მთავარი » ქრისტიანობა

კათოლიკოსობის დაწესება საქართველოში

სტატიის ავტორი: | თარიღი: 25.03.2012 | 4,427 ნახვა

საქართველო V საუკუნეში

ქართულ ეკლესიას უწოდებენ “საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას”. მას უძველესი დროიდან XVIII საუკუნის ჩათვლით “საქართველოს სამოციქულო ეკლესია” ერქვა, რადგან ქრისტეს მოციქულებმა დააფუძნეს. ვახტანგ გორგასალი მოციქულთა მიერ დაარსებული ეკლესიები თავდაპირველადვე მართლმადიდებლური იყვნენ, დამოუკიდებლად მიიჩნეოდნენ, ამიტომ საქართველოს ეკლესია არსებობის პირველი დღიდან ავტოკეფალური გახლდათ.

მთელი ქართველი ერი ქრისტიანულ სარწმუნოებაზე მოაქცია წმიდა ნინომ. აღსანიშნავია, რომ ქრისტიანობა წმიდა ნინომდეც არსებობდა, მაგრამ იმ დროისთვის იდევნებოდა, ფარულად ჰყავდა მიმდევრები და ამიტომაც სუსტი იყო. VIII საუკუნის მოღვაწე, იოვანე საბანისძე წერს, რომ მისი მოღვაწეობის პერიოდში ისეთი ქრისტიანები იყვნენ, რომელთა წინაპრებმაც ხუთასი წლის წინ და უფრო ადრეც მიიღეს ქრისტიანობა (“ხუთასი წლისა ჟამთა და უწინარეს ღა სჯულყოფილ წმიდითა მადლითა ნათლისღებისაჲთა მიერითგან და ვიდრე აქამომდე ნაშობნი ქრისტიანეთანი”).

“მოქცევაჲ ქართლისაჲ” არის უძველესი წყარო, რომელიც ქართლის მოქცევის შესახებ მოგვითხრობს. იგი ორი ნაწილისაგან შედგება. პირველ ნაწილში დაცულია ცნობები, რომ წმიდა ნინოს დროს ქართული ეკლესიის მეთაური იყო იოვანე მთავარეპისკოპოსი. წმიდა ნინოს ცხოვრება მეორე ნაწილშია აღწერილი. ის საკითხი, თუ ვის ექვემდებარებოდა ქართული ეკლესია, მეცნიერთა შორის აზრთა სხვადასხვაობას იწვევდა. დროთა განმავლობაში გაირკვა, რომ ქართული ეკლესიის ავტოკეფალიას საფრთხე IV საუკუნეში კი არა, არამედ უფრო მოგვიანებით ემუქრებოდა.

V საუკუნის დამდეგს საქართველო უკვე სპარსეთის მიერ დახარკული ქვეყანა იყო. ისინი ებრძოდნენ ეროვნულ ტრადიციებსა და იმ დროს უკვე ქართულ ეროვნულ სარწმუნოებად ქცეულ ქრისტიანობას. სურდათ ცეცხლთაყვანისმცემლობა გაევრცელებინათ. მოგვიანებით, როდესაც მიხვდნენ, რომ ქრისტიანები თავიანთ სარწმუნოებას არ დათმობდნენ, პოლიტიკა შეცვალეს. დაიწყო მეტად აქტიური და აგრესიული პოლიტიკის განხორციელება. მტრობაში სპარსელებს არც ბიზანტიელები ჩამოუვარდებოდნენ. დასავლეთ ბერძნები ქართველების სრულ ასიმილაციას ახდენდნენ, მაგრამ საფრთხე სპარსეთისგან მეტი იყო. ისინი ცდილობდნენ, მოესპოთ ქართლის შინაგანი დამოუკიდებლობა და თავის პროვინციად გადაექციათ. ამ დროს ქვეყნის განმტკიცებისთვის ბრძოლა ვახტანგ გორგასალმა დაიწყო. მან მთელ ქვეყანასა და ეკლესიაში მრავალი რეფორმის ჩატარება შეძლო. მიზნად ეკლესიის გაძლიერება დაისახა. სპარსელები უაღრესად მძიმე ვითარებაში აღმოჩნდნენ და იძულებულნი გახდნენ, დათმობაზე წასულიყვნენ. მთელ ამიერკავკასიაში შეწყვიტეს დევნა, მაგრამ ირანული კვალი მაინც დარჩა.

ვახტანგმა კათოლიკოსობის შემოღება გადაწყვიტა. ამით მსოფლიო საქრისტიანოში ქართული ეკლესიის როლი და ავტორიტეტი უნდა აემაღლებინა. ეს იყო ვახტანგ მეფის გამარჯვება. ქართველ მეფეთა ტახტი განმტკიცდა.

ქართული ეკლესიის უფლებრივი მდგომარეობა კათოლიკოსობის დაწესების წყალობით იცვლება. ეს გარემოება მეფე ვახტანგის სპარსეთიდან დაბრუნების შემდეგ მთავარეპისკოპოს მიქაელის მიერ ჩადენილ ქმედებასთან არის დაკავშირებული. ამ ამბის შესახებ რამდენიმე ვარიანტი არსებობს. განვიხილოთ ზოგიერთი მათგანი.

ჯუანშერს კათოლიკოსობის დაწესების შესახებ ვრცელი მოთხრობა მოეპოვება. მისი გადმოცემით, მიქაელს კათოლიკოსობის დაწესების განზრახვა შეუტყვია და ისიც გაუგია, რომ მღვდელთმთავრად პეტრე ყოფილა დანიშნული. თითქოს ამ გარემოებას მიქაელში შური აღუძრავს და უმსგავსობა ჩაუდენია. მეფესა და მთავარეპისკოპოსს შორის დამოკიდებულება გამწვავდა. მდგომარეობის გამოსასწორებლად პირადად მივიდა მეფე მიქაელთან, ამ დროს მან მეფეს ფეხი ჰკრა სახეში და კბილები ჩაუმტვრია. მეფემ მიქაელი განსასჯელად კონსტანტინოპოლში გაუშვა, რადგან თუ სამაგიეროს თვითონ გადაუხდიდა, ქრისტეს მტრად გამოცხადდებოდა. თავად კი გეგმის განხორციელებას შეუდგა. საბერძნეთში გაგზავნა პეტრე და სამუელი. პეტრე კათოლიკოსად, სამუელი კი ეპისკოპოსად ნაკურთხი დაბრუნდა.

“საეკლესიო მატიანე” ამ ამბავს სხვაგვარად მოგვითხრობს. ძეგლის მიხედვით, მეფე ვახტანგი სპარსეთში წავიდა ქრისტიანობის დასაცავად. იბრძოლა და უკან დაბრუნდა. იმ დროს მთავარეპისკოპოსი იყო მიქაელი. ის დაარწმუნეს, თითქოს ვახტანგმა ქრისტიანობა უარყო. მანაც დაიჯერა და როცა მეფე მის სანახავად მივიდა, ფეხი ჰკრა და კბილები ჩაულეწა.

კათოლიკოსობის შესახებ არსებული ეს წყაროები ერთმანეთისგან განსხვავდება, მაგრამ ორივეში ვახტანგ მეფის სპარსეთიდან დაბრუნების შემდეგ მომხდარი ამბებია გადმოცემული. ქართული ეკლესიის პირველი კათოლიკოსი პეტრე ყოფილა. მიქაელის უკადრისობა რომ არც ჩაედინა, გორგასალი კათოლიკოსობას მაინც დააწესებდა საქართველოში. მისი მნიშვნელობა წყაროებში მეტად არეულია. თითქოს ისე გამოდის, ვითომ ქართულ ეკლესიას მხოლოდ კათოლიკოსის წოდება მიუღია.

საფიქრებელია, ეს მნიშვნელობა არაა სწორი. ცნობილია, რომ აღმოსავლეთ ქრისტიანთა შორის “კათოლიკოსი” დამოუკიდებელი ეკლესიის მთავარი ეპისკოპოსის მნიშვნელობით იხმარებოდა. აქედან გამომდინარე, საქართველოში კათოლიკოსობის შემოღება ქართული ეკლესიის დამოუკიდებლობის დაწესებად უნდა მივიჩნიოთ. ვახტანგ გორგასალმა ინება, ქართული ეკლესია მოწყობილიყო, როგორც ერთიანი სამამამთავრო ეკლესია. ეპისკოპოსი გახდა საყოველთაო ეპისკოპოსი, ანუ კათოლიკოსი (ბერძ. Καθολικός_საყოველთაო).

მემატიანეთა შორის აზრთა სხვადასხვაობას იწვევს როგორც კათოლიკოსობის დაწესების მიზეზები, ისე მისი მნიშვნელობაც. ამასთან დაკავშირებით ბევრი რამ მაინც ბუნდოვანია და ძირითადი საკითხები ჯერ კიდევ დასაზუსტებელია.

მოამზადა სოფიკო აბულაძემ


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი