მთავარიქრისტიანობამანგლისის სიონი - ტაძარი, სადაც უდიდესი სიწმინდეები ინახება

მანგლისის სიონი – ტაძარი, სადაც უდიდესი სიწმინდეები ინახება

რა სიწმინდეებია დაბრძანებული მანგლისის სიონის ტაძარში? “ამბიონს” მანგლისის სიონის ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი გიორგი მალხაზიშვილი ესაუბრა:

ცნობილია, რომ მანგლისის სიონში მოღვაწეობდა წმიდა იოანე მანგლელი (+1751), რომელიც ამჟამად თბილისის სიონის ტაძარში განისვენებს. მანგლისში შემოსევებისას ის ჩრდილოეთ კავკასიაში წავიდა, სადაც მრავალი ტაძარი აღაშენა და საქართველოს ამწიოკებელი ტომების მოქცევას შეეცადა. მას თან ჰქონდა ხატი – მანგლისის ღვთისმშობელი, რომელიც 90-იან წლამდე მის საფლავთან იმყოფებოდა.

მანგლისის სიონი

როგორც უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე ბრძანებს, წმიდანს ხშირად ეცხადებოდა, რომ ხატი მანგლისში დაბრუნებას ითხოვდა. პატრიარქის კურთხევით, ხატი ხელით წამოაბრძანეს, დღემდე მანგლისის ტაძარშია დაბრძანებული და მრავალ სასწაულს ახდენს. მანგლისის ღვთისმშობელი მანგლისის ღვთისმშობლის შემწეობით მრავალი ადამიანი განკურნებულა. მლოცველები ამ ხატის წინაშე გულწრფელად ლოცვისას საოცარ მადლს გრძნობენ. ხშირად ხატს მირონიც გადმოსდენია…

მანგლისისა და წალკის ეპარქიის მიტროპოლიტის, მეუფე ანანიას ლოცვა-კურთხევით, ეს ხატი მთელ ეპარქიაში შემოვატარეთ. ცნობილია, რომ მე-18 საუკუნეში მანგლისი სრულიად დაცარიელებული იყო და მრავალი ტაძარი მიტოვებული გახლდათ. ერთ-ერთ ტაძარში, სადაც მანგლისის ღვთისმშობელი დავაბრძანეთ და პარაკლისს ვიხდიდით, ძველ წიგნებში მინანქარში გაკეთებული ოქროს ჯვარი აღმოვაჩინეთ. მეუფემ მასზე წარწერის წაკითხვაც შეძლო: “ნაწილი წმიდისა ძელისა ცხოველისა”, – ასე ეწერა ჯვარს უკანა მხრიდან და როგორც მეუფე ანანიამ აღნიშნა, ამ ჯვარში ჩაბრძანებულია სწორედ იმ ძელი ცხოველის ნაწილი, რომელზეც უფალი ჯვარს აცვეს. ჩვენ სწორედ მანგლისის ღვთისმშობლის ხატმა გვაპოვნინა ეს სიწმინდე.ის უფალმა დაიფარა და უვნებელი აღმოვაჩინეთ, რადგან ამ ტაძარში ბევრი ადამიანი შედიოდა და კომუნისტების დროც, ალბათ, ბევრჯერაც გადაქექეს. მანგლისის ღვთისმშობელი ურწმუნოთათვის ის მატერიალური თვალსაზრისითაც შეიძლება საინტერესო ყოფილიყო, რადგან ოქროსია. სიმბოლურიცაა, რომ ტაძარში თავიდანვე ინახებოდა უფლის სამსჭვალი, წმიდა ჯვრის ნაწილები და უკანასკნელ პერიოდში უფალმა კიდევ ერთი სიწმინდე გამოაჩინა.

წმიდა ნაწილები – სამსჭვალი, ლურსმანი, მანგლისის მიტროპოლიტის მიტრა რუსეთში წაიღეს და იქ ინახება. მეორე სამსჭვალი თბილისის სამების საკათედრო ტაძარშია დაბრძანებული.

ტაძარში, ასევე, იმყოფება ხატი, რომელიც გაშავებულია ძალიან, მაგრამ თუ კარგად დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ მასზე ღვთისმშობელი და მაცხოვარია გამოსახული. ზუსტად რომელი საუკუნისაა ხატი, დანამდვილებით ვერ ვიტყვით, მაგრამ ხატზე ასეთი ასომთავრული წარწერა იკითხება: ღვთისმშობლის ვედრების ხატი, პირველი საუკუნისა.”

თეონა ნოზაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

მსგავსი სტატიები

კატეგორიები

ახალი კომენტარები