მთავარი » დღესასწაულები

ჯვართამაღლება – სოხუმის დაცემა – სადღესასწაულო ქადაგება (27.09.2013)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 27.09.2013 | 6,218 ნახვა

პატრიარქი 27 სექტემბერს სამების საკათედრო ტაძარში წირვის დასრულების შემდეგ აფხაზეთის ომში დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა და აფხაზეთის ომის გმირი – ჟიული შარტავა გარდაცვალების შემდეგ წმიდა გიორგი სორდენით დააჯილდოვა.

უწმიდესმა ქადაგებისას აფხაზეთის ომის შესახებ ისაუბრა.

“ვინ არის გამარჯვებული? არც არავინ არ არის. ყველა წაგებულია- ქართველებიც, აფხაზებიც, რუსებიც და ყველა, ვინც მონაწილეობდა ამ საშინელ ტრაგედიაში. მე კარგად ვიცნობ ამ კუთხეს. ღვთის ლოცვა-კურთხევით 11 წელი ვიყავი ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსი და მიტროპოლიტი. არ მახსოვს არც ერთი შემთხვევა, რომ გაუგებრობა ყოფილიყოს აფხაზებსა და ქართველებს შორის. სრული თანხმობა, სიყვარული იყო, აფხაზები მიდიოდნენ ქართველებთან და ქართველები – აფხაზებთან. ეს იყო ნამდვილი ერთი ოჯახი, ერთი სული და ერთი ხორცი, მაგრამ ეშმაკს ეს შეშურდა და დააპირა ამ ერთობის გაყოფა. მინდა ვთქვა, რომ დღესაც ზოგიერთი ცდილობს ეკლის ხლართები და ბეტონის ღობეები ააშენოს აფხაზებსა და ქართველებს შორის, ოსებსა და ქართველებს შორის, მაგრამ ეს ყველაფერი ამაოა. შინაგანი გაანალიზებით ვგრძნობთ, რომ ამას აკეთებს მტერი. შედეგები ის იქნება, რომ მტერი წაგებული იქნება”, – ბრძანა პატრიარქმა.

უწმინდესმა ასევე გაიხსენა აფხაზეთში მისი მიტროპოლიტობის პერიოდი.

“აფხაზეთი ყველაზე მდიდარი იყო ავტონომიურ რესპუბლიკებს შორის. ქართველები ნაკლებად მიდიოდნენ ეკლესიაში, მაგრამ ნათლობა, ჯვრისწერა, ლოცვა აუცილებლად სრულდებოდა ტაძრებში. როცა ვუსაყვედურებდი, რატომ არ მოდიოდნენ ეკლესიაში, მანდარინის ბაღები გვაქვსო მოსავლელი. ყველაფერი იქ დარჩათ. განსაკუთრებით მინდა გავიხსენო ზოგიერთი ადამიანი – ჟიული შარტავა, ის იყო და არის გმირი. ის იყო უშიშარი. როდესაც ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი აფხაზეთში ომის დროს ჩავიდა, მას აღუპყრია ხელები ცისკენ და უთქვამს – ღმერთმა მე დამსაჯოს, თუ საქართველო გადარჩება. იმ დღეებში ჟიული შარტავა და სხვები დახვრიტეს. ტრაგედიის შემდეგ სრულიად უცნობი პირისგან მივიღე წერილი. ჟიული შარტავას დახვრეტის დროს, ამ უცნობს უკითხავს, თუ ვინ იყო ეს პიროვნება. იგი წერდა, რომ სახელი და გვარი რომ არ დავიწყნოდა ასანთის კოლოფზე ჩაიწერა. თქვენ უნდა იამაყოთ, რომ ასეთი თავდადებული შვილები ჰყავს საქართველოს, – წერდა უცნობი. ჩვენ მართლაც ვამაყობთ და ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული”, – აღნიშნა უწმიდესმა.

პატრიარქმა მოიხსენია ლორიკ მარშანია, იური ანუა, მღვდელ-მონაზონი ანდრია, გურამ გაბისკირია და სხვები. მისი თქმით, ისინი არიან ღვთის წინაშე ანთებული სანთლები, რომლებიც არასდროს არ ჩაქრება.

“სანთელი ილევა, ესენი კი დაუსრულებელი ანთებული სანთლებია
მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ დიდი თავდადებისა და ღვაწლისათვის ჟიული შარტავა დაჯილდოვდეს ჯილდო წმიდა გიორგის ოქროს ორდენით. ეს ჯილდო მის ოჯახს გადაეცემა. ღმერთმა დალოცოს მისი უკვდავი სული”, – აღნიშნა უწმიდესმა.

კიდევ ერთი ეკლესიის უმაღლესი ჯილდო, წმინდა ნინოს ოქროს ორდენი პატრიარქმა აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს მიანიჭა, რომელიც იბრძვის საქართველოს ერთიანობისათვის. პატრიარქის თქმით, ამ ჯილდოს ტარების უფლება ექნება უზენაესი საბჭოს თავმჯრომარეს, შესაბამისად, ეს ჯილდო პატრიარქმა დღეს გია გვაზავას გადასცა.

პატრიარქმა აღნიშნა, რომ აფხაზეთის ომი ხელოვნურად დაწყებული ომი იყო და ქართველები და აფხაზები გრძნობენ ამას. მან პანაშვიდის დროს, აფხაზეთის ომში დაცემულთა სულები მოიხსენია.

“ჩვენ დღეს ვლოცავთ არა მარტო ქართველებს, არამედ აფხაზებსაც, სხვა ერის წარმომადგენლებს. მე კიდევ მინდა ვთქვა, რომ ეს ხელოვნურად დაწყებული ომი იყო და ქართველები და აფხაზები გრძნობენ ამას”, -აღნიშნა უწმინდესმა.

დღეს უწმიდესმა ახალი ინიციატივის შესახებაც ბრძანა. მისი თქმით, 23 მაისს, წმინდა მოციქულ სვიმონ კანანელის ხსენების დღეს, “აფხაზეთობას” აღნიშნავენ.სვიმონ კანანელი აფხაზეთშია დასაფლავებული.

იხილეთ ქადაგება სრულად:


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი