შემდეგ სმის სურვილის გაჩენისას ყოველთვის იწყებდა სახარების თავების კითხვას. ეს უფრო და უფრო უადვილდებოდა და ბოლოს როცა ოთხივე სახარების გაცნობა დაამთავრა, სმის ვნებაც გაუქრა. ოცი წელი გავიდა და იგი ისევ აგრძელებდა ფხიზელ ცხოვრებას. თანდათანობით ყველაფერი კალაპოტში ჩადგა, კვლავ აღადგინა ადრინდელი პატივისცემა, მოიპოვა გარშემომყოფა სიყვარული. შემდეგ მთელი ცხოვრება წესად ჰქონდა, ყოველდღე წაეკითხა სახარების თუნდაც ერთი თავი მაინც.

როცა მემთვრალეობის ვნების შემოტევისას კითხულობენ სახარებას, ან ,,იესოს ლოცვას”, ხდება ერთგვარი წინსვლა ღვთაებრივი ძალის მიმართულებით, რომელმაც უნდა გააქარწყლოს დემონური ზემოქმედება, რომელსაც ბოროტი ძალა ახორციელებს ამ შემთხვევაში კაცზე.

მემთვრალეობის ვნებით შეპყრობილთათვის ეკლესიაში სხვა სახის ლოცვებითაც ხდება დახმარების გაწევა. იკითხება სავედრებელი ლოცვები ღვთისმშობლისადმი, წყლის კურთხევით, ევედრებიან წმ. კეთილმკურნალ მოწამე პანტელეიმონს, მოწამე ბონიფანტეს. ხშირად მემთვრალეობის ვნებით შეპყრობილთ თავად ლოცვა არ შეუძლიათ, ამიტომ მათ მაგივრად ახლობლებმა უნდა გააკეთონ ეს.
ასევე, წესად არის მიღებული უფლისადმი მხსნელი “მიხსენი, უფალო და შემიწყალე მონა შენი” ლოცვის 33-ჯერ წაკითხვა, მოწყალების გაღება ღატაკთათვის, ლიტრუგიაზე მოხსენიება ფსალმუნთა კითხვის დროს. მემთვრალის ნათესავებმა და ახლობლებმა უნდა იარონ ეკლესიაში, შეეცადონ, რაც შეიძლება ნაკლებად განიკითხონ სხვა, არ ჩავარდნენ ამპარტავნებაში.

წესად არის დადგენილი ნაკურთხი წყლის მიღება, რომლის შესახებაც მღვდელმონაზონი არსენი ათონელი წერს: “ილოცეთ და თუ გსურთ შეგეშველოთ უფალი ღვინის სმის დაძლევაში, თხოვე მემთვრალის ახლობლებს, ნათესავებს, დაალევინონ მას უზმოზე ნაკურთხი წყალი, თუნდაც სამი ყლუპი მაინც”.
ნაკურთხი წყალი უმჯობესია მიიღოთ უზმოზე, მაგრამ საჭიროების ჟამს შესაძლებელია სხვა დროსაც.

მემთვრალეობის ვნების მოძალებისას კარგია პირჯვრის გადაწერა. წმ. ანტონი დიდი ამბობს: “ხშირად მარტოოდენ პირჯვრის გადაწერაც განაგდებსო ბოროტი ძალის შემოტევას ჩვენგან!”. პირჯვრის გადასახვასთან ერთად ადამიანი ერთგვარ სიმშვიდეს გრძნობს, ამჩნევს თავის შინაგანი მდგომარეობის გაუმჯობესებას. თუ ზოგჯერ ამას არ მოაქვს ის შედეგი, რასაც ველით, გამოცდილ მამათა მიხედვით, ეს იმიტომ ხდება, რომ ამ წესს რწმენის გარეშე ვასრულებთ, ან კიდევ უფალს არ სურს, რომ მარტოოდენ პირჯვრის გადაწერით მარტივ, იოლ გამარჯვებას მიგვაჩვიოს.

მემთვრალეთათვის ეკლესია ლოცულობს ასევე ღვთისმშობლის ხატის “შეუსმელი ბარძიმის” წინაშეც. მასზე ბარძიმში მდგომი ყრმა მაცხოვარია გამოსახული. ბარძიმი ზიარების ჭურჭელია, რომელიც რწმენით მასთან მიმსვლელებს იმ მადლს ანიჭებს, რომელიც მაცხოვარმა უშურველად გაიღო ჩვენთვის. ეს ბარძიმი მართლაც შეუსმელია, რადგანაც მისი ტარიდი “მარადის იჭმევის და არ დაილევის”. ხოლო ღვთისმშობელი კი ზეაღმართული ხელებით ამა სოფლისთვის შუამდგომლობს ღმერთთან.
ისე არავინ უყვარს ეშმაკს, როგორც მემთვრალე, რადგან ისე არავინ ემორჩილება მის ნებას, როგორც ლოთი. წმ. ტიხონ ზადონელი

ქეთი ჭელიძე

10 COMMENTS

  1. ძალიან სერიოზული სტატიაა… გმადლობთ!
    დაფიქრდით და გაიაზრეთ ამ სტატიის არსი ვინც ალკოჰოლს მოიხმართ, ღირ კი სასმელის გულისთვის ცხოვრებას აზრი დაუკარგო?

  2. ჩემს გარშემო ბევრი ადამიანია მემთვრალეობის სენით დაავადებული, მე უკვე დავკარგე მათი გამოსწორების იმედი:((გული მტკივა და უკვე სიბრალულის ნაცვლად აგრესიის გრზნობა მიჩნდება მათ მიმართ.დარწმუნებული ვარ ,რომ ამ სტატიას მემთვრალეობის სენით დაავადული არც ერთი ადამინაი არ წაიკითხავს.რატომ? იმიტომ რომ ,ისინი სულაც არ ფიქრობენ რომ დაავადებილნი არიან ან ზიანი მოაქვთ ვინმესთვის:((პირიქით ბევრს არც აქვს სურვილი გამოსწორებისა.

    • ალკოჰოლიზმს წინ უძღვის მძიმე სოციალური ფონი, ამიტომ ზიზღის გრძნობა არაა მართლმადიდებლური პირიქით სცადეთ და დაეხმარეთ ))

  3. სტატიაში წერია, რომ ამ სენით შეპყრობილთათვის ეკლესიაში ლოცვები იკითხება, რითიც ალკოჰოლიკების ახლობლებსაც შეუძლიათ დაეხმარონ…

  4. ალკოჰოლიზმის მკურნალობა უნდა წარიმართოს 2 მიმართულებით 1,სამედიცინო სამკურნალო გამაჯანსაღებელი და2.სულიერი კურნების მიმართულებით.მხოლოდ მათი სინერგიული კომპლექსური მოქმედებით მიიღწევა სასურველი შედეგი.ადრე გავრცელებული იძულებითი მკურნალობა არ არის შედეგიანი
    მხოლოდ ადამიანის თავისუფალი ნებით და სურვილით ,რომ განიკურნოს შეიძლება დადგეს სასურველი შედეგი.ალკოჰოლიზმის ჩამოყალიბების ერთერთი მიზეზია სმის კულტურის და ტრადიციის არარსებობა.კულტურული მეღვინეობის ქვეყნებში შედარებით ნაკლებია პათოლოგიური მიდრეკილება ალკოჰოლისადმი.ალკოჰოლიზმის პროფილაქტიკა ბავშვობიდან უნდა დაიწყოს.ეკლესიური ცხოვრება, მარხვა, თავშეკავება ნებისყოფის გამომუშავებას უწყობს ხელს, რაც მავნე ჩვევებისაგან იცავს ადამიანს..

  5. გაიხარეთ ბატონო ზურაბ! მადლობა, რომ ჩვენ ახალგაზრდების გვერდით დგახართ და საინტერესო, საგულისხმო და ბრძნულ რჩევებს გვაძლევთ.

  6. ჩემი ოჯახის წევრი არის ალკოჰოლიკი.ეს ძალიან რთულია ,საშინელებაა თითქმის აუტანელია ისმინო მისი ყვირილი ჩემი თავი ხელში ვეღარ ამყავს სასოწარკვეთილი ვარ :(საქართველოში კი არაფერი არ არსებობს არავინ გეხმარება

  7. მთავრობა ლოთობის წინააღმდეგ არაფერს არ აკეთებს, გარდა იმ ჯარიმების გამოწერისა, რომელიც თვითონ ალკოჰოლიკს არ შეუძლია გადაიხადოს, აქედან გამომდინარე დიდი გაჭირვება ადგება ალკოჰოლიკის ოჯახს, რომელთაც ისედაც ძალიან უჭირთ და მთავრობა უფრო მეტად პროვოცირებს მათ გასაჭირს განა ეს ასე არ არის?

  8. ძალიან კარგი სტატიაა…გაიხარეთ,მიხსენ უფალო,და შემიწყალე მონა შენი,,ეს მოკლე ლოცვაა თუ ამონარიდი რომელიმე ლოცვიდან? გთხოვთ მიპასუხოთ…გმადლობთ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

მსგავსი სტატიები

კატეგორიები

ახალი კომენტარები