13 ივლისი 2024, შაბათი
მთავარისხვადასხვაისტორიული ადგილების ნგრევა ბარბაროსული მეთოდებით ხდება…

ისტორიული ადგილების ნგრევა ბარბაროსული მეთოდებით ხდება…

როგორ მდგომარეობაშიც საზოგადოებაა, მატერიალური კულტურის ძეგლებში ჰპოვებს გამოხატულებას იგივე დამოკიდებულება.

ანისხატითბილისში მდებარე ჩახრუხაძისა და შავთელის ქუჩები, ძველად კი – მუხრანთ უბანი უძველესი დროის სამეფო რეზიდენციას წარმოადგენდა. XIX საუკუნის ფოტოებზე აღბეჭდილია ამ ტერიტორიაზე მდებარე ტაძრები. ეს ადგილი წმიდა მიწად მიიჩნეოდა და კრძალვას იწვევდა ყოველი ქართველის გულში.

ისტორიულ ტერიტორიაზე დღესდღეობით საცხოვრებელი ბინების მშენებლობა მიმდინარეობს, რაც გასულ საუკუნეში დაუშვებელი იყო მისი მნიშვნელობის გამო.

რა მდგომარეობაა ამჟამად სამეფო უბანში და ხდება თუ არა მისი არქეოლოგიური შესწავლა? ამ თემის შესახებ “ამბიონს” საპატრიარქოს სიწმინდეთა მოძიებისა და დაცვის მთავარი სპეციალისტი, ხელოვნებათმცოდნე ვარდიკო არაბული ესაუბრა:

“უძველესი დროიდან მუხრანთ უბანი სამეფო რეზიდენციების ადგილი გახლდათ, რომელიც როსტომ მეფემ სამეფო სასახლეებისთვის აარჩია.

სასახლეები თბილისის ციხე-ქალაქის და მეტეხთა ადგილზე გააუქმეს და მათ მომავალში მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე გადაინაცვლეს.

ისტორიული მუხრანთ უბნის ეს ტერიტორია მტკვრის სანაპიროდან და ჩახრუხაძის ქუჩიდან გალავნით იყო შემოსაზღვრული სიონამდე. ქალაქის ამ ნაწილში დაკავშირება მიწისქვეშა გვირაბებით ხდებოდა. შავთელი და ჩახრუხაძის (ძვ.ბაგრატიონ მუხრანელთა) ქუჩები სიონამდე საქართველოს სამეფო და საეკლესიო სასახლეთა:Aსამთავროს, დოდო გარეჯელის, დავით გარეჯელის, რუსთავის მთავარ ეპისკოპოსთა და კარის ეკლესიათა ნაგებობათაგან შედგებოდა. მათ საქალაქთმშენებლო სტრუქტურაში წამყვანი მნიშვნელობა ჰქონდათ.

როგორც ისტორიული წყაროებიდან არის ცნობილი “მუხრანთუბანი” იწყებოდა წყლისკარის კართან, მუხრან-ბაგრატიონთა კარის ეკლესიით და ანჩისხატამდე კიდევ ორი გუმბათიანი ტაძარი იყო აგებული: მაცხოვრის საპატრიარქო ეკლესია და ლუარსაბ მეფის კარის ეკლესია, სასახლით, რაც უფლისწული ვახუშტის თბილისის გეგმაზეცაა დაფიქსირებული.
მოგვიანო პერიოდში ინტენსიურად ხდებოდა ეკლესიების დანგრევა, გაუქმება, აღდგენა.

1811 წელს კათოლიკოს-პატრიარქს ანტონ II ბაგრატიონი, მეფე ერეკლე მეორის ძეს, დაწყებული ჰქონდა ამ მიდამოების აღდგენა. სურდა აღდგენები სვიმონ მესვეტისადმი მიეძღვნა, თუმცა 1811 წელს, სამეფო ოჯახების მსგავსად, სულიერი მოძღვარიც გადაასახლეს (ნიჟნი ნოვგოროდში ახლანდელ ქ.გორკში) და აღდგენები ღიად დარჩა.

ყველა პატრიარქი ერიდებოდა აღნიშნულ ტერიტორიაზე რაიმეს აშენებას. მათი კატეგორიული მოთხოვნა ამ ადგილების თავისუფლად დარჩენა იყო, რამდენადაც ეს ტერიოტორია წმიდა მიწად მიიჩნეოდა და ბევრ სიწმინდეს მოიცავდა.

მოგვიანებით, როდესაც ნატაძრალების აღდგენა ვეღარ შეძლეს, საეკლესიო სახლებად გადააკეთეს, სადაც ძველი სამრეკლოდან ქუჩის განაპირა სახლებში 1811 წელს ცხოვრობდნენ იულონ ბატონიშვილის ასული თამარ ბაგრატიონი და მეფე სოლომონ მეორის და მარიამი არჩილის ასული ბაგრატიონი. (თანამეცხედრე გადასახლებული მალხაზ ანდრონიკაშვილისა, მხოლოდ იმიტომ რომ იყო მეუღლე მარიამ არჩილის ასული ბაგრატიონისა), რომელიც დაკრძალულია დღევანდელი ანჩისხატის ბაზილიკის ჩრდილო –დასავლეთის სვეტსა და კედელს შორის.

შემდეგ სიწმინდეებში შესახლებულან ეგზარხოსების კანცელარიის მოხელეები, ხდებოდა ერთმანეთში ყიდვა-გაყიდვა. ერის ისტორიის ნაშთები კერძო მოსახლეთა ეზოებში გვექნება საძებნელიო, წერდა 1902 წელს ანჩისხატის წინამძღვარი პ. კარბელაშვილი წიგნში: „ძველი ანჩისხატის ტაძარი.“

აქ თავს იჩენს საინტერესო მომენტი, რაც კარგად ჩანს ჩვენამდე მოღწეულ ფოტოზე აღბეჭდილ შენობებზე. ამ დროისათვის ვორონცოვი იყო მეფისნაცვალი. ეს 1840-1850 წლებია და ქალაქის მმართველობის წინაშე დაისვა საკითხი: ამ ტერიტორიაზე იმდენი სიწმინდეა, არ შეიძლება კერძო მოსახლის ეზოში აღმოჩნდეს საქართველოს ისტორიის უნიკალური, უმნიშვნელოვანესი ადგილებიო და სასულიერო უწყებას შესთავაზეს, შეესყიდათ ეს მიდამო.

1848 წელს სასულიერო უწყებამ შავთელის ქუჩის დასაწყისიდან სიონამდე ტერიტორია შეისყიდა, რის შესახებაც ოფიციალური საბუთები არქივში ინახება.

დღესდღეობით კი იმდენად ხელაღებით ხდება ამ ყველაფრის მოშლა, ბულდოზერებით დანგრევა, იმდენად ბარბაროსული მეთოდებით აშენებენ და მიწასთან ასწორებენ, რომ ადვილად მისახვედრია, მათ არანაირი არქეოლოგიური დასკვნები არ გააჩნიათ.

თუ იმ დროისათვის თბილისის მმართველობამ გადაწყვიტა, რომ ეს ტერიტორია საქართველოს ისტორიისათვის უმნიშვნელოვანეს სიწმინდეებს შეიცავს, და არ შეიძლება კერძო მოსახლის ეზოებში ვეძებოთო, დღეს იქ, ფაქტობრივად, საცხოვრებელი ბინების კვარტალებს აშენებენ.

რა თქმა უნდა, თბილისი მართლაც ნაკრძალი ზონაა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მშენებლობა უნდა გაიყინოს, მაგრამ ყოველგვარი მშენებლობა სამუზეუმო დაცვის პირობებს უნდა ექვემდებარებოდეს. როგორც მცხეთაა სულიერების კერა, გააზრებული ნაკრძალი, ასევე იყო თბილისი.

ერთი პერიოდი თბილისი მსოფლიო მშვიდობის ქალაქად მიიჩნეოდა.
აგრესიული მოსახლეობა არ ცხოვრობდა. არ ცხოვრობდნენ ადამიანები, რომლებიც აგრესიას გამოიწვევდნენ, ომებს მოახდენდნენ, რაიმეს მიიტაცებდნენ.

შავთელის ქუჩაქართული ხელოვნებისთვის დამახასიათებელი თუკი რაიმე იყო, აივნების გარდა, ყველაფერი მოსპეს. ფიქრობენ, რომ მხოლოდ აივანს მიაშენებენ და ეს ჰგონიათ თბილისური სახლი. ასფალტიდან პროფილირება რომ იწყება, უკვე ქალაქის არქიტექტურაა და ხელოვნების ნიმუშს უნდა წარმოადგენდეს. ასეა მთელი ევროპის ცივილიზებული ქალაქები.

ეს საკითხები ერთობლივად, კომპლექსურად ამჟამად სად განიხილება, არ ვიცი.
დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე ხდება ეს ყოველივე, ქალაქის იერსახის წაშლა, რაც ძალიან მტკივნეულია და რა თქმა უნდა, ხელოვანი ხალხისთვისაც, ვინც კი თბილისში ცხოვრობს და ხელოვნების სფეროში მოღვაწეობს, ალბათ, მეტად გულდასაწყვეტია.…

საქართველოს უმაღლესი სასწავლებლები არქეოლოგებს, ისტორიკოსებს, ხელოვნებათმცოდნეებს, რესტავრატორებს ზრდიან. აუცილებელია ერთობლივი კომისიის ჩამოყალიბება, აზრის დახვეწა აღნიშნულ თემებთან დაკავშირებით.

არქიტექტურულ ხელოვნებას, ქალაქის გეგმარებას თავისი კანონები გააჩნია, რისი დაცვაც საერო ხელისუფლებას ევალება. ქართველი არქიტექტორ-რესტავრატორები საერთაშორისო კონკურსებიდან პირველი ხარისხის დიპლომებით ჩამოდიოდნენ უცხოეთიდან, მათი პროექტები მოწონებას იმსახურებდა. ნიჭიერი არქიტექტორები გვყავს, მაგრამ ეს შესაძლებლობა გამოუყენებელია. რასაც ვუყურებთ, ეს ბარბაროსობაა. ამას სხვა შეფასება არ გააჩნია.

როდესაც უცხოელი ჩამოვა, შუშის ხიდი მოეწონება და სიძველეებს დაგვიწუნებს, ეს იმას ნიშნავს, რომ ბარბაროსობის მდგომარეობაში ვიმყოფებით. ეს ბოლო გამოხატულებაა.

გივი ამილახვრის სასახლის აღწერა

გივი ამილახვარის სასახლესაქართველოს მეფე ვახტანგ V მუხრან-ბაგრატიონის სამსართულიანი სასახლე ეკუთვნოდა მის ასულს თამარ ბაგრატიონს, რომელიც გივი ამილახვარის თანამეცხედრე გახლდათ. სასახლე მზითვად ჰქონია თამარს.

ამილახვარის სასახლე უფლისწული ვახუშტის გეგმაზე დატანილია ანჩისხატის ტაძრის ჩრდილოეთის კედლის გვერდით ( N7 ). მას აღწერს ალექსანდრე ამილახვარიც. სწერს, რომ სასახლე მტკვრის პირას იყო აშენებული.

ეს სასახლე ფრაგმენტულად შემორჩენილი იყო საქართველოს სამეფოს რეზიდენციიდან, მტკვრის სანაპიროსთან რომ არსებობდა 1795 წლამდე, ერთიანი, სრული სახით.

გივი ამილახვარმა და თამარ ბატონიშვილმა სასახლე გადააკეთეს, გააფართოვეს.
სასახლეს სამხრეთიდან, ანჩისხატის მხარეს, დიდი დარბაზი ჰქონია. დარბაზიდან ახალი კარი გაუჭრიათ ანჩისხატის მხარეს. მოახატვინეს დარბაზი მხატვარ აბელ კალატოზიშვილს. საბუთში ნათქვამია: “ანჩისხატის გვერდზე კარი გამოუღია ბატონიშვილს თამარს, კარს ზევით ცოლი და ქმარი სწერია, აბელ კალატოზიშვილის დაწერილია და ის მხარეც იმათი დახატულია”. სასახლეს საყინულეც ჰქონია.

სასახლეამილახვრის სასახლე აერთიანებდა ძველ და ახალ ნაგებობებს, მოიცავდა გეგმით სივრცეს მტკვრის სანაპიროდან ანჩისხატის ხაზზე, შავთელის ქუჩამდე.

სასახლე, მეცნიერთა ვარაუდით მოიცავდა დღევანდელ შავთელის ქუჩას, შავთელის დაღმართს და მაშინდელ “ტრიკოტაჟის” ქარხანას შორის ტერიტორიას.

ამილახვრის სასახლის მტკვრისპირა მხარე ჩამოინგრა 1763 წელს, ამის შემდეგ სასახლე აღარ აღორძინებულა. შემდეგში ამ ადგილას სხვა შენობებია. პიშჩევიჩის გეგმაზე ანჩისხატის გვერდით, ჩრდილოეთიდან პატრიარქის სასახლეა აღნიშნული.

XIX საუკუნის ფოტომ შემოგვინახა სამეფო და საპატრიარქოს ხუთი გუმბათიანი ტაძრის სახე, რომელიც გვიანობამდე შემონახული იყო და ამჟამად ბარბაროსულად ნგრევის ზონაში მოაქციეს.

როგორ მდგომარეობაშიც საზოგადოებაა, მატერიალური კულტურის ძეგლებში ჰპოვებს გამოხატულებას იგივე დამოკიდებულება”.

ესაუბრა ქეთი ჭელიძე

მსგავსი სტატიები

4 COMMENTS

  1. “როდესაც უცხოელი ჩამოვა, შუშის ხიდი მოეწონება და სიძველეებს დაგვიწუნებს, ეს იმას ნიშნავს, რომ ბარბაროსობის მდგომარეობაში ვიმყოფებით. ეს ბოლო გამოხატულებაა.”–ეს მახინჯი ხიდი იმედია მალე მოშორდება ძველ თბილისს…უგემოვნობის პიკი…

  2. ვორონცოვმა იზრუნა ქართულ სიწმინდეებზე და ეს გაუნათლებელი ურჯულოები რა დღეში არიან.

  3. ამ ქალაქს არქიტექტორი ხომ ყავს,თუ არ ყავს და ხელოვანი ხალხი ხომ არსებობს,კითხონ მათ,ფესვებს და ნაკვალევს ნუ წაშლიან.რა უბედურებაა აივსო ქალაქი ჩაშუშული სახლებით და უსახური,უშინაარსო ძეგლებით.მფრინავი თეფშები ჰგონიათ ბავშვებს ეს შუშიც მრგვალი შენობები
    ქართველებს გემოვნებიან ხალხად გვთვლიდნენ და რა გვჭირს ნეტა ამ ბოლო დროს

  4. ის გვჭირს რომ ამ ქვეყანაში ერთი კაცის დაკრულზე და ხუშტურზე კეთდება ყველაფერი….((((

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები