მთავარიქრისტიანობა"მეცხრე ნეტარება ნეტარჰყოფს მათ, ვინც იყვედრება და იდევნება ქრისტეს სახელის...

“მეცხრე ნეტარება ნეტარჰყოფს მათ, ვინც იყვედრება და იდევნება ქრისტეს სახელის გამო”

ნეტარ იყუნეთ თქვენ, რაჟამს გდევნიდენ და გყვედრიდენ, და თქვან ყოველი სიტყვა ბოროტი თქვენდა მომართ სიცრუით ჩემთვის; გიხაროდენ და მხიარულ იყვენით, რამეთუ სასყიდელი თქვენი დიდ-არს ცათა შინა.”

დმანისის სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, იღუმენი დიონისე გვიმრაძე:

მამა დიონისე“სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა! ღმერთმა გაკურთხოთ!

განვიხილოთ მეცხრე ნეტარება, რომელიც შინაარსობრივად ახლოს დგას მერვე ნეტერებასთან. თუკი მერვე ნეტარებაში საუბარი სიმართლისთვის დევნულებს შეეხებოდათ, მეცხრე ნეტარება უკვე ნეტარჰყოფს მათ, ვინც იყვედრება და იდევნება ქრისტეს სახელის გამო: „ნეტარ იყუნეთ თქუენ, რაჟამს გდევნიდენ და გყვედრიდენ, და თქვან ყოველი სიტყვა ბოროტი თქვენდა მომართ სიცრუით ჩემთვის; გიხაროდენ და მხიარულ იყვენით, რამეთუ სასყიდელი თქვენი დიდ-არს ცათა შინა”(მთ. 5,11).

თუკი მერვე ნეტარებაში უფრო მეტად ხაზგასმა ზოგადად სიმართლის დაცვასა და სიმართლის მოყვარე ადამიანებზე არის გაკეთებული, მეცხრე ნეტარება ცალკე გამოყოფს ქრისტეს სახელის გამო დევნასა და ყვედრებას.

მართლაც, რა უნდა გაგვიკვირდეს ქრისტეს მიმდევრებს?! განა ის, რომ ქრისტიანი დევნული იქნება?! თუკი ქრისტე იქნა დევნული, შეურაცხყოფილი და ტანჯული, განა იგივე არ ელოდება მის მოწაფეებს?! ქრისტე გვთავაზობს სწავლებას ქრისტიანთა დევნის შესახებ და ეს ყველაფერი დაწვრილებით არის გადმოცემული იოანეს სახარებაში. დღევანდელ საუბარში, ვფიქრობ, აღნიშნული სწავლება თანმიმდევრულად უნდა განვიხილოთ, რითაც ნათლად მივხვდებით, თუ რას გულისხმობს მეცხრე ნეტარება.

„უკეთუ სოფელი გძულობს თქუენ, უწყოდეთ, რამეთუ პირველად მე მომიძულა”(იო.15,18). აღნიშნული სიტყვები ფრიად დამამშვიდებელი უნდა იყოს ჩვენთვის – ქრისტიანთათვის, რამეთუ თუკი ოდესმე ქრისტეს სახელის გამო ადამიანთა მიერ მოძულებულნი აღმოვჩნდებით, მაშინ ნუგეშად ქრისტესა და სოფლის დაპირისპირება უნდა გავიხსენოთ. ქრისტემ ხომ თავად გვიჩვენა ღვთის ნების აღსრულების მაგალითი, რითაც ცალსახად მიგვანიშნა, რომ ვინც ღვთის ნებას აღასრულებს, ის კაცთა მიერ მოძულებული და დევნულია. ვინც უფლის ნებას აღასრულებს და სულიერ განვითარებაზე ფიქრობს, ის უკვე წინააღმდეგობაში მოდის ამქვეყნიურ სულისკვეთებასთან:

„უკუეთუმცა სოფლისაგანნი იყვენით, სოფელიმცა თვისთა ჰყუარობდა; რამეთუ არა სოფლისაგანნი ხართ თქუენ, არამედ მე გამოგირჩიენ თქუენ სოფლისაგან, ამისთვის სძულთ თქუენ სოფელსა”(იო. 15,19).
შესაბამისად, ამგვარი შინაგანი დაპირისპირება გარეგნულადაც გამოიხატება სხვადასხვაგვარი სახით. თუკი ღირსეული ქრისტიანი, საკუთარი მრწამსიდან გამომდინარე, შემწყნარებლურ და მშვიდ მდგომარეობას ინარჩუნებს, მიწიერებით დამონებული სული – მიზნის მიღწევის გამო – ყოველგვარ საშულებას ადვილად ამართლებს, რამეთუ ამა სოფლის საქმენი:

„ბოროტ არიან”(იო. 7,7). ამდენად, სულთა შინაგანი დაპირისპირება ხილული სახით მჟღავნდება და ის ქრისტიანთა მიმართ სიძულვილით იწყება და ხშირად დევნით, ცილისწამებითა და სიკვდილით დასჯით სრულდება. თუმცა ქრისტიანები უფლისგან არიან გამორჩეულნი და ამგვარი რჩეულობა უფლისმიერი შეწევნის გარეშე, ბუნებრივია, არასდოს დარჩება.

აი, როგორი სასტიკი და დაუნდობელია სოფელი ქრისტიანთა მიმართ. სწორედ ამიტომ მოგვიწოდებს მაცხოვარი, რომ გავიხსენოთ მისი სიტყვები: „მოიხსენეთ სიტყუაი იგი, რომელ გარქუ თქუენ: არა არს მონაი უფროის უფლისა თვისისა. უკუეთუ მე მდევნეს, თქუენცა გდევნნენ; უკუეთუ სიტყუანი ჩემნი დაიმარხნეს, თქუენნიცა დაიმარხნენ”(იო. 15,20). ვერ იქნება ქრისტეს მოწაფე მასწავლებელზე უპირატესი და მისგან განსხვავებული ხვედრის, ვინაიდან ქრისტეს მოწაფეობა ღვთის სიტყვის ქადაგებას ნიშნავს, ხოლო ჭეშმარიტების ქადაგება ყოველთვის დიდ საფრთხესთან არის დაკავშირებული. ამიტომ, ყოველი ღვთის ერთგული და მიმდევარი განსაცდელებით აღსავსე ცხოვრებას გადის. შესაბამისად, თუკი ჩვენც გვსურს, რომ უფლის ერთგულება ბოლომდე დავიცვათ, მისი მცნებების მიხედვით ვიცხოვროთ და ჭეშმარიტება დავამოწმოთ, ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ დიდი წინააღმდეგობები და განსაცდელები გარდაუვალი იქნება. თითქმის შეუძლებელია, რომ ღვთის ერთგულმა ადამიანმა განსაცდელების, შევიწროებისა და ცილისწამების გარეშე იცხოვროს.

ამავე დროს, თუკი ვნახავთ ადამიანს, რომელიც ჩვენი შეხედულებით ღვთისადმი საოცარი რწმენით და სიყვარულით გამოირჩევა, მაგრამ მას მოძულე და მტერი არ ჰყავს, მაშინ ეს ფაქტი დამაფიქრებელი უნდა აღმოჩნდეს ჩვენთვის. მაცხოვარი ხომ ნათლად გვასწავლის: „უკუეთუ მე მდევნეს, თქუენცა გდევნნენ”, ეს გარდაუვალია. თუმცა ეპოქის და გამოწვევების შესაბამისად, დევნის ხარისხი და საშუალებები ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულია. შეუძლებელია, ღვთის რჩეული სოფლის რჩეულიც იყოს, რამეთუ სოფელს სძულს ღმერთი.

მიუხედავად ამისა, ღირსეული ქრისტიანი ყველასგან და ყოველთვის დევნული როდი იქნება: „უკუეთუ სიტყუანი ჩემნი დაიმარხნეს, თქუენნიცა დაიმარხნენ”. მას ეყოლება თავისი მეგობრები და თანამოაზრეები, რომლებიც გვერდში დგომასა და ნუგეშს არ მოაკლებენ მას.

საინტერესოა, რამდენად შეიძლება შეგვეხოს მეცხრე ნეტარების სიტყვები თანამედროვე ქრისტიანებს? თითქოს არანაირი დევნა არ მიმდინარეობს, მაგრამ უკვე ყველა ვხვდებით, რომ ძალიან ახლოს არის ის დრო, როდესაც ქრისტიანებს დევნა აუცილებლად დაიწყება. დევნას არ ექნება ადრინდელი სახე. რატომ? პასუხი მარტივია; ძველმა მიდგომამ და პირდაპირმა გალაშქრებამ ქრისტიანობა ვერ მოსპო; ახლა სხვაგვარი მეთოდია შემუშავებული და უნდა ითქვას, რომ ამ მხრივ მნიშვნელოვნადაც წაიწიეს წინ. ქრისტიანობა უკვე აღარ წარმოადგენს სახელმწიფოთა მოწყობის რაიმე განმსაზღვრელ ფასეულობას. ცდილობენ, ქრისტეს სარწმუნოება თანამედროვეობასთან შეუფერებელ და მოძველებულ ტრადიციად წარმოაჩინონ, რომელიც ოცდამეერთე საუკუნეში „განვითარებას ვეღარ ჰპოვებსო“. ამიტომაც ეწოდება ევროპას პოსტქრისტიანული, რაც იმას ნიშნავს, რომ მოხდა სახელმწიფოთა სეკულარიზაცია. ეს შეიძლება ჯერ კიდევ არ ყოფილიყო საგანგაშო, მაგრამ უბედურება ის არის, რომ ამის ფონზე მიზანმიმართულად მიმდინარეობს ყოველგვარი ზნეობრივი საფუძვლებისა და ნორმების მოშლა.

სწორედ უზნეობის პროპაგანდა და არაადამიანური ნორმების დაკანონება წარმოადგენს დღეს ქრისტიანთათვის მთავარ საფრთხეს. ამის რეალური მაგალითები უკვე გვხვდება სხვადასხვა პოსტქრიასტიანულ ქვეყნებში. ეს ყველაფერი კი იქამდე მიიყვანს საზოგადოებას, რომ ცოდვა და უზნეობა მოდად დამკვიდრდება და პრინციპში მკვიდრდება კიდეც, ხოლო სიწმინდე და ზნეობა – ჩამორჩენისა და გაუნათლებლობის მანიშნებელ ნორმად იქცევა. ამიტომ, ქრისტიანთა მიმართულებით წარმოებული დევნის მთავარი გამოხატულება სწორედ სიწმინდით ცხოვრების გამო საოცარი დაცინვა, ფსიქოლოგიური ზეწოლა და აბუჩად აგდება გახდება.

განა ადვილია, რომ საზოგადოების მხრიდან მუდმივად დამცირებული, დასაცინი და გარიყული იყო?! არცთუ მარტივი იქნება ამ ყოველივეს ღირსეულად გადატანა, თუმცა როგორც უფალი ამ ყოველივეს დამთმენს ჰპირდება: „გიხაროდენ და მხიარულ იყვენით, რამეთუ სასყიდელი თქუენი ფრიად არს ცათა შინა”. ვინც უდრტვინველად, მოთმინებით და სულგრძელებით დაითმენს ამგვარ განსაცდელებს, მას უდიდესი სასყიდელი ელის ზეციურ სასუფეველში.

მაგალითისთვის განვიხილოთ ისეთი შემთხვევა, როდესაც მშობელი ხელს უშლის შვილს ეკლესიაში სიარულში; სამწუხაროდ, ამგვარი უამრავი მაგალითი გვხვდება დღევანდელ დღეს. ამის მიზეზს კი ძირითადად ის წარმოადგენს, რომ მათთვის სიწმინდის დაცვა და ღვთიმსახურების მნიშვნელობა გაუგებარია და მიაჩნიათ, რომ ეკლესიაში სიარულს მეცადინეობა ჯობია; თუმცა ეს მხოლოდ უსაფუძვლო არგუმენტია, რაც მწარე რეალობაა. მიუხედავად ამისა, მშობლები გვიფრთხილდებიან, მაინც ითვალისწინებენ ჩვენს სურვილს და აზრს. ის სხვანი კი, რომლებიც ამ წუთისოფლის ძენი არიან, აღმსრულებელნი ყოველგვარი უზნეობისა, რა თქმა უნდა არაფრად ჩააგდებენ ჩვენს პირად ინტერესებს. ისინი გამალებით დაიწყებენ ჩვენს წინააღმდეგ ბრძოლას და შეეცდებიან ჩვენში არსებული სიწმინდე სირცხვილად შერაცხონ. ზოგიერთს კიდეც აურიეს ტვინი. აქტიური აგიტაცია მიმდინარეობს „სიწმინდის არარსებობის“ შესახებ. მათი სწავლების მიხედვით აშკარად ისე გამოდის, რომ თითქოს ქართველი კაცი ოცი საუკუნე არასწორად ცხოვრობდა და მოვიდა დრო, რომ ჭეშმარიტებას მიაგნო ოცდამეერთე საუკუნეში.

საოცარია ადამიანის ფანტაზია. როგორ შეიძლება ასე ერთი ხელის მოსმით ოცსაუკუნოვანი ადამიანური და ღვთაებრივი თანაცხოვრების ისტორიასა და გამოცდილებას ხაზი გადაუსვა და თქვა, რომ ევროპული ცივილიზაციის აღმოჩენის სახით მივაგენით ჭეშმარიტებასო. ქრისტეს სიტყვები: „მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე” (იო.14,6) თურმე არამართებული ყოფილა, ჩვენი წარსული ცდომილების მსახურება, ხოლო სახელოვანი წინაპრები – გზააბნეულნი. მრავალმა ჩვენგანმა უკვე სიწმინდის ცნება დაივიწყა, ტრადიციას გაემიჯნა და რწმენა უგულებელყო, ხოლო ეს ყველაფერი ევროპული ფასეულობებით შეცვალა. არადა მარტივად შეგვიძლია ევროპული ცივილიზაციის ნაწილი გავხდეთ ისე, რომ არ დავკარგოთ მეობა. მართლაც არის ფასეული დასავლური სახელმწიფოებრივი მოწყობის პრინციპები ჩვენთვის, თუმცა არა საკუთარი ღირებულებების დაკარგვის ხარჯზე. დავით მეფსალმუნე ამბობს: „კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმაჰყო; ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ”(ფს. 45,12). თუკი ადამიანობა დავკარგეთ, მაშინ რაღად გვინდა ამქვეყნიური კეთილდღეობა?!

ნუ დაგვავიწყდება ქრისტეს სიტყვები: „ნეტარ იყვნენ დევნულნი სიმართლისათვის”. თუკი ქრისტიანობა ასეთი ადვილი იქნებოდა, მაშინ ქრისტე არ გვეტყოდა აღნიშნულ სიტყვებს. დევნული ის არის, ვინც სიმართლეს იცავს და ვინც საკუთარ თავში უბიწოებას ეძებს. ვინც დროის გამოძახილის მიხედვით ცხოვრობს, ის არ იქნება დევნილი. დევნული ის იქნება, ვინც ბოლომდე შეეცდება თავის თავში სიწმინდისა და სამართლის მოპოვებას.

ღმერთმა ქნას, რომ ასეთი სიწმინდე, შეუპოვრობა, სიმტკიცე და სულგრძელება შეგვეძინოს, რათა ყველანაირ დევნას წინ მედგრად აღვუდგეთ. თუკი ვერ გამოვიჩენთ სათანადო სიმტკიცეს, მაშინ საცდური დიდია და ძნელად თუ ვინმე გაუსხლტება მას ხელიდან. გავიხსენოთ ბიბლიური ისტორია კაენისა და აბელის შესახებ. აბელმა მართლად შესწირა მსხვერპლი ღმერთს, მთელი გულით, უანგაროდ. კაენის მსხვერპლი კი არ მიიღო უფალმა, რის გამოც შური აღეძრა საკუთარი ძმის მიმართ და მოკლა იგი. კაენმა საკუთარი, ერთადერთი ძმა მოკლა იმის გამო, რომ აბელი სიმართლის დამცველი იყო.

აი, სწორედ ამგვარადვე, თუკი სიმართლისა და სიწმინდის დამცველნი ვიქნებით, მაშინ უწმინდურნი არ მიგვიღებენ; აღიძვრებიან შურით, ბოროტებით და დაგვიპირისპირდებიან. ასე რომ, ვიცოდეთ, ქრისტიანობა, რა თქმა უნდა, სიმშვიდისა და სიყვარულის სარწმუნოებაა, მაგრამ ამავე დროს ამ ყველაფრისთვის, რასაც ღმერთი გვაძლევს, დევნაც გარდაუვალია. რამეთუ სწორედ დევნაში განმტკიცდება რწმენა იესო ქრისტესი. განმტკიცებული რწმენა კი შეუპოვარია და ზეციური სასყიდლით გვირგვინდება: „გიხაროდენ და მხიარულ იყვენით, რამეთუ სასყიდელი თქუენი ფრიად არს ცათა შინა”.
უფალმა გაკურთხოთ და გაგაძლიეროთ!”

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

მსგავსი სტატიები

კატეგორიები

ახალი კომენტარები