9 ოქტომბერს, წმინდა მოციქულ იოანე ღვთისმეტყველის ხსენების დღეს და ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ასლის საქართველოში შემობრძანების დღეს, ჩვენს ქვეყანაში ჩამობრძანდა და საქართველოს საპატრიარქოში მოაბრძანეს იოანე-ზოსიმეს X საუკუნის უნიკალური პალიმფსესტი.
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) მადლიერება გამოხატა ხელნაწერის საქართველოში დაბრუნების გამო და მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად პარაკლისი გადაიხადა.
“მახსენდება წმინდა პატრიარქ კირიონის სიტყვები ჩვენს ხელნაწერებთან და არქივებთან დაკავშირებით. იგი ბრძანებს: „ხელნაწერები, არქივი – ეს არის სამართლიანი მემატიანე, რომლის პირითაც ღაღადებს ჭეშმარიტება და რომლის თვალითაც გვიცქერიან ჩვენი წინაპრები, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელია, თვალი გადავავლოთ ჩვენი წინაპრების ღვაწლსა და საქმეს. წინაპართა ღვაწლის შესწავლის გარეშე კი შეუძლებელია, გაიგო აწმყო, და ასევე ჯეროვნად იმუშაო ჩვენი მომავალი კულტურული და ეროვნული საქმისთვის”, – აი, ასეთი შესანიშნავი სიტყვებია. ამრიგად, უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ისტორიული სიწმინდეების მოვლა-პატრონობას და დაცვას,” – მიტროპოლიტი შიო.
