მთავარი » ქრისტიანობა

მადლიერება

სტატიის ავტორი: | თარიღი: 15.02.2018 | 5,514 ნახვა

ყოველდღიურ ცხოვრებაში გულითადი გრძნობით მადლობის თქმა ბევრ ადამიანს უჭირს და მხოლოდ გარეგნული, სიტყვიერი მადლიერებით შემოიფარგლებიან. რამდენად მნიშვნელოვანია ქრისტიანი ადამიანისთვის ჰქონდეს ამის უნარი? მამა საბა ნატროშვილი გვესაუბრება წმ. ექვთიმე ათონელის სახელობის საეკლესიო სამართლის ინსტიტუტის წევრი, იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი – სქემმღვდელმონაზონი საბა (ნატროშვილი):

“ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი და დასაფასებელი თვისება ადამიანში სწორედ მადლიერება გახლავთ. ეს გრძნობა სიყვარულიდან გამომდინარეობს. ადამიანი, რომელიც მეტ-ნაკლებად გულისყურით ეკიდება საკუთარ მიწიერ ყოფა-ცხოვრებას და ყოველდღიურად აანალიზებს მის გარშემო მიმდინარე მოვლენებს, ხვდება რომ უამრავი სულიერი, ხორციელი თუ მატერიალური სიკეთე აქვს მას ბოძებული ღვთისგან, რომელსაც მოფრთხილება და დაფასება სჭირდება. შეუძლებელია ასეთი პიროვნება არ განიმსჭვალოს უდიდესი მადლიერების გრძნობით პირველ რიგში სამყაროს შემოქმედისა და იმ ადამიანებისადმი, რომელთაც მის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავიათ. ქრისტიანებს მადლიერების გამოხატვა პირდაპირ დავალებად გვაქვს მოცემული…. წმ.პავლე მოციქული გვასწავლის: “ყოველსა შინა ჰმადლობდით, რამეთუ ესე არს ნება ღმრთისა ქრისტე იესუს მიერ თქუენდა მიმართ.” – აქედან გამომდინარე, თუ ადამიანს უნდა, რომ სულიერი წინსვლისა და კეთილდღეობისკენ გზა გაეხსნას, მან სწორად აზროვნება უნდა ისწავლოს. ყველა საყვედური იმაზე, რაც არ გვყოფნის ცხოვრებაში, გამოწვეულია უმადურობით იმის გამო, რაც გაგვაჩნია… მადლიერება წარმატებული ადამიანის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მდგომარეობაა. ასეთ დროს ყურადღებას ვამახვილებთ პოზიტიურ, სასიხარულო მოვლენებზე და ჩვენი აზროვნების აქცენტებიც თვისობრივად იცვლება. აღმოსავლელი ფილოსოფოსები ამბობდნენ, რომ ადამიანი საკუთარი ფიქრების და გრძნობების პროდუქტიაო. ამ სიტყვებში დიდი სიბრძნეა. ფიზიკის კანონების მიხედვითაც, სამყაროში უკვალოდ არაფერი ქრება. მორწმუნე ეჩვევა ფიქრს დადებითზე და უფრო მეტ კარგს ხედავს ცხოვრებაში, გარშემომყოფებში. სწორედ ამიტომ, უდიდესი დადებითი ენერგია შემოდის მის ცხოვრებაში, რადგან რა კუთხითაც იგი ფიქრობს, ძირითადად ის განწყობა განაპირობებს მისი ცხოვრების შემდგომ წარმართვა-განვითარებას.”

-როგორ გამოვხატოთ მადლიერება ?

მადლიერება იწყება უბრალო სიტყვით:- მადლობა! მაგრამ მას უნდა ვგრძნობდეთ მთელი გულით….. აღნიშნული უნდა გამოიხატებოდეს რა თქმა უნდა საქმითაც და პირველ რიგში, საკუთარ ეგოცენტრულ მისწრაფებებზე უარის თქმით…. ამის შესანიშნავი მაგალითი გვაქვს წმინდა წერილში მეზვერე ზაქეს სახით: როგორც იცით, როდესაც მაცხოვარი ყველასგან მოძულებულ ბაჟის ამკრეფს ოჯახში ესტუმრა, ამ მოვლნამ იმდენად დიდი სიხარულით აავსო ზაქეს გული, რომ ადგა და უფალს თავისი ქონების ნახევრის გლახაკთათვის დარიგება, ხოლო უსამართლოდ დაჩაგრული ადამიანებისთვის მიყენებული ზარალის ოთხმაგად ანაზღაურება აღუთქვა.

-ლოცვის დროს, ხშირად გვავიწყდება მადლიერების გამოხატვა და პირდაპირ ჩვენს სათხოვაზე გადავდივართ. როგორ ვისწავლოთ მადლიერება ღვთისადმი?

დიდი ხანი არ არის, რაც მოძღვარი ვარ და აღსარებაზე მოსულ ადამიანებს ყოველთვის ვცდილობ ავუხსნა, რომ ლოცვა არის ჩვენი ღმერთთან, როგორც პიროვნებების-პიროვნებასთან საუბარი. ამას სწავლა და შესაბამისი მომზადება სჭირდება. აუცილებელია გულწრფელი პირადი ურთიერთობა ვიქონიოთ უფალთან, რათა ლოცვამ შედეგი გამოიღოს. ბევრი მექანიკურად, გაუაზრებლად კითხულობს მისთვის სრულიად გაუგებარ, ძველი ქართულით დაწერილ ტექსტს და ერთი სული აქვს, როდის დაამთავრებს კითხვას. რა თქმა უნდა ასეთი ლოცვა უნაყოფოა… ჩვენს ტაძარში მოსულ დამწყებ მრევლს ხშირად ვურჩევ, დღის განმავლობაში გამოყონ დრო, 5-10 წუთი. განმარტოვდნენ ოჯახში ხატების კუთხესთან, ან ტაძარში მოვიდნენ და საკუთარი განცდები, ტკივილი, გაჭირვება, სიხარული გულწრფელად გაუზიარონ უფალს. როგორც მოსიყვარულე მამას სთხოვონ შემწეობა, დახმარება განსაცდელის გადასალახად, ხოლო მადლობა გადაუხადონ იმ სიკეთეებისთვის რაც აქვთ მონიჭებული… მესმის, ძნელია იყო მადლიერი, როცა ირგვლივ ამდენი გაჭირვება, ავადმყოფობა და დაბრკოლებაა, მაგრამ სწორედ აქ უნდა ვიპოვით შინაგანი ძალა იმისთვის, რომ თანდათანობით, ნაბიჯ- ნაბიჯ გამოვიმუშავოთ ჩვენში მადლიერების გრძნობის გამოხატვის უნარი. როგორც ერთი ანდაზა ამბობს “ფეხსაცმელი არ მქონდა და ბედს ვუჩიოდი, ვიდრე არ ვნახე ადამიანი, რომელსაც ფეხები არ ჰქონდაო.” არ უნდა დავივიწყოთ, რომ ჩვენ ღვთის ხატად მსგავსად ვართ შექმნილნი და არ არსებობს პიროვნება, რომელსაც რაიმე ნიჭი არ ჰქონდეს შემოქმედისგან ბოძებული. ზოგს გამორჩეული გონებრივი შესაძლებლობები აქვს, ზოგიც ფიზიკურადაა ძლიერი. ბევრი ხელოვანია და ამ სფეროში ახდენს საკუთარი თავის რეალიზებას. შესაბამისად, ბევრი რამ გვაქვს სამადლობელი იმ დაულევნელი მადლის წყაროსთვის, საიდანაც ჩვენ ვიღებთ უამრავ სიკეთეებს. ეს წყარო კი ყოვლადწმინდა სამებაა!

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი