მთავარი » კულტურა

კინოს ისტორია

სტატიის ავტორი: | თარიღი: 18.09.2012 | 20,482 ნახვა

მეოცე საუკუნის სასწაულის დაბადება

კინოპარიზი, კაპუცინების ბულვარი, “გრან კაფეს” საბილიარდო “ინდური სალონი”… მთელი მსოფლიოს კინემატოგრაფისტებისა და კინომოყვარულებისათვის ეს სიტყვები ერთ თარიღთან ასოცირდება.

სწორედ აქ, 1895 წლის 28 დეკემბერს იშვა მეათე მუზა, “მეოცე საუკუნის სასწაულად” წოდებული მეშვიდე ხელოვნება – კინემატოგრაფი.

ამ საღამოს გაიმართა მსოფლიოში პირველი საჯარო ფასიანი კინოსეანსი, რომლის ორგანიზატორებიც ლიონელი ფაბრიკატები, ძმები ოგიუსტ და ლუი ლუმიერები გახლდნენ.
ლუმიერებმა მაყურებელს მათ მიერ შექმნილი აპარატის მეშვეობით გადაღებული და ეკრანზე პროეცირებული “გაცოცხლებული ფოტოგრაფია” წარუდგინეს. აპარატს მათ კინემატოგრაფი უწოდეს.

პირველი სეანსი სულ ოციოდე წუთი გრძელდებოდა და რამდენიმე ერთწუთიანი სიუჯეტისგან შედგებოდა. მაყურებელმა დღეისათვის სახელგანთქმული ფილმები იხილა: “კედელი”, “მატარებლის შემოსვლა”, “მუშების გამოსვლა ლუმიერების ფაბრიკიდან”, “ბავშვის საუზმე”, “გაწუწული მებაღე”… ეკრანზე ამოძრავებულმა რეალური ცხოვრების სურათებმა წარმოუდგენელი ეფექტი მოახდინა მაყურებელზე.

ცნობა ახალი სასწაულის შესახებ ელვის სისწრაფით გავრცელდა ქალაქში. მეორე დღეს საღამოს მაყურებელთა რიგი უკვე მიმდებარე ქუჩებს ავსებდა. იწყება კინემატოგრაფის ტრიუმფალური სვლა…

კინემატოგრაფის დაბადებას ხანგრძლივი წინაისტორია აქვს. უძველესი დროიდან კაცობრიობა ცდილობდა სიცოცხლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თვისება – მუდმივი მოძრაობა, ცხოვრება აესახა მის ბუნებრივ მდგომარეობაში – დინამიკაში. ამ მცდელობის დასტურია ეგვიპტის ქურუმთა მიერ “სასწაულების” მოსახდენად გამოგონებული ოპტიკური აპარატები, სახელგანთქმული ჩინური “ჩრდილთა თეატრი”, ფრანგული “ჯადოსნური ფარანი”. მე-16-17 საუკუნეებში ტექნიკური აზრის სწრაფმა პროგრესმა კაცობრიობას საშუალება მისცა, ხორცი შეესხა ამ მისწრაფებისათვის.

XVII საუკუნეში გამოიგონეს “ჯადოსნური ფანარი”, რომელიც უძრავი გამოსახულების პროექციას იძლეოდა სიბრტყეზე. მარტივად რომ ვთქვათ, კინო თავის წარმოშობას პერსისტენციის ფენომენს, “ჯადოსნური ფარნის” პრინციპისა და მომენტალური ფოტოგრაფიის ტექნიკას უნდა უმადლოდეს.

ადამიანის თვალის ბადურას გააჩნია შესანიშნავი თვისება – გარკვეული დროით შეინარჩუნოს საგნის გამოსახულება. თვალის ამ თვისებას პერსისტენცია ეწოდება. თუ დროის შუალედში ორ მხედველობით შთაბეჭდილებას შორის 0,3 წმ-ს არ აღემატება, მაშინ ეს შთაბეჭდილებანი ერთმანეთს ერწყმიან და სახეს უცვლიან საგანს.

პერსისტენციის მოვლენის კვლევა მე-18 საუკუნის ბოლოდან დაიწყო.ამ გამოკვლევებისა და ცდების საფუძველზე ევროპაში მრავალრიცხოვანი ოპტიკური აპარატები და სათამაშოები შეიქმნა.

მე-19 საუკუნის 30-იან წლებისთვის კინემატოგრაფის ძირითადი კანონი, რომელზეც დაფუძნებულია კინოგადაღება, უკვე აღმოჩენილი და ჩამოყალიბებულია, ხოლო 1853 წელს პირველად ხდება “მოძრავი სურათების” ეკრანზე ჩვენება. ამისთვის ევროპელებს “ჯადოსნური ფარნის” გახსენება მოუწიათ. იგი უძველესი დროიდან იყო ცნობილი და წარმოადგენდა კამერას, რომელშიც იდგმებოდა სინათლის წყარო (მაგალითად, ზეთის ლამპარი). მისი სხივები გაივლიდა მინაზე დახატულ გამჭვირვალე სურათს, შემდეგ ლინზისებურ სისტემას და თეთრ კედელზე ბუნდოვან გამოსახულებას იძლეოდა.

წარსულში მივიწყებული “ჯადოსნური ფარანი” ხელმეორედ მე-16 საუკუნეში “გამოიგონეს”. სასულიერო პირები მას რელიგიური მსახურებისას იყენებდნენ. მისი კონსტრუქცია თანდათანობით უმჯობესდებოდა ტექნიკურ საშუალებათა განვითარებასთან ერთად. “მოძრავი სურათების” მაყურებელთა რიცხვის ზრდამ მკვლევრებს კვლავ გაახსენა “ჯადოსნური ფარანი”. მისი დახმარებით დახატული ფიგურები უკვე თეთრ ეკრანზე ამოძრავდნენ.

კინემატოგრაფის აღმოჩენამდე ერთი ნახტომიღა იყო დარჩენილი: საჭირო გახლდათ ოპტიკური აპარატების პრინციპის ფოტოგრაფიასთან მისადაგება, მაგრამ ამ ერთ ნახტომს თითქმის ერთი საუკუნე დასჭირდა.

ფოტოგრაფია დაგეროტიპიის სახელით 1839 წლიდან გახდა ცნობილი ფართო საზოგადოებისათვის. მაგრამ მას მხოლოდ უძრავი ობიექტების ააღბეჭდვა შეეძლო ლითონის ფირფიტაზე, რადგან გამოსახულების მისაღებად საჭირო დაშუქების ხანგრძლივობა ნახევარ საათს აღემატებოდა. პორტრეტის მისაღებად ადამიანი ამ დროის განმავლობაში უძრავად უნდა გაშეშებულიყო კამერის ობიექტივის წინ.

მხოლოდ მე-19 საუკუნის 60-იან წლებისათვის მიაღწია ფოტოგრაფიამ მიზანს – დაეჭირა გადასაღები ობიექტი მოძრაობაში.
იმ მკვლევართა რიგში, რომელთაც ღვაწლი მიუძღვით კინემატოგრაფის აღმოჩენაში, არ შეიძლება არ აღინიშნოს ამერიკელი მეცნიერის, “ყველა დროის უდიდესი გამომგონებლის” (როგორც მას ეინშტეინმა უწოდა), ედისონის სახელი.

მე-19 საუკუნის 80-იან წლებში ედისონი ინტერესდება “მოძრავი ფოტოგრაფიით” და თავის მოსწავლე უილიამ დიქსონთან ერთად იწყებს მუშაობას კინოკამერის შექმნაზე. ამ ცდების პროცესში კეთდება კინემატოგრაფიის დაბადებისთვის მეტად მნიშვნელოვანი გამოგონება – ცელულოიდის ფოტოფირის ბაზაზე ედისონი ქმნის პერფორირებულ ფირს იმ სახით, რომლითაც დღემდე თითქმის უცვლელად შემორჩა. ფირის კიდეზე განლაგებული პერფორაციები აქამდე არსებული კინოაპარატების ბევრი ნაკლის თავიდან აცილების საშუალებას იძლეოდა – უზრუნველყოფდა ფოტოგრაფიის მაღალ ხარისხს, მოძრაობის ზუსტ დაფიქსირებას ფირის თანაბარი გადაადგილების მეშვეობით, აადვილებდა ნეგატივის ბეჭდვას.

ედისონისა და დიქსონის მიერ კონსტრუირებული აპარატი წარმოადგენდა ათწლეულით ადრე ედისონის მიერ გამოგონებული ხმის ჩამწერი აპარატის ფონოგრაფის კინოკამერასთან გაერთიანების ცდას. ექსპერიმენტები უკვე დასასრულს უახლოვდებოდა, როცა ედისონი ევროპაში გაემგზავრა 1889 წლის მსოფლიო გამოფენაში მონაწილეობის მისაღებად. როდესაც ამერიკიდან დაბრუნებული ედისონი თავის ლაბორატორიას ესტუმრა, ჩაბნელებულ ოთახში ქაღალდის ფურცლის მეოთხედი ზომის ეკრანიდან მას თავად დიქსონი მიესალმა ქუდის მოხდით: “გამარჯობა, მისტერ ედისონ! ბედნიერი ვარ თქვენი ხილვით. ვიმედოვნებ, კმაყოფილი ხართ თქვენი კინეფონოგრაფით”. ამრიგად, 1889 წლის 6 ოქტომბერს ეკრანზე ნაჩვენები იყო პირველი ფილმი და ეს ფილმი ხმოვანი გახლდათ.

ედისონის კინეფონოგრაფი არა მარტო კინოგადამღები აპარატი იყო, მისი გამოყენება ფილმის ჩვენებისთვისაც შეიძლებოდა.

ათასობით გამომგონებელი ეძებდა ფილმის ეკრანზე ჩვენების საიდუმლოს და მათ თითქმის ერთდროულად მიაღწიეს მიზანს. ლუმიერების ნაცვლად კინემატოგრაფიის აღმომჩენის საპატიო სახელით ისტორიაში შესვლის თანაბარი შანსი ჰქონდათ ინგლისელ პოლს, ფრანგ ანრი ჟოლის, იტალიელ ფილოტეო ალბერინის, ამერიკელ ლე როის, გერმანელ სკლადანოვსკის… მათგან ზოგიერთის მიერ ორგანიზებულმა კინოსეანსებმა რამდენიმე კვირით დააგვიანა, დანარჩენები ხარისხითა და შინაარსით მკვეთრად ჩამორჩებოდა ლუმიერების კინემატოგრაფს, რის გამოც მსოფლიოში გამოძახილი ვერ ჰპოვა.

ლუმიერებიძმები ლუმიერების წამოწყების წარმატებას, ბუნებრივია, მხოლოდ მათ იღბლიანობასა და კომერციულ გამჭრიახობას ვერ მივაწერთ. ლუმიერების უმცროსმა ძმამ, ლუიმ მოგვცა ფირის წყვეტილად მოძრაობის პრინციპი და გრეიფერი, რომელიც ამ წყვეტილ მოძრაობას უზრუნველყოფდა. გარდა ამისა, ლუმიერების აპარატს სხვა უდიდესი უპირატესობანიც გააჩნდა სხვა აპარატებთან შედარებით. ეს იყო მსუბუქი, კარგად კონსტრუირებული, პორტატიული აპარატი, რომელიც უბრალო სახელურების მეშვეობით მუშაობდა. იგი გამოიყენებოდა როგორც კინოკამერა, საპროექციო და პოზიტივების საბეჭდი აპარატი. ამ აპარატით აღჭურვილი კინოოპერატორი თან მთელ კინოფაბრიკას დაატარებდა და შეეძლო მისი გამოყენება ნებისმიერ დროსა და ვითარებაში, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.

ლუმიერების კინოსეანსებმა მსოფლიო რეზონანსი გამოიწვია. ლაბორატორიული გამოკვლევების ხანა სრულდება. იწყება კინემატოგრაფიის მეფობის ხანა. კინო სწრაფად იპყრობს ამერიკას, ინგლისს, მთელ ევროპას. 1896 წლის 4 მაისს ლუმიერის კინემატოგრაფის პრემიერა შედგა სანკტ-პეტერბურგში, ამავე წლის 26 მაისს – მოსკოვში, ხოლო 16 ნოემბერს – თბილისში. რეპერტუარი ყველგან იგივე იყო. ლუმიერების ფილმები ძირითადად “საოჯახო ალბომის” პრინციპზე გახლდათ აგებული და მცირე ჩანახატებისაგან შედგებოდა. მაგრამ ეს რეპერტუარი საკმარისი არ აღმოჩნდა მოზღვავებული მაყურებლის ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად. სიუჟეტების ძიებაში ოპერატორები მთელ მსოფლიოს მოედვნენ.

კინემატოგრაფის მამამთავრის ლუი ლუმიერის აზრით, კინოაპარატი მხოლოდ ცხოვრების რეგისტრაციისათვის იყო შექმნილი.

კინემატოგრაფი იმ პერიოდისთვის მხოლოდ ატრაქციონი, მასობრივი სანახაობა იყო. მას ხანგრძლივი და რთული გზა ედო წინ, სანამ ხელოვნების სხვა დარგთა შორის სრულფასოვან ადგილს დაიმკვიდრებდა.

ქეთი ჭელიძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარი არ არის »

  • მანანა ლეკბორაშვილი says:

    რა იყოთ, ასე პირწმინდად რომ გადმოწერეთ, წყაროდ მაინც მიგეთითებინათ ავტორი: მანანა ლეკბორაშვილი. საზღვარგარეთის კინოს ისტორია. ლექციების კურსი. 2004 წელი
    პ.ს. და რაც შეცვლილია, ისიც არაზუსტად – აინშტაინია და არა ეინშტაინი;

    “ათასობით გამომგონებელი ეძებდა ფილმის ეკრანზე ჩვენების საიდუმლოს და მათ თითქმის ერთდროულად მიაღწიეს მიზანს.” – ათასობით მეტისმეტი ხომ არ მოგივიდათ?

    პატივისცემით მ.ლ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი