მთავარიქრისტიანობა"არა კაც-ჰკლა" - რა იგულისხმება ამ მცნების მიღმა?

“არა კაც-ჰკლა” – რა იგულისხმება ამ მცნების მიღმა?

მეექვსე მცნება – არა კაც-ჰკლა.

დმანისის სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, იღუმენი დიონისე გვიმრაძე:

“სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა! დღეს განვიხილოთ ათი მცნებიდან მეექვსე მცნება. ჩვენ უკვე ვისაუბრეთ მეხუთე მცნების შესახებ, ანუ ადამიანთა შორის ურთიერთობის განმსაზღვრელ მცნებაზე, რომელიც მშობლებისა და ზოგადად უფროსებისადმი პატივისცემას განგვიწესებს. მაცხოვარიმეექვსე მცნება კი ყველასთვის, მორწმუნეთათვის, თუ ურწმუნოთათვის ცნობილია, მაგრამ მისი საყოველთაოდ ცნობადობის მიუხედავად, მაინც ძირითადად მისი მნიშვნელობის უმეცრების მომსწრენი ვართ, რამეთუ გვგონია, რომ ეს მცნება არ დაგვირღვევია. ვგულისხმობ მე-6 მცნებას: „არა კაც ჰკლა”(გამ. 20,13). ახლა აღნიშნული მცნება განვიხილოთ და დავადგინოთ, დაგვირღვევია, თუ არა ეს მცნება და რა იგულისხმება ამ მცნების მიღმა?

პირველ რიგში, რასაკვირველია, ის უნდა გვახსოვდეს, რომ არავის აქვს სხვისი სიცოცხლის ხელყოფის უფლება. თუმცა ზოგჯერ მოგვისმენია ამგვარი სახის მსჯელობა: ვთქვათ, ადამიანი არის ბოროტი, უსამართლო და მისი ცხოვრება სხვას ზიანს აყენებს, ნუთუ უნდა იცოცხლოს ასეთმა პიროვნებამ?! ამის პასუხად, პირველ რიგში, ის უნდა ითქვას, რომ თავად შემოქმედი ანიჭებს სიცოცხლეს ყოველ ადამიანს და მხოლოდ მისი ნებაა, როდის გაიყვანს ამ ქვეყნიდან. მეორე ის, რომ ადამიანი უფლის ხატად და მსგავსად არის შექმნილი და პიროვნების სიცოცხლის ხელყოფა უფლის ხატებასთან დაპირისპირებაა. ამის შესახებ ძველ აღთქმაში პირდაპირი სწავლება არსებობს:
„რომელმან დასთხიოს სისხლი კაცისა, ნაცვლად სისხლისა მი- სისა დაითხიოს სისხლი მისი: რამეთუ ხატად ღვთისა შეჰვქმენ კაცი”(შეს. 9,6).

საერთოდ, საიდან იღებს მკვლელობის სურვილი სათავეს? უსიყვარულობიდან. მართლაც, როდესაც ადამიანს არ აქვს მეორე ადამიანისადმი სიყვარული, ბუნებრივია, იგი მის ტკივილს გულთან ნაკლებად მიიტანს და გარკვეულ გარემოებებში ყველაზე მძიმე სასჯელისთვისაც კი გაიმეტებს. ამიტომ, როდესაც არ გაგვაჩნია ადამიანთა სიყვარული, ეს უკვე იმაზე მიანიშნებს, რომ ჩვენ ვერ დავიცავთ მეექვსე მცნებას. მართლაც, უსიყვარულობის გამო, ხშირად ახლობელ ადამიანთა მიმართაც დიდ გაღიზიანებასა და უპატივცემლობას გამოვხატავთ; ზოგჯერ კი შინაგანად უმკაცრესი მსჯავრი გამოგვიტანია მათ მიმართ და ფიქრებში სიკვდილისთვისაც კი გაგვიმეტებია. მართალია, ასეთი შემთხვევები არაა ხშირი და არც ხანგრძლივად გრძელდება, მაგრამ მრავლისმთქმელი და დამაფიქრებელია. ხმამაღლა, დამაჯერებლად და ერთმნიშვნელოვნად იმის თქმა, რომ თითქოს გულში, ან გონებაშიც კი არ გვიფიქრია კაცისკვლაზე, ვგონებ, მრავალთათვის გადასასინჯია.

მოდით, გავიხსენოთ, თუ ვინ არის პირველი მკვლელი. იოანეს სახარებაში ასეთი რამ წერია, რომ ეშმაკი კაცისმკვლელი იყო დასაბამითგანო. სატანა, როდესაც ანგელოზებრივი მდგომარეობიდან დაეცა და ეშმაკად იქცა, მას შემდეგ ადამიანთა მტრად და მკვლელად გვევლინება. მაგრამ, ამ შემთხვევაში, ფიზიკური სიკვდილი არ უნდა ვიგულისხმოთ. მას ჩვენი სულიერად მოკვდინება სურს, თორემ ხორციელად ისედაც ყველანი ვექვემდებარებით გარდაცვალებას. მას შურს ადამიანის, ვერაფრით ეგუება მის სულიერ წინსვლასა და ღმერთთან სიახლოვეს, რის გამოც ყოველნაირად ცდილობს ჩვენს ცდუნებასა და დაბრკოლებას; უდიდეს ტკივილსა და საშინელ სიძულვილს განიცდის ღვთის სათნო ადამიანის მიმართ და გააფრთებით ებრძვის მას. შესაბამისად, იგი არის უპირველესი კაცისმკვლელი. თუკი ადამიანი არ იცავს ღვთის მცნებებს, მაშინ ის ეშმაკის მსახური და საშიში იარაღი ხდება.

ახლა კი რამდენიმე სიტყვით თვითმკვლელობაზე ვისაუბროთ, როგორც მკვლელობის ერთ-ერთ გამოხატულებაზე. თავიდანვე უნდა ითქვას, რომ ეს არის ყველაზე დიდი ცოდვა, რაც კი ადამიანმა შეიძლება აღასრულოს. ამავე დროს, თვითმკვლელობა გამოუსწორებელი შეცდომაა. მაგალითად, კაცისმკვლელს სიცოცხლის ბოლომდე რჩება სინანულით დანაშაულის გამოსყიდვის და სულის განწმენდის საშუალება; თვითმკვლელი კი სამუდამოდ იკლავს გამოსწორების და სინანულის ყოველგვარ საშუალებას და შესაბამისად – სულსაც. თვით იუდასაც კი, საკუთარი მასწავლებლისა და მოძღვრის მკვლელს, აქვს სინანულის საშუალება. რამეთუ არ არსებობს ისეთი ცოდვა, რომელსაც ღვთის წყალობა ვერ გადაფარავდეს, თუ სინანულის გზით იქნება გამოსყიდული. ღმერთი გულის შემუსვრილების წილ უსჯულოებისგან განგვწმენდს და მადლით გვაჯილდოვებს. თუმცა თვითმკვლელს ღმერთი ვეღარ შველის, რადგან ის სინანულის გარეშე ტოვებს წუთისოფელს.
თვითმკვლელი ადამიანი მეტად ამპარტავანი და ეგოისტია. ამპარტავანი იმიტომ, რომ ადამიანი თვითმკვლელობამდე ყოველგვარი იმედის გაცრუების შემდეგ მიდის. ვინაიდან, როდე- საც ადამიანს ღვთის იმედი აქვს, ის, ყოველგვარი სირთულის მიუხედავად, მაინც განაგრძობს ცხოვრებას. ხოლო ვინც ღმერთზე არ არის მინდობილი და მხოლოდ საკუთარი შესაძლებლობების იმედად ცხოვრობს, ცხოვრებისეული სირთულეები გამოუვალ მდგომარეობაში აგდებს და რეალობიდან გაქცევის სურვილით თვითმკვლელობისკენ მიიდრიკება. შესაბამისად, ამპარტავნება – საკუთარ თავზე მინდობა და ღმერთზე მიუნდობლობა, ხდება სასოწარკვეთილების და შემდეგ თვითმკვლელობის მიზეზი.

რაც შეეხება თვითმკვლელთა მხრიდან ეგოიზმის გამოვლინებას, ესეც უდავოა. თვითმკვლელი ადამიანი ნაკლებად ფიქრობს საკუთარ ოჯახის წევრებზე, მეგობრებზე, გვერდში მყოფ უამრავ ადამიანზე, რომელთათვისაც ამგვარი ქმედება მძიმე დარტყმა იქნება და მთელი ცხოვრება მოუშუშებელ ჭრილობად ექცევათ. ზოგჯერ თვითმკვლელ ადამიანზე ამბობენ, რომ ძლიერი ადამიანი ყოფილა, რადგან ყველას ასეთი რამ არ შეუძლიაო. სინამდვილეში, პირიქით არის, რამეთუ ასეთი ადამიანი გაურბის რა რეალობას, სულიერ მოუწესრიგებლობას და ეგოიზმს ავლენს.

თვითმკვლელთა ახლობლების მდგომარეობას ისიც ამძაფრებს, რომ წმიდა ეკლესია კრძალავს ასეთ შემთხვევებში წესის აგების მსახურების აღსრულებას და შენდობის მიცემას, რის გამოც მიცვალებულზე მზრუნველნი სრულ უნუგეშობაში რჩებიან. ამიტომ, სამწუხაროდ, ძალიან ხშირად ოჯახის წევრებმა, იციან რა, რომ ეკლესიისგან შენდობილი არ იქნება თვითმკვლელი ადამიანი, ტყუილს მიმართავენ ხოლმე. ჩვენს ეპარქიაშიც იყო ასეთი შემთხვევები. ამის გამო სჯულის კანონში მღვდლის გასაგონად ასეთი რამ წერია: „მღვდელმა უნდა განიხილოს, ნამდვილად ცნობადაკარგული იყო თუ არა, როდესაც ჩაიდინა ეს საქმე, ვინაიდან მიცვალებულის ახლობლებს ბევრჯერ სურთ მისთვის ჟამისწირვის ჩატარება, ამის გამო ტყუიან მის დასახმარებლად და ამბობენ, რომ გონება დაკარგული ჰქონდა”(წმიდა ტიმოთე ალექსანდრიელი. მე-14 კანონი).

ღმრთისმსახური ვალდებულია დაწვრილებით გამოიძიოს ესა თუ ის შემთხვევა და მხოლოდ ამის შემდგომ გადაწყვიტოს აუგოს წესი მიცვალებულს თუ არა. წესის აგების ლოცვაში ასეთი რამ წერია: „უფალო, განუსვენე სულსა მონისა შენისასა, რამეთუ სასოება თვისი შენზედა დასდო”. ესე იგი, თუ ადამი- ანი არის თვითმკვლელი, გამოდის, რომ მას არ ჰქონდა ღვთის იმედი. შესაბამისად, ამგვარი მიცვალებულისთვის ლოცვა მისი ნების და შინაგანი მდგომარეობის წინააღმდეგ გალაშქრებას ნიშნავს, რაც ნუგეშის ნაცვლად მეტ ტანჯვას მოუტანს. აი, მაგალითად, საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ საღმრთო ლიტურღიაზე რომ ძალით გავაჩეროთ ადამიანი, ის ხომ დაიტანჯება?! განა რომელი მეფე შეიწყნარებს მის უარმყოფელ და მისადმი უნდობლობით განწყობილ მსახურს?! ასევეა ღვთის უარმყოფელ მიცვალებულთათვის ლოცვა.
წმიდა ეკლესია ამგვარი აკრძალვით მიგვანიშნებს, თუ რაოდენ დიდი ცოდვაა თვითმკვლელობა, რითაც ადამიანებს ამგვარ განზრახვაზე ხელის აღებისკენ მოუწოდებს.

უნდა ვიცოდეთ წესის აგება ცხონება არცხონების მთავარი განმსაზღვრელი არაა?! უფლის განგებულება და ყოველი ადამიანის შინაგანი მდგომარეობა განსაზღვრავს საიქიო ცხოვრების ადგილსამყოფელს. წესის აგებით, ღვთისმსახურები უფლისგან ბოძებული ძალაუფლებით შევუნდობთ ცოდვებს, ოღონდ იმ შემთხვევაში მიეტევებათ, თუკი თავად მიცვალებულს ქონდა გულისმიერი სინანული.

ახლა ვისაუბროთ სულიერ სიკვდილზე და გავიხსენოთ, რომ ყოველ მცნებას აქვს გარეგნული და შინაგანი დატვირთვა. უნდა ვიცოდეთ, რომ ადამიანთა სულიერად მკვლელობის შესაძლებლობაც არსებობს. მაცხოვარი გვაფრთხილებს: „რომელმან დააბრკოლოს ერთი მცირეთა ამათგანი ჩემდა მომართ მორწმუნეთაი, უმჯობეს არს მისა, დამო-თუ-იკიდოს წისქვილი ვირით საფქველი ქედსა და დაინთქას იგი უფსკრულსა ზღვისასა”(მთ. 18,6). როდესაც ადამიანს ვაბრკოლებთ, ეს მისთვის სულიერი სიკვდილის ტოლფასია.

რა იგულისხმება სხვა ადამიანის დაბრკოლებაში? ის, რომ მე, როგორც მოძღვარი, და თქვენ, როგორც ეკლესიის მრევლი, ჭეშმარიტი ქრისტიანის სახეს უნდა წარმოვაჩენდეთ, ხოლო თუ ჩვენი ქმედება არ შეესაბამება ქრისტეს სჯულს, მაშინ დამაბრკოლებელნი ანუ მოყვასის სულიერი მკვლელობის მიზეზნი შეიძლება შევიქმნათ.

ასევე, წმიდა იოანე ღვთისმეტყველი არათუ გარეგნულად ბოროტების აღმსრულებელს, არამედ ბოროტი გულისთქმის მქონესაც კაცისმკვლელად სახელდებს: „ყოველსა, რომელსა სძულდეს ძმა თვისი, იგი კაცისმკვლელი არს და იცით რამეთუ ყოველსა კაცის მკვლელსა არა აქუს ცხოვრება საუკუნო”(1 იო. 3,15). თუკი ბოროტება და სიძულვილი მაქვს მოყვასის მიმართ, უკვე კაცისმკვლელი ვარ. რატომ? პასუხი მარტივია. ვინც მძულს, მისთვის სიკეთე არ მსურს, მხოლოდ ბოროტებას გავიმეტებ. შესაბამისად, ბოროტება ადამიანის სულიერად, თუ ფიზიკურად მოკვდინების სურვილში ვლინდება.
სულიერი მკვლელობის ტოლფასად ითვლება ასევე ქველ- მოქმედებისგან თავშეკავება, მაგალითად, თუკი გაჭირვებულს ზურგს შევაქცევთ, უძლურს არ მოვინახულებთ და ასე შემდეგ.

ახლა მეექვსე მცნება ომის ჭრილში განვიხილოთ. ჩვენი ქვეყანა მუდმივად ბრძოლებში იყო ჩაფლული, რის გამოც უამრავი სისხლი დაღვრილა ჩვენი წინაპრების მიერ. ასევე, ისტორიიდან ისიც ვიცით, მთელ რიგ ბრძოლებში სასულიერო პირებიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი, რითაც დიდ შემართებას ძენდნენ თანამებრძოლებს. ითვლება თუ არა ასეთი ბრძოლების დროს კაცისკვლა ცოდვად? დიდი მნიშვნელობა აქვს მკვლელობის მოტივს. მოყვასის, ოჯახის, სარწმუნოების და ქვეყნის, როგორც უმთავრესი ფასეულობების, დაცვა ყველა ღირსეული ადამიანის უშუალო მოვალეობაა. თუკი მტერს მათი მოსპობა, განადგურება და წართმევა სურს, მაშინ ბუნებრივია მისგან თავდაცვის მიზნით ბრძოლის წარმოება სრულიად გამართლებულია. შესაბამისად, რადგან ომი სისხლის გარეშე წარმოუდგენელია, ამიტომ კაცისკვლა გარდაუვალი ჩანს. თუმცა ეს იმას როდი ნიშნავს, რომ ომში მონაწილე კაცისმკვლელი არ განიკითხება მტრისადმი სასტიკი და არაადამიანური მოპყრობის შემთხვევაში, მაგალითად, ტყვეთა წამების დროს. ამიტომ, მთავარი ამ შემთხვევაში ის არის, თუ რამდენად იცავს მებრძოლი მეომარი ზემოაღნიშნულ ზღვარს, ხომ არ შეპარვია მას კაცთმოძულეობის და კაცთა კვლის ვნება.
აღნიშნულ საკითხზე მიტროპოლიტი ფილარეტი ამბობს:

„ომი უარყოფითი მოვლენაა კაცობრიობაში, მაგრამ ის ზოგჯერ ერთადერთი საშუალებაა ამქვეყნად სიმართლის დასაცავად; ხელყოფილ და გათელილ სიწმინდეთა, ერის უფლებების დასაცავად დაპყრობისაგან, უხეში შემოჭრისა და ძალადობისაგან”. მას ბიბლიიდან მოჰყავს ღმერთის მხრიდან ებრაელთა ერისადმი კურთხევის მაგალითები, როდესაც მათ მტრის შემუსვრის ძალასა და კურთხევას აძლევდა.

თავად იოანე ღვთისმეტყველი ასეთ რამეს ამბობს: „და იქმნა ბრძოლა ცათა შინა. მიქაელ და ანგელოზნი მისნი ჰბრძოდეს ვეშაპსა მას; და ვეშაპნი და ანგელოზნი მისნი ებრძოდეს მათ”(გამოც. 12,7). მართლაც, ზეციური ძალნი დაპირისპირებულნი არიან, ანუ დაცემული და კეთილი ანგელოზები ებრძვიან ერთმანეთს. ასე რომ, ბრძოლა ზეცაშიც მიმდინარეობს და მიწაზე მისი წარმოება სულაც არ არის გასაკვირი. ასე რომ, ეკლესია სიწმინდის, სარწმუნოების, მოყვასის და ქვეყნის დაცვის მიზნით ბრძოლის (მათ შორის იარაღით) უფლებასაც გვაძლევს, თუ სხვა ყველა საშუალება ამოწურულია. წინააღმდეგ შემთხვევაში, დიდი უგუნურება იქნებოდა, მტერს უბრძოლველად დავნებებოდით და მისთვის სიწმინდის შებღალვის საშუალება მიგვეცა, მით უმეტეს, თავად ღვთის მცნება ჭეშმარიტების დაცვისკენ მოგვიწოდებს. ხოლო მტრის მზაკვრულ გეგმებს ხელის შეშლა სჭირდება და ესეც ჩვენი მოვალეობაა.

ამდენად, დღევანდელი საუბრიდან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მეექვსე მცნება, რომელიც კაცისკვლას კრძალავს, გარკვეულწილად ჩვენდამიც არის განკუთვნილი. კარგად უნდა ჩავიხედოთ საკუთარ გულში. გავიხსენოთ, რამდენჯერ გვისურვია ადამიანისთვის ბოროტება და რამდენი ადამიანი გვძულს. წმიდა იოანე ღვთისმეტყველმა გვითხრა, რომ თუ კაცი გძულს, მაშინ კაცისმკვლელიც ხარო. შესაბამისად, არც ისე მკვეთრად გავმიჯნულვართ ამ უმძიმესი ცოდვისგან. ამიტომაც არ გვაქვს ჩვენ კაცის განკითხვის უფლება, როდესაც საკუთარ გულში სიძულვილი ჩაგვბუდებია. ამიტომ გვეუბნება ქრისტე, რომ ნუ განიკითხავ, რათა არა განიკითხეთო. შესაძლოა, საქმით არ მოვკლათ კაცი, მაგრამ გულში გვედოს მის მიმართ სიძულვილი, ბოროტი სურვილები და განზრახვები. განა ეს ნაკლები დანაშაულია? მით უმეტეს, კაცისმკვლელი ზოგჯერ ჩვენზე კეთილშობილიც შეიძლება იყოს, მაგრამ გარემოების და შემთხვევის მსხვერპლი აღმოჩნდეს. თუმცა ეს როდი გაამართლებს მის ქმედებას.

უფალმა გვაშოროს ამ უმძიმესი ცოდვისაგან! დაე, ჩვენი გულები იმდენად განწმენდილიყოს, რომ ვის მიმართაც სიძულვილი გაგვაჩნია, ჯერ სიბრალულითა და თანაგრძნობით შეცვლილიყოს, ხოლო შემდეგ სიყვარულით დაგვირგვინებულიყოს;

ასეთ შემთხვევაში, ჩვენზე ბედნიერი არავინ იქნება. უფალმა გაკურთხოთ და გაგაძლიეროთ.
ჩვენთან არს ღმერთი!”

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

მსგავსი სტატიები

კატეგორიები

ახალი კომენტარები