საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მამა ილია კარტოზიას ხსოვნას პატივი მიაგო და მის ოჯახს მიუსამძიმრა.

“საქართველოს ისტორიაში, სადაც სამშობლოსთვის თავდადებული ამდენი წმინდანი და გმირია, ძნელია ჩაწერო შენი სახელი, მაგრამ მამა ილიამ ეს შეძლო და თავისი გმირობით უკეთესი გახადა საერთოდ მთელი კაცობრიობა – გაანათა ის თავისი რწმენით და გმირობით. ჩვენ მამა ილია კარტოზია დავაჯილდოვეთ სამოქალაქო გმირობისთვის. ეს არის მცირე წვლილი, რაც შეგვეძლო გაგვეკეთებინა, მაგრამ ბუნებრივია, მისი ხსოვნის პატივისცემა და მის მაგალითზე მომავალი თაობების აღზრდა არის ყველა ჩვენგანის ვალი”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
ამ დროისთვის სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მამა ილია კარტოზიას სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. დაღუპულ მოძღვარს 14:00 საათზე დაკრძალავენ.
ადრიატიკის ზღვაში, ბორან “ნორმან ატლანტიზე” ხანძარი 28 დეკემბერს გაჩნდა. გემზე 500-მდე ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის იყო საქართველოს რვა მოქალაქე. მამა ილიას გარდა, ყველა მათგანი ცოცხალი და უვნებელი გადარჩა.
