“როდესაც ზღვაზე მიმავალმა პეტრე მოციქულმა ჩაძირვა დაიწყო, ამის მიზეზად მან ძლიერი ქარი ჩათვალა: “ვითარცა იხილა ქარი იგი ძლიერი, შეეშინდა და იწყო დანთქმად, ღაღადყო და თქუა: უფალო, მიხსენ მე!” (მთ. 14,30). მაგრამ უფალმა უთხრა მას, რომ მიზეზი – მისი მცირედმორწმუნეობა იყო: “მცირედმორწმუნეო, რაისა შეორგულდი?” ასევე ქრისტიანები თავიანთი ბოროტი საქმეებისა და ბოროტი ცხოვრების მიზეზად ცდუნებებს თვლიან, რომლებსაც ვერ ლახავენ. მათი ამაო საქმეების ჭეშმარიტი მიზეზი კი ისაა, რომ მათი რწმენა – სუსტი და მწირია. ასეთი რომ არ ყოფილიყო, ეშმაკი ვერ შეძლებდა, ცოდვის საშინელ მონობაში მოექცია,” – წმ. ნიკოდიმოს მთაწმინდელი.
მცირედმორწმუნეობა დღეს ყველაზე გავრცელებული ცოდვაა, რომელიც ზოგჯერ ურწმუნოებაში გადადის. მცირედმორწმუნე ხშირად უშვებს გულში გმობასა და ცილისწამებას ეკლესიის წესებისა და განწესებების შესახებ, ეჭვი ეპარება ეკლესიის ამა თუ იმ კანონის სისწორეში, უგულებელყოფს ეკლესიის მიერ დადგინებულ მარხვებს და გულგრილია საეკლესიო დღესასწაულების მიმართ.
ხშირად ის მხოლოდ გარეგნულად გვევლინება მორწმუნედ და სინამდვილეში ქრისტიანობაზე არასწორი შეხედულება აქვს ჩამოყალიბებული. მცირედმორწმუნეობის გამო ადამიანები კარგავენ ყველაზე ძვირფასს – უფალ იესო ქრისტეს.
მამა კახაბერ ურუშაძე (წმ. გრიგოლ ხანძთელის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური): “მცირედმორწმუნეობის ცოდვა ადამიანთა ცხოვრებაში, მათ ურთიერთობაში გამოვლენილი გარკვეული მოქმედებებით განისაზღვრება. თუ ადამიანში სარწმუნოება გონებითად არ არის გამჯდარი, როგორც არ უნდა ვანუგეშოთ, ვთქვათ, არ ინერვიულოს, ჰქონდეს ღვთის რწმენა, მასში ურწმუნოება, უიმედობა, სასოწარკვეთილება მაინც გამოვლინდება. ასეთ შემთხვევაში მან უნდა გადადგას კონკრეტული ნაბიჯები, რათა სარწმუნოება ბუნებითად შეიძინოს.
გავიხსენოთ სახარებიდან: უფალთან მისული მოწაფეები მას სარწმუნოების შეძენას სთხოვენ. ამ იგავში მაცხოვარი ამბობს, განა რომელი ბატონია, რომელსაც სამუშაოდან მონა მოუვა და პირდაპირ ეტყვის, მასთან ერთად იტრაპეზოს?! პირიქით, დაავალებს, როგორც წესია, ჯერ ბატონს მოემსახუროს, შემდეგ კი მიუჯდეს სუფრას. ღვთის წინაშე ჩვენც ხომ მონანი ვართ?! სანამ არ გავწევთ სულიერ თუ ფიზიკურ შრომას, რაც მისგან გვაქვს დავალებული, ვერ შევიძენთ სარწმუნოებას. ღვთის რწმენას ადამიანი იმ სულიერი საზრდელით იღებს, რომლის მიღების საშუალებასაც დედა ეკლესია გვაძლევს. ამა თუ იმ საუდუმლოში მონაწილეობისას ადამიანი ღვთაებრივი მადლმოსილების თანაზიარი ხდება. ამ დროს მას სარწმუნოებაც შეეძინება, მაგრამ ეს არ ხდება ერთბაშად, ამას სჭირდება გარკვეული ძალისხმევა, შრომა და გულმოდგინება. ლოცვისა და მარხვის გარეშე შეუძლებელია წარმატების მიღწევა, სულიერი წინსვლა.
პირველ რიგში, ადამიანი მოძღვართან უნდა მივიდეს. მოხდეს სულიერი “გრაფიკის” ჩამოყალიბება, თუ რა შეუძლია მოიღვაწოს მან უფლის წინაშე, რათა უფლის დახმარებითა და ამ შრომის საფუძვლად ღვთაებრივი მადლის მიღების ნიადაგი მომზადდეს, რომლის მეშვეობითაც ის სარწმუნოებას შეიძენს. შესაბამისად, სულიერი მამის რჩევითა და დახმარებით ადამიანში რწმენის ამაღლება ნელ-ნელა მოხდება.
მცირედმორწმუნეობა ადამიანში მრავალი სახით გვხვდება. ხშირია შემთხვევა ორი პიროვნების საუბრისას ასეთ დიალოგს შევესწროთ: მართლა? აბა დაიფიცე!.. არის ხატზე დაფიცების შემთხვევებიც. ეს არ უნდა ხდებოდეს ურთიერთობაში. ეჭვიანობის, უნდობლობის გამო ასეთ ფორმას არ უნდა მივმართოთ. ძნელია ეს მას მოვთხოვოთ, ვისაც მადლის მოპოვებისა და შესაბამისად, რწმენის შეძენისათვის ნიადაგი არ მოუმზადებია.”
“ყველაზე დახვეწილი და ყველაზე რთული ბრძოლა აზრებთან ყოველწამს იმას აქვს, ვინც რელიგიურად ცდილობს ცხოვრებას. დიდი სიფრთხილე გმართებს, ბოროტისაგან მოგზავნილი აზრების შემჩნევა, უკუგდება და მოგერიება რომ შეძლო. ასეთ ადამიანებს გულითადი, მხურვალე რწმენა, სიმდაბლე და სიყვარული უნდა გააჩნდეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში გულში ადვილად მოიკალათებს ეშმაკის მზაკვრობა, მზაკვრობასთან ერთად – მცირედმორწმუნეობა, ანუ ურწმუნოება და მერე – ყველა სახის ბოროტებაც, რომელთაგან ცრემლიც კი ვერ გიხსნის იოლად. ამიტომ არამც და არამც არ გაიციო გული და განსაკუთრებით კი ლოცვისას, მოერიდე გულგრილობას. ძალიან ხშირად ბაგეებზე ლოცვა აკრავს კაცს და გულში კი – მზაკვრული მცირედმორწმუნეობა ანუ ურწმუნოება; ბაგეებით თითქოს ახლოსაა კაცი ღმერთთან, გულით კი – შორს. ლოცვისას კი ბოროტი ყველანაირად ცდილობს, ჩვენდა შეუმჩნეველად, გაგვიგრილოს გული, გვაცდუნოს. ილოცე, გამხნევდი, განიმტკიცე გული,” – წმ. იოანე კრონშტადტელი.
თეონა ნოზაძე

მარტლაც რომ ბრჯნული დარიგებებია
სწორედ რომ ასეა,ლოცვის დროს ჩემდადამოუკიდებლად მრავალი აზრი მომდის,ვცდილობ არ მივაქციო ყურადღება,ზოგჯერ ხელახლა ვკითხულობ იგივე ლოცვას სხვა როგორ ვიბრძოლო საკუთარი თავის წინააღმდეგ თუ დამარიგებთ მადლობელი დაგრჩებით….ღმერთო,გვიშველე…!!!
მართლაც რომ ასეა, ეკლესიაშიც დავდივართ, ვმარხულობთ, ვეზიარებით, მაგრამ მაინც რაღაცაში თითქოს ეჭვი გვეპარება, ბოლომდე არ გვჯერა თუმცა არ ვაღიარებთ, სამწუხაროდ ასეა. მეც მემართება ის, რომ ლოცვის დროს ამქვეყნიურ პრობლემებზე და სხვადასხვა საკითხებზე მეფიქრება, გონს რომ მოვდივარ ლოცვა ჩამთავრებული მაქვს, მაგრამ იქიდან ერთი სიტყვაც არ მახსოვს რა წავიკითხე, მართლა ძალიან რთულია ამასთან ბრძოლა, ღმერთმა გაგვაძლიეროს რწმენაში…