მთავარი » ხატები და ფრესკები

კუპიატიცის ღვთისმშობელი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 03.08.2012 | 3,072 ნახვა

კუპიატიცის ღვთისმშობლის ხატი 1182 წელს გამოჩნდა: პინსკის ოლქში, მდინარე იასოლდის სანაპიროზე, მალოროსიაში, სოფელ კუპიატიცკელი ქალიშვილი ანნა მამის ცხვარს აძოვებდა და ტყეში, ხეთა შორის სინათლე შენიშნა. ახლოს მისულმა ნახა, რომ ხეზე ეკიდა პატარა ჯვარი, რომელზეც ღვთისმშობლის ხატი იყო გამოსახული. კუპიატიცის ღვთისმშობელი გახარებულმა გოგონამ ჯვარი ჩამოხსნა, სახლში დამალა და ფარასთან დაბრუნდა, მაგრამ იმავე ადგილს კვლავ სინათლე შეამჩნია, ახლოს მივიდა, ეგონა, კიდევ ერთი ჯვარი ვიპოვეო, აიღო და მკერდზე დაიკიდა.

საღამოს, როცა გოგონამ სახლში ფარა მორეკა, მოინდომა, ჯვარი მამისთვის ეჩვენებინა, მაგრამ ის მკერდზე აღარ აღმოჩნდა. უთხრა, რომ ერთი ისეთი ჯვარი კიდევ ჰქონდა და ასაღებად შევიდა, მაგრამ ვეღარც იქ იპოვა. მამასთან ერთად იმ ადგილისკენ წავიდა, საიდანაც ის ორი ჯვარი წამოიღო. ორივემ დაინახა ნათლითმოსილი ჯვარი, რომელზეც ღვთისმშობელი იყო გამოსახული. ჯვარი სახლში წაიღეს, მაგრამ მეორე დღეს კვლავ ვერსად იპოვეს. ამ სასწაულის შესახებ სოფლის მოსახლეობას აცნობეს. ყველა ერთად მითითებული ადგილისკენ გაემართა და ხეზე მბრწყინავი ჯვარი იხილეს. ამ სასწაულის მხილველმა ხალხმა აქ ხის ეკლესია ააშენა და გამოჩინებული ჯვარი შიგ დააბრძანეს. ხატი განდიდდა მრავალი სასწაულით, რომელთა უმრავლესობა უცხოტომელთა შემოსევებისას აღესრულა.

კუპიატიცკის ეკლესია რამდენიმე წლის შემდეგ თითქმის გადაწვეს, ხატი ჯვართან ერთად ძირს ჩამოვარდა და ფერფლმა დაფარა. ის დიდხანს იყო მიწაზე. ერთხელ ერთი მგზავრი – იოაკიმე, როცა ნახანძრალ ადგილს ჩაუარა, საოცარმა სინათლემ განაცვიფრა, რომელიც მიწიდან ამოდიოდა. ახლოს მისულმა ფერფლში ჯვარი დაინახა, რის შესახებაც კუპიატიცკის მოსახლეობას აცნობა. ხალხი ღვთისმსახურთან ერთად მივიდა ნახანძრალზე და სრულიად უვნებელი ღვთისმშობლის სასწაულთმოქედი ჯვარი იპოვეს. იქვე ახალი ეკლესია ააშენეს, სადაც იოაკიმე მნათედ დარჩა. 1629 წელს ამ ტაძართან მამათა მონასტერი დაარსდა.

ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი სოფელ კუპიატიცში დარჩა იმ დრომდე, სანამ იქაური მონასტერი მართლმადიდებელთა ხელში იყო. როდესაც XVII ს-ის II ნახევარში ის ჯერ ბენედიქტელი, ხოლო შემდეგ უნიატელი ბერების ხელში გადავიდა, 1656 წელს რუსმა მართლმადიდებლებმა სასწაულთმოქმედი ხატი კიევში გადაიტანეს და სოფიის ტაძარში ანდრია მოციქულის სამხრეთ ეკვდერში, სატაძრო ხატების მწკრივში მოათავსეს. ხატი უძველესი დროიდან სასწაულებითაა განდიდებული, რომელთა უმეტესობა აღესრულა მაშინ, როცა რუსები პოლონელებთან მართლმადიდებლობის დასაცვად იბრძოდნენ. ბრეხტის ტაძარში იღუმენმა ღირსმა ათანასე ფილიპოვიჩმა ამ ხატის ასლი მეფე მიხეილ თეოდორეს ძეს გაუგზავნა.

ჯვარი, რომელზეც კუპიატცის ღვთისმშობელია გამოსახული, სპილენძისგანაა დამზადებული. ერთ მხარეს გამოსახულია ღვთისმშობელი ყრმა-ღმერთით ხელში, ხოლო მეორეზე – ჯვარცმა.

მოამზადა თეონა ნოზაძემ


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი