მთავარისაზოგადოებაინფორმაცია დავით გარეჯის თემასთან დაკავშირებით

ინფორმაცია დავით გარეჯის თემასთან დაკავშირებით

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო კალანდაძემ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით მის მიერ გაკეთებულ კომენტარზე განმარტება facebook-ის საკუთარ ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა:

ნინო კალანდაძე“უკანასკნელი დღეების განმავლობაში, სამწუხაროდ, არაერთხელ მოხდა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით ჩემს მიერ გაკეთებული კომენტარის განზრახ თუ უნებლიედ მცდარად ციტირება. ადგილი ჰქონდა პოლიტიკურ სპეკულაციებსაც. ფაქტები კი არის შემდეგი:

საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის პროცესი დღემდე მიმდინარეობს. სახელმწიფოთაშორისი სადელიმიტაციო კომისიების მიერ ამ დროისათვის საზღვრის 66%-ია შეთანხმებული. შეუთანხმებელ მონაკვეთთა შორის არის დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიის დაახლოებით 2%, მათ შორის უდაბნოს მონასტრის სენაკები და მასთან მისასვლელი ბილიკები, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიის ხსენებული 2% საბჭოთა კავშირის დროიდან მოყოლებული ადმინისტრაციული დაყოფით აზერბაიჯანის რესპუბლიკის კონტროლქვეშ მოექცა. შესაბამისად, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის დანარჩენი ნაწილი საქართველოს ტერიტორიაზეა.

იმის გათვალისწინებით, რომ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში შემავალ უდაბნოს მონასტერში მოღვაწეობენ სასულიერო პირები და მას სტუმრობენ მომლოცველები, ტურისტი-დამთვალიერებლები, აზერბაიჯანული მხარე, ქართული მხარის ძალისხმევის შედეგად, წლების განმავლობაში, ამ ტერიტორიაზე თავისუფალ გადაადგილებას არ ზღუდავდა. დაახლოებით 10 დღის წინ აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა ქართულ მხარეს განუცხადეს, რომ უდაბნოს მონასტერის ტერიტორიაზე, მხოლოდ სასულიერო პირებსა და მესაზღვრეებს შეუშვებდნენ. ამჟამად, ჩვენი ძალისხმევა აღნიშნულ ტერიტორიაზე ყველა მსურველისათვის თავისუფალი გადაადგილების კვლავ უზრუნველყოფისაკენ არის მიმართული. ცხადია, რომ ქართული მხარე მოლაპარაკებების წარმართვისას ქართული სახელმწიფოს ინტერესებით ხელმძღვანელობს.

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის მთლიანად საქართველოს კულტურული მემკვიდრეობისადმი კუთვნილების საკითხი საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობებში არასოდეს დამდგარა და არც დღეს დგას კითხვის ქვეშ. ის ერთმნიშვნელოვნად ქართული კულტურის ძეგლია.

რაც შეეხება სამონასტრო კომპლექსის ზემოაღნიშნულ მონაკვეთზე ყველა მსურველის თავისუფლად გადაადგილებას, დარწმუნებულები ვართ, რომ ეს საკითხი, სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის პროცესის დასრულებამდე, ორ ქვეყანას შორის ტრადიციული კეთილმეზობლური და მეგობრული სულისკვეთებით გადაწყდება.”

1 COMMENT

  1. რატომ აგვარებს ეს მთავრობა რელიგიურ საკითხებს ეკლესიის გარეშე?
    რატომ იყრიან ზურგზე ნაკვერჩხლებს?

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

მსგავსი სტატიები

კატეგორიები

ახალი კომენტარები