13 ივლისი 2024, შაბათი
მთავარიკულტურა„მაგნოლიები ამბებს ჰყვებიან“

„მაგნოლიები ამბებს ჰყვებიან“

„მაგნოლიები ამბებს ჰყვებიან“ – ასე ჰქვია დრამატურგ ოთარ პერტახიას მინი-პიესას, რომელიც 2005 წელს დაიწერა და იმავე წელს წარმატებით დაიდგა თეატრში „ვერიკო“ და მ. თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში. პიესა აფხაზეთის თემას ეძღვნება და სცენაზე დადგმისთანავე მიიქცია თეატრის მაყურებელთა და კრიტიკოსთა ყურადღება, უპირველეს ყოვლისა, მაგნოლია აფხაზეთის პრობლემის განსხვავებული კუთხით წარმოდგენის გამო. აღნიშნულმა ნაწარმოებმა დიდი მოწონება დაიმსახურა ინტერნეტმკითხველებშიც.

ოთარ პერტახია (დრამატურგი): “ერთ-ერთ ინტერვიუში ვთქვი, რომ აფხაზეთი, სოხუმი ჩემთვის არ არის ტანკის ხმაური, არ არის ბომბის აფეთქება, სისხლი, არ არის კაცისკვლასთან ასოცირებული, არამედ სიწმინდესთან, სურნელთან, მაგნოლიასთან, სილამაზესთან. ახლაც იგივეს გავიმეორებ. რა თქმა უნდა, მე ღრმად მწამს, რომ თუ ამ პრობლემას სწორედ ამგვარი კუთხით შევხედავთ, ჩვენში ღვარძლს, სიძულვილს კი არ მოვიძიებთ, არამედ სინათლეს, ყველა წინააღმდეგობას დავძლევთ. ადრე აღვნიშნე კიდევაც, ჩემი აზრით, ადამიანმა ცუდი კი არ უნდა ეძებოს, არამედ – მაგნოლია, რომელიც ჩვენშია ჩამალული და გაშლას ელოდება და როდესაც საკუთარ თავში ამას აღმოვაჩენთ, თუ ამ გზით წავალთ, დარწმუნებული ვარ, ყველაფერი კარგად იქნება. აფხაზეთის ტრაგედიიდან უკვე ოცი წელი გავიდა. გაჩნდა თაობა, რომელიც აქ დაიბადა და სოხუმზე წარმოდგენა არ აქვს, მაგრამ არის მეორე და ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი – თუ რას მივაწვდით მათ, რას ვეტყვით, რათა გაითავისონ, იცოდნენ, რომ აფხაზეთი მათია. როდესაც აფხაზეთს უკვე დევნილობაში დაბადებული თაობა თავის სულის ნაწილად აქცევს, მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ არაფერი დაკარგული არაა. მთავარია, რომ ჩვენს ახალგაზრდებს სოხუმთან დაკავშირებით შეკითხვები უჩნდება, ეს კი იმის მიმანიშნებელია, რომ ხელის ჩაქნევა არ შეიძლება.”

ხელოვნებათმცოდნე ლელა ოჩიაური გაზეთ „რეზონანსში“ გამოქვეყნებულ თავის ვრცელ რეცენზიაში სპექტაკლის „მაგნოლიები ამბებს ჰყვებიან“ შესახებ წერს: „სპექტაკლი, რომელიც გიორგი სიხარულიძემ დადგა, ორი ადამიანის – პაპასა და შვილიშვილის დიალოგზეა აგებული… პიესაში საუბარი აწმყოში მიმდინარეობს. მოხუცი არც ერთ ფრაზას წარსულში არ ამბობს. მოხუცისთვის სოხუმი რეალობაა, ნათელი და ბედნიერებით აღსავსე. ამავე დროს, აწმყოში გადმოტანილი მოგონებების მიღმა დიდი ტკივილი და სევდა იგრძნობა (ჩვენ ხომ კარგად ვიცით, რომელ დროში არსებობს აფხაზეთი, ჯერჯერობით, საქართველოსთვის). შეიძლება სწორედ ასეთი დამოკიდებულება, საკითხის ასე დაყენება კიდევ უფრო ამძაფრებს მოვლენის ტრაგიზმს და ამავე დროს, იმედის, სინათლისა და რწმენის მომტანია… „მაგნოლიები ამბებს ჰყვებიან“ ერთგვარი, სპექტაკლი-აქცია, სპექტაკლი-მოწოდება, სპექტაკლი-იმედი, სადაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი დრამატურგისა და რეჟისორის მოქალაქეობრივი და პიროვნული პოზიციაა, დამოკიდებულება არსებული პრობლემის მიმართ. მათთვის აფხაზეთი არაა ის, რაც იყო, არამედ ის, რაც არის; გვაქვს და არა გვქონდა, ვართ და არა ვიყავით. ოთარ პერტახია თავისი პიესის გმირების მსგავსად, სოხუმელია. რაც პიესაში ხდება და რაც მის ტექსტს მიღმა იგულისხმება, ეს დრამატურგის მიერ დანახული აფხაზეთი და პრობლემის მოგვარების მისეული გზაა – აფხაზეთი მისთვის აწმყოშია და არა წარსულში, რეალობისა და წარმოსახვის ზღვარზე არსებობს და რა თქმა უნდა, არსებობს მომავალშიც“ (2005 წელი).

ოთარ პერტახიას პედაგოგი, ცნობილი მწერალი და კინოდრამატურგი ერლომ ახვლედიანი, სპექტაკლის „მაგნოლიები ამბებს ჰყვებიან“ ნახვის შემდეგ ჟურნალისტისთვის მიცემულ საგაზეთო ინტერვიუში ამბობს: „აფხაზეთთან საუკეთესო წლები მაკავშირებს. იგი ჩემი კუთხეცაა და მეც დამეკარგა. დღევდანდელმა საღამომ ეს კიდევ ერთხელ მაგრძნობინა. მეამაყება, რომ პიესის ავტორი – ოთარ პერტახია ჩემი ნამოწაფარია. იცით, რა ფრაზა მომეწონა სპექტაკლში? „მე ცურვასაც ვისწავლი, ბაბუ.“ აქ ის კი არ არის საინტერესო, ისწავლის თუ არა პატარა ბიჭუნა ცურვას. მთავარია, რომ მას იმედში უკვე ძნელად შეეცილება ვინმე. პიესის დინამიკა ფაქიზია, ღრმა, მაგრამ უხმაურო. ვფიქრობ, რომ ადამიანი სიჩუმეში და მყუდროებაში ჯანმრთელდება. საზოგადოებას ყველაზე მეტად დღეს ამის დეფიციტი აქვს.“

შეგახსენებთ, ოთარ პერტახია არაერთი გახმაურებული პიესის ავტორია („ლიფტში“, „საუკეთესო მოდელი“, „სისხლიანი მერი“, „კომანის უკანასკნელი დღე“ და სხვ.), რომელთაგან ზოგიერთი უკვე განხორციელდა ქართულ სცენაზე. მან წარჩინებით დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი კინოდრამატურგიის განხრით, (ერლომ ახვლედიანის სახელოსნო).

თეონა ნოზაძე

„ამბიონის“ მკითხველებს გთავაზობთ ბატონი ოთარის პიესას –

„მაგნოლიები ამბებს ჰყვებიან“

მოქმედი პირნი:

მოხუცი კაცი

პატარა ბიჭუნა

– ბაბუ, თბილისი დიდი ქალაქია?

– დიდი ქალაქია, კი.

– ყველაზე დიდი ქალაქი მაინც რომელია?

– მთელს მსოფლიოში?

– ჰო.

– საერთოდ, ყველაზე დიდი ქალაქები დიდ ქვეყნებშია.

– მერე, დიდი ქვეყანა რომელია?

– ის ქვეყანა, სადაც ძალიან ბევრი ხალხი ცხოვრობს.

– მაინც?

– მაგალითად, ჩინეთი, ინდოეთი…

– კიდევ?

– კიდევ ამერიკა და რუსეთი.

– თბილისი მე ძალიან მიყვარს. რა მოხდა მერე თუ ყველაზე დიდი ქალაქი არ არის?!

– რა მოხდა და არც არაფერი.

პაუზა.

– ბაბუ, მითხარი, მე ხომ თბილისელი ვარ?

– შენ თბილისში დაიბადე.

– შენ სად დაიბადე?

– მე… ს ო ხ უ მ შ ი.

– დედიკო და მამიკოც?

– კი, დედიკო და მამიკოც.

პაუზა.

– ს ო ხ უ მ ი სად არის, ბაბუ?

– დედამიწაზე უამრავი ქალაქია, ძალიან ბევრი ქალაქი… მათ შორის არის ერთი პატარა ქალაქი, იმას ს ო ხ უ მ ი ჰქვია და იგი ჩვენი ქალაქია.

– მართლა ჩვენია?

– ჰო.

– რატომ არის ჩვენი?

– იმიტომ, რომ… ჩვენ იქ დიდი სახლი გვაქვს, ჩვენი ს ა ხ ლ ი.

– მეტი კიდევ რა გვაქვს?

– კოხტა ეზო, ცივი წყარო და რკინის ჭიშკარი.

– ვერავინ რო ვერ შემოვა ისეთი?

– სტუმარი შემოვა, ბაბუ, ჭიშკარს გააღებს და შემოვა.

– ქურდი არ შემოვა?

– ქურდი არა, ვერ გაბედავს.

– რატომ, დიდი ძაღლიც გვყავს?

– კი, დიდი ძაღლი გვყავს, ქურდს არ შემოუშვებს.

– ე, ჩვენს ძაღლს რა ჰქვია?

– რა ჰქვია და ჯ ე კ ა.

– ჯეკა! (იცინის) ბაბუ, იცი, ძალიან მინდა მყავდეს ლეკვი, ვგიჟდები ისე მიყვარს. ხომ მიყიდი?

– გიყიდი, აბა არ გიყიდი? აუცილებლად გიყიდი.

პაუზა.

– ბაბუ, მამიკოს რა დაემართა?

– ძველმა ნატყვიარმა შეაწუხა… არაფერია, გაუვლის.

– საავადმყოფოდან მალე გამოუშვებენ?

– კი, მალე გამოუშვებენ.

– მე და შენ მამიკო როდის ვნახოთ?

– ხვალ, გენაცვლე, ხვალ ვნახოთ.

– დედიკომ მითხრა ფერად ფანქრებს მოგიტანო.

– მაშინ მოგიტანს.

– გახსოვს, მამიკომ ერთხელ გასაფერადებელი ნახატები რო მომიტანა, იქ ბაყაყს თავზე გვირგვინი ედგა… (იცინის) აუ, რა სასაცილო იყო!

– რას ვიზამთ, გვირგვინს, სამწუხაროდ, ბაყაყებიც იდგამენ.

– ბაბუ, ფული რო გექნება, ბურთს ხო მიყიდი?

– კი, ბატონო, გიყიდი.

– ბოტასებს?

– მაგასაც გიყიდი.

– დედიკოს როგორ გაუხარდება! რო მქონდა ის ბოტასები, სულ დაიხა.

– ჰოდა, ახალს ვიყიდით.

– ფეხბურთზე როდის შემიყვანთ?

– ცოტაც გვაცალე და მალე.

გახარებული ბიჭუნა ბაბუას მხარზე ხელს გადხვევს.

– კიდევ რა არის სოხუმში? აუ, მიდი რა, მითხარი!

ბაბუას თბილად ეღიმება და შვილიშვილს კალთაში ჩაისვამს.

– ცა არის, ბაბუ, იმოდენა, საითაც არ გაიხედავ, ცქერით ვეღარ გაძღები. ზღვა არის ვეებერთელა, ღრმა და საოცარი. ზაფხული იცის ისეთი, გულს რომ სიხარულით აგივსებს. ბევრი, ბევრი ადამიანი ჩამოდის ჩვენთან ზაფხულობით.

– რატომ?

– სოხუმი ზღვისპირა ქალაქია და ადამიანები იქ დასასვენებლად ჩადიან.

– ზღვაში რომ იცურაონ?

– ჰო, რომ იცურაონ, დაისვენონ და სიცოცხლე გაიხანგრძლივონ.

– უხარიათ მერე?

– როგორ არა! გაოცებული ადამიანები ყველაფერს ათვალიერებენ.

– რას ათვალიერებენ?

– ზღვას, გემებს, კოპწია სახლებს, ლამაზ სასტუმროებს, შადრევნებს, მაღალ მთებს…

– კიდევ?

– ზღვაზე თოლიები დაფრინავენ, ქალაქის მოედნებზე უამრავი მტრედი ღუღუნებს, დამსვენებლები თოლიებს აპურებენ, მტრედებს მზესუმზირით უმასპინძლდებიან, ბოტანიკურ ბაღში შედიან, ზოგი ნავზე ან წყლის ველოსიპედზე ჯდება და შუა ზღვაში გადის… ადამიანები სანაპიროზე ფოტოებს იღებენ, მერე კაფეებსა და ბარებში სხდებიან, გემრიელ ნაყინს მიირთმევენ, ყავას სვამენ და ცივი კოქტეილით გრილდებიან.

– აუ, ნაყინი მე ძალიან მიყვარს. აი ის, ხო იცი, მარწყვის გემო რო აქვს და კიდევ შოკოლადის.

– ვიცი, ვიცი.

– ბაბუ, სოხუმში მტრედებს არავინ იჭერს?

– ოჰ, არა, მტრედს იქ არავინ იჭერს!

– არც თოლიას?

– არა, არც თოლიას.

– მაწანწალა ძაღლებს?

– არიან ადამიანები, რომლებიც მაწანწალა ძაღლებს უვლიან. ვის როგორ შეუძლია, ხან რას აჭმევენ და ხან რას.

– ისინი ცოდონი არიან, ხო?

– სახლი მაგათ არა აქვთ და პატრონიც არ ჰყავთ… ცოდონი როგორ არ არიან.

პაუზა.

– ბაბუ, ჩვენს ძაღლს სოხუმში ვინ უვლის?

– ჩვენი ჯეკა ისეთი ყოჩაღია, თავს არ დაიკარგავს.

– წვიმა როცა წამოვა, სად უნდა დაიმალოს?

– თავის სახლში.

– მაგარი სახლი აქვს?

– კი, ხის სახლი აქვს, მაგარი, პატარა მწვანე სახლი… ჩემი ხელით ავუშენე.

– ნეტა, ახლა სოხუმში თუ წვიმს?

– შეიძლება წვიმს კიდეც.

– ვითომ ცოტას იწვიმებს თუ ბევრს?

– შენ ნუ ღელავ, იქ ხშირად წვიმს ხოლმე, მაგრამ ისე ლამაზად წვიმს, თავი ზღაპარში გეგონება… წვიმა თავს კი არ გაბეზრებს, გეთამაშება, შენთან განშორება ეძნელება, გეალერსება… გამოიდარებს და მოგენატრება.

– კიდევ, ბაბუ, კიდევ რა არის სოხუმში?

– ულამაზესი ტბები, ზღაპრული გამოქვაბულები და უძველესი ეკლესიები, ქვები, საუკუნეები რომ გამოუვლიათ… კიდევ ჯადოსნური მაგნოლიები და ზღვაში მოცურავე იალქნიანი ნავები.

– მაგნოლია რა არის?

– დიდრონი ხეა, თეთრი და სურნელოვანი ყვავილის ხე… ამ ყვავილს ჯადოსნური ძალა აქვს, ბაბუ.

– როგორ ჯადოსნური?

მაგნოლიები ამბებს ჰყვებიან.

– ე, რა ამბებს?

– ამბებს ჩაძირულ ქალაქზე და ზღვის ასულებზე, რომლებიც ტალღებზე დარბიან და ცეკვავენ; კიდევ გემებზე და კაპიტნებზე; ამბებს ქვიშის სასახლეებზე და ჯარისკაცებზე, ოდესღაც ზღვისპირა ქალაქს გმირულად რომ იცავდნენ.

– მაგნოლიები ამბებს როგორ ჰყვებიან, განა ლაპარაკი იციან?

– თუ გულით მოუსმენ, მაშინ მაგნოლიების ხმასაც გაიგებ… ნიავივით მოგიახლოვდება, ცხვირზე მოგიღიტინებს, თმაზე ხელს გადაგისვამს სახეზე სულს შეგიბერავს და თუ მოეწონე, თუ დარწმუნდა, რომ შენც მოიხიბლე, ამბებსაც მერე მოგიყვება.

– მითხარი, ბაბუ, შენ რა ამბავი მოგიყვა მაგნოლიამ, გეხვეწები რა.

– იყო და არა იყო რა. ზღვისპირა ქალაქში ერთი პატარა, ცელქი ბიჭუნა ცხოვრობდა. ერთხელ, ზაფხულში, მამამ ეს ბიჭუნა ზღვაზე წაიყვანა, უნდოდა შვილისთვის ცურვა ესწავლებინა. სანაპიროზე ძალიან ბევრი ხალხი იყო, ზოგი ზღვაში ცურავდა, ზოგიც ქვიშაზე მშვიდად იწვა და ირუჯებოდა. ბავშვები კენჭებსა და ნიჟარებს აგროვებდნენ, ქვიშის სასახლეებს აშენებდნენ, მოზრდილები ხელბურთს თამაშობდნენ, ბავშვი სოხუმში ადამიანები ერთმანეთს ეძახდნენ, ხუმრობდნენ და მხიარულობდნენ. ბიჭუნა, რომელიც ძალიან ცელქი იყო, ახლა ჩუმად იჯდა კენჭებზე და გაფართოებული თვალებით ზღვას გაჰყურებდა. მზე ისე ლაღად ანათებდა, რომ ზღვა აღტაცებას ვეღარ მალავდა, ძალიან ბრწყინავდა… ზოგჯერ ჯადოსნურ ნაპერწკლებსაც ისროდა მაღლა, ჰაერში, იქ, სადაც თოლიები თავისუფლად დაფრინავდნენ. ბიჭუნას მოეჩვენა, თითქოს ზღვიდან ოქროს თევზები ხტოდნენ, თევზები და დელფინები… ისინი თოლიებთან ერთად ცაში კამარას კრავდნენ, ბრჭყვიალა ხაზებს ავლებდნენ, ფერად სახლებს ხატავდნენ, დედოფლებს და მეფეებს, ჟირაფებსა და ცხენებს, სპილოებსა და ლომებს, უფლისწულებსაც ხატავდნენ და ჭირვეულ პრინცესებს… იცინოდნენ და ხატავდნენ… ირგვლივ სულ, სულ ჯადოსნური ნაპერწკლები ცვიოდა! კალიასავით მოხტუნავე ნაპერწკლები ბიჭუნას თავზე დატრიალდნენ, პაწია ხელისგულებზე ჩამოუსხდნენ და ტკბილად და ნაზად ამღერდნენ! ბიჭუნა გაოცებისგან ხმას ვეღარ იღებდა. რატომღაც ძალიან მოუნდა ეს ყველაფერი დედიკოსთვის ეჩვენებინა, დედიკოსთვის და მეგობრებისთვის. სახლში მოუნდა. იქვე გადაწყვიტა რამდენიმე ნაპერწკალი დაეჭირა, მაგრამ როგორც კი ეს დააპირა, ნაპერწკლები ბიჭუნას უმალ გაშორდნენ. პატარა ბიჭს ცრემლები მოაწვა; ტუჩები აუკანკალდა; ძალიან გაბრაზდა: თოლიები, ოქროს თევზები და დელფინები სადღაც შორს გაუჩინარდნენ… ბიჭუნამ კარგად დაინახა, რომ ზღვა უზარმაზარი და საშიში გახდა, თითქოს ურჩხულს დაემსგავსა; ძალიან შეშინდა და როცა მამამ ხელი ჩაჰკიდა რომ ზღვისკენ წაეყვანა, ხმამაღლა ატირდა. იმ დღეს მამას აღარ შეუყვანია შვილი ზღვაში… როცა გაიზარდა, ბიჭუნამ ცურვა თავისით ისწავლა და ბოლოს სახელოვანი მეზღვაურიც გახდა.

– (ხელებს შემოხვევს ბაბუას და თავს მხარზე დაადებს) ნეტა, მაგნოლიები ამბებს მეც მომიყვებიან?

– თუ მთელი გულით მოუსმენ, მოგიყვებიან.

– რას მომიყვებიან, როგორ მაინტერესებს!

– ბევრ საოცარ ამბავს.

პაუზა.

– ბაბუ, სოხუმი საით არის?

– იქით, დასავლეთისკენ.

– შორსაა დასავლეთი?

– არა, აქვეა, ახლოს.

– (შორს სივრცეს გახედავს) ძალიან მინდა სოხუმში, ჯეკასთან მინდა, ჩვენს სახლში… მაგნოლიებთან მინდა, ზღვაც მინდა ძალიან, სულ ძალიან.

(ნელ-ნელა ავანსცენაზე გამოდის)

მ ე ც უ რ ვ ა ს ა ც ვ ი ს წ ა ვ ლ ი, ბ ა ბ უ!

– (თვალებს იმშრალებს) მჯერა შენი!

– იცი რა, დედიკო და მამიკო სახლში რო არ არიან, მეშინია შენც არ დამტოვო. მარტო ყოფნა არ მინდა. უჩემოდ ხომ არსად წახვალ?

– ეგ რამ გაფიქრებინა, უშენოდ სად უნდა წავიდე? შენ ჩემი ვაჟკაცი ხარ, ბაბუ, გვარის გამგრძელებელი!

– მაგნოლიების ამბებს კიდე მომიყვები?

– მოგიყვები, შენ თავს გეფიცები, ყოველდღე მოგიყვები.

2005

მსგავსი სტატიები

13 COMMENTS

  1. ძალიან გულში ჩამწვდომი ნაწარმოებია, ემოციური და თბილი:***

    • არაჩვეულებრივადაა გადმოცემული ტკივილი და მონატრება.გენაცვალეთ!

  2. უბრალოდ ბრწყინვალეა, სიტყვები არ მყოფნის!!!!!!!!!!!!!!!

  3. Мец дзалиан менатреба чвени магнолиеби да чвени Сохуми.диди мадлобба авторс. Ес арис чвени ткивили,ромелмац самудамод даибуда чвени гулис сигрмеши.

  4. `თუ გულით მოუსმენ, მაშინ მაგნოლიების ხმასაც გაიგებ… ნიავივით მოგიახლოვდება, ცხვირზე მოგიღიტინებს, თმაზე ხელს გადაგისვამს სახეზე სულს შეგიბერავს და თუ მოეწონე, თუ დარწმუნდა, რომ შენც მოიხიბლე, ამბებსაც მერე მოგიყვება` ucremlod ver wavikiTxe verc erti fraza… dzalian magaria martlac.

      • Getanxmebit. soxumis shesaxeb mxolod chemi mshoblebisgan msmenia, isini soxumelebi arian magram rac aris soxumi am piesam magrdznobina. madloba

  5. ავღელდიი…როგორი ემოციური,თბილი,ტკივილიანია…

  6. არ ვიცი რა ვთქვა ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე, ნაღდად არ მეგონა თუ ასე იმოქმედებდა, ყველა სიტყვა მართალია და მაგიტომაც განვიცადე. მადლობის მეტი არაფერი მეთქმის. (Y)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები