მთავარი » საზოგადოება

კოლხური ბზა – განადგურების საფრთხის წინაშე!

სტატიის ავტორი: | თარიღი: 31.08.2014 | 6,009 ნახვა

ბზა ორლებნიანი მცენარეა, აქვს მოპირისპირე სქელი ფოთლები და ერთსქესიანი ყვავილები. იგი მარადმწვანე დაბალი ხეები ან ბუჩქებია. კოლხური ბზა ბზა მრავლდება კალმით, თესლითა და გადანაწვენით. იგი იზრდება ნელა და ცოცხლობს 500-600 წელი. საქართველოში გავრცელებულია კოლხური ბზა, რომლის არეალიც, სამწუხაროდ, მცირდება, რისი ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზიც უკონტროლო ჭრაა. ამის გამო, კოლხური ბზა შეტანილია საქართველოს წითელ ნუსხაში.
ბოლო წლებია, განსაკუთრებით აჭარის ტერიტორიაზე არსებულ ბზის კორომებში გამოვლინდა დაავადება – ე.წ. ”ბზის სიდამწვრე”, რომელმაც ბზის უნიკალური კორომები თითქმის სრულად გაანადგურა.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ ბზის მოჭრაზე კონტროლი გაამკაცრა, სამართალდარღვევებზე ვრცელდება კანონით დადგენილი სანქციები. ასევე, მიმდინარეობს ბზის კორომების სატყეო პათოლოგიური გამოკვლევა. თუმცა, შედეგი ჯერ არ არის. საქართველოში ბზის არსებობის საკითხი კითხვის ნიშნებს ბადებს.

გიორგი დვალაშვილი ( თსუ-ს ასისტენტ-პროფესორი, ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი): „საქართველოსგან განსხვავებით, არსებობს მრავალი სახელმწიფო, სადაც მცენარე ბზა საერთოდ არ გვხვდება. ჩვენს ქვეყანაში კი გავრცელებულია უნიკალური ჯიშის კოლხური ბზა, რომელიც ნამდვილად ბუნების საჩუქარია.

ჯერ კიდევ ჩვ.აღ.-მდე და შემდგომ პერიოდშიც კოლხურ ბზას ძალიან დიდი რაოდენობის მომხმარებელი ჰყავდა. ბზის მასალა აქტიურად გადიოდა საქართველოს საზღვრებს მიღმა. არსებობს ცნობები, რომ დასავლეთში ჭრიდნენ ბზის ხეებს და საბერძნეთში გაჰქონდათ. საგულისხმოა, რომ ეს მცენარე წყალგამძლეა და ქართულ ბზას ბერძნები გემთმშენებლობისთვისაც იყენებდნენ. ამავდროულად, ძველი დროის სამხედრო აღჭურვილობაში შედიოდა ბზისგან დამზადებული იარაღები: მშვილდი, ისრები, შუბები…

ცნობილია, რომ ბზის ხეები გამოიყენებოდა სახლების მშენებლობაში. არაერთი ძვირფასი ხატი ბზისგანაა დამზადებული და თვისებებიც კარგად აქვს შენარჩუნებული.

კოლხური ბზა

სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში, ბზობის დღესასწაულის პერიოდში საქართველოში დიდი რაოდენობის ბზა ნადგურდება. როგორც ჩანს, ბზის ხეებს მასობრივად ჭრიან ძირში და ტოტების სახით რეალიზაციას ახდენენ. დღეს ბზის კორომების დიდი ნაწილი ბუნებრივი დაავადებებისგან ნადგურდება. იქ კი, სადაც ბზა ჯერ კიდევ მწვანედაა შემორჩენილი, ადამიანები უკანონოდ ჭრიან.

ბზა იმერეთსა და რაჭაში ჯერ კიდევ მწვანე ფერით გამოირჩევა, განსხვავებით აჭარის რეგიონისგან. მტირალას ეროვნული პარკისა და კინტრიშის ხეობის ტერიტორიაზე ბზის ბუნებრივი გზით განადგურების შემთხვევები ფიქსირდება. ბოლო 3-4 წელში ასე მასობრივად ბზის კორომები მსოფლიო მასშტაბითაც ნადგურდება. კოლხური ბზა ფაქტობრივად, ბზის დიდი ხეები, რომელთა ასაკი რამდენიმე ასეულ წელს აღემატება, გამხმარია, ზოგიერთი კი მოტეხილი და ხეობაში ჩაყრილი. სამწუხაროდ, ბზას გაუჩნდა სოკოვანი დაავადება, რომელიც ძალიან სწრაფად იზრდება და რამდენიმე საათში მერქნის დაზიანებას იწყებს. ლანდშაფტური პირობებიც ხელსაყრელია მისი განვითარებისთვის. მცენარის სიმწვანე ამ ბზის კორომებში უკვე აღარ შეინიშნება.

მეტად საინტერესოდ გვეჩვენა კინტრიშის ხეობაში ერთი ფაქტი. მიუხედავად იმისა, რომ ამ ხეობაში დაავადების გამო ბზა თითქმის ყველგან განადგურებულია, ხეობის ზოგიერთ ციცაბო ფერდობზე, სოფ. ცხემლვანას წმ. გიორგის სახელობის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე ბზის კორომები სრულად გადარჩენილია და არანაირი ხმობის ნიშნები არ შეიმჩნევა. თუ რატომ მოხდა მხოლოდ ამ ადგილზე ბზის გადარჩენა, საინტერესოა და კვლევას საჭიროებს, ალბათ სპეციალისტების მიერ შეფასებაც გაკეთდება.

ცხემლვანას წმინდა გიორგის ეკლესია

საქართველოში ბზის პრობლემის მოსაგვარებლად ძალიან ბევრი უწყება მუშაობს. ტერიტორიის შესწავლისა და შეფასების პროცესში უცხოელებიც არიან ჩართულნი, მაგრამ შედეგი ჯერ არ ჩანს. ზოგიერთ ადგილას, ბზის კორომი, რომელიც ფერდობს იცავდა, გახმობის შემდეგ ვეღარც ნიადაგს აკავებს. ფერდობზე ჩამოშლილია ნიადაგი, ქვები, რაც უკვე სხვა პროცესებს იწვევს. საჭიროა მეტი ქმედითი ნაბიჯის გადადგმა, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენს ქვეყანაში ამ მცენარის არსებობა ეჭვს ბადებს. პატარა კორომები კი, რომელიც ჯერ კიდევ შემორჩენილია დროულ დაცვას საჭიროებენ.“

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო მოსახლეობას მიმართავს, ბზის მოჭრისგან თავი შეიკავონ.

თეონა ნოზაძე

სტატიაში გამოქვეყნებული ფოტომასალა ეკუთვნის გიორგი დვალაშვილს


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარი არ არის »

  • როსტომი says:

    ოკვე მე 4 წელი ბზას ახალი დავადება გაუჩნდა მატლი რომლებიც ბზის ფოლებით იკვებება, მასიურად არის გავრცელებული სამეგრელოსა და იმერეთში, რატომ არ ახდენს რეაგირებას გარემოს დაცვის სამინისტრო მიუხედავად იმისა რომ ჩვენ უკვე ვაცნიბე ამის შესახებ, კოკკრეტულად ხონის რაიონიში მდინარე ცხენისწხლის ეობა სადაც ერთხელ უკვე მთლიანდ შეჩამა პოთოლი ახალ თავიდან გამოაქვს მაგრან მატლი ახალ პოტოლსაც ჩამს, სასწრაპოდ ესაჩიროება შეწამვლა, სანამ ჯერ კიდევ შესადზლებელი ბზის გადარჩენა, წინახმდეგ შემთხვევეში ხმობა გარადაუალია და ბზის ისედაც შემცირებული რაოდენობა კიდევ უფრო შემცირდება. 28.07.2016.

  • მარი says:

    გამარჯობათ. მე რაიონში ვცხოვრობ, კერძოთ ზესტაფონში. ეზოში მაქვს დაახლოებით 50 წლიანი კოლხური ბზა რამოდენიმე ათეული ძირი. შევნიშნე, რომ ჭია შეესია და ანადგურებს. იქნებ დამეხმაროთ ისეთი ორგანიზაციის მოძიებაში, რომელიც ბზას გადამირჩენს.

  • ნათია says:

    რაჭაში არის საგანგაშო მდგომარეობა – თითქმის სრულად ნადგურდება უნიკალური ბზის ტყეები. სამწუხაროდ საუკუნეების მანძილზე ნაზარდ, ჯანსაღ ბზას ვეღარ იპოვით. ბზას ყავს მატლი (ამბობენ სოჭის ოლიმპიადისას გავრცელდა რუსეთიდან შემოტანილი მცენარეებიდან) , რომელიც მთლიანად ჭამს ბზას. მდგომარეობა იმდენად საგანგაშოა, რომ დაგვიანებულიც კი არის. არანაირი მნიშვნელოვანი და შედეგისმომტანი შეწამვლითი სამუშაო არ განხორცილებეულა.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი