მთავარიჯანმრთელობამავნებლები, დაავადებები და მათთან ბრძოლის შესაძლებლობები

მავნებლები, დაავადებები და მათთან ბრძოლის შესაძლებლობები

ვაზის ფქვილისებრი ცრუფარიანა (Planococcus citri Risso)- გავრცელებულია როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში. განსაკუთრებით ხშირად გვხვდება კახეთისა და იმერეთის მევენახეობის რაიონებში.

განსაკუთრებით ინტენსიურადაა გავრცელებულია გურჯაანის, სიღნაღის, ყვარლის, თელავის, ზესტაფონისა და ბაღდათის რაიონების ვენახებში.

გარემო პირობების მიხედვით, მავნებელი წელიწადში 3-4 თაობას იძლევა. ზამთარს ვაზის შტამბის ამსკდარი ქერქის ქვეშ და ფუღუროებში ატარებს, ხოლო გაზაფხულზე, ჰაერის ტემპერატურის მატებასთან ერთად, აქტიურდება.

ცრუფარიანა იკვებება ვაზის ქსოვილების წვენით და აზიანებს შტამბს, ყლორტებს, ფოთლებსა და მტევნებს. დაზიანების შედეგად ფოთლები ყვითლდება, ჭკნება და ცვივა. მავნებლის მიერ გამოყოფილ ტკბილ, წებოვან სითხეზე ვითარდება სიშავის გამომწვევი სოკო – კაპნოდიუმი, რის შედეგადაც მტევნები შავდება, ყურძნის ხარისხი უარესდება და მისი სასაქონლო ღირებულება მცირდება.

ბრძოლის ღონისძიებები

შემოდგომაზე რეკომენდებულია ვაზის შტამბის ამსკდარი ქერქისგან გაწმენდა, მისი ვენახიდან გატანა და განადგურება. ამ ღონისძიებით მნიშვნელოვნად მცირდება როგორც ცრუფარიანას, ისე შტამბზე მოზამთრე სხვა მავნებლების რაოდენობა.

ადრე გაზაფხულზე, კვირტების დაბერვამდე, როდესაც ჰაერის ტემპერატურა 5°C-ზე მეტია, რეკომენდებულია ვაზის დამუშავება მინერალური ზეთის შემცველი პრეპარატებით.

ვეგეტაციის პერიოდში აუცილებელია ვენახის რეგულარული მონიტორინგი. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ფოთლების ქვედა მხარესა და ახალგაზრდა ყლორტებს.

ივნისის ბოლოსა და ივლისის პირველ დეკადაში, მატლების ინტენსიური განვითარების პერიოდში, ვენახი საჭიროების შემთხვევაში უნდა დამუშავდეს შესაბამისი ინსექტიციდებით. გამოიყენება სხვადასხვა მოქმედი ნივთიერების შემცველი პრეპარატები, მათ შორის: სპიროტეტრამატი, პარაფინის მინერალური ზეთი და სხვა.

ინსექტიციდები უნდა შეისხუროს დილის ან საღამოს საათებში, შესაბამის ამინდში, რათა პრეპარატმა მაქსიმალური ეფექტურობა გამოავლინოს.

მცენარეთა დაცვის საშუალებების გამოყენებისას აუცილებელია საქართველოში რეგისტრირებული პრეპარატების შერჩევა და ეტიკეტზე მითითებული დოზების, გამოყენების ვადებისა და უსაფრთხოების წესების დაცვა.

წყარო – სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი / SRCA

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

მსგავსი სტატიები

კატეგორიები

ახალი კომენტარები