მთავარი » სხვადასხვა

ისტორიული დოკუმენტების დიგიტალიზაცია

სტატიის ავტორი: | თარიღი: 22.08.2012 | 2,170 ნახვა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში უძველესი ისტორიული დოკუმენტების დიგიტალიზაცია მიმდინარეობს. არქივი საისტორიო არქივის ძველ საბუთთა განყოფილებაში დაცული ქართული ისტორიული საბუთების დედნების კოლექცია XI-XIX საუკუნეებით თარიღდება, რომელთაგან ამ ეტაპზე უკვე 4000-ზე მეტი დოკუმენტის (4500-მდე ფურცელი) ელექტრონული ვერსიაა შექმნილი.

დიგიტალიზაციის პროცესი მიმდინარეობს თანამედროვე აპარატურით, რაც უზრუნველყოფს უძველესი დოკუმენტების მაქსიმალურად უსაფრთხო გადაღებასა და დაზიანებისგან დაცვას. სპეციალური ფოტოობიექტივი და განათება, რომლითაც აღჭურვილია უკონტაქტო სკანერი, დოკუმენტის უმცირეს დეტალსაც კი მაღალი ხარისხით აღბეჭდავს.

ელექტრონული ფაილები თავს იყრის სპეციალურ პროგრამაში (ICA ATOM), რომელიც არქივების საერთაშორისო საბჭოს (ICA) მიერ არის შემუშავებული და სრულად შეესაბამება აღწერის საერთაშორისო სტანდარტებს. თითოეულ დოკუმენტს ერთვის აღწერილობა: ტექნიკური მახასიათებლები (შექმნის თარიღი, ზომა, ქაღალდის სახეობა და ა.შ.), მოკლე შინაარსი, მასში მოხსენიებული პიროვნებები, გადამწერი, გადაწერის ადგილი და დოკუმენტისთვის დამახასიათებელი სხვა აღწერილობა.

პროგრამა უზრუნველყოფს დოკუმენტის მოძიებას უმოკლეს დროში ნებისმიერი აღნიშნული მახასიათებლის მიხედვით. სპეციალური საძიებო კატალოგის საშუალებით ყველა დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა მიეცემა სახლიდან გაუსვლელად ნახოს მისთვის საინტერესო დოკუმენტი და გაეცნოს მის აღწერილობას.

ძველ საბუთთა განყოფილებაში დაცული მასალები მრავალფეროვანია შინაარსის მიხედვით. მათ შორისაა წყალობისა და ნასყიდობის წიგნები, სხვადასხვა სამართლებრივი ძეგლი, რელიგიური შინაარსის დოკუმენტები, რომლებიც ასახავს საქართველოს საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებას, ფეოდალური მიწათმფლობელობის საკითხებს, წეს-ჩვეულებებს, საბაჟო სისტემას, ქალაქებისა და სოფლების მშენებლობას, ეკლესიის მდგომარეობასა და მის როლს სახელმწიფო მმართველობაში. საბუთები უდიდესი ისტორიული მნიშვნელობის მატარებელია, რადგან მათი უმეტესობა გაცემულია ამ პერიოდში მოღვაწე მეფეების, კათალიკოსებისა და დიდებულების მიერ და, ხშირ შემთხვევაში, მათივე ხელრთვებით (ხელმოწერები) არის დამოწმებული.

ძველ საბუთთა დედნების კოლექციის ელექტრონული ასლების შექმნა შესაძლებელს გახდის თავიდან ავიცილოთ დოკუმენტების ხშირი გამოყენება, რაც მათ ხანგრძლივ დაცვას უზრუნველყოფს. ამავდროულად, ეროვნულ არქივში დაცული ძველი საბუთებით დაინტერესებული ნებისმიერი პირისა თუ მკვლევარისათვის დოკუმენტების ციფრული ასლები ხელმისაწვდომი იქნება უმოკლეს დროში.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი