19 ივლისი 2024, პარასკევი
მთავარიეკლესია-მონასტრებიკაცხის მაცხოვრის შობის სახელობის ეკლესია

კაცხის მაცხოვრის შობის სახელობის ეკლესია

შუა საუკუნეებში ზემო იმერეთი არგვეთის საერისთავოში შედიოდა. არაბთა ხალიფატის დაცემის შემდეგ დაიწყო კულტურული აღმშენებლობა საქართველოს ყველა კუთხეში, მათ შორის – არგვეთის საერისთავოშიც, რომელიც ამ დროისათვის ურჩ ფეოდალებს-კლდეკარის ერისთავებს-ბაღვაშ ორბელიანებს ეკავათ. სწორედ ამ ბაღვაშების დროს, X-XI საუკუნეების მიჯნაზეა აგებული კაცხის ტაძარი. მდებარეობს ჭიათურის დასავლეთით, დაახლოებით 8 კმ მანძილზე, მდ.კაცხურას მარცხენა მხარეს აღმართულ მაღლობზე-სოფელ კაცხი-სალიეთის ცენტრში.

კაცხისკაცხის ტაძარი უძველესი დროიდან წარმოადგენს საქართველოს ისტორიაში კარგად ცნობილ ბაღუაშთა საგვარეულო ტაძარს, მათ სამარხს. წარწერების თანახმად, ტაძარი აგებულია ბაგრატ III მეფობის ხანაში, როდესაც დამარცხებული რატი ერისთავ-ერისთავი იძულებული გახდა ეცხოვრა თავის საგვარეულო მამულში. ტაძრის ძირითადი კორპუსის მშენებლობა დაიწყო X საუკუნის მიწურულში, ხოლო დამთავრდა 1010-1014 წლებში.

გარშემოსავლელი უთუოდ გათვალისწინებული გახლდათ კაცხის ტაძრის არქიტექტორის მიერ, როგორც ძირითადი ნაგებობის განუყრელი ნაწილი, თანახმად წარწერისა, იგი აგებულია: “იოანე ერისთავთა ერისთავისა ასულისა ცხოვრების” მიერ. ვინ იყო ეს ცხოვრება, რატის ძის ლიპარიტის მეუღლე (+1048) თუ ლიპარიტის ძის ივანეს ასული, უცნობია. ყოველ შემთხვევაში, გარშემოსავლელი დეკორის სტილის მიხედვით აშენებულია XI საუკუნის პირველ ნახევარში.

ტაძარი წარმოადგენს შიგნით ექვს აფსიდიან დიდ გუმბათიან ნაგებობას, რომელსაც გარედან მრავალწახნაგოვანი მოყვანილობა აქვს. ტაძარს სამივე მხრიდან გარშემოსავლელი აკრავს. ტაძრის ზოგადი მასა სამი კონცენტრირებული ელემენტისგან შედგება: პირველს შეადგენს თვით გარშემოსავლელი, მეორეს უფრო მცირე დიამეტრის მქონე თვით ტაძრის კორპუსი, მესამეს კი- თორმეტწახნაგოვანი გუმბათის ყელი. სამივე საფეხურის ყველა წახნაგი, გარდა აფსიდის წახნაგებისა, გადაბმულია საკუთარი ფრონტონით, რის შედეგად შენობის კოზმიდები სამმაგ ტეხილ ხაზს ქმნიან.

ტაძრის შინაგანი სივრცე არსებითად განუყოფელ ერთეულს წარმოადგენს. ცენტრალური გუმბათის ქვეშ მოქცეული ფართობის გარშემო, რადიალურად განლაგებულია აფსიდები, რომლებიც გარდა საკურთხევლის აფსიდებისა, უშუალოდ ერთვის ცენტრალურ სივრცეს. საკურთხევლის აფსიდს გარედან ხუთწახნაგოვანი მოხაზულობა აქვს. თორმეტსარკმლიანი გუმბათის ყელი აფსიდების კონქის თაღებს ებჯინება და ამრიგად, მას ექვსწახნაგოვანი საყრდენი აქვს. ექვსი წახნაგიდან გუმბათის წრეზე გადასვლა განხორციელებულია ბრტყელი ტრომპების ორი რიგის საშუალებით.

კაცხის ტაძრის შინაგანი სივრცე მონუმენტურ შთაბეჭდილებას ახდენს. ძირითადი ყურადღება ექცევა შინაგანი სივრცის მთლიანობას, არქიტექტორის ყურადღებას იპყრობს გუმბათის ქვეშ მოქცეული შენობის კომპოზიციური ცენტრის სივრცის მხატვრული აღქმა. ტაძრის ყველა ბარელიეფს ასომთავრული წარწერები აქვს დატანებული. წარწერათა უმრავლესობა დაქარაგმებულია (ამოგდებულია ხმოვანი).

ტაძრის შიდა კედლები ადრე მოპირკეთებული ყოფილა სუფთად გათლილი ქვით, მაგრამ შემდგომში შეულესავთ და ამჟამად ეს მოპირკეთება აღარ ჩანს. კაცხისმდიდრულად ყოფილა ადრე მოჩუქურთმებული ტაძრის გარე კედლები. დღეისათვის მხოლოდ ნაწილობრივაა შემორჩენილი ეს არქიტექტურული მორთულობა. ტაძარი ადრეც ბევრჯერ შეუკეთებიათ, მაგრამ განსაკუთრებით იცვალა სახე მისმა გარეგანმა მოპირკეთებამ 1854 წელს ჩატარებული შეკეთების დროს, რის შედეგადაც მხოლოდ გარსშემოსავლელის კედლების ნაწილმა მოაღწია ჩვენამდე თავის პირვანდელი სახით. ეს კედლები მნახველს აცვიფრებს თავისი მდიდრული მოჩუქურთმებით, არქიტექტურულ ფორმათა სრულყოფით და ქვის დამუშავების მაღალი ოსტატობით.

კაცხის ტაძრის სახელს უკავშირდება ქართული ჭედურობის შესანიშნავი ნიმუში-მაცხოვრის ხატი, რომლის წარწერაშიც მოხსენიებულია ერისთავთ-ერისთავი რატი.

გადმოცემის თანახმად, კაცხის მონასტერი დიდი კულტურული ცენტრი ყოფილა. აქ გასულ საუკუნეებში მიმდინარეობდა ნაყოფიერი შემოქმედებითი მუშაობა, ასობით წიგნი გადაწერილა. ტაძარს ჰქონია მდიდარი ბიბლიოთეკა, შემდგომ იგი დაუტაციათ.

კაცხის ტაძარში მარხია საქართველოს მეფის ბაგრატ IV-ის (1027-1072 წწ.) დროინდელი დიდი პოლიტიკური მოღვაწე და სარდალი ლიპარიტ ლიპარიტის ძე. იგი სათავეში ედგა კლდეკარის საერისთავოს და ცნობილი იყო ქვეყნის გარეშე მტრებთან თავგამოდებული ბრძოლით. მაგრამ არანაკლები თავგამოდებით ებრძოდა ეს ურჩი ფეოდალი საქართველოს გაერთიანების დიდ მოღვაწეს ბაგრატ მეოთხესაც. ბოლოს, განდიდებულ ერისთავთ-ერისთავს განუდგნენ მისი აზნაურები, შეიპყრეს თავის შვილთან ერთად და მიჰგვარეს ბაგრატ მეფეს. მეფემ ლიპარიტი ძალით აღკვეცა ბერად და ჩამოართვა კლდეკარის საერისთაო. ლიპარიტი კონსტანტინოპოლში წავიდა და იქ გარდაიცვალა 1059 წელს. მისმა ახლობლებმა ცხედარი საქართველოში ჩამოასვენეს და დამარხეს კაცხში.

დავით აღმაშენებლის მიერ, ბაღვაშთა საგვარეულოს დამარცხების და საქართველოდან განდევნის შემდეგ კაცხის ტაძარი უპატრონოდ დარჩა. XVI საუკუნეში მიტოვებული და დაზიანებული ტაძარი, მისმა ახალმა მფლობელმა აბულასარ ამირეჯიბმა აღადგინა. XVI საუკუნიდან მოყოლებული კაცხი აბაშიძეების მფლობელობაში გადავიდა, ხოლო 1804 წელს, მეფე სოლომონ II-მ კაცხი უბოძა იმერეთში გადასულ სოლომონ ლიონიძეს(ლეონოძეს)-ერეკლე II თანამებრძოლსა და ცნობილ პოლიტიკურ მოღვაწეს, რომელიც შემდგომში აქტიურად მონაწილეობდა იმერეთის სამეფო საქმეებში. 1924 წელს საქართველოს საბჭოთა მთავრობამ გააუქმა კაცხის მონასტერი. 1990 წელს კი ტაძრის დღევანდელი მოძღვრის დეკანოზ ამირან მოდებაძის ინიციატივით კაცხის მონასტერში კვლავ განახლდა ღვთისმსახურება.

მოამზადა თეონა ნოზაძემ

მსგავსი სტატიები

2 COMMENTS

  1. ულამაზესია კაცხის ტაძარი და საოცარი კაცხის სვეტი,ყველა ქართველმა უნდა მოინახულოს და მოილოცოს იქაურობა. მერწმუნეთ, თუ ერთხელ მაინც ეწვევით იქაურობას, სამუდამოდ შეიყვარებთ.,,ამბიონს”დიდი მადლობა საინტერესო სტატიებისთვის.

  2. ულამაზესია,განსხვავებული და დიდებული.ძალიან მომეწონა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები