ეროვნულ მუზეუმში მახათას მთაზე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის არქიტექტურული პროექტის პრეზენტაცია შედგა. პროექტი ომარ ნაფეტვარიძეს ეკუთვნის. პრეზენტაციას უწმიდესი და უნეტარესი ილია II წმიდა სინოდის წევრებსა და სასულიერო პირებთან ერთად დაესწრო.
ღონისძიებაზე რეჟისორ ლევან კოღუაშვილის მიერ მომზადებული ვიდეოკლიპის ჩვენებაც მოეწყო. კლიპში ისტორიული მშენებლობის მნიშვნელობაზეა საუბარი და 2011 წლის 12 მაისს ტაძრის საძირკვლის კურთხევას ასახავს.
პრეზენტაციის დასრულების შემდეგ უწმიდესმა ბრძანა, რომ ვინც ეკლესია-მონასტრებს აშენებს, ის თავის სულიერ ტაძარს აგებს, ხოლო ვინც ანგრევს, საკუთარ სულიერ ტაძარს ანადგურებს. პატრიარქმა გაიხსენა, რომ რამდენიმე ხნის წინ მას სტუმრობდა დელეგაცია, რომლის წევრებს შორისაც ერთი ჩინეთის მოქალაქე იყო. “მე ვკითხე მას, ჩინეთი ასეთი მდიდარია ფილოსოფიური აზროვნებით და როგორ მოხდა, რომ კომუნისტური იდეები მიიღო-მეთქი? მან კი მიპასუხა, რომ ადამიანისა და ერის ცხოვრება ემსგავსება სპირალს, არის დაცემა და აღმავლობა. ახლა ჩვენ დაცემის პერიოდში ვიმყოფებითო. ვმადლობ უფალს, რომ ჩვენ ვართ აღმავლობის პერიოდში, როდესაც ქართველი ადამიანი აშენებს ტაძრებსა და მონასტრებს”, – ბრძანა უწმიდესმა.
პატრიარქის თქმით, ეს ნიშნავს იმას, რომ ქართველი ადამიანი სრულყოფის კიბეზე მიდის. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ივერიისად წოდებული ტაძარი კი იქნება არა მხოლოდ ლოცვისა და სულიერი მოღვაწეობის ადგილი, არამედ დიდი მეცნიერული ცენტრიც.
უწმიდესმა ტაძრის მშენებლობაში მონაწილე თითოეული ადამიანი დალოცა. მისი თქმით, პირველი და ყველაზე დიდი ტვირთი ამ საქმეში პაატა ბურჭულაძეს დაეკისრა, რომელმაც ის მორჩილად მიიღო.
ღონისძიებაზე ანსამბლ “მძლევარმა”, მარიამ როინიშვილმა, ლიზა ბაგრატიონმა და მიშო ჯავახიშვილმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ შექმნილი საგალობლები და უფლის სადიდებელი ნაწარმოებები შეასრულეს.
ისტორიული მშენებლობა 17 აპრილს იწყება. ამ დღეს 18.00 საათზე ნიჩბით პირველად მიწას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ამოიღებს, შემდეგ საქართველოს 38-ვე ეპარქიიდან ჩამოსული მრევლი, რის შემდეგაც ყველა მსურველს მიეცემა უნიკალური შანსი, მონაწილეობა მიიღოს ტაძრის საძირკვლის გაჭრაში.
კათოლიკოს-პატრიარქმა მრევლს მოუწოდა, ამ ისტორიულ დღეს შეაგროვონ ქვები და მასზე დაწერონ თავიანთი სახელები. ეს ქვები შემდგომ ტაძრის საძირკველში მოექცევა.
მახათას მთაზე, ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარს მთელი ჩვენი საზოგადოება, საქართველოში მცხოვრები ხალხი და ქართული ემიგრაცია ერთად აშენებს. იქმნება ცოცხალთა და გარდაცვლილთა წიგნი, რომელშიც ტაძრის აღმშენებელი მილიონობით ქართველის გვარ-სახელი ჩაიწერება. სახალხო აქციაში უკვე 145 ათასი ადამიანია გაწევრიანებული!
“ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი სწორედ ჩვენი ერთიანობითა და თანასწორობით იქნება განსაკუთრებული. მსოფლიოში არ არსებობს სხვა ანალოგი, როცა არა რომელიმე ბიზნესმენი, ან ორგანიზაცია, არამედ ხალხი თავისი კეთილი ნებითა და თანაბარი მონაწილეობით ააშენებს უდიდესი მნიშვნელობის ტაძარს. ღვთისმშობლის საკვირველთმოქმედი ხატის სადიდებლად აგებულ სულიერ სავანეში შესულ ყველა დედას შეეძლება თავისი შვილისათვის სიამაყით თქმა: ეს ტაძარი მე და შენ ავაშენეთ მთელ საქართველოსთან ერთად!”- პაატა ბურჭულაძე.
თეონა ნოზაძე

ღმერთმა დალოცოს და გაძლიეროს ყველა ის ადამიანი, ვინც ამ საშვილიშვილო საქმეში მიიღებს მონაწილეობას! ჩვენც შეგვაძლებინოს უფალმა ჩვენი მცირედი წვლილი შევიტანოთ ამ დიდ საქმეში!
gtxovt dawvrilebit da zustad agvixsnat,italiidan rogor,da sad ra angarishze gadmoiricxeba tanxa da rogor mogawodot saxelobiti siebi….madlobt…hventan ars gmerti…..
მანანა, იხილეთ სტატია
http://www.ambioni.ge/rogor-miviro-monawileoba-maxatas-mtaze-tazris-mseneblobasi
საინტერეოა, ტაძრის პროექტი, მისი გეგმა და პროექტის ავტორის ვინაობა.. თუ შესაძლებელია გამოაქვეყნეთ, გთხოვთ!
ნელი, პროექტი ომარ ნაფეტვარიძეს ეკუთვნის.
იქმნება ცოცხალთა და გარდაცვლილთა წიგნი. როგორ მოვხდეთ ამ წიგნში?
თეონა,მე ვარ დევნილი აფხაზეთიდან,ბანკში უარი მითხრეს ჩემი,როგორც დევნილის ანგარიშიდან ფულის გადარიცხვაზე,ამიტომ თითქმის ყოველ თვეში მიწევს ახალი ფორმის შევსება,რატომ არ შეიძლება,რომ ჩვენც შეგვეძლოს პირდაპირ ანგარიშიდან გადარიცხვა?
გია, ეკა, დაუკავშირდით ფონდ “ივერიისას”, ტელ.: 214 04 84; 240 24 54/55