მთავარი » საზოგადოება

კურორტი შოვი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 25.06.2017 | 2,625 ნახვა

კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტი შოვი ზემო რაჭაში, უწერიდან მამისონის (ჭანჭახის) უღელტეხილის მიმართულებით რამდენიმე კილომეტრში, დიდი კავკასიონის შუა და ყველაზე მაღალი ნაწილის – რაჭის კავკასიონის სამხრეთ ფერდობზე მდებარეობს. ზღვის დონიდან 1520 მეტრი, ონიდან 30 კილომეტრი.

შოვში კურორტის დაარსების მოთავე ექიმი შამშე ლეჟავა ყოფილა. XIX ს-ის დასაწყისში, ვენის უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში, მას ფეხით მოუვლია ალანდი, დავოსი, ვილდუნგენი, ბადენი, კარლსბადი და მიზნად დაუსახავს, მშობლიურ ამბროლაურშიც შეექმნა მსგავსი დონის კურორტი. სამშობლოში დაბრუნებისთანავე შამშე ლეჟავა ადგილის შერჩევას შეუდგა და ამისთვის ყველაზე შესაფერისად შოვი მიიჩნია.

კურორტი შოვი

კურორტის მოწყობა XX ს-ის 20-იან წლებში დაიწყო. 1928 წელს შოვმა პირველი დამსვენებლები მიიღო, აშენდა ულამაზესი შენობები, რომელთა ნაწილი ამჟამად რეაბილიტაციას საჭიროებს. საკურორტო სეზონი გრძელდება — ივნის-ოქტომბერში.

კურორტისათვის დამახასიათებელია აბსოლუტურად სუფთა და გრილი ჰაერი, აგრეთვე ჰაერის ზომიერი მთის და ხეობის ნაკადები. მინერალური წყალი გამოიყენება სამედიცინო მიზნით.

კურორტზე ჩამოსვლა რეკომენდებულია სუნთქვის ორგანოების არატუბერკულოზური ხასიათის დაავადებების, საჭმლის მომნელებელი, ნერვული სისტემების და სხვა დაავადებათა სამკურნალოდ.

გიორგი დვალაშვილი (თსუ-ს ასისტენტ-პროფესორი): კურორტი გაშლილია ერთგვარ ვაკეზე, რომელიც გარშემორტყმულია წიწვოვანი (ნაძვი, სოჭი, ფიჭვი) და შერეული (წიფელი, მუხა, რცხილა, არყი, შინდი და რთხმელა) ტყეებითა და მუდამ თოვლიანი მყინვარებით. აქ გამოკვლეული 16 მინერალური წყარო ქიმიური შემადგენლობით სრულიად განსხვავებულია და სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება.

ბუნების სილამაზითა და მინერალური წყაროების სიუხვით განთქმულ შოვს სამკურნალოდ ძველ დროშივე სტუმრობდნენ ახლომდებარე სოფლების მცხოვრებნი და მგზავრები, რომლებიც რაჭიდან შოვის და მამისონის უღელტეხილის გავლით სამაჩაბლოში გადადიოდნენ.

შოვის წყლების მეცნიერული შესწავლა და კურორტის მშენებლობა 1923 წლიდან იწყება. საბჭოთა პერიოდში აქ ულამაზესი სანატორიუმები და დასასვენებელი სახლები აშენდა, მათ შორის იყო ქართული ორნამენტებით შემკული ცნობილი კურზალის შენობა. კურორტი შოვი შოვი საინტერესო ადგილია ალპინიზმის, სათხილამურო სპორტის, რაფტინგის მოყვარულებისთვის. ცნობილია, რომ კავკასიონის ამ ნაწილში 4000 მეტრზე მეტი სიმაღლის რამდენიმე ისეთი მწვერვალია, რომლებზეც ფეხი ჯერ არავის დაუდგამს. საფეხმავლო ტურების მოყვარულებისთვის საინტერესო მარშრუტია მამისონის უღელტეხილამდე (2820 მ) მიმავალი ბილიკი, რომელიც ჭანჭახის ულამაზეს ხეობას მიუყვება.

კლიმატი: საშუალო მთის (ზედა სარტყელი). ზამთარი ცივი, თოვლის მდგრადი საფარით. იანვრის საშუალო ტემპერატურა -5,80C. ზაფხული ზომიერად თბილი. აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 15,70C. ნალექების საშ. წლიური რაოდენობა: 1050-1100 მმ. ჰარის საშ.წლიური ფარდობითი ტენიანობა: 76%. მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში: 2000-2100 სთ.

ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები: საშუალო მთის ზედა სარტყლის ჰავა, ნახშირმჟავა, ჰიდროკარბონატული, კალციუმიან-ნატრიუმიანი რკინის შემცველი მინერალური წყლები, საერთო მინერალიზაციით 2,0- 2,4 გ/დმ3 და აზოტიანი, ჰიდროკარბონატული, კალციუმიან- მაგნიუმიანი მინერალური წყლები, საერთო მინერალიზაციით 0,7-0,9 გ/დმ3; დებიტი: 150 ტონა დღ-ღ. მკურნალობის სახეობები: მინერალური წყლის მიღება (დალევა), პასიური კლიმატოთერაპია. სამკურნალო ჩვენებები: სასუნთქ ორგანოთა დაავადებები (ბრონქული ასთმა), ანემია, კუჭ-ნაწლავის, ნაღვლის და საშარდე გზების დაავადებები, ლიმფოდენიტი.“

შოვის ბუნებრივი პირობები აქ სამთო-სათხილამურო კურორტის განვითარების საშუალებას იძლევა.

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი