მთავარი » საეკლესიო ხელოვნება

კანკელები სიუჟეტური გამოსახულებებით

სტატიის ავტორი: | თარიღი: 23.05.2011 | 4,947 ნახვა

კანკელები არის ქართული ეკლესიების შინაგანი მხატვრული გაფორმების ორგანული ნაწილი. ჩვენამდე მოღწეული ამ სახის ძეგლების შესწავლა საშუალებას გვაძლევს დავადგინოთ, რომ კანკელები VI საუკუნიდან XIV საუკუნემდე წარმოადგენს გარკვეულ ტიხარს, რომელიც საკურთხელს გამოჰყოფდა საერთო ინტერიერისგან. ზედაზნის კანკელიკანკელების ქვედა ნაწილი შედგებოდა ქვის ფილებისაგან, რომლებიც ერთმანეთისაგან გამოყოფილი იყო ნახევარსვეტებით. აღნიშნული ფილები გაფორმებული იყო ან სიუჟეტური კომპოზიციებით, ან ორნამენტული დეკორით. კანკელების ზედა ნაწილი შედგებოდა პატარა სვეტებისაგან, რაზეც XI საუკუნემდე, არქიტრავის სახით, დებდნენ მოჩუქურთმებულ ხის კოჭს. XI ს. შემდეგ კი ეს სვეტები ერთმანეთთან დაკავშირებული იყო მცირე ზომის ღია კამარებით, რომელთა შეერთების ზედა არეზე მოცემული იყო დეკორაციულად გაფორმებული კოპები. კანკელის ზედა ნაწილი წარმოადგენდა ქვის მოჩუქურთმებულ კოზმიდს, რომელიც გადაჭიმული იყო კანკელის გასწვრივ მთელ სიგრძეზე. კამარების რაოდენობა დამოკიდებულია ეკლესიის ინტერიერის მოცულობისგან, შუა კამარა ჩვეულებრივად უფრო დიდი ზომისაა და მთლიანად არის გახსნილი; იგი ზოგ შემთხვევაში, აღსავლის კარის ფუნქციას ასრულებს. ჩვენამდე მოღწეულია ამგვარი ტიპის კანკელი. მაგ., სათხეს კანკელი, რომელიც დათარიღებულია მეფე გიორგი ლაშას (1213-1222) დროით. გარდა ქვისა და თაბაშირის კანკელებისა (სპეთი XI), გვხვდება აგრეთვე შელესილი და მოხატული კანკელებიც: არმაზი(IX), იფრარი (1096), ნაკიფარი (1130) და სხვა.

წელბედამხატვრული თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია XI-XIII საუკუნეების კანკელთა ის ჯგუფი, რომლებზედაც, მოცემულია სიუჟეტური რელიეფები. ამ ჯგუფის კანკელებისათვის ძირითად მასალას წარმოადგენდა ღია მწვანე ფერის ქვა, რომელიც თავისი ფაქტურით მარმარილოს ჩამოჰგავს. კანკელების ფილები სწორკუთხოვანია, რელიეფები განლაგებულია სწორკუთხედი კადრის არეზე, რომელიც ორნამენტული ნახევარლილვაკებისაგან შედგება. ორნამენტირებული ფართო ზოლი ფილას ჩარჩოსავით შემოუყვება. ჩარჩო და რელიეფური გამოსახულების სწორკუთხედი ორნამენტული კადრი ერთმანეთისაგან გამოყოფილია ირიბად ამოკვეთილი ღარით.

ხოვლეს კანკელის ერთი ფილის გლუვ ზედაპირზე გამოსახულია ხუთი მოციქული მთელი ტანით, გამოსახულებათა უმრავლესობას სახეები დაზიანებული აქვს, რის გამოც ძნელდება თითოეული ფიგურის ვინაობის ზუსტი დადგენა. ოსტატი დიდი ხელოვნებით გადმოგვცემს ტანსაცმლის ნაოჭებით დაფარულ ადამიანის ფიგურას. ნაოჭების წყობა და მოხაზულობა არსად არ მეორდება. რელიეფის მხატვრული ფორმა ხაზგასმულია ტანსაცმლის ნაოჭების დახვეწილი ძერწით, ყველა დეტალის მოხდენილი ნახატით. ჩარჩოს ფართო არშია მორთულია რთული ფორმის ორნამენტით, რომელიც შედგება დიდი ზომის მჭიდროდ გადაბმული კვეთილი წრეხაზებისგან. ოვალური ფორმის წამახვილებული ბოლოების მქონე მედალიონები, რომლებიც შეიქმნა გადამკვეთი წრეების წყალობით, შევსებულია სხვადასხვა სახის წნულით. ხოვლეს ფილების ორნამენტული დეკორის თავისებურება კუთხეების შევსებაში მდგომარეობს. კუთხეებში, იქ, სადაც ორნამენტი იცვლის თავის მიმართულებას, მხატვარი არ იყენებს ორნამენტის ძირითად მოტივს, ზედა და ქვედა ორნამენტულ არშიას აერთებს მარტივი ჯვარედინი გადაბმის წესით. უნდა აღინიშნოს, რომ დეკორაციული ჩარჩოს კუთხეების შევსება რთულ ამოცანას წარმოადგენდა ამ სახის ყველა ძეგლისათვის.

მეორე ფილაზე გამოსახული იყო “ვედრების” რელიეფური კომპოზიცია, რომელმაც ჩვენამდე დაზიანებული სახით მოაღწია. ჩარჩოს ორნამენტული გაფორმება შედგება სტილიზებული ღეროების ორი რიგისაგან, რომელიც თითქმის წრიულად არის მოხრილი. თითოეულ წრეში მოთავსებულია სტილიზებული ფოთოლი. ორივე რიგი ერთმანეთზეა მოთავსებული და ერთმანეთთან დაკავშირებული არის ჩვეულებრივი ქართული ორნამენტიკისათვის დამახასიათებელი კვანძით. ყველა ფოთოლი ამოკვეთილია არაჩვეულებრივი ოსტატობით, მტკიცე ხელით, გარკვეული ტაქტით და რელიეფური პლასტიკის მხატვრული პრინციპების ღრმა ცოდნით.

ხოვლეს კანკელი თავისი მოცულობის მიხედვით პირველ დადგმული უნდა ყოფიყო სხვა, დღეს უკვე აღარარსებულ დიდ ტაძარში. ჩვენამდე მოღწეული ფრაგმენტების იკონოგრაფია უფლებას გვაძლევს ვიფიქროთ რომ ეს კანკელი შედგებოდა ოთხი ფილისაგან, რომელიც საკურთხეველის ცენტრალურ ნაწილში აღსავლის კარით ორად იყო გაყოფილი. დანარჩენ, უკვე დაკარგულ, ორ ფილაზე გამოსახული უნდა ყოფილიყო: ერთზე ღვთისმშობელი პეტრესა და პავლეს შუა, მეორეზე კი ხუთი სხვა მოციქული.

საფარის მიძინების ტაძრის კანკელის ოთხი ფილა, სიუჟეტური რელიეფებით შემკული, მსოფლიო მნიშვნელობის ძეგლია. ერთ-ერთ მათგანზე გამოსახულია ღვთისმშობლის “დაბადება.” მეორეზე “ხარება” და “ღვთისმშობლისა და ელისაბედის შეხვედრა.” ცალკე ფილებზეა მოცემული “მირქმა” და “ვედრება”. მართალია, ფიგურათა სახეები განზრახ არის დაზიანებული, მაგრამ უმეტესი ნაწილი ფიგურებისა კარგად შენახულა. აღნიშნული კომპოზიციებიდან გამოირჩევა “ვედრება” ერთგვარი სქემატიზმით, რომელიც განსაზღვრული იყო რელიგიური ხელოვნების იკონოგრაფიული ნომრებით. “მირქმა” კი მოცემულია სულ სხვა სახით: მსუბუქი კამარების ფონზე გამოსახულია ერთ რიგად მთავარი პირები მწყობრი კომპოზიციის სახით, რომელიც გაცოცხლებულია მოძრაობის განსაზღვრული რიტმით. ღვთისმშობლისა და სვიმეონის გამოსახულებანი, რომელთაც კომპოზიციის ცენტრი უჭირავთ, მოცემულია ზომიერი მოძრაობით. მათი გაწეული ხელების მოძრაობა გამოხატავს მოკრძალებას, შინაგან ემოციას. ნაბიჯგადადგმული იოსებისა და წინასწარმეტყველი ანას ფიგურები, რომლებიც განლაგებულნი არიან კომპოზიციის კუთხეებში აღტაცებას გამოხატავს. ლამაზნაოჭიანი სამოსი მსუბუქად ფარავს ადამიანის ფიგურას. ტანსაცმლის ნაოჭები მისდევს ტანის მოძრაობას. კამარები ფონზე აღნიშნულია ჩაჭრილი ხაზით, რის გამოც იქმნება პერსპექტიული დაშორების შთაბეჭდილება. ოსტატს განსაკუთრებით კარგად აქვს გადმოცემული სვიმეონისაკენ ხელგაწეული ჩვილის პატარა ფიგურა. სიბერისაგან ოდნავ მოხრილი მოხუცის ფიგურა გადმოცემულია გასაოცარი რეალიზმით. კომპოზიციის მეორე მხარეს გამოსახულია იოსები, რომელიც უკან მიჰყვება მარიამს; იოსები გამოსახულია მძაფრ მოძრაობაში. დიდი შთაბეჭდილებას ახდენს ანას გამოსახულება, რომელიც გაოცებას აწეული მარჯვენა ხელით გამოხატავს; მას თავი ოდნავ გვერდზე აქვს გადახრილი.

ფილა მოხდენილადაა მოჩარჩოებული წრეში ჩაწერილი სტილიზებული ოთხყურა ფოთლის გამოსახულებით, რომლის ბოლოები მომრგვალებულია; შიგნით მთელი არე დაკავებული აქვს სტილიზებულ ფოთლებს, რომლებიც ორგანულად ებმიან ზოლს, რომელიც თავის მხრივ, ოთხყურა ფოთლის მოხაზულობას იძლევა. ეს ორნამენტი შესრულებულია გასაოცარი ოსტატობით.

საფარის კანკელის მესამე ფილაზე გამოსახულია “ხარება” და “მარიამისა და ელისაბედის შეხვედრა”. კომპოზიციის ცენტრში თითის ტარით ხელში წარმოდგენილია ღვთისმშობელი მსუბუქი, პირობითი არქიტექტურული პეიზაჟის ფონზე. სამწუხაროდ, გასაოცარი ოსტატობით გადმოცემული ანგელოზის გამოსახულებიდან, დარჩენილია მხოლოდ თავი და ხელი. ანგელოზის სიტყვებით გაოცებული, ოდნავ თავდახრილი ღვთისმშობლის ფიგურა მოცემულია დახვეწილ პლასტიკურ ფორმებში, რომელიც დიდი ტაქტიკით გადმოგვცემს შინაგან მღელვარებას. ტანსაცმლის ნაოჭები მოცემულია დაბალი რელიეფის სახით, მისი რბილი მოხაზულობა მიჰყვება ტანის მოძრაობას და მკვეთრად გადმოგვცემს მოძრაობის რიტმს. კომპოზიციის მარცხენა ნაწილში მარიამისა და ელისაბედის შეხვედრის თემა გადმოცემულია ტრადიციული იკონოგრაფიული ნორმების დაცვით. ერთმანეთს გადახვეული ფიგურები ქმნიან ერთ მთლიან ჯგუფს.

“ხარების” კომპოზიციის ფიგურებთან შედარებით აღნიშნული სიუჟეტი შესრულებულია რელიეფის განზოგადებულ ფორმებში. მას აკლია მოძრაობის ის პლასტიკურობა, რელიეფური ფორმის სიმსუბუქე, რომელიც ახასიათებს ანგელოზისა და ღვთისმშობლის გამოსახულებას “ხარების” კომპოზიციაში. მოჩარჩოების ორნამენტტის სქემა, რომელიც შემორჩენილია ფილის ქვედა ნაწილში, იმეორებს ხოვლეს ხუთფიგურიანი ფილის დეკორს; დიდი ზომის გადაბმული წრეების გადაკვეთის ადგილები შევსებულია წნულის ორნამენტით.

უკანასკნელ, შუაზე ორ ნაწილად გაკვეთილ ფილაზე, მოცემულია ორად გაყოფილი ღვთისმშობლის დაბადების კომპოზიცია, რომელიც ძლიერ დაზიანებულია. კარგად არის შემონახული სარეცელი, რომელზედაც ანა წევს. წინაპლანზე ქალი ტანს ბანს ჩვილს, რომლის გვერდით მაღალყელიანი ხელადა დგას. სარეცელთან, იკონოგრაფიული ტრადიციის თანახმად, გამოსახულია ანასთან ძღვენით მოსული დედათა სამი ფიგურა… ეს ჯგუფი გადმოცემულია მშვიდი მოძრაობით, მაგრამ ორ მათგანს, რომელთა წინ გაწვდილი ხელებით ანასთან მისართმევი ძღვენი უჭირავთ, ამ ტრადიციულ იკონოგრაფიულ სქემაში სიცოცხლე შეაქვთ. სარეცელი ბიზანტიური ტრადიციის წინააღმდეგ დაფარულია ლამაზი, ხეზე კვეთილობისათვის დამახასიათებელი ჩუქურთმებით. რომელსაც ჩვენში მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია ჰქონდა და რომელიც ხალხური ხელოვნების ეთნოგრაფიულ ყოფას თითქმის XIX საუკუნემდე შემორჩა. ამ შემთხვევაში ოსტატმა ტრადიციული იკონოგრაფიის საწინააღმდეგოდ კომპოზიციაში მშობლიური ყოფის დამახასიათებელი დეტალი შეიტანა.

ჩარჩოების დეკორი გამოირჩევა მოტივის სირთულით, დახვეწილი ოსტატობით, რომელიც ქართული დეკორატიული ხელოვნების მაღალ განვითარებულობას ადასტურებს.

ეს მოტივი პოპულარული გახლდათ გარკვეული ეპოქის ორნამენტიკაში.

ამ დეკორატიულ მოტივს საფუძვლად უდევს სიმეტრიულად განლაგებული ორი ლამაზად მოხრილი ფოთოლი, რომელთა ბოლოები ერთმანეთს ეხებიან, ღეროები კი ქვემოთ შეკრულია სარტყლით, მათ შორის მოთავსებულია ვიწრო ხვეული ფოთოლი, გაორმაგებული ღეროთი, რომელიც ქვედა ნაწილში ქმნის მცირე წრეს. იგი შეკრულია სარტყელით და აერთებს მთავარი ფოთლების ღეროებს, რომელიც შეადგენს ორნამენტის მთავარ ნაწილს. ამ დეკორის მოტივი გვხვდება არა მარტო კაცხის, ურთხვის, იყალთოს, მცხეთის კანკელებზე, არამედ XI-XII საუკუნეების არქიტექტურული ძეგლების დეკორშიც.

შიო მღვიმელის ლავრის კანკელი შიო მღვიმის ძველი ნათლისმცემლის სახელობის გუმბათიანი ეკლესიის კანკელი მიუხედავად გვიანი ხანის უხეში გადაკეთებისა, რელიეფური სკულპტურისა და ორნამენტური დეკორის შესანიშნავ ნაწარმოებს წარმოადგენს. აღნიშნული კანკელის სიუეჟეტური რელიეფებით დაფარული ოთხი ფილა ჩვენამდეა მოღწეული. მათ შორის ერთი, რომელზეც გამოსახულია “აბრაჰამის სტუმრობა”(ძველი აღთქმის სამება), მოთავსებულია სამრეკლოს დასავლეთ შესასვლელში. კანკელის სხვა ფილებზე გამოსახულია “ჯვარცმა”, “წმ.სვიმეონ მესვეტე და მისი დედა მართა”. “წმ. ევაგრეს შიოსთან მოსვლა”. ამ კანკელის შემონახულ ნაწილებს თვალსაჩინო ადგილი უჭირავთ ქართულ ხელოვნებაში. ორნამენტი ფარავს არა მარტო ფილის ჩარჩოს, არამედ გადადის სვეტის წახნაგებზედაც, რომლებიც მოთავსებულია აღმოსავლეთის კარების ორივე გვერდზე; სვეტის ორივე წახნაგის ორნამენტი სხვადასხვაა და იგი არ მეორდება. მართალია, წახნაგიდან წახნაგზე გადასვლისას ორნამენტის მოხაზულობა იცვლება, მაგრამ მხატვარს დიდი გემოვნებით გადაჰყავს ერთი სახის ორნამენტი მეორეში და მათ განუმეორებელი ოსტატობით აერთიანებს.

ქართველი ოსტატი, რომელმაც ამ კანკელის დეკორი შეასრულა რელიეფური სკულპტურის მხატვრული ხერხებით, სიბრტყეზე ადამიანის გამოსახვის უდიდეს ოსტატობას ფლობდა.

ოსტატმა “აბრაჰამის სტუმრობა” და “ჯვარცმა” შეასრულა ქართული და ბიზანტიური იკონოგრაფიული ნორმების და შუასაუკუნეების ხელოვნების ტრადიციის მიხედვით, ხოლო შიო მღვიმელის ცხოვრების ამსახველი სიუჟეტები, ოსტატის მიერ შესრულებულია თავისებურად, ეპოქის იკონოგრაფიული შაბლონის გარეშე, საკუთარი შემოქმედებითი ძიებისა და მხატვრული აზროვნების მიხედვით.

შიო მღვიმელის ლავრაერთ ფილაზე გამოსახული იყო მაღალ სვეტზე ხელაპყრობილი სვიმეონ მესვეტე. სვეტი გორაკზე დგას. მარცხენა მხარეს ხუთსაფეხურიან პოსტამენტზე გამოსახულია ქალის ფიგურა ვედრების პოზაში. მისი ოდნავ გადაქანებული ტანი პლასტიკურობით და დიდი მოხდენილობით გამოირჩევა. ჩაცმულობის ნაოჭების ნახატი კარგად გადმოგვცემს ფიგურის მოძრაობას. ფონზე გამოსახულია ორი უგუმბათო აფსიდიანი ნაგებობა, გადახურული ორკალათიანი სახურავით და ორსართულიანი კოშკი, რომელიც იმყოფება კედლის უკანა მხარეს.

ურთხვის კანკელის ორივე ფილა, შემკული რელიეფური კომპოზიციებით, მხატვრული დონით მიეკუთვნება ჩვენ მიერ განხილულ იმ კანკელთა ჯგუფს, რომელიც XI-XIII საუკუნეებით თარიღდება. ერთ-ერთ ფილაზე გამოსახულია მოციქულთა კურთხევა მაცხოვრის მიერ. კომპოზიციის ცენტრში წარმოდგენილია ქრისტე საფეხურზე მდგარი, რომელიც ორივე ხელით მოციქულებს აკურთხებს. მოციქულთა ჯგუფი გაყოფილია ორად, თითოეულში ექვსი მოციქულია. მოციქულები ქრისტესთან შედარებით პატარები არიან. ეს გარემოება აქცენტირებულია იმითაც, რომ ისინი გამოსახულნი არიან ძლიერ მოხრილ პოზაში, ვედრების ნიშნად გაწვდილი ხელებით. ქრისტესა და მოციქულებს თავი სხეულთან შედარებით დიდი აქვთ, რაც ადამიანის ფიგურის პროპორციას არღვევს. სახის ნაკვთები დიდია და მეტყველი. აღწერილი კომპოზიციის ორივე მხარეს მოთავსებულია ორი ხე, რომელთაგან კარგად შემორჩა მხოლოდ ერთი, ცენტრისაკენ მსუბუქად დახრილი ტოტებით.

მეორე ფილაზე, რომელიც გაყოფილია ორ ნაწილად, წარმოდგენილია ცხენზე მჯდომი ძლევამოსილი წმიდა ნესტორი, რომლის პოზა და ცხენის მოძრაობა ადასტურებს ბრწყინვალე გამარჯვებას.

ატენის კანკელი, რომელმაც მოაღწია მდიდრულად გაფორმებული მხოლოდ ერთი ფილის სახით, სრულიად გამოირჩევა დეკორის პროფილირებით და პრინციპით. უნდა აღინიშნოს, რომ ფილა მთლიანად დაფარულია სტილიზებული ფოთლოვანი ორნამენტით, რომელიც ძერწვის მანერით და სტილით ხეზე კვეთილობას გვაგონებს. ამ ორნამენტულ დეკორში ჩასმულია პატარა სწორკუთხოვანი არეები, რომლებზედაც გამოსახულია წელზევით მათე და მარკოზ მახარებლები. რელიეფური გამოსახულებები მოთავსებულია გლუვ ფონზე, რომელზედაც ასომთავრული დამწერლობით აღნიშნულია მახარებელთა სახელები. თარიღდება X-XI საუკუნეთა საზღვრებით.

XI-XII საუკუნეთა კანკელების რელიეფური კომპოზიციები, დეკორის გასაოცარი მრავალსახიანობა, მხატვრული ფორმის დახვეწილობა, ქვაზე კვეთის დიდი ოსტატობა, რელიეფური ფიგურების პლასტიკურობა, მხატვრული ამოცანის სწორი გადაწყვეტა, საშუალებას გვაძლევს ჩვენ მიერ განხილული კანკელების ჯგუფი მივაკუთვნოთ ქართული შუა საუკუნეების ხელოვნების საუკეთესო ძეგლებს, რომლებსაც მსოფლიო მნიშვნელობა აქვთ.

მოამზადა თეონა ნოზაძემ


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი