საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის გურამ ოდიშარიას თქმით, იშხანზე მიმდინარე სამუშაოები უნდა შეჩერდეს.
“იშხანზე მიმიდინარე სამუშაოები უნდა შეჩერდეს. უახლოეს მომავალში კულტურის სამინისტროდან გაემგზავრება დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც იქნებიან როგორც სამინისტროს, ისე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები და ჟურნალისტები. დავათვალიერებთ ჯერ იშხანს და შემდეგ ოშკსაც, რომელიც შორს არ მდებარეობს”, – აღნიშნა გურამ ოდიშარიამ.
იშხანზე მიმდინარე დასუფთავების სამუშაოებს საგანგაშოდ მიიჩნევს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი. მერაბ ბოჭოიძის თქმით, გაწმენდით პროცესს არქეოლოგი არ ესწრება, რაც მეთოდოლოგიური შეცდომების დაშვებისა და ისტორიული კვალის დაკარგვის საფრთხეს ქმნის.
როგორც გურამ ოდიშარიამ აღნიშნა, კულტურის სამინისტრომ სპეციალური მიმართვა შეიმუშავა, რომელიც საგარეო უწყებასთან შეთანხმებით თურქულ მხარეს გადაეგზავნება. კულტურის მინისტრი ამ საკითხზე თურქეთის ელჩთან შეხვედრასაც გეგმავს.
