მთავარი » კულტურა

ლიხაურის (ჭანიეთის) ციხე

სტატიის ავტორი: | თარიღი: 14.08.2017 | 1,327 ნახვა

ლიხაურის (ჭანიეთის) ციხეს ძეგლის სტატუსი მიენიჭა

ლიხაურის (ჭანიეთის) ციხე

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფ. ლიხაურში მდებარე ციხეს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის შესაბამისი ბრძანებით კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა (2017 წელი, 30 ივნისი).

ციხე დგას მთაზე. გეგმით სწორკუთხაა. ნაგებია რიყის, ბაზალტისა და ქვიშაქვის ნაწილობრივ დამუშავებული ქვებით. მაღალ გალავანში ჩართულია სამი სხვადასხვა ზომის და ფორმის კოშკი. ჩრდილოეთის კოშკი სწორკუთხაა, ოდნავ ტრაპეციის ფორმის. შიგნიდანაა გალავანზე მიდგმული. ოთხსართულიანია. მთავარი შესასვლელი ეზოს მხრიდან მესამე სართულზეა. მისი პირველი სართული ციხის მთავარი კარიბჭეა. კარი ქვებშია ამოკვეთილი, რომელსაც თავისი ორმაგი ჩამკეტი ფოსოები აქვს ამოჭრილი. პირველი სართული ქვის თაღოვანი გადახურვით სრულდება. კოშკის მეორე და მესამე სართულები საცხოვრებელი უნდა ყოფილიყო, მეოთხე სართული ალბათ – საბრძოლო. პირველ სართულზე, კარიბჭის დასავლეთ კედელში ვიწრო გამჭოლი ხვრელია გაკეთებული, რომელიც დამატებითი დამცავი ბარიერი უნდა ყოფილიყო. მეორე-მეოთხე სართულებზე კედლებში სათოფურებია დატანებული.

გალავნის დასავლეთ ნაწილში ზურგიანი კოშკია. ზურგი გალავნის გარეთ ექცევა, ამდენად ერთგვარად კონტრფორსის დანიშნულებაც ქონდა. კოშკი საბრძოლოა. ოთხსართულიანია. პირველი სართული, რომელიც ყრუა, ამჟამად ნაშალითაა ამოვსებული. შესასვლელი მეორე სართულის დონეზეა. კარს შიდა მხრიდან ჩამკეტი ორმაგი ფოსოები აქვს. სართულშორისი გადახურვა პირველ სართულზე ქვითკირისაა, დანარჩენებზე ხისა ყოფილა. კედლებში ჩართულია სათოფურები. კოშკზე ეზოდან დამატებით კონტრფორსია მიდგმული.
გალავნის აღმოსავლეთ ნაწილში დიდი ზომის ტრაპეციის ფორმის კოშკია. ოთხსართულიანია. შესასვლელი მეორე სართულის დონეზე აქვს ჩრდილოეთიდან. ლიხაურის (ჭანიეთის) ციხე პირველი სართული ყრუა. მეორე სართულისგან გამოყოფილი იყო ქვითკირის ჭერით. მეორე და მესამე სართული საცხოვრებელია. მეოთხე – საბრძოლო ბანი უნდა ყოფილიყო. ამ სართულებზე სართულშორისი გადახურვა ხის იყო. კედლებში დატანებულია მცირე ზომის თაღჩები და სათოფურები. შესასვლელის თავზე უნდა ყოფილიყო საბრძოლო-სათვალთვალო სივრცე.

კოშკის ჩრდილოეთით, გალავანზე მიდგმული ნაგებობის ნაშთია. ამჟამად შემორჩენილია კედელზე მიდგმული ორთაღიანი კედლის ნაშთი.

ციხის სამხრეთ ნაწილში გალავანიდან მცირე დაშრებით ამოყვანილია კედლები, რომლებიც ქვითკირითვეა გადახურული. მისი დანიშნულება ამჟამად ბუნდოვანია.

გალავანს ზედა ნაწილში საბრძოლო ბილიკი შემოსდევს.

ციხის ეზოში ჭაა.

ციხე ქართული საფორტიპიკაციო ნაგებობების ერთ-ერთი მაშტაბური და კარგად დაგეგმარებული ნიმუშია, რომელსაც პარალელები ეძებნება სამეგრელოს ჭაქვინჯისა და შხეფის ციხეებთან. ის არა მხოლოდ სათავდაცვო ნაგებობად გვევლინება, არამედ საცხოვრებლადაც. ციხეზე კარგადაა გადაწყვეტილი დაცვის მექანიზმები. განსაკუთრებით გამოსაყოფია კარიბჭის კოშკის კედელში დატანებული ვერტიკალური ხვრელი. ამავე დროს ციხეს აქვს ისტორიული მნიშვნელობაც, მის გარშემო განვითარებული მოვლენების გამო. აღნიშნულის გამო, ვფიქრობთ, ციხეს ნამდვილად უნდა ქონდეს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი