18 ივლისი 2024, ხუთშაბათი

ლაშარობა

ლაშარობა ფშავის, თუშეთის და ერწო-თიანეთის მთავარი დღესასწაულია. ფშავის მთავარი სალოცავი, რომელიც ფშავის არაგვის ზედა წელში მდებარეობს, ლაშარის წმ. გიორგი და აქიმ თამარ დედუფალი ჰქვია.ლაშარი ლაშარობა იმართებოდა სხვადასხვა დროს, მთავარი დღესასწაული კი ყოველთვის პეტრე-პავლობის მომდევნო ორშაბათს. ლაშარის მოპირდაპირე გორაზე თამარ დედოფლის ხატია, რომელსაც აქიმ-დედუფალს ეძახიან. მის დღეობას ღელეობა ჰქვია და ლაშარობის მეორე დღეს აღნიშნავენ. ხალხი თამარ დედოფალს ჯანმრთელობას შესთხოვს.

ნინო ღამბაშიძე (ივ. ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი): “ლაშარის ადგილზე მეფე ლაშა-გიორგის წმ. გიორგის ეკლესია აუგია და ტაძრისთვის წმ. გიორგის ხატი უჩუქებია. ლაშარის ჯვართან დაკავშირებით ხალხში ამგვარი ლეგენდაა დაცული: ლაშარობის დღესასწაული ძველთაგანვე აღინიშნებოდა. ერთხელაც ლაშარობაზე თავის მხლებლებთან ერთად ლაშა-გიორგი მისულა. ფშავლები მეფეს პატივით დახვედრიან და მადლიერების ნიშნად შინ დაბრუნებულ მეფეს გარკვეული ხნის შემდეგ მასპინძლებისთვის ძვირფასი ჯვარი გამოუგზავნია. ფშავლები მას ლაშარში ინახავდნენ. გადმოცემა გვეუბნება, რომ სალოცავს მას მერე დარქმევია ლაშარის ჯვარი. ხალხს ამ ჯვრის დიდი სასოება ჰქონია. ლაშარის ჯვრის სალოცავი მოლაშქრედ ითვლვებოდა და მისი დროშა ლაშქარს უძღვებოდა წინ.

ლაშარის გალავანში ოთხკუთხა ყორე ყოფილა, რომელზეც წმ. გიორგის ხატი და ჯვარი ესვენა, იდგა სააიაზმეც. ვაჟა-ფშაველას გადმოცემით მღვდელი მოსულ მლოცველს ჯვარზე ამთხვევინებდა და აიაზმას ასხურებდა, ხოლო ხევისბერი თავისი მოვალეობებით იყო დაკავებული: კლავდა საკლავს, ლოცავდა მოსულ ხალხს და სხვა, ისე, როგორც ეს მთის სალოცავებში იცოდნენ. გალავანში ყოფილა საჯარე, რომელშიც მხოლოდ ხევისბერების შესვლა შეიძლებოდა. მასთან ახლოს ყორისავე საზარე ყოფილა აშენებული, რომელსაც სპილენძის გუმბათი ედგა, ზედ კი ჯვრიანი ზარი ეკიდა. ტოტებზე ზარს პატარა ზარები ეკიდა. საზარეზე ლაშარის დროშას აყუდებდნენ. ლაშარის ჯვარს ქადაგი ჰყოლია, რომელიც წმ. გიორგის ნებას გადასცემდა ხალხს.

ლაშარში ხატის გალავანს გარეთ სასანთლე იყო აშენებული, სადაც წმ. გიორგის ხატები და ჯვრები ესვენა. ხევისბრები აქ კლავდნენ საკლავს და ანთებდნენ სანთლებს. აქვე ყოფილა დიდი ორმო, სადაც საკლავის სისხლი ჩაედინებოდა. ვინაიდან ლაშარში სხვადასხვა კუთხეებიდან დიდძალი მლოცველი მოდიოდა, ხატს ბევრი ხელოსანი ანუ მსახური ჰყავდა. ზოგიერთი მლოცველი თეთრებში გამოწყობილი, ფეხშიშველი მიდიოდა ხატში, მიჰყავდათ დიდძალი საკლავი.

ხატს კახეთში საკუთარი ვენახები ჰქონდა, საიდანაც დღეობისთვის, ღვინო მოჰქონდათ. ფშავლებს ლაშარი მხედრად და მოლაშქრედ წარმოედგინათ. ხევისბერი თურმე ხატში ქერს ყრიდა – ლაშარის ჯვრის ცხენს მოუნდებაო. ვინაიდან ლაშარს დიდძალი შეწირულობა მიუდიოდა, იგი მდიდარი ხატი იყო. გადმოცემის მიხედვით მუხის მოჭრამდე ლაშარში ბერები ცხოვრობდნენ, სხვა ადამიანის იქ მისვლა არ შეიძლებოდა. თურმე მლოცველი ქვემოდან ლოცულობდა. მეორე დღეს ხალხი თამარ დედოფალში გადიოდა.

საყოველთაოდ ცნობილი გადმოცემით, ლაშარის ჯვრის წმინდა მუხა ზეცას ოქროს შიბით ანუ ჯაჭვით იყო მიბმული, რომლის მოჭრა ზურაბ ერისთავმა* მხოლოდ ღალატის შემდეგ შეძლო. მუხის მოჭრა შეუძლებელი იყო, იგი არ იჭრებოდა. ყოველი დარტყმისას ნაჯახი ტყდებოდა, მუხა კი უფრო სქელდებოდა. ბოლოს ზურაბ ერისთავმა შეიტყო, რომ თუ მუხასთან შავ კატას დაკლავდნენ, ხეს სიწმინდე დაეკარგებოდა და ადვილად მოიჭრებოდა. ეს საიდუმლო ფშაველმა შალიკაურმა, ვინმე აფციაურს გაუმხილა, რომელიც ფშავლებს მტრობდა. ასე მოაჭრევინა ზურაბ ერისთავმა ლაშარის წმინდა მუხა. გადმოცემა გვეუბნება, რომ როდესაც ბერმუხა მოიჭრა, ოქროს შიბი შხუილით აიჭრა ზეცაში.

ლაშარში საყეინოს სახელით ცნობილი დიდი ჭურჭელი, თასი ინახებოდა, რომლითაც დღეობაზე გარდაცვლილ გმირთა შესანდობარს სვამდნენ.

თუშეთის მთავარი ხატებია ლაშარი, ხითანა და სამება. ათნიგენობების ციკლის (იხ. ათენგენობა) პირველი დღესასწაული ჩიღოს ლაშარის ჯვრის დღესასწაულია. აღინიშნება 6–7/19-20 ივლისს. ხატის მთავარი მსახური თუშეთში დეკანოზია, რომელიც აღმოსავლეთ საქართველოს სხვა კუთხეების ხატის მსახურების მსგავსად დღეობისთვის წმინდობს ანუ იცავს ყველა დადგენილ წესს, რომელთა შესრულების შემდეგ წმინდად მიიჩნევა და თავისუფლად შეუძლია სალოცავს ემსახუროს. დღეობაზე მლოცველი ადრიანად მიდიოდა. მიჰყავდა საკლავი, მიჰქონდა სურსათი, სანთელი, რიტუალური კვერები.

ნაჭრებით და ფერადი ლენტებით შემკული და შემოსილი ხატის დროშა სალოცავში ან ცალკე ნაგებობაში ინახებოდა. მლოცველი ჭრელ ან თეთრ ხილაბანდებს დროშას დღეობაზე სწირავდა. დეკანოზი გამოიტანდა დროშას და ხატის ნიშთან მიაყუდებდა. დეკანოზს ხატში ჰყავდა თანაშემწე, რომელსაც შულტა ეწოდებოდა. მზე რომ გადაიხრებოდა, დეკანოზი და შულტები დგებოდნენ ხატის ნიშთან, ანთებდნენ სანთლებს და დეკანოზი იქ მყოფი მლოცველის დამწყალობენებას იწყებდა. ხანდაზმული ქალების გარდა, სხვა ქალებს რომლებსაც დედათა წესი აღარ ჰქონდათ, ხატთან შორიახლო დგომა ეკრძალებოდათ, ამიტომ მოშორებით იყვნენ. მლოცველს დეკანოზთან რიტუალური კვერები, სანთლები და არყით ხელადა მიჰქონდა. ამ საწირს შულტა ართმევდა და აბინავებდა, დეკანოზი კი შეწირულ სანთლებს ანთებდა, ახსენებდა შემწირველის სახელს და დაილოცებოდა: `დიდება ღმერთსა, მადლი ღმერთსა, ღმერთო, გაუმარჯვე წმ. გიორგის ლაშარისასა, დიდად სადიდებელსა, ძვირად სახსენებელსა! წმ. გიორგი, შენ შეგვეწიე, შენ გეხვეწებიან სამსახურის მომღებნი თავი დაბლითა, გული მართლითა, ნაძახევს გაუგონებდი, ნაქადებს არ გიმტყუნებენ. შორს მყოფი ახლოს დაუხვდიდი, დაიცავი, დაიფარე ზვავისაგან, წყლიდან, სენიდან, სასჯლიდან. მწარე სიკვდილისა თავ თქვენ შეუქციიდითა. ზამთარ მშვიდობისა წაგვარეთა, ზაფხულ გამარჯვებისა მოგვარეთა. ჯოხ აიღონ, ვახშამ მისცითა, სახელ სარგებლიან მიატანითა, სავნებელ მოაშორეთა, მტრის ხელით ხმალ ახხადითა, სიკვდილობას აუსუბუქიით. მტერთან ჭირს ნუ დაუკარგავ, სწორთან სამართალს, მხარ-გუთან წაღმ წაგვარეთა. ყანა-მკა მოგვარეთა, ღონესა, ქონნესა უმატითა. ცხვარ-ცხვრის მკრავს უმატეთა, პურსა და პურის მჭამელს უმატეთა! დიდო ბედნიერო ანგელოზო, შენ გეხვესწებიან თავი დაბლით, გული მართლითა! მეშველილ, მწყალობელიმც არის თქვენი! გაუმარჯოს ჩვენ სალოცავებს, გაუმარჯოს ყმებს ლაშარის გიორგისას!”

შეწირული არყიდან დეკონოზი ერთ ყანწს დალევდა, დანარჩენს თუნგში ასხამდა ანუ აგროვებდა. ასევე იტოვეებდა რიტუალური პურის ნაწილსაც. შეწირულ ცხვარს დეკანოზი რქებზე სანთლებს მიაკრავდა და დაილოცებოდა. შემდეგ ამავე სანთლით საკლავს შუბლზე თმას შეუტუსავდა, გადასცემდა შულტას, რომელიც კლავდა და დაღმართში აგორებდა. ამ დროს ხალხი დაიძახებდა: `წყალობა ხატსა!~ დაგორებულ ცხვრებს ბავშვები იჭერდნენ. ვინც შესაწირს პირველად მოკიდებდა ხელს, ამ ცხვრის გულ–ღვიძლი მისი იყო. მზის ჩასვლისას დეკანოზი დროშას ერთ მაღლობზე აიტანდა და ხალხს მიმართავდა, თხოვდა და მოუწოდებდა, ლაშარის წმ. გიორგის კარზე არ ეჩხუბათ, არავის არაფერი მოეპარა, დაკარგული მპოვნელს სადეკანოზოში მიეტანა, კაცებს შეშა მოეტანათ, ქალები და კაცები ცალ-ცალკე დაბანაკებულიყვნენ და ეს მოთხოვნა მკაცრად დაეცვათ.

ამის შემდეგ იწყებოდა სამზადისი ლხინისთვის, იშლებოდა სუფრები, იმართებოდა პურობა. საღამოს შულტები გამოიტანდნენ ლუდიან დიდ კოდს და იწყებოდა კოდის ლოცვა. ლოცვაზე დასწრების ნება მხოლოდ კაცებს ჰქონდათ. კოდიან ლუდთან იმღერებდნენ და ბოლოს დაიძახებდნენ: გაუმარჯოს ლაშარის წმ. გიორგისო. დილით დეკანოზი დააჟღარუნებდა დროშას. ყველა წამოიშლებოდა და კვლავ იმართებოდა პურობა. ამავე დროს წესად ჰქონდათ ქორბეღელას ჩაბმა და დოღი.

ქორბეღელა კაცების ორსართულიანი ფერხული იყო. ორსართულიან წრეში ჩაბმული კაცები ხატის კარამდე მიდიოდნენ. წრეს ისე უნდა ემოძრავა, რომ არ დაშლილიყო. ხატის კართან წრე სამჯერ დატრიალდებოდა, ქორბეღელას მონაწილეები დაიძახებდნენ: გწყალობდეთ ლაშარის ჯვარიო და დაიშლებოდნენ. ამ დროს შულტა სადეკანოზოდან ლუდს გამოიტანდა და ქორბეღელას მონაწილეებს ასმევდა. ამის შემდეგ ახალგაზრდები ჯირითს მართავდნენ და დღეობაც ამით მთავრდებოდა ერწო-თიანეთის მთვარი სალოცავიც ლაშარის წმ. გიორგი და თამარ დედუფალი იყო. დღეობა აღდგომის მეცხრე კვირის ხუთშაბათს საღამოს იწყებოდა და შაბათ დილამდე გრძელდებოდა. ხალხი შესაწირებით (საკლავი, ქადა-სანთელი) მიდიოდა. ზოგიერთი მლოცველი ქალი თეთრებში გამოწყობილი, თეთრ ხილაბანდწაკრული, ფეხშიშველი იყო, ზოგიერთი მამაკაცი კი წითელ ხილაბანდ წაკრული. ხატის დროშას ეწირებოდა საკადრისები ანუ თეთრი თუ ჭრელი ნაჭრები, ხატის ხეებზე ხალხი სხვადასხვა ლენტებს და ნაჭრებს აბამდა. იმართებოდა ლხინი, ცეკვა-თამაში. დღეობაში მონაწილეობის მისაღებად, სალოცავად მლოცველი კახეთიდანაც მიდიოდა.

ერწო-თიანეთში ასეთი გადმოცემა არსებობდა: ლაშარის წმ. გიორგი თამარის დროს ცხოვრობდა და მთიელების დასაცავად ურჯულოებზე ლაშქრობდა. ჰყავდა ლურჯა ცხენი, რომელსაც მხრებზე მტრედივით ჰქონდა ფრთები. ამის გამო ხშირად უფრენია. ურჯულოებზე ლაშქრობისას წმ. გიორგი თავის ლურჯაზე შეჯდებოდა და ლაშქარს წინ მიუძღოდა, რასაც მხოლოდ “წმინდა კაცები” ხედავდნენო.”

მსგავსი სტატიები

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები