25 ივლისი 2024, ხუთშაბათი
მთავარისხვადასხვამცხეთის სიწმინდეები

მცხეთის სიწმინდეები

“”წმიდა დედაქალაქის” უმთავრესი სიწმინდე ჯვარცმის წინ განმოსილი მაცხოვრის კვართია.”

საქართველოს უძველესი დედაქალაქი მცხეთა ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის უცვლელი ისტორიული და სულიერი ცენტრია.

იღუმენი დიონისე გვიმრაძე “წმიდა დედაქალაქი” – ასე იწოდებოდა მცხეთა ქართულ ქრონიკებში. აქედან იწყება ქართველების ღვთისკენ მიმართული ისტორია.

უფლის განგებით, ეს სივრცე განემზადა ორი დიდი აპოკალიფსური სიწმინდის – წინასწარმეტყველ ელიას ხალენისა და უფლის წმიდა კვართის დასამარხად და დასაცავად მეორედ მოსვლამდე.

ქეთი აბაშიძე (ხელოვნებათმცოდნე): “დასაბამად ქმნა ღმერთმა ცაი და ქვეყანაი”. “ყოველივე სიტყვითა მისითა დაიბადების”. უფალმა სამყარო განაწყო და დაუდო წესრიგი.

ორი მდინარის – მტკვრისა და არაგვის შესართავი – ხერთვისი ღმერთმა უწინარესად გარემოშემოზღუდული მთებით განამზადა. ამ სივრცეში მხოლოდ მდინარეთა შორის დაბლობია ქიმისებურად შეჭრილი დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ – სარკინეთიდან ჯვარის მთისკენ. მისგან სამხრეთით, მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გასწვრივ, კლდოვანი ქედი მიუყვება, რომელიც აღმოსავლეთისკენ კონუსური მთით, დღევანდელი ბაგინეთით მთავრდება. ამ მთის წვერიდან საოცარი ხედი იშლება: მდინარე ხერთვისის აღმოსავლეთით ჯაჭვის-ჯვარის მთაა; ჩრდილო-აღმოსავლეთის მხრიდან სივრცე ზედაზნის მთის ქედით არის შემოსაზღვრული; ჩრდილოეთიდან ბუნებრივ ზღუდეს მდინარე არაგვის მარჯვენა მხრიდან კოდმანის მთა აგრძელებს, ხოლო დასავლეთიდან სარკინეს მთაა.

მტკვარ-არაგვის შესართავის დაბლობი, როგორც გარემოს ცენტრი, ირგვლივ ბუნებრივი ზღუდეების მსგავსად აღმართული კლდეებით, სივრცის გული – მცხეთა – ერთგვარი კლდოვანი ლაშქრით, კლდოვანი ზღუდეებითაა გარშემორტყმული. შეუძლებელია არ გაგახსენდეს ფსალმუნი: “აღაშენენ ზღუდენი იერუსალიმისანი.…”

ქართული მატიანეების მიხედვით, ბიბლიური ნოეს შთამომავალი, იაფეტის შვილთაშვილი ქართლოსი მცხეთის სამხრეთით, დღევანდელი ბაგინეთის მთის წვერზე დაეფუძნა. ეს ყველაზე მოხერხებული, სტრატეგიული ადგილი გახლდათ. ამ მთას ქართლოსისგან მთა ქართლი ეწოდა, ქვეყანას –ქართლი, ხოლო ჩვენ – ქართლოსიანები. იგი ქართლის მთის წვერზეა დაკრძალული. მისმა ვაჟმა მცხეთოსმა პირველმა დაასახლა ორ მდინარეს შორის ტერიტორია, რომელსაც ქალაქი მცხეთა უწოდა. ქართლოსი და მისი ვაჟი ქართლოსიანთა მამამთავრები ჭეშმარიტი ღმრთის, ქვეყნის დამბადებლის აღმსარებლები გახლდნენ. ასე, უფლის განგებით შეირჩა და განემზადა მტკვრისა და არაგვის შესართავი ჭეშმარიტი “აკვანი” – “წმიდა დედაქალაქი” მცხეთა.

მცხეთოსის ვაჟის – უფალოსის შემდგომ მისმა ძმებმა და შთამომავლებმა კერპებს სცეს თაყვანი და ჭეშმარიტი ღმერთი დაივიწყეს. მხოლოდ ქართლოსის საფლავს არ ივიწყებდნენ და “ფიცულობდნენ.”

ქრისტეს შობამდე VI საუკუნეში საქართველოში იერუსალიმიდან დევნილი ებრაელების პირველი ტალღა მოვიდა, რომელთა შორის წინასწარმეტყველ ელიას შთამომავლები იყვნენ. მათ ძველი აღთქმის ერთ-ერთი უდიდესი სიწმინდე – წინასწარმეტყველ ელიას ხალენი მოაბრძანეს საქართველოში. ამ სიწმინდის მცველები მცხეთაში დასახლდნენ და აქვე “არაგვსა ზედა” დაფლეს იგი. ცოდნა ხალენის დაფლვის ადგილის შესახებ წინასწარმეტყველის შთამომავლებს მემკვიდრეობით გადაეცემოდა.…დღეს ეს ადგილი სვეტიცხოვლის ტაძარშია დაუნჯებული.

საქართველოს პირველი მეფე ფარნავაზი, უფალოსის შთამომავალი, ქართლოსიანი იყო. მან განამტკიცა სახელმწიფო, განავრცო ენა ქართული, ქართლის მთა და მცხეთა მტკიცედ მოზღუდა ციხე-გალავნებით. ქართლოსის საფლავის წინ აღმართა კერპი – არმაზი და მისი დღესასწაულის დღე 6 (19) აგვისტო განაწესა, თავად ფარნავაზი კი კერპის წინაშე დაიკრძალა.…

ამდენად, ქრისტეშობამდე უფლის კვართის მისაღებად და მცველად განემზადა ქვეყნის დედაქალაქი მცხეთა. “დიდი მცხეთა” ციხე-გალავნებით იყო გარშემორტყმული: სივსამურა და არმაზის ციხე, ზედაზნისა და ბებრის ციხე, მოგუთა უბანი, ებრაელთა უბანი და სხვა.…
ამ დროს მაღალი მხატვრულ-ესტეთიკური ღირებულებების ანტიკური კულტურის ქვეყანა გახლდათ.

“წმიდა დედაქალაქის” უმთავრესი სიწმინდე მაცხოვრის კვართია, უშუალოდ ჯვარცმის წინ განმოსილი. ეს გახლავთ ცენტრი ჩვენი, ქართველთა წინარექრისტიანული და ქრისტესშობიდან “ვიდრემდის ჰგიეს ესე წმიდა დედაქალაქი” ისტორიის ქვაკუთხედი. სვეტიცხოვლის ტაძარი კი დიდი ქვის “კიდობანი”, ქვის “ლუსკუმაა”, რომელიც ამ ორი, ძველი და ახალი აღთქმის უდიდესი სიწმინდის “ურთიერთშეყრის” ადგილზეა აგებული. იგი ჩვენი ქვით ნაგები “ბიბლიაა”, რომლის “ხუროთმოძღვრული სხეულის” “კვართი” (იგულისხმება არქიტექტურა, ფერწერა და სხვა) საუკუნეთა მანძილზე იქსოვებოდა და მოიქსოვება მეორედ მოსვლამდე, რადგან ეკლესიის გარდამოცემითა და წერილობითი წყაროების უწყებით, ეს სიწმინდეები მეორედ მოსვლისას გაცხადდებიან.

წინასწარმეტყველი ელია აპოკალიფსურ ხანაში დაბრუნდება, რათა ამხილოს ანტიქრისტე, ხოლო დედა სიდონია (ელიოზის და) მეორედ მოსვლისას ღვთის წინაშე კვართით ხელში წარსდგება, ხოლო ჩვენ კი – იმ პატივით, რაც ამ სიწმინდეებს მივაგეთ.

წმიდა დედაქალაქი მცხეთა და მისი ტაძარი სვეტიცხოველი ქართველების ისტორიის ღერძია და ჩვენი “მიწიერი სამოთხის” – საქართველოს ცენტრი, ხოლო ჩვენ კი, ქართველნი – კვართის მცველად “გაწყობილი” ლაშქარი.…

სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ეკლესიის ავტოკეფალურობის ერთ-ერთი ძირითადი ნიშანი – წმიდა მირონი მზადდება, ეკურთხებიან კათოლიკოს-პატრიარქნი, მღვდელმთავარნი.…

საქრისტიანოს უდიდესმა სიწმინდემ – უფლის კვართმა, მცხეთაში დაფლულმა, ეს ქალაქი და მისი შემოგარენი უდიდეს სასწაულთა არეალად აქცია: მოციქულთა სწორის, წმიდა ნინოს ლოცვით, ფერისცვალების დღეს წარმართულ კერპთა მსხვრევა ქართველი ხალხის სულიერი ფერისცვალების საწყისი გახდა.

მას შემდეგ, რაც თხოთის მთაზე მომხდარმა სასწაულმა მეფე მირიანს სულიერი თვალი აუხილა, მტკვარ-არაგვის წყალშესაყართან “აღმართა ჯუარი ქრისტესი ნინომ”, მოინათლა მეფე სახლეურით, მთავარნი, “სიმრავლე ერისა,” ხოლო როდესაც უფლის გამოცხადებითა და წმიდა ნინოს ჩვენებით “ყოველმან ქართველმან” ჯვარზე, თხოთსა და უჯარმაში “ჯვარნი პატიოსანნი” აღმართა, კერპთაყვანისმცემლობა საბოლოოდ დაიმსხვრა ქართველის სულიერ და ფიზიკურ სამყაროში.

მცხეთაში დაიწყო სასწაულთა მოვლინების ადგილების წარმოჩენა და იერუსალიმის მსგავსად, მაცხოვრის მიწიერ ცხოვრებასთან დაკავშირებული წმიდა ადგილების დამკვიდრება: უფლის კვართის დაფლვის ადგილზე – “დიდი სიონი” – სვეტიცხოვლის ტაძარი აღიმართა, ხოლო მის მოპირდაპირედ, ქართველთა გოლგოთაზე – მცხეთის ჯვარი, აქვეა თაბორი, ელეონი, გეთსიმანია, ბეთლემის ქვაბი, მტკვარ-არაგვის შესართავის კლდოვან ქიმზე – პირველმოწამე წმიდა სტეფანეს ტაძარი – ანტიოქია, რომლის მახლობლადაც მდინარე მტკვრის, “ჩვენი იორდანეს” მარცხენა ნაპირზე ყოველთა ქართველთა სანათლავია.…

ასე გადაიქცა მცხეთა გარემომცველი სივრცით ცოცხალ, მეორე იერუსალიმად და საფუძველი ჩაეყარა იერუსალიმური ლიტურგიკული წესის ღვთისმსახურებას – ლიტანიობით ლოცვას.

ქეთი ჭელიძე

მსგავსი სტატიები

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები