13 ივლისი 2024, შაბათი
მთავარისაზოგადოება"რატომ არ პატრონობთ" ?! - ჯავახეთის პრობლემები დღეს

“რატომ არ პატრონობთ” ?! – ჯავახეთის პრობლემები დღეს

ჯავახეთი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად შესწავლილი კუთხეა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი ისტორიული ძეგლი განადგურდა, მაინც ყველაზე მეტი ნაშთი ძველი ქართული კულტურისა ამ მხარეში შემორჩა. ყველაზე მეტი ქვა, რომელზეც ულამაზესი ქართული ანბანით არის შესრულებული წარწერები, სწორედ ჯავახეთის მიწამ შემოინახა, რომელიც თანდათან ნადგურდება და იკარგება უყურადღებობის გამო.

დღეს ჯავახეთის უმეტეს სოფლებში სომხები ცხოვრობენ, რომელთა წინაპრებიც სამხრეთ საქართველოში რუსეთის მიერ, მე-19 საუკუნეში ჩამოსახლდენენ კუკური მეტრეველი და დაფუძდნენ უმეტესწილად სამცხე-ჯავახეთიდან რუსების მიერ თურქეთში განდევნილი ადგილობრივი მუსლიმი ქართველების ნასახლარებზე.

ჯავახეთში ქართველებით დასახლებული სოფლებიც არსებობს, რომლებიც დღეს მეგობრულად ცხოვრობენ არზრუმიდან ჩამოსახლებული სომხების შთამომავლებთან ერთად.

უდავოდ დიდი დანაკლისი იქნება იმ უნიკალური ქართული საგანძურის დაკარგვა, რაც დღეს ჯავახეთში ნადგურდება, მხოლოდ და მხოლოდ ისევ ჩვენი დაუდევრობისა და არასახელმწიფოებრივი დამოკიდებულების გამო. ჯავახეთის ისტორიული ძეგლების გადასარჩენად მარტო კეთილი ნებაა საჭირო ქართული სახელმწიფოს მხრიდან. ამისთვის უზარმაზარი თანხები და სახელმწიფოთა შორის პოლიტიკური შეთანხმება სრულიადაც არაა აუცილებელი.

ჯავახეთი საქართველოს შემადგენელი ნაწილია, რომელსაც მეზობელი ქვეყნის, სომხეთის მეცნიერთა გარკვეული ნაწილი გვედავება. ისინი ცდილობენ ისტორიის გაყალბებას და ჯავახეთს წარმოადგენენ, როგორ ისტორიული სომხეთის ნაწილსა და ოდითგანვე სომხებით დასახლებულ ტერიტორიას. ცხადია, სომეხთა დიდი ნაწილი არ იზიარებს ამ მოსაზრებებს, მაგრამ მაშინ, როცა ქართული მხარე ასე პასიურობს, გარკვეული ნაწილი სომხური მოსახლეობისა ამ გაყალბებულ ისტორიას ეცნობა და იჯერებს. სწორედ ამიტომ, კიდევ უფრო მეტი ყურადღებაა საჭირო ჯავახეთის ქართული საგანძურის მიმართ, როცა ასეთი სადავო, გაყალბებული სამეცნიერო ნაშრომები იქმნება.

„ამბიონი“ ჯავახეთის მკვიდრს, მკვლევარსა და პუბლიცისტს, ბატონ კუკური მეტრეველს ესაუბრა:

„ზოგადად, ძალიან ცუდი დამოკიდებულება ისაა, რომ ჯავახეთზე საკმაოდ მწირი და მცდარი წარმოდგენა აქვთ თვითონ საქართველოშიც. აქ არ ჰგონიათ, რომ ჯავახეთში დღეს ქართველებიც ცხოვრობენ. როგორც კი იტყვი, ჯავახეთიდან ვარ, გეკითხებიან მაშინვე, ვა, სომეხი ხარო?… არ ვარ სომეხი.. ჯავახეთში სულ სომხები არ ცხოვრობენ.

მაგალითად, კოთელია – ჩემი სოფელი სუფთა ქართული დასახლებაა, სულ ქართველები ცხოვრობენ, როგორც მკვიდრი ჯავახები, ასევე, ბატონ-ყმობის პერიოდში სხვადასხვა კუთხეებიდან გამოქცეულებიც. ფაქტობრივად, ეს სოფელი მაშინ ჯავახეთის ბასტიონი იყო. თავის დროზე აქ აფარებდნენ თავს იმერეთის მეფე სოლომონი და ალექსანდრე ბატონიშვილი, თუ ვინმეს საქართველოს სხვა კუთხეში აღარ ედგომებოდა, აქ მკვიდრდებოდა.

ახლა, ამ ქართული სოფლის გარშემო სულ სომხებით დასახლებული სოფლებია. ერთმანეთთან ძალიან კარგი და კეთილმეზობლური ურთიერთობა გვაქვს. ჯავახეთი ბევრს აქ, თბილისშიც დავხმარებივარ.
ძალიან ცოტა ადამიანი დადის ჯავახეთის სანახავად. მთებშიც, ძირითადად, სულ უცხოელი ტურისტები თუ შემხვედრიან ხოლმე. იშვიათად, რომ ქართველები ნახო იქაურობის მოსანახულებლად ჩასულები.

არსად, არც ერთ ტაძართან თუ ციხე-სიმაგრესთან ბანერი არაა. ამას უნდა სახელმწიფოებრივი მიდგომა. ეს ჩვენი გასაკეთებელია. ხალხმა უნდა დაინახოს, რომ ამ ისტორიულ ძეგლებს პატრონობს სახელმწიფო და მერე უფრო მეტი პატივისცემა და რიდი გაუჩნდებათ იმ ადამიანებს, ვინც ამ ქვებსა და კედლებზე ჩხაპნის და ხაზავს. ერთი დღის გაკეთებული ნახაზები არაა. ახალი ჯვრები და ეკლესიებია მიხატულ-მიჩხაპნული. ეს დღეებისა და კვირების ნამოქმედარია.

თვითონ ადგილობრივი სომხები პატრონობენ, როგორც შეუძლიათ. მაგალითად, სოფელ ბავრაში არის უნიკალური მე-10 საუკუნის ქართული ეკლესია ულამაზესი, ორიგინალური ჩუქურთმებით. მას ერთი უსინათლო მოხუცი, კათოლიკე სომეხი უვლის. რომ გაიგო, ქართველი ვიყავი, მისაყვედურა:

„თქვენი ეკლესია ხომ არის ესაო?! ჩვენი წინაპრები რომ მოვიდნენ აქ, ისინი ამბობდნენ, რომ ეს არის ქართული ეკლესიაო, ჩვენო ვპატრონობდით ამას, დღესაც ვპატრონობთ, როგორც შეგვიძლია. უამრავი ადამიანი მოდის, ზოგი ხაზავს ტაძრის კედლებს, ჩხაპნის და წარწერებს აკეთებს და მე რომ ვუშლი და რაღაცას ვეუბნები, აქეთ მლანძღავენ, შენ ვინ გკითხავსო.
რატო ერთხელ არ ჩამოაკითხავთო“?!

ძალიან ლამაზი ეკლესიაა, მე-10 საუკუნის. ფიგურებია ისეთი დახვეწილი და გლუვი , გეგონება ჩარხზე გააკეთეს, მართლაც ულამაზესი ჩუქურთმებია. ეზოში არის დიდი ქვაჯვარი, საფლავის ქვა, ვინმე გიორგას სახელზე. ის მე-14 საუკუნისაა. ძალიან ცუდია, რომ ინგრევა ასეთი დიდებული ეკლესია. იმის რესტავრაციას დიდი არაფერი არ სჭირდება. ორნამენტი აქ, ჯავახეთში ორი-სამი ათასი ეყოფა ასეთ თითო ეკლესიას, რომ გადარჩეს… ამდენ თანხას ჩვენი ახალი ქართველები ერთ დღეში ხარჯავენ რესტორნებში. საქმე საქმეზე რომ მიდგება, მარტო სადღეგრძელოებში გვიყვარს ჩვენ სამშობლო.

იქვე, ბავრაში არის მე-19 საუკუნის ბოლოს აშენებული კათოლიკური ეკლესია. იქაც წამიყვანეს, კარგი მოხუცები იყვნენ ძალიან, გადამიშალეს გული, ყველაფერი დამათვალიერებინეს, მღვდელი არ ჰყავთ და ეტყობა, თავისით ლოცულობენ ხოლმე და შემომჩივლეს, 1 თვეა დენი გაგვითიშეს ეკლესიაში გადაუხდელობის გამოო.. განა რა უნდა დაწერილიყო?! კვირაში ერთხელ შედიან და ლოცულობენ ცოტა ხნით…

მე ვიცი ბევრი სხვა სოფელი, სადაც იგივე საყვედური უთქვამთ ჩემთვის, რატომ არ პატრონობთ ამ თქვენს ძეგლებსო. იქ ვიღაცა რომ აფუჭებს და რაღაცას აშავებს, ის ერთეულია, ის არის ცუდი… ვისზე რა გვაქვს სათქმელი?! ვანის ქვაბები რომ ნახოთ, აგეტირებათ. იქ არის უძველესი უნიკალური სატრფიალო ლექსები კედლებზე მიწერილი, მათზე კი სამარცხვინო წარწერებია დღეს გაკეთებული ქართველი ახალგაზრდების მიერ.. და სომხისა რა უნდა გაგვიკვირდეს?! ეს ვანდალიზმია, ამას ეროვნება არ აქვს. ეგენი არიან ერთეულები, ხალხი ყველგან კარგია. ერთი დიდი განაპირა სოფელია, კუმურდო, სადაც თითქოს ცოტა აგრესიული ხალხი ცხოვრობს, თან ერთ-ერთი ულამაზესი ქართული ტაძარი(ნაწილობრივ აღდგენილი) სწორედ ამ სოფელშია, მაგრამ თუკი ქართული სახელმწიფოებრივი ნება იქნება, არც ამ ტაძრის პატრონობაა რთული. ყველასთან შეიძლება საერთო ენის გამონახვა… სწორი მიდგომაა საჭირო.

თორემ, ზოგადად, ჯავახეთის სომხური მოსახლეობა, პირიქით, მიესალმება, რომ აღდგეს ეს ისტორიული ძეგლები და ამ მხარეს ყურადღება მიექცეს ქართული სახელმწიფოს მხრიდან.

უამრავი უნიკალური ეკლესია ინგრევა და ნადგურდება. ძეგლთა დაცვის განყოფილება ხომ არსებობს საქართველოში?! მაგრამ არავის აინტერესებს. საშინლად მტკივა გული, მართლაც უნიკალური ძეგლებია ჯავახეთში.

ერთი სოფელია იქ, სათხე და იქაური მოხუცი კაცი, სომეხი ქართულად გურული კილოთი მელაპარაკა, ქართველებში ვიცხოვრე დიდი ხანიო. თავიდან რუსულად მივესალმე და მაგაზეც გამლანძღა, ქართულად რატომ არ მითხარი გამარჯობაო… მე ბოდიში მოვუხადე, არ მეგონა, ქართული თუ იცოდით-მეთქი . 90 წლამდე იქნებოდა. სამი უძველესი სასაფლაოა სოფელ სათხეში ქართული, უნიკალური ასომთავრული წარწერებით და ღორები თხრიან. ქვა აღარც ეტყობა თითქმის, იქ რომ სასაფლაო იყო. გაპარტახებული და გაუბედურებულია იქაურობა და ამ სომეხმა მოხუცმა მისაყვედურა: მეო, ვიციო, ქართველებს არავისთვის ცუდი არ გაგიკეთებიათო, მაგრამ თქვენი წინაპრების საფლავებს რომ არ პატრონობთ, ეს რა უბედურებააო?!

ჯავახეთი სავსეა უძველესი ისტორიული ნაშთებით. ქვაჯვრები არა უგვიანეს მე-7-მე-8 საუკუნისანი არიან. უფრო ადრე ზოგი ქვა წარმართული სალოცავების ნაწილი იყო.

ძალიან სამწუხაროა, რომ ამ კუთხეში ბევრი მნიშვნელოვანი, ორიგინალური და ძვირფასი ისტორიული ნაშთი იკარგება.

ჯავახეთის წარწერები გაშიფრული აქვს და უდიდესი ღვაწლი მიუძღვის ამ საქმეში საოცრად დიდ მეცნიერს ვალერი სილოგავას. მან შეისწავლა და გაშიფრა ჯავახეთის თითქმის ყველა წარწერა, რაც კი აღმოჩენილია.

საქართველოში არსად არ არის იმდენი წარწერა შემორჩენილი, რამდენიც ჯავახეთში, მიუხედავად იმისა, რომ ნახევარი განადგურდა, აქ მაინც ყველაზე მეტია…

თქვენ წარმოიდგინეთ, რამდენი იქნებოდა…

ეკლესიების უმრავლესობა არის მე-10-მე-11 საუკუნის. განა საქართველოს აყვავების პერიოდის, მე-12-მე-13 საუკუნეების, მაშინ, როცა თითქმის ყველგან შენდებოდა?..არა, აქ გაცილებით ადრე დაიწყო აღმშენებლობა. შემთხვევით არ გახლდათ, რომ ქართველ მეფეთა საზაფხულო რეზიდენციები სწორედ ჯავახეთში იყო. სასახლეების მხოლოდ კონტურებია შემორჩენილი, ამასაც მარტო მეცნიერის თვალი თუ შეამჩნევს, თორემ ასეთი ქვები და შტრიხები ჯავახეთში ყველა ნაბიჯზეა და ძნელია გარკვევა.

აი, ამ კუთხეს გვედავებიან. მე ვცხარდები ხოლმე, მაგრამ რა პრობლემებიც დღეს არის, უმეტესად ჩვენი, ქართველების უყურადღებობისა და დაუდევრობის ბრალია.

მე არ ვარ ისტორიკოსი, კიბერნეტიკოსი გახლავართ პროფესიით. მუდამ მაწუხებდა, ჯავახეთი ასე უყურადღებოდ რომ არის მიტოვებული და სულ ვთხოვდი ისტორიკოსებს, დაეწერათ ჯავახეთზე და გამოეკვლიათ. ბოლოს თვითონ გამოვეცი ნაშრომი ჯავახეთის შესახებ, ორ ენაზე – ქართულად და რუსულად, რომ ყველამ წაიკითხოს და გაიგოს. სხვათაშორის, გაამართლა, ძირითადად სომხები უფრო ინტერესდებიან, მათ აინტერესებთ ჯავახეთის ისტორია.

ახლა მინდა გამოვცე დიდი ალბომი ჯავახეთზე, მაგრამ მანამდე ვფიქრობ წასვლას თურქეთის ჯავახეთში, იქაურობის გადაღებას და მერე მთლიანად ჯავახეთზე იქნება ეს გამოცემა.

შემოდგომას, ვფიქრობ, ჯავახური საღამო მოვაწყოთ თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში, თუ გამოგვივიდა…

ჩემი მიზანია, რაც შეიძლება მეტი ადამიანი დაინტერესდეს ჯავახეთით, მეტმა ადამიანმა ნახოს. ყველაფერს, რაც გამოვეცი და ვაკეთებ, საკუთარი სახსრებით ვცდილობ, რაც შემიძლია. სიტყვიერად ბევრი შეპირება მომისმენია ამ საქმეში დახმარებისათვის, მაგრამ საქმით…“

ნესტან ბლუაშვილი

სტატიაში გამოქვეყნებული ფოტომასალა ეკუთვნის კუკური მეტრეველს

[nggallery id=128]

მსგავსი სტატიები

9 COMMENTS

  1. რა უბედურება გვჭირს?! მნიშვნელოვანისა და უმნიშვნელოს გარჩევა ვერაფრით ვერ ვისწავლეთ.. ჯავახეთის ქართული უნიკალური ძეგლების გადარჩენა და მოვლა ნამდვილად უნიშვნელოვანესი საქმეა ქართული კულტურისა და სახელმწიფოებრიობისათვის.. ეს კულტურის სამინისტრო თუ არაფერს აკეთებს, საპატრიარქომ მაინც გამოყოს თანხები ამ ეკლესიების აღსადგენად, ბანერების გასაკეთებლად.. რა გვჭირს ხალხო, რა??!! მითუმეტეს, აქაც ხომ არა ა შეთანხმება სხვა ქვეყნის მთავრობასთან საჭირო, და არც დიდი თანხები უნდა.. არავინ არაფრის მაქნისია ამ ქვეყანაში , ვისაც რამის გაკეთება ევალება და ხელეწიფება.. აი, ესაა სიმართლე!

    • ვფიქრობ, ჯავახეთის თემა ჯეროვნად არც იყო აქამდე წამოწეული, თუ არ მივიღებთ მხედველობაში იმას, რომ მეზობელ ქვეყანაში ვიღაცეები გვედავებოდნენ და გვედავებიან “ჯავახქის” პროვინციის გამო. ჩვენი საზოგადოება გარკვეულწილად რეაგირებდა ამაზე და სულ ეს იყო. ალბომის გამოცემა კი მართლაც შეავსებდა გარკვეულ სიცარიელეს – ცალკე უნდა გამოიცეს ჯავახეთის ძეგლები, წარწერები, ლანდშაფტები, ზედმიწევნითი რუკა, სადაც დატანილი იქნება ყველა სოფელი. საქმეს წაადგებოდა ერთი დოკუმენტური ფილმიც, რომელშიც ჯავახეთის წარსული და აწმყო იქნება თემატიზებული. ეს ყოველივე ხელს შუწყობს ჯავახეთის შემოსვლას ჩვენი საზოგადოების ცნობიერებაში იმაზე მეტად ვიდრე ეს აქამდე იყო. ასევე სასურველია ჯავახეთის აღორძინების საზოგადოების შექმნა, ისევე როგორც არსებობს საქართველოს სხვადასხვა კუთხეების აღორძინების საზოგადოებები (მაგალითად რაჭის) რათა სახელმწიფოსა და ეკლესიის ხელშეწყობით დაიწყოს გარკვეული მოძრაობა ამ მიმართულებით.

    • martalia unda movxedot mesxet javaxets torem sul male somxebis xelshi agmochndeba da mere vegar sheedavebi aket dagimtkiceben rom imati micebi iyo rogorc gvimtkicebdnen SHOTA RUSTAVELI somexi iyoo, mivxedot mesxet javaxets!

  2. წმინდა ნინოს მოციქულობით მოფენილმა და დამკვიდრებულმა ქრისტიანობამ გვიხსნა ჩვენ არამცთუ სულიერად, არამედ ხორციელადაც. იმა უდიდესმა მოძღვრებამ, რომელიც ქრისტე ღმერთმა მოუვლინა ქვეყანას ხსნად და ცხონებად, თავისი ძლევამოსილი კალთა გადააფარა ჩვენში ჩვენს მამულს, ჩვენს ეროვნებას, ვითა ობოლნი შეიკედლა, თავისის ღვთაებურის ძალ-ღონით გამოჰზარდა, შეჰმოსა, შთაუდგა გული რკინისა, გაუმძღვარა ჯვარი პატიოსანი და ძელი ჭეშმარიტებისა. და, აი, ათასხუთასი წელიწადია, ამ ძალ-ღონით ქრისტიანობამ შემოგვინახა ჩვენ ჩვენი მიწა-წყალი, ჩვენი ენა, ჩვენი ვინაობა, ჩვენი ეროვნობა.

    • ახალქალაქის რაიონის სოფელ ბეჟანოში, თუ ყოფილხართ ვინმე და გინახავთ ძველი ქართული ეკლესიის ქვებით როგორ უსახურადაა “აღდგენილი” სომხების სალოცავი სასომხეთში მცხოვრები პიროვნების მიერ? მამული,ენა სარწმუნოების ძახილი არ უშველის მარტო საქმეს! ვერ ვპატრონობთ ჩვენ მიწა-წყალს და მარტო ვიშვიში არ გვიშველის!!!

      • ჰო, აი სომხები გვჯობიან.. სომხეთიდან ჩამოსული თუ აშენებს ჯავახეთში სომხურ სამლოცველოს, ძველი ქართული ეკლესიის ქვებით,ამ დროს ჩვენ პირები გვაქვს დაღებული და საერთოდ არ გვაინტერესებს რა ხდება ჩვენს ქვეყანაში…

  3. dzalian guli mtkiva aset sakitxebze. iqneb cerilis avtorma itavos romelime sazogadoebis sheqmna da visac survili eqneba gacevriandes da am mxaristvis ketili saqme aketon. gaxadon aqtualuri, popularuli, kvela sidzveleebi, agnusxon. chaertos axalgazrdoba, studentoba, gaaqtiurdes turizmi da bevri iseti ram gaketdesrac am kutxis danarchen saqartvelostan integracias sheuckobs xels!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

    • რამდენი საზოგადოება და ორგანიზაციაც არ უნდა შეიქმნას, ფინანსებისა და სახელმწიფოს დაინტერსების გარეშე, საქმე ვერ გაკეთდება. ფინანსები რომც მოიძებნოს, თუ სახელმწიფოს ნება არ იქნება, ამ პრობლემების მოგვარება, მაინც არაფერი გამოვა.. მოგეხესენებათ, ქართველ პოლიტიკოსებს, საქმე და ქვეყანა მხოლოდ მაშინ ახსენდებათ, როცა საზოგადოებაში ქულების დაწერა სურთ..
      ბანერები რომ გააკეთონ ისტორიულ ნაგებობსა და ტაძრებთან, ეს ხომ კულტურის სამინისტროს ევალება, ან ტურიზმის დეპარტამენტს.. თუ ტაძრების აღსადგენი თანხები არ აქვთ, ეს მაინც გააკეთონ ამ ეტაპზე.
      პრემიების ნახევარიც, ეყოფა ამ საქმეს, რასაც საკუთარ თავებს უნიშნავენ არაფრის კეთებაში.

      • ნესტანი მართალია 2ჯერ 2. მაგათ ადგილზე თვეში ერთხელ მაინც ჩავიდოდი ჯავახეთში ჯიპების სიყვარული რომ გამემართლებინა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები