,,ჩემი მონასტერში წასვლა მთლიანად ღმერთის მოწოდება გახლდათ”…
მღვდელ-მონაზონი დიონისე გვიმრაძე მონასტერში 22 წლის ასაკიდან იმყოფება. ბავშვობიდან შინაგანი გაუაზრებელი რწმენა ჰქონდა, ცხოვრების რთულ პერიოდებში რაღაც თავისებური ნდობა გააჩნდა უფლისადმი. მასში არსებობდა ძიება იმისა, რატომ შექმნა იგი ღმერთმა, რამაც საბოლოოდ სულიერების გზაზე დააყენა. მამა დიონისეს ,,ამბიონი’’ მონასტრული ცხოვრებისა და მის მიერ განვლილი გზის შესახებ გაესაუბრა.
მამა დიონისე: ,,ჩემში ყოველთვის არსებობდა იმის ძიება, თუ რატომ შემქმნა ღმერთმა. ახლა რომ ვფიქრობ, მახსენდება, რომ ამ კითხვებზე ძალზედ სასაცილო პასუხები მქონდა. მშობლების დიდი ამაგის მიუხედავად წმიდა სულიერი თვალსაზრისით დიდ ვაკუუმში ვცხოვრობდი. მხოლოდ მოგვიანებით აღმოვაჩინე, რომ ჩემთვის ნაცნობი ადამიანები, თურმე ეკლესიაში დადიოდნენ. ჩვენ უბანში მაშინ არც ერთი მოქმედი ტაძარი არ იყო.
ტექნიკურ უნივერსიტეტში დამამთავრებელ კურსზე ვიყავი, როდესაც ჩემი ძმა, ამჟამად ღვთისმსახური მღვდელი არჩილი, ტაძარში მივიდა და უმალვე დიდი სულიერი ფერისცვალება განიცადა. მისი და იმ დროს ერისკაცობაში მყოფი ჩემი ბავშვობის მეგობრის იღუმენი ილია ხურცილავას (აწ შესვენებული) დახმარებით ტაძარში მეც მივედი. ისე გამოვიდა, რომ ეკლესიაში ჩემი მისვლის დღიდანვე მივხვდი, რომ ჭეშმარიტი გზა ვიპოვე. წლების ძიების შემდეგ, უცაბედად გავაცნობიერე, რომ ეკლესიაში აქამდე ყველა უპასუხო კითხვაზე პასუხს მივიღებდი. თუმცა, ეს მხოლოდ გონებრივი ლტოლვა არ იყო; წირვა-ლოცვის მადლმა წარუშლელი შეგრძნება გამოიწვია ჩემში და მას შემდგომ, სერიოზული მიზეზის გარდა, ღვთისმსახურება არ გამიცდენია. უნდა აღინიშნოს, რომ იმ პერიოდში სწავლა-განათლებაში აქტიურად გახლდით ჩართული, ამიტომ პირველ ეტაპზე ვცდილობდი ეკლესიურად მეცხოვრა და ამ მხრივ გარკვეული ზომიერება შემენარჩუნებინა. უნივერსიტეტში კათედრაზე დამტოვეს, ამ მხრივ პერსპექტივა გამაჩნდა. თუმცა ვაცნობიერებდი, რომ ის პროფესია და ცხოვრების გზა, რომელზეც ვიდექი, ბევრ დროს მოითხოვდა, რაც ღმერთთან ურთიერთობის კუთხით დანაკარგად აღიქმებოდა ჩემში. ამასთან, ვხვდებოდი, რისთვის შეიძლებოდა მიმეღწია სულიერი თვალსაზრისით და რამდენს დავკარგავდი საბოლოო ჯამში. ვუყურებდი ჩემს მოძღვარსაც – მეუფე ზენონს (მაშინ მთაწმინდის მამა დავითის წინამძღვარი), რომელიც ამ ყველაფრის მიმართ დამატებით შემართებას მმატებდა.
სადღაც წელიწადნახევარში, ქრისტიანობის საფუძვლების ახლოს გაცნობის შემდეგ, მონაზვნური ცხოვრების სურვილი აღმეძრა, მაგრამ როგორ, დღესაც ვერ ვაცნობიერებ. მეუფე ზენონს გავანდე ჩემი მონაზვნური ცხოვრებისკენ სწრაფვა. მინდა აღვნიშნო, რომ მან, თავისი მაღალი სულიერებითა და პირადი მაგალითით, ამ მხრივ განუზომელი როლი შეასრულა.
თუმცა, უმთავრესი მიზეზი ამ განსხვავებული და იშვიათი გზისაკენ ღმერთის მოწოდება გახლდათ; ვგრძნობდი შინაგან ძალას, რომელიც მომიწოდებდა და მაძლიერებდა.
მამაო, თუ გახსოვთ პირველი აღსარება და ზიარება?
პირველი აღსარება გამირთულდა. მთაწმინდაზე მამა დავითის ეკლესიაში დავიწყე სიარული. ტაძრის მაშინდელი წინამძღვარი – მამა თომა ჯაჯანიძე ძალიან ავადმყოფობდა. რამდენჯერმე ვესტუმრე მას, თუმცა მოკრძალებითა და სიყვარულით მთხოვა, მერე მივსულიყავი. მამა თომას ოპერაცია გაუკეთეს, მაგრამ ვერ გაუძლო და იმ პერიოდში გარდაიცვალა. მახსოვს, სიონის საკათედრო ტაძარში ვეზიარე პირველად, სადაც იმ დროს მამა თომა გახლდათ დასვენებული. ცხადია, იმხელა გააზრება ზიარებისა, რაც დღეს მაქვს, არ გამაჩნდა. მეუფე ზენონის მთაწმინდაზე გადმოსვლის შემდეგ, ფაქტობრივად, უკვე ყოველ კვირას ვეზიარებოდი.
რამდენად ადვილი აღმოჩნდა ოჯახისთვის თქვენი გადაწყვეტილების მიღება?
ტაძარში ოჯახიდან პირველი ჩემი შუათანა ძმა – მამა არჩილი მივიდა. მისი მაგალითით მეც დავიწყე ეკლესიური ცხოვრება. ჩემი დახმარებით კი უფროსი ძმაც შემოგვიერთდა. ამ ფაქტისადმი მშობლები ნეგატიურად იყვნენ განწყობილნი. თუმცა ისეთი ასაკი გვქონდა, ვერც ერთს ვერ გვიშლიდნენ ხელს. ჩემი სურვილის გამომჟღავნების შემდეგ, რითაც დედის დაყოლიება შევძელი ის გახლდათ, რომ ჩემში გაცხოველებულ ინტერესს ხედავდა. ერთხელ ასეთი სიტყვები ვუთხარი: თუ გინდა ვიყო ბედნიერი, მონასტერში ვიქნები და თუ გსურს შენთან ვიყო შენი ბედნიერების გამო, მაშინ უბედური შვილი გეყოლებათქო, – ამის შემდეგ მთლიანად შეცვალა მიდგომა ჩემი გადაწყვეტილებისადმი. ასევე, დიდი როლი აკისრია მეუფე ზენონსაც. მის მიმართ მშობლებს იმხელა სიყვარული და მოწიწება გაუჩნდათ, რომ შინაგანად გარკვეულ დათმობაზე წაიყვანა ისინი. მართალია, გარკვეულწილად მაინც გაუჭირდათ, მაგრამ დღეს ბედნიერი დედა მყავს.
რამ მიმიყვანა ასეთ გადაწყვეტილებამდე, როგორ შეიცვალა მიდგომა ამ კუთხით? ეს არ ვიცი. ვცდილობდი, ჩემი ცხოვრება მონაზვნურ ცხოვრებაში არ გადასულიყო. მქონდა პერსპექტივა, მიყვარდა ჩემი საქმიანობა.
მონაზვნობაზე ფიქრში ჩემი ბავშვობის წლებში ჩამოყალიბებული შინაგანი ნეგატიური შეხედულებაც მიშლიდა ხელს. როდის დაიმსხვრა ეს შეხედულება და გამიჩნდა სურვილი, რომ ერში მოღვაწეობას მონაზვნური ცხოვრება მერჩია, ნამდვილად ვერ ვიტყვი. ღვთის მადლით, არ მქონია იმის ფიქრი, რომ სადღაც შეცდომას ვუშვებდე, ან დავუშვი.
მამაო, მორჩილების პერიოდი რთული იყო?
რადგან სვეტიცხოველში მონასტერი უნდა დაარსებულიყო, ნელ-ნელა ხდებოდა ჩვენი მორგება ამა თუ იმ საქმისადმი. მონასტრის წინამძღვრის მოვალეობაა, ყველა ადამიანის შესაძლებლობა გაითვალისწინოს და იმის მიხედვით დააკისროს პიროვნებას ესა თუ ის მორჩილება მისი ზრდისა და სრულყოფისათვის, ასევე მონასტრის წინსვლისათვისაც. აქედან გამომდინარე, მორჩილებაში გარკვეული ცვლილებები გვქონდა.
მონაზვნური სულით ანთებული ადამიანისთვის მორჩილება მდუმარებასთან, სიმარტოვესთანაა გაიგივებული. თავდაპირველად კი სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მესანთლეობა მომიწია. ეს, ალბათ, ყველაზე რთული პერიოდი გახლდათ. მიწევდა მუდმივად ხალხთან ურთიერთობა, მიყვარდა წიგნის კითხვა და დროც არ მრჩებოდა ამისთვის. ვიცავდით სისუფთავეს, ვალაგებდით ტაძარს და ყურადღებას ვაქცევდით მომლოცველებში წესრიგის დაცვას.
ამიტომ, გარკვეული გაუგებრობა მქონდა, მაგრამ შინაგანი პროტესტი არ გამჩენია. კარგად მახსოვდა და ვიცოდი, რომ მორჩილებას დიდი ძალა და მადლი ჰქონდა. ასეთი მიდგომით მორჩილებისას მეტი ნაყოფი გამოიღება. მივენდე მოძღვარს და ყველაფერს დიდი მონდომებით აღვასრულებდი. მაგრამ მიუხედავად ამისა, მორჩილებამ ნაყოფი არ გამოიღო.
მადლი ღვთისა, რომელსაც ვეძებდი, თითქოს იყო ჩემში, მაგრამ ვერ გამეგო, მორჩილებით როგორ უნდა მომხდარიყო ჩემი სრულყოფისკენ სვლა. ზოგადად, მორჩილებით თავმდაბლობა მიიღწევა, მაგრამ თავმდაბლობისკენ სწრაფვა ვერ მოხდა ჩემში. პროტესტი მქონდა საკუთარი თავის მიმართ. მსურდა გამეგო, როგორ ხდება თავმდაბლობის მიღწევა მორჩილებით.
მივხვდი, რომ სწრაფად არ ხდებოდა ეს ყველაფერი და თუ არ გავიაზრებდი ამ მდგომარეობას, მშრალი მორჩილებით შედეგს ვერ მივიღებდი.
ღირსი იოანე (კიბის აღმწერელი) ამბობს: როდესაც ერთ-ერთი მონასტრის წინამძღვარს ვესაუბრებოდი, ამ დროს მოვიდა მორჩილი, რომელმაც წინამძღვარს საუბარი გააწყვეტინა და მაშინვე მივხვდი, რომ მას მორჩილებით ამპარტავნება შეუძენიაო. ეს ყოველივე იმას ნიშნავს, რომ თუ ადამიანის მხრიდან არ მოხდა მორჩილების გააზრება, შეიძლება უკუშედეგის მომტანიც აღმოჩნდეს. ჩემი მორჩილებისას ეს იყო აღმოჩენა, გავაცნობიერე, რომ მშრალი მორჩილებით სულიერ ნაყოფს ვერ მივიღებდი. რასაკვირველია, ამ ყველაფერში ძალიან დამეხმარა ჩემი მოძღვარი.
ალბათ, მონასტერში განსაცდელი უფრო იგრძნობა…
მართალია, მონასტერში განსაცდელები გაძლიერებულია. ზოგადად, განსაცდელი მეტად საჭიროა სულიერი განტკიცებისათვის. ამის შესახებ წმინდა წერილშიც პირდაპირი მითითებები გვაქვს. მაგალითად, წმინდა იაკობ მოციქული გვასწავლის, რომ სიხარულით მიიღეთ, როდესაც მრავალგვარ განსაცდელებში აღმოჩნდებითო. დმანისის ეპარქიის სამხრეთ რეგიონში, უძველეს ქართულ დასახლებაში – სოფ.გომარეთის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთი საუკუნის მანძილზე არავის უმოღვაწია. ამიტომ, ღვთისმსახურებას მიუჩვეველი მოსახლეობისგან ხშირად ვისმენდით ყოველგვარ უსამართლობას, გარკვეულ ცილისწამებას და დამამცირებელ მიმართვებს. ამასთან, რადგან მონასტრის მშენებლობა მიმდინარეობდა, 5 წლის განმავლობაში მუდმივად სტუმრების სიმრავლეს განვიცდიდით. ჩემი და ერთი მორჩილის მიერ (ახლა ქციის მონასტრის წინამძღვარი – მღვდელ-მონაზონი ხარიტონი არეშიძე) ხდებოდა 10, 15-20 კაცის მართვა და მათში მონასტრული სიმყუდროვის შენარჩუნება, რაც დატვირთულ რეჟიმს მოითხოვდა და ბევრ სირთულესთან იყო დაკავშირებული. დღეს ამ მხრივ ყველაფერი მოწესრიგებულია და მშვიდი გარემოა მონაზვნური ცხოვრებისათვის.
ქციის მამათა მონასტერი მეუფე ზენონის ლოცვა-კურთხევით 2005 წელს დაარსდა. ძირითადი ტაძარი VIII-IX საუკუნეებით თარიღდება, რომელიც ძალიან დაზიანებული გახლდათ. მონასტერი თავისი მდებარეობით მონაზვნური ცხოვრებისათვის იდეალური ადგილია. მისი ნახვისას მივხვდი, თითქოს მივაგენი იმას, რასაც ვეძებდი. მეუფის კურთხევით დავიწყეთ აღდგენითი სამუშაოები. მოსახლეობისგან დაშორებული ვიყავით, ეკონომიკური მხარდაჭერაც არ გვქონდა. ღვთის მადლით, გამოჩნდნენ სათნო ადამიანები, გადაიხურა ტაძარი, აშენდა სენაკები და ჩავატარეთ არქეოლოგიური გათხრები, რამაც მონასტრის ისტორია გააცოცხლა.
მამა დიონისე, რა ძალა აქვს ბერის ლოცვას?
ყველა ადამიანის ლოცვას დიდი ძალა აქვს. უფალი გვეუბნება, ვისაც სწამს და ილოცებს, ის აუცილებლად მიიღებს სათხოვარს. მონაზონი რადგან მთლიანად ღვთისმსახურებაშია, მისი ლოცვა უფრო აღმატებული, გულმხურვალე უნდა იყოს ჯანსაღ და ნორმალურ შემთხვევაში, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ერის კაცს ლოცვა არ შეუძლია. უფალი ამბობს, თუ მცირედი რწმენა გექნებათ, ამ მთას მეორე მხარეს გადადგამთო. ხედავთ, რწმენით წარმოთქმულ ლოცვას რა ძალა აქვს? რადგან მონაზვნობა ამგვარი ცოცხალი რწმენის გაძლიერებისკენ არის მიმართული, ლოცვასაც რწმენის შესაბამისი ძალა აქვს.
არასდროს გქონიათ განცდა, რომ არ გყავთ საკუთარი ოჯახი, არ ცხოვრობთ მშობლების, დედ-მამიშვილების სიახლოვეს?
მადლობა უფალს, როგორც კი მოხდა ჩემში გადაწყვეტილების მიღება, იმის განცდა რომ რაღაც დამაკლდა არანაირად არ მქონია. პირიქით, ამ დროს ადამიანი იმდენ რამეს იძენს, რომ დანაკარგი რა მოსატანია. მონასტერში წასვლის დროს პირველი ძმისშვილი შემეძინა, ახლა უკვე 9 ძმისშვილი მყავს. ამ ფაქტს ჩემს მოღვაწეობასთან პირდაპირ არ ვაკავშირებ, მაგრამ, ღვთის მადლი და წყალობა, უფრო მეტად იგრძნობა ჩემს ოჯახზე. დიდი სიხარულიც მაქვს, რომ მეც, გარკვეულწილად, ჩემი ოჯახის კეთილდღეობის მონაწილე ვარ.
როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, როდესაც მის მონასტერში წასვლას, თუნდაც რამდენიმე დღით, მშობლები ეწინააღმდეგებიან?
ამ კითხვაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხის გაცემა შეუძლებელია. გასათვალისწინებელია მშობლის მდგომარეობა. თუ ისინი ღრმად მორწმუნეები არ არიან, წინააღმდეგობას ყველა შემთხვევაში ვაწყდებით, რასაც ხშირად რადიკალური ხასიათი აქვს. შვილმა თავად უნდა განსაზღვროს, დაემორჩილოს მშობელს თუ თავისი გადაწყვეტილებით დაუპირისპირდეს, განარისხოს და შფოთი შეიტანოს მათ ცხოვრებაში. ამიტომ, დიდი გონიერება გვმართებს. თუ ჩვენ ავუხსით, მაგრამ ვერ გავაგებინებთ, ჩავთვალოთ, რომ ამ შემთხვევაში ღმერთი მშობლის სახით გადაგვეღობა. მონასტერში წასვლა სხვისი უბედურების ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს, მითუმეტეს, მშობლის. ჩვენ უნდა ვილოცოთ და ვითხოვოთ, მოგვეცეს მონასტერში წასვლის საშუალება. თუ ღმერთის ნება იქნება, მაშინ ვინ დაუდგება მას წინ. ამგვარი ლოცვა და მოთმინება აუცილებლად გვიჩვენებს მომავლის გზას.
მამაო, დღევანდელ მორწმუნეებზე რას იტყვით?
რთულია ვთქვათ, როგორები ვართ, როგორ ვცხოვრობთ. არის დადებითი მხარეებიც. ტაძარში მორწმუნეთა გამრავლება შეინიშნება, ეს სასიხარულოა, მაგრამ ნაწილი მორწმუნეებისა გაუთვითცნობირებლად, მექანიკურად დავდივართ, რაც შედეგის მომტანი არ იქნება და წლების შემდეგ შესაძლოა ტაძრიდან წასვლის საბაბი გახდეს.
ყველამ კარგად იცის, თავი უნდა შევიკავოთ ცოდვების ჩადენისაგან და სიკეთე უნდა ვაკეთოთ, მაგრამ სულიწმიდის მადლი თუ არ მიიღო ადამიანმა, სულიერად არ გაიზარდა, მაშინ რა აზრი აქვს ეკლესიაში სიარულს?!
პრობლემა იმაშია, რომ სწორად ვერ განვსჯით, რატომ დავდივართ ტაძარში. მხოლოდ ცხონებითა და ცათა სასუფევლის დამკვიდრებით არ უნდა გამოიხატებოდეს ჩვენი მიზანი. ამ სიტყვებს ღრმად უნდა ჩავწვდეთ და მისკენ სწრაფვა თუ არ დავიწყეთ, ვერც ერთ ნაბიჯს ვერ გადავდგამთ წინ.
როგორც მოძღვარი ყველანაირ ადამიანთან მიწევს ურთიერთობა. მათთან საუბრისას ვარკვევ, რომ არ ვიცით როგორ უნდა მოხდეს სულიერი ზრდა. ცხადია, ამის ფონზე კმაყოფილება არ უნდა გვქონდეს.
პირადად მე, უკმაყოფილო ვარ პირველ რიგში საკუთარი თავის მიმართ და ზოგადად, იმ მდგომარეობით, რასაც ჩვენი მორწმუნე საზოგადოება გამოხატავს. მაგრამ ეს განწყობილება მომავლის იმედს სულაც არ მაკარგვინებს. სულიერ ცხოვრების დაწყების წინა პირობა ხომ საკუთარი უძლურებისა და მანკიერების დანახვაა.
თეონა ნოზაძე

მამაო,ღმერთმა გაგადძლიეროთ….
უფალმა გააძლიეროს მამაო სასულიერო მოღვაწეობაში…
მე პირადად არ ვიცნობ მამა დიონისეს მაგრამ ნამდვილად ვიცი რომ დიდებული ადამიანია,ღმერთმა გააძლიეროს და გაახაროს.
ძალიანნნ კარგი ადამიანი კეთილი სულით და გულით დიდებული ადამიანია.
მამაო,ღმერთმა გაგადძლიეროთ….
gmertma mogcet dzala imisa rom iyot mudam bednieri janmrteli da sulierad daumarcxebeli
ღმერთმა დაგლოცოთ ტქვენ მამა დიონისე,მამა ხარიტონო და ყველა ვინც კი გვერდში გიდგათ