25 ივლისი 2024, ხუთშაბათი
მთავარისხვადასხვა"გალობა არს მღერა ანგელოზთადმი შემსგავსებული"

“გალობა არს მღერა ანგელოზთადმი შემსგავსებული”

ქართველი ხალხის მუსიკალური აზროვნების სიღრმე, მისი ნიჭი და სულიერი სიმდიდრე ურთულეს ხალხურ მრავალხმიან სიმღერებსა და საეკლესიო საგალობლებშია გამოსახული. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ძველი ქართული საერო და საეკლესიო მუსიკა ჩვენი ერის სულიერი კულტურის რაობის უდიდესი ნიშანია.

გალობასაქართველოში ქრისტიანობის ოფიციალურ რელიგიად გამოცხადებას ქრისტიანული მუსიკის ნაკადის შემოჭრაც თან მოჰყვა. რუსეთთან შეერთების შემდეგ, 1811 წელს, როდესაც ქართული ეკლესიის ავტოკეფალია გაუქმდა, ქართულისათვის უცხო ინტონაციებზე დამყარებული საგალობელი დაინერგა. თანდათანობით დამკვიდრდა შერეული, ანუ ქალებისა და მამაკაცების ერთდროული გალობა, რაც სრულიად უცხო იყო ქართული გალობისათვის (ქართულ გუნდში ან ქალები გალობდნენ ცალკე, ან მამაკაცები). რუსული ეკლესიის გზა განსხვავებული გახლდათ თუნდაც იმით, რომ რუსეთმა ოფიციალურ რელიგიად ქრისტიანობა 988 წელს აღიარა. იმ დროისათვის ქართულ გალობას თავისი ისტორიული განვითარების დიდი მანძილი ჰქონდა გავლილი. რაც შეეხება რუსულ ეკლესიას, გაცილებით მეტი გააჩნდა შეთვისებული ევროპულიდან და უკვე დამკვიდრებული იყო შერეული გუნდი. როდესაც ეს ორი კულტურა მე–19 საუკუნის პირველ ნახევარში შეხვდა ერთმანეთს, მათ შორის იმდენად დიდი სხვაობა გახლდათ, რომ უნდა დარჩენილიყო ქართული, ან დამკვიდრებულიყო რუსული. იმ მომენტში მათი შერწყმა შეუძლებლად მიიჩნეოდა. რუსული ეკლესიის ძალდატანებით საქართველოში რუსული გალობა დამკვიდრდა. თანდათანობით თავი იჩინა რუსულმა ინტონაციამ და შესრულების მანერამ.

მე–19 საუკუნიდან იგალობებოდა ჩესნიკოვის, რახმანინოვის, ლვოვსკის, არხანგელსკის საგალობლები ქართულ ტექსტზე, რაც, ბუნებრივია, ვერ შეედრებოდა იმ ხელოვნებას, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა შექმნეს.

მე–20 საუკუნის 20–იანი წლების შემდეგ დევნა დაუწყეს როგორც ქართულ სამღვდელოებას, ასევე ქართულ გალობასაც. ცნობილი და საუკეთესო მგალობლები ქართული ეკლესიისა, ვინც შემოინახა ტრადიციები ქართული გალობისა (არტემ ერქომაიშვილი და ვარლამ სიმონიშვილი), იძულებულები გახდნენ ე.წ. “საკოლმეურნეო გუნდების” ხელმძღვანელები გამხდარიყვნენ და ეკლესიაში აქტიური მოღვაწეობა შეეწყვიტათ.

არტემ ერქომაიშვილი, რომელმაც “სრული მგალობლის” წოდება დაიმსახურა, ძველი მგალობლების “უკანასკნელი მოჰიკანი” იყო. მე–20 საუკუნის 60–70–იან წლებში გამოვიდა ორი კრებული, რომლებიც კახი როსებაშვილმა არტემ ერქომაიშვილისგან ჩაიწერა და ნოტებზე გადაიტანა. ფაქტობრივად, ამით შეწყდა ყველაფერი.

მე–20 საუკუნის 80–იანი წლების ბოლოს, როდესაც საჭირო გახდა ანჩისხატის ეკლესიაში აეყვანათ მგალობელთა გუნდი, ედიშერ გარაყანიძემ (ფოლკლორისტი) საპატრიარქოს წარმომადგენლებს დაუფიქრებლად ურჩია, მგალობლებად მიეყვანათ კონსერვატორიის სტუდენტებისაგან შემდგარი ჯგუფი მალხაზ ერქვანიძის ხელმძღვანელობით. ამ ბიჭებს ცხოვრების მთავარ მიზნად ქართული მამაპაპური გალობის აღდგენა ჰქონდათ დასახული. დაიწყეს მუშაობა სანოტო კრებულის გამოცემაზე, რომელშიც ქართული საგალობლები იქნებოდა თავმოყრილი. ეს ის პერიოდი გახლდათ, როდესაც ტრადიცია ქართული გალობისა თითქმის მივიწყებული იყო და დროულად ესაჭიროებოდა შველა. მათ სხვა ეკლესიებშიც გამოუჩნდათ მიმდევრები. ქართული კანონიკური საგალობლის დაბრუნება ეკლესიისათვის 80–იანი წლების ბოლოს სწორედ ამ ჯგუფის დამსახურებაა.

დღეს უკვე მრავალი საეკლესიო სკოლა და სტუდია არსებობს, სადაც სტილისტური მთლიანობითა და პროფესიული ოსტატობით შეასწავლიან ქართულ გალობას. გალობა უნდა იყოს ღვთიური ჩვენი მოდგმით, ჩვენი საწყაოთი. როცა ქართველი კაცი ამბობს, “გალობა არს მღერა ანგელოზთადმი შემსგავსებულიო”, იმან არ შეიძლება საგალობელი სრული ძალითა და ოპერის დარად იმღეროს.

ირმა ფოფხაძე

მსგავსი სტატიები

2 COMMENTS

  1. დიდი მაბლობა ამბიონს საინტერესო ინფორმაციისათვის

  2. Ratom aris asakobrivi zgvari yvela skolashi da studiashi. Galobis sheswavla daushvebelia 30wels gadacilebultatvis..me pasuxi ver mivige.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები