მთავარი » ეკლესია-მონასტრები

ლურჯი მონასტერი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 20.07.2011 | 5,826 ნახვა

ძველი ქართული ხუროთმოძღვრების ეს ძეგლი, რომელიც მდებარეობს თბილისში, ვერის უბანში ლ. ქიაჩელის ქუჩის ბოლოში, მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, ახლანდელ ვერის პარკთან არის აღმართული.ლურჯი მონასტერი იგი XII საუკუნის მიწურულში უფრო ადრინდელი ეკლესიის ადგილას აუშენებიათ. ნაგებობაში გამოყენებულია ძველი ეკლესიის ცალკეული ნაწილები. სამხრეთი შესასვლელის ტიმპანში დაცული ვრცელი წარწერის თანახმად, ეკლესია აუგია “უღირს ბასილს, ქართლისა მთავარეპისკოპოსყოფილს”, თამარ მეფის დროინდელი პოლიტიკური მოღვაწის, აბულასანის ძმას.

ლურჯი მონასტერი თავდაპირველად გუმბათოვანი ეკლესია იყო, უახლოვდებოდა XII-XIII საუკუნეების მიჯნის ქართლის სხვა ტაძრებს (ბეთანია, ქვათახევი). XVI ან XVII საუკუნეებში ძლიერ დაზიანებული ტაძარი უგუმბათოდ აღადგინეს და შიდა სივრცეს ბაზილიკის იერი მიანიჭეს. 1873 წელს ეკლესია კვლავ აღადგინეს, დაადგეს ქართული ხუროთმოძღვრებისათვის უცხო ფორმის გუმბათი, ააშენეს ახალი კედლები და ფრონტონები (აგურისა), რომლებმაც არსებითად დაამახინჯეს ძეგლი. ამჟამად გეგმის, წარწერებისა და პერანგის ქვემო ნაწილის გარდა გადარჩენილია აღმოსავლეთი შვერილი აფსიდის სარკმლის ჩუქურთმა.

წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ლურჯი მონასტრის სახელით ცნობილმა ტაძარმა სახელწოდება ლურჯად მოჭიქული გადახურვის გამო მიიღო (დღესდღეობით ჭიქურის ნაცვლად სახურავი ლურჯადაა შეღებილი).

გადმოცემის თანახმად, VII საუკუნეში ამ ადგილას წმ. იოანე ღმრთისმეტყველის სახელობის მონასტერი დაარსდა. წმ. ანდრიას სახელობის ეკლესია 1180-იან წლებში ქართლის ყოფილი მთავარეპისკოპოსის ბასილის მიერაა აგებული. XVI საუკუნეში სპარსელების მიერ დანგრეული ტაძარი ერთი ასწლეულის შემდეგ აღსდგა. XVIII საუკუნეში იგი გაბაშვილთა საგვარეულოს ეკუთვნოდა. რუსეთის ხელისუფლების მოსვლის შემდეგ ტაძარი ძლიერ დაზიანდა. ამის გამო წირვა-ლოცვა გაუქმდა და ნაგებობაში დენთის საწყობი განთავსდა.

1858 წელს დადგა საკითხი ეკლესიისთვის მისი პირვანდელი ფუნქციის დაბრუნების შესახებ. 1860 წელს დეკანოზ გრიგოლ ჭრელაშვილისა და ინჟინერ-ტექნოლოგ ფონ-ბიჰოლდის მიერ საქართველო-იმერეთის სასინოდო კანტორაში წარდგენილ დასკვნაში ნათქვამი გახლდათ, რომ ტაძარი მხოლოდ მცირე შეკეთებას საჭიროებდა, რათა მასში ღმრთისმსახურების აღდგენა ყოფილიყო შესაძლებელი. სამხედრო უწყებამ ნაგებობა მხოლოდ 1871 წელს გაათავისუფლა.

მალევე ტაძრის რესტავრაცია დეკანოზ იოანე ბასხაროვის ხელმძღვანელობით საეპარქიო არქიტექტორ ალ. ჩიჟოვის პროექტის მიხედვით განხორციელდა. ეკლესიას დაადგეს რუსული “ხახვისებრი” გუმბათი, რომელიც შეუსაბამობაში მოდიოდა ქართულ ხუროთმოძღვრულ ფორმებთან და ტაძრის იერსახეს მთლიანად ცვლიდა. 1873 წელს ეკლესია ხელმეორედ ეკურთხა და წირვა-ლოცვა აღდგა.

საბჭოთა პერიოდში, 1950-იან წლებში ტაძარში სამხერხაო იყო მოწყობილი, მოგვიანებით კი – მედიცინის ისტორიის მუზეუმი. 1990 წელს ღმრთისმსახურება კვლავ აღდგა და ჩიჟოვისეული ხახვისებრი გუმბათიც კარვისებრი გადახურვით შეიცვალა.

“ჩაწერილი ჯვრის” ტიპის ნაგებობის გუმბათი აფსიდის შვერილებსა და დასავლეთით მდგომ წყვილ ოქტაგონურ ბურჯს ეყრდნობა. საკურთხეველი გარედან მცირედაა შვერილი. სამკვეთლო და სადიაკვნე უაბსიდოა და სწორკუთხედში ჩაწერილი. საკურთხევლისა და პასტოფორიუმების თავზე მეორე სართულია მოწყობილი, რომელიც ინტერიერის სივრცისკენ სარკმლებით იხსნება.

მრავალჯერ სახეცვლილ ტაძარს პირვანდელი იერი აღმოსავლეთ ფასადზე შეუნარჩუნებია, რომელიც თავისებური კომპოზიციური გადაწყვეტით გამოირჩევა: შვერილ აბსიდზე სამი სარკმელია მოცემული განიერ, უხვად მოჩუქურთმებულ საპირეში ჩასმული. თუმცა შუა სარკმელი ტრადიციულად არა ზემოთ, არამედ პირიქით, განაპირა სარკმლებს ქვემოთაა განთავსებული.
ფასადზე თავდაპირველ ქვის წყობას აგურისა ენაცვლება. აგურითვეა ამოყვანილი რვასარკმლიანი გუმბათიც.
ეკლესიის დასავლეთით ორიოდ მეტრში ორსართულიანი სამრეკლოა აგებული.

ლურჯი მონასტრის ტაძრის საკურთხეველში ახლად შექმნილი ტრაპეზი დგას.

ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი დავით შარაშენიძეა.

ქეთი ჭელიძე
ფოტო ნინო ჩალაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარი არ არის »

  • ლია says:

    დიდი მადლობა.ტურმე რამდენი რამე არ ვიცოდიტ,დზალიან ხსჰირად დავდიოდი ხოლმე ახალგაზრდობასჰ მანდედ ეგ ბაგჰი სტეკატ გვქონდა ასე ვტქვატ,და ყოველტვის ვკიტხულობტიტ რატომ ერქვა ლურჯი მონასტერი (იმ დროისატვის რა ტქმა უნდა არ იყო მოქმედი)ყველა ტავის აზრს გამოტქვამდა,მაგრამ ეხლა ვხვდები არავინ იყო სწორი.ეხლა მაინც ვისწავლოტ და სჰტამომავლობასაც დავუტოვოტ ეს ცოდნა,რომ ცჰვენსავიტ ზგჰრაპრებს არა ჰყვებოდნენ.

  • ლევანი says:

    ქალბატონო ლია შენდობას ვითხოვ, მაპატიეთ, მაგრამ იქნებ ცოტა ორთოგრაფიულად წეროთ თორემ ხან აზრს ვერ ვიგებ, ხან თვალები მტკივდება…

  • ლია says:

    მაპატიეტ ბატონო ლევან,უბრალოდ ცჰემი კომპიუტერი არ წერს ყველა ასოს,ტუ გნებავტ ინგლისურატ დავწერ.სჰემინდეტ დზალიტ არ ვაკეტებ.

  • nails, says:

    Hi Dear, are you really visiting this web site regularly,
    if so afterward you will without doubt take nice know-how.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი