მთავარი » კონკურსი

მარიამ მელუა – “ჩემი სკოლა” – საქართველოს საპატრიარქოს წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სამრევლო სკოლა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 17.12.2014 | 2,089 ნახვა

ყოფილხართ გურიის ულამაზეს სოფელ ასკანაში? თუ ყოფილხართ, ერთხელ მაინც შენიშნავდით, რა ლამაზია იგი მზის ამოსვლისას. სხივები ტყეს ოქროთი რომ მოავარაყებს, მის დანახვას არაფერი სჯობს. ყველაფერი ელვარებს და კოპწიავდება. ასკანის სკოლის მოსწავლე ასკანა დიდი სოფელია. ქალაქის ცენტრიდან ჩვიდმეტი კილომეტრით დაშორებული. აქ საუკუნოვანი, უძველესი ტრადიციების სკოლაც არის, ტაძარიც და ბევრი სხვა სიკეთეც, მაგრამ… მე მაინც საქართველოს საპატრიარქოს წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სამრევლო სკოლაში ვსწავლობ.

ჩემთვის ძალიან ახლობელი და საყვარელია სკოლისაკენ მიმავალი გზა. ყოველ დილით გავუყვები ჩემთვის ნაცნობ ადგილებს. ხეები, ბუჩქები, ხალხიც კი, უცნობი ადამიანები, რომელთა სახეები უკვე ნაცნობი გახდა ჩემთვის, გულს მითბობენ. ჯერ სკოლის სახურავი გამოჩნდება, ბოლოს – ყავისფრად შეღებილი მძიმე ალაყაფის ჭიშკარი. ზოგჯერ, იშვიათად, დაგვიანებული შევსულვარ სკოლის ეზოში, სირბილით ამივლია კიბეები და პატიება მითხოვია მასწავლებლისათვის. საკლასო ოთახის კარს რომ შევაღებ, ტრადიციული ჟრიამულია. ვინ გაკვეთილს იმეორებს, ვინ რაღაც სასაცილო ისტორიას ყვება, ვიღაც ღიღინებს.

ასკანის სკოლა

პირველი ზარი ლოცვისკენ გვიხმობს. დავიკავებთ შეჩვეულ ადგილს და ვიწყებთ ლოცვას. სწორედ აქ გვასწავლეს, რომ “ლოცვა მცველი არს და მფარველი წესი არს ზეცისა ძალთა და განმღებელი კარისა მის სასუფევლისა”. ჩვენც გამოვხატავთ მადლობას, ვედრებას, ვიმედოვნებთ უფლის წყალობას და ასე დალოცვილნი, ამაღლებული განწყობით შევდივართ პირველ გაკვეთილზე. ყოველ ხუთშაბათს პარაკლისია სკოლაში. ჩვენს სულიერ წვრთნას მოძღვრები ემსახურებიან. ისინი გვიხსნიან, გვამშვიდებენ, გვასწავლიან მოთმინებას, განსაცდელსა და ჭირთან გამკლავებას. რომ სხვისი ბედნიერების ძიებაში საკუთარს ვპოვებთ. გვიხსნიან,როგორ მოვაწესრიგოთ ჩვენი ცხოვრება ბიბლიური მცნებებითა და კანონებით. როგორ აღვასრულოთ ჩვენი საღვთო ვალი.

ცხოვრება ხანმოკლეა. ადამიანს უწევს მრავალი ბარიერის, ტანჯვის, განსაცდელის გადალახვა და თუ მზად არ არის ცხოვრებასთან ჭიდილისთვის, თუ სათანადო ცოდნით არ აღიჭურვა – დაიმონებს წითისოფელი, განსაკუთრებით დღეს, ოცდამეერთე საუკუნეში, ბობოქარი ცხოვრების ტალღებში, ახალი გამოწვევებისა და კონკურენციის პირობებში დიდია ჭეშმარიტი მასწავლებლის როლი მოსწავლის ჩამოყალიბებაში.

ჩემი მასწავლებლები განსაკუთრებული სითბოთი მინდა მოვიხსენიო. უანგარონი, საქმისთვის თავდადებულნი, გულისხმიერნი და სულგრძელნი არიან. გვასწავლიან არა მარტო მეცნიერებას, ცხოვრებასაც. საღვთო სჯულის პედაგოგის დახმარებით ვაწყობთ ექსკურსიებს მომლოცველობითი შემეცნებითი და გასართობი დანიშნულებით.

გვაქვს სკოლის საგანძური – ბიბლიოთეკა, უმდიდრესი წიგნადი ფონდით. გვყავს მთელი ქალაქის კოლორიტი, უხუცესი ბიბლიოთეკარი “კარცერ-ლუქსში” რომ ჩაგვკეტავს სიამოვნებით.

ჩემი სკოლა ძალიან მიყვარს. ის ჩვენი დიდი სახლია და შვილებივით ვგრძნობთ თავს. ხან გვეფერებიან, მაგრამ არაფერს გვაპატიებენ უპატიებელს. მე დავინტერესდი მისი შექმნის ისტორიით. როგორც ამიხსნეს, მალე 20 წლის გახდება. ჩემი სკოლა და მისი შექმნის აუცილებლობა განსაზღვრა იმან, რომ სკოლებში სულიერება თურმე არ იგრძნობოდა. ამიტომაც გაჩენილა სურვილი შექმნილიყო სკოლა, რომელშიც სწავლა-აღზრდა მართლმადიდებლურ სარწმუნოებას დაეყრდნობოდა. რამეთუ განუყოფელია ქართველობა და რწმენა. სკოლა უნდა ყოფილიყო ქართული და ევროპული სკოლების საუკეთესო სინთეზი. ეს იყო წლები, როცა აღდგა საქართველოს დამოუკიდებლობა.

მადლობა ჩემი სკოლის დამაარსებლებს. მადლობელი ვარ ჩემი მშობლების, რომლებმაც ეს სკოლა შემირჩიეს. ვერ წარმომიდგენია ჩემი თავი სხვა გარემოში. ბედნიერი ვარ, რომ წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სამრევლო სკოლის მოსწავლედ ვითვლები. ძალიან გამიმართლა.

მინდა მერე, 20 წლის შემდეგ მოვიდე, ვნახო, შევხვდე… და ის ნაძვი, რომელიც წელს დავრგეთ გახარებული, გაზრდილი დამხვდეს ჩვენი სკოლის ულამაზეს ეზოში.

მარიამ მელუა
მეცხრე კლასის მოსწავლე
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სამრევლო სკოლა


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი