მთავარი » კულტურა

მეც ერთ-ერთი თქვენგანი ვარ

სტატიის ავტორი: | თარიღი: 11.02.2014 | 1,911 ნახვა

… ,,თუ როგორ გვთვლიან ჩვენ სხვები? ერთი? ერთნი? ერთ–ნახევარი? თუ არც ერთი? ალბათ, არც ერთი…ჩვენ ხომ მათთვის საერთოდ არ ვარსებობთ?!“
,,მე დავიბადე და მოდი ჩემთან, ვიქნებით სამნი,” – სწორედ ეს ფრაზა იყო პირველი, მეც ერთ-ერთი თქვენგანი ვარრაც ,,აქსის შოპინგში” მისულ მკითხველს თვალში მოხვდებოდა (06.02.2014).

კედლებზე – ნახატები თუ სხვა ფრაზები, მონიტორზე – ზღვის ტალღების მიმოქცევა, ზღვისა, რომლის ნახვაც წიგნის ერთ-ერთი გმირის ოცნება იყო, აუდიტორია – მრავალგვარი და ,,მრავალფერი”. აქ იყვნენ ფეხზე მდგომნი, ეტლში მსხდომნი თუ სკამზე მოკალათებულნიც. ეს ყველაფერი ეკატერინე ტოგონიძის რომანის “Aსინქრონი-ს“ აქცია-პრეზენტაციაზე იყო წარმოდგენილი.

წიგნი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს ეძღვნება. რომანში მოთხრობილი ამბავი განსაკუთრებული შემთხვევაა. ეს გახლავთ თემა, რომელზეც ნაკლებად საუბრობენ. მთავარი გმირების პროტოტიპები რეალური ადამიანები, ამერიკელი დები არიან, თუმცა მოვლენები ქართულ გარემოში ვითარდება, შეუწყნარებელ საზოგადოებაში, სადაც უჭირთ განსხვავებულის მიღება, სადაც პირადი ტრაგედია შეიძლება სასტიკ საცირკო სანახაობად იქცეს.

ლაშა ბუღაძე (მწერალი, დრამატურგი): “მე მართლაც შოკირებული ვარ. რომანი არის საოცარი, ერთი შეხედვით ძალიან მძიმეა, სიამის ტყუპის ამბავი, თუმცა ჩემთვის, როგორც ავტორისთვის არ გახლავთ რაღაც კონკრეტული ფიზიკური მოცემულობის აღწერა. ამ ფიზიკური რეალობის, ამ საშინელი კონტრასტის მაგალითზე ავტორი გვიყვება, ალბათ, უდიდეს კონტრასტს, რომელიც თითოეულ ადამიანში არსებობს – საშინელი და მძაფრი კონფლიქტი ხშირ შემთხვევაში საკუთარ თავთან, საკუთარ ალტერ ეგოსთან“.

,,ვერ ვიტან ლინას ამ თვისებას. აავსებს ტაშტს, ჩაყობს თავს და არის ასე. ამბობს, რომ ისვენებს. ვისვენებო თუ ვფიქრობო – აღარ მახსოვს… ერთობა, რა…ცოტა ხანში ბუშტებს უშვებს. მეც მასველებს! მერე თავს ამოყოფს, ჩაისუნთქავს და ისევ თავიდან…ერთხელ ვიფიქრე, ვცდი-მეთქი. ჰოროსკოპით ხომ ერთნი ვართ და იქნებ ერთნაირი რაღაცებიც მოგვწონს…მაგრამ – არა. რა სისულელეა… თან არ მინდა, ნახოს, როგორ ვბაძავ… ისედაც სულ თვალი უჭირავს ჩემს დღიურზე. მგონია, რომ მალე თვითონაც დაიწყებს წერას. დაიწყოს, მე რა?!“

ანა კორძაია-სამადაშვილი (მწერალი, ჟურნალისტი ): “ეს არის ერთ-ერთი იმ წიგნთაგანი, რომლის წაკითხვის შემდეგ ძალიან დიდხანს ვფიქრობდი და ამაზე ფიქრს, ალბათ, კიდევ განვაგრძობ. ჩემთვის ცოტა რთულია იმის წარმოდგენა, უნდა შევიდე ვიღაცის ძალიან მძიმე სამყაროში, საიდანაც თითქოს გამოსავალი არ არის. აღმოჩნდა, რომ ახალში არაფერში შესვლა არ მომიწია იმ პრიმიტიული მიზეზის გამო, რომ ეს გმირები ჩემიანები აღმოჩნდნენ. რა თქმა უნდა, მძიმე წიგნია, მაგრამ მეორე მხრივ, არის სიცოცხლის დამმკვიდრებელი სასიხარულო განცდების გამო. ნახეთ, მზე ისევ ამოვიდა, ნახეთ, ვიღაც შემიყვარდა, ნახეთ, ორი გოგოა, რა უცნაური გოგოები არიან, ერთი თურმე ლექსებს წერს და მეორე არ წერს და არ მოსწონს იმის ლექსები. სამყაროა, რომელიც, ერთი მხრივ, არის ტრაგიკული, მეორე მხრივ, დიდი სინათლით გაჟღენთილი, იმიტომ, რომ შეიძლება ზღვაში არასდროს გაცურო, მაგრამ სიზმარში ისეთი ზღვა ნახო, რომელიც არც კი დაგვსიზმრებია.”

მთავარი გმირების ერთადერთი მეგობარი წიგნში მხოლოდ დღიურია. მათ იქ შეუძლიათ ისაუბრონ ყველაფერზე და ესაუბრონ ყველას, წერა მათთვის ერთადერთი შვებაა, ერთფეროვანი ცხოვრებისგან თავის დაღწევის საშუალებაა, მათ ფურცელზე შეუძლიათ გადმოსცენ ყველაფერი, რასაც გრძობენ და განიცდიან. “ხომ შეიძლება რამე კარგი მოხდეს ხანდახან მაინც?!ათასში ერთხელ…ზაზა რომ შოკოლადს გამოიყოლებს ქალაქიდან ან ბებია რომ ნამცხვარს გამოაცხობს – იმაზე კარგი, ოდნავ უკეთესი, ცოტა მეტი სიხარული …აღარ მყოფნის ეს წვრილმანები, აღარ მიხარია! დავიღალე ყველაფრისგან, უფრო კი არაფრისგან, ჩვენი ცხოვრება არის არაფერი“.

,,დავიბადებოდი ჩიტად ან თევზად.

ეს მთა ვიქნებოდი, ან მდინარე. ბებიის საყურეებიც კი ვიქნებოდი, დედის ვერცხლის ფოთოლი, ან სულაც – ეს ჯადოსნური კარადა. ვიქნებოდი ყველა და ყველაფერი.“

წიგნი საქველმოქმედო თანხად გაიყიდა. შემოსული თანხა მოხმარდება სემინარს, რომელიც საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას უკავშირდება. ასევე, დიდი თალასემიის მქონე ორ გოგონას დაუფინანსდება ორთვიანი მედიკამენტოზური მკურნალობა ღონისძიების ფარგლებში მოძიებული თანხით. პრეზენტაციის ბოლოს მოძრაობის თეატრმა გაგვიცოცხლა სცენა ტყუპების ცხოვრებიდან,. მათ ემოცია, სინქრონული მოძრაობებით, დამსწრე საზოგადოებამდე მოიტანეს.

წიგნმა კი დაგვიტოვა საფიქრალი, რომ არის თემები, რომლებზეც ფიქრით ხშირად თავს არ ვიღლით, თუმცა ეს თემები მაინც არსებობს და იმედი ვიქონიოთ, “Aსინქრონი“ და ეს საღამო ყინულს დაძრავს და ჩვენ შევძლებთ გავაცნობიეროთ, რომ ისინიც ჩვენი საზოგადოების ნაწილი არიან და რომ მათაც აქვთ არსებობისა და ოცნების უფლება. თემა რთული და მნიშვნელოვანია, მისი ფაქიზად გადმოცემა კი ავტორს ნამდვილად გამოუვიდა. ამბავი არის დამაჯერებელი და ღრმა კვალს ტოვებს ჩვენში.

თამარ ქარდავა


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი