20 ივლისი 2024, შაბათი
მთავარისხვადასხვამადლობა მოუხადა თუ მადლობა გადაუხადა?

მადლობა მოუხადა თუ მადლობა გადაუხადა?

მადლობა-ბოდიში სულ რამდენიმე წელია, ქართულ ზეპირ მეტყველებას მოეძალა ერთი უმართებულო გამოთქმა, რომელიც განსაკუთრებით ხშირად გვესმის ტელე- და რადიოგადაცემებში, მეტადრე – ინტერვიუებში, რაც ძალზე სამწუხარო ფაქტია.

საკითხი ეხება ჩვენი ყოფითი ეტიკეტის ამსახველ, ყველასათვის კარგად ცნობილ მოარულ გამოთქმას – მადლობის გადახდას, რომელიც ზოგჯერ მახინჯდება და ასეთ სახეს იღებს: მადლობას მოგიხდით, მადლობა მოუხადეს (უნდა მოგიხადოთ) და მისთ.

საერთოდ, ტრადიციული მყარი გამოთქმების დამახინჯების მიზეზი ხშირ შემთხვევაში მარტივია: მას შინაარსობრივად ან გარეგნულად, ჟღერადობით მსგავსი სიტყვა-თქმების არსებობა იწვევს. კერძოდ, ქართულში გვაქვს ეტიკეტის ამსახველი სხვა გამოთქმაც – ბოდიშის მოხდა, (ბოდიში მოუხადა, ბოდიშს მოუხდის და სხვ.). ახლანდელ დროში ამ ორი სხვადასხვა გამოთქმის ზმნური ფორმები ერთმანეთს ემთხვევა: მადლობას გიხდით – ბოდიშს გიხდით. ორივე სავსებით სწორი ფორმაა, რადგანაც ამ შემთხვევაში ზმნებს არ ერთვის მნიშვნელობის განმასხვავებელი თავკიდური ელემენტები – ზმნისწინები, რომელთაც თავის დროზე ქართულმა ენამ თავ-თავისი ადგილი მიუჩინა. ამის შედეგად მივიღეთ, ერთი მხრივ, ბოდიშის მოხდა, მეორე მხრივ კი – მადლობის გადახდა. ამ მხრივ ისტორიულად არავითარ აღრევასთან არა გვაქვს საქმე.

აი, სწორედ ამ ორი მართებული ტრადიციული გამოთქმის მექანიკური შეერთების გზით მივიღეთ უმართებულო სიტყვათშეხამება – მადლობის მოხდა (არ არის გამორიცხული, რომ მის შექმნას ერთგვარად შეუწყო ხელი გამოთქმამ მადლობის მოხსენება.

ამდენად, სწორი ფორმებია:
მადლობა გადაუხადა, მადლობას გადაუხდის მაგრამ არა მადლობა მოუხადა
მადლობა მინდა/ უნდა გადაგიხადოთ
მადლობის გადასახდელად
მადლობის გადაუხდელად
ბოდიში მოუხადა/ ბოდიშს მოუხდის მაგრამ არა ბოდიში გადაუხადა.

მოამზადა ტყებუჩავა ანამ

წყარო
აფრიდონიძე, შუქია. ჩვენი ენა ქართული. თბილისი: ბაკურ სულაკაური გამომცემლობა, 2009.

მსგავსი სტატიები

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები